კახა ფაჩუაშვილი. რაგბი პოლიტიკა არ არის, რაგბი ჩვენი თამაშია!

2
0

 

24 თებერვალს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. არჩევნებში სამი კანდიდატი იბრძოდა: მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, პარლამენტის წევრი, „ბორჯღალოსანთა“ ექს-კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში 42 სუბიექტი მონაწილეობს. ამათგან, ყრილობას 20 დელეგატი დაესწრო, რაც კვორუმისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა, ამიტომ ყრილობა ჩაშლილად გამოცხადდა და მაქსიმუმ ერთი თვის ვადით გადაიდო.

ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაგბის კავშირის არჩევნები ამ ბანალური მიზეზის გამო გადადებულიყოს. ამ ამბავში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ ოპონენტების მხრიდან დელეგატებზე ზეწოლა განხორციელდა, დააშინეს და ისინიც ყრილობაზე ამიტომ არ გამოცხადდნენ. ირაკლი აბუსერიძის თქმით კი, დელეგატთა ნაწილი ყრილობაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა.

ბაჩო ხურციძე გოჩა სვანიძეს კლუბების ხელოვნურად გაზრდის მცდელობაში ადანაშაულებს. ამასთან, მოქმედ პრეზიდენტს რაგბის კავშირის ბალანსზე მყოფი მიწების უკანონო გასხვისებასაც ედავებიან.

თუ კორუფციულ გარიგებებს მართლაც ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ საინტერესოა, რომ ეს „პრობლემა“ ამოტივტივდა პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნების წინ. რატომ მაინცადამაინც ახლა? ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ხომ არ არის მცდელობა, რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკა ჩაერიოს, ისევე, როგორც მანამდე არაერთი სპორტული ფედერაციის არჩევნებზე მოხდა?

თუ ასეა, მაშინ ეს ფაქტი პირდაპირ და ძალიან მტკივნეულად დაარტყამს ქართული რაგბის საერთაშორისო იმიჯს. პირდაპირ და გამანადგურებლად. გაქრება ცხოველური ინტერესი „ბორჯღალოსნების“ მზარდი განვითარების მიმართ. საბოლოოდ დაიხურება კარი ჩვენი ამბიციისთვის, გავხდეთ 6 ერის წევრი გუნდი. შესაბამისად, დაიწყება უკუსვლის მტკივნეული პროცესი, რომლის შეჩერებაც ძალიან გაგვიჭირდება, რადგან რთული იქნება ჩვენი უცხოელი პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ტარდება.

არადა, მორაგბეებმა თვითონ შექმნეს საკუთარი თავი. ბნელ 1990-იანებში თვითონ იძენდნენ ფორმებს, დებდნენ გზის ფულს, რომ გასვლით თამაშებზე გამგზავრებულიყვნენ ან სათამაშო მინდორი ექირავებინათ. ვარჯიშობდნენ გაყინულ დარბაზებსა და იცვლიდნენ ნახევრად ჩამონგრეულ, გაყინულ გასახდელებში. ამის გამო დაერქვათ მათ სხვა ადამიანები, რაც განსაკუთრებულთან ასოცირდებოდა და რაც საამაყო იყო როგორც მორაგბეებისთვის, ისე ჩვენთვის, მათი გულშემატკივრებისთვისაც.

მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო თასზე თამაშის პატივი მოიპოვა. „ბორჯღალოსნებმა“ მიაღწიეს იმას, რომ მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზე არიან და მუდმივად აიძულებენ უცხოურ პრესას, 6 ერის თამაშების მიმოხილვისას, საქართველოზეც თქვან ორიოდ სიტყვა.

ახლახან, 6 ერის გათამაშების მესამე ტურის შეფასებისას, ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ყელში ამოუვიდათ იტალიის ნაკრების ასეთი პრივილეგია, – მუდმივად ითამაშოს 6 ერში, მაშინ, როცა იტალიელებს ტურნირზე, მიჯრით, 25 წაგება დაუგროვდათ. მზარდი ქართველები კი თავისას ითხოვენ, ხოლო სამხრეთ აფრიკის ნაკრები, ფაქტობრივად,  მზად არის 6 ერის გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა.

ანუ მსოფლიო რაგბი დიდი ცვლილებების ზღვარზე დგას. დღეს, თუ არა ხვალ, საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება და ამ დროს ასეთი ბანალური მიზეზი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლისთვის, – კვორუმი არ შედგა.

მაქსიმუმ ერთ თვეში არჩევნები უნდა გაიმართოს. იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და ამ არჩევნებში პოლიტიკა არ ჩაერევა. ანუ არ ჩაერევიან ისინი, ვინც არ უნდა ჩაერიონ – გამოირიცხება სახელისუფლებო ზეწოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენივე ხელებით მთლიანად დავანგრევთ იმას, რაც ათწლეულების მანძილზე გვიშენებია. ეს კი დაუშვებელია. იმიტომ რომ, რაგბი პოლიტიკა არ არის, რაგბი ჩვენი თამაშია!

Share this Post!
0 Comment

Leave a Comment

Your email address will not be published.