განათლება და აღზრდა მიშელ დე მონტენის მიხედვით – თანამედროვეობა და მომავალი წარსულიდან

2
0

გულწრფელი, მაგრამ არამეცნიერული ფიქრების ძვირფასი და მდიდარი სკივრი – ასე შევაფასებდი მიშელ დე მონტენის „ესეებს“, რომელიც ფრანგმა დიდგვაროვანმა დიდი პოლიტიკური კარიერის დროზე ადრე დასრულების შემდეგ საკუთარ სიმაგრეში დავანებულმა შექმნა. ამ ნაშრომით მონტენმა სათავე დაუდო ესეების წერით სტილს, დიდი წვლილი შეიტანა ფრანგული ლიტერატურის განვითარებაში, ხოლო თავისი ეპოქის ფილოსოფიაში კი სკეპტიციზმის გაძლიერებაში. ნაშრომს არ გააჩნია მსჯელობის თუ თეორიის ერთი ხაზი და წარმოადგენს პატარა ესეების, თანამედროვე სიტყვებით, ბლოგების ერთიანობას ყველა შესაძლო თემაზე „ა-დან ჰ-მდე“. იგი პირველად 1580 წელს გამოქვეყნდა.

ამჯერად ჩემი ინტერესი გამოიწვია ავტორის ფიქრებმა ბავშვთა აღზრდაზე, რომელსაც საკმაოდ დიდი ტექსტი დაუთმო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბევრგან ამოვიცანი საკუთარი თავი და მიდგომები, მერე ის რომ დავიბენი და ვერ გავიგე გუშინ დაწერილს ვკითხულობდი თუ საფრანგეთში 5 საუკუნის წინანდელს; და ბოლოს, ისევ გავიფიქრე – ადამიანი და პრობლემა ყველგან მსგავსი და იდენტურია. აღზრდისა და განათლების მიდგომები ჩვენი საზოგადოებისთვისაც აქტუალურია, რადგანაც განცდა მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში მორიგი დიდი რეფორმების ტალღა იქმნება.

დასაწყისისთვის მინდა აღვნიშნო, რომ მისი განათლებისა და აღზრდის მიდგომა იმეორებს ანტიკურისას და ქადაგებს ბავშვის როგორც ფიზიკურად ისე სულიერად აღზრდის მნიშვნელობას. მისი მოტივი ისაა, რომ ცხოვრება ტკივილებს გვაყენებს, მაგრამ არა იმიტომ რომ იგი ბოროტია ან რამე განზრახვა აქვს, არა… უბრალოდ, იგი ასე მუშაობს და მით უფრო რთულია, რაც უფრო სუსტები ვართ. სხვაგანაც წამიკითხავს, რომ დროთა განმავლობაში ცხოვრება სულაც არ ხდება უფრო  მიმტევებელი და მეგობრული, ეს ჩვენ ვხდებით უფრო ძლიერები და ამტანები. ამიტომაც ფიზიკურ წრთვნას ის ფუნქცია აქვს, რომ ფიზიკური ტკივილების ატანა შევძლოთ, ფიზიკური დარტყმების მოგერიება შევძლოთ და გვქონდეს ჯანმრთელი ორგანიზმი. რაც შეეხება სულიერს, იგი ამაზე კიდევ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს, რადგანაც ცხოვრება დიდ სულიერ ტრამვებსაც გვაყენებს და ეს ტრამვები ხშირად უფრო მტკივნეული და რთულია ვიდრე ფიზიკური. როგორც კლასიკური განათლების მქონე ავტორს შეეფერება, იგი ამ დიდ ამოცანას ფილოსოფიას აკისრებს. იგი თვლის, რომ ფილოსოფია ერთნაირად სახალისო და საინტერესოა ბავშვებისთვისაც და მოხუცებისთვისაც, ამიტომაც თავისუფლად შეიძლება მისი ადრეულ და ხანდაზმულ ასაკში სწავლება – „ჩვენ კი ჯერ ცხოვრებას გავლევთ და მერე გვიწყებენ ფილოსოფიის სწავლებას; მოზარდი ასწრებს დაავადებას სიფილისით, ვიდრე არისტოტელეს იმ გაკვეთილამდე მივა, რომელიც თავშეკავებას ეძღვნება.“ სცდება ის, ვინც თვლის რომ ფილოსოფიას მხოლოდ მოწიფული გონება ესაჭიროება. მისი აზრით ფუჭია ყველანაირი სწავლება და ყალბია ის ფილოსოფია, რომელიც კოპებშეკრული ისწავლება და ტანჯულს გტოვებს. ნამდვილი ფილოსოფია მხოლოდ სიხარულს, სიმშვიდეს, სიყვარულს, ხალისს, ენერგიას და პერსპექტივას წარმოშობს – „ერთხელ გრამატიკოსი დემეტრიოსი დელფოს ტაძარში ფილოსოფოსთა ჯგუფს შეხვდა და გაკვირვებულმა მიმართა მათ: ან მე ვცდები, ან თუ თქვენი ესოდენ მშვიდი და მხიარული განწყობილების მიხედვით ვიმსჯელებთ, სერიოზულ საგნებზე არ უნდა მსჯელობდეთ“. ათლეტები თურმე თავს იწონებდნენ, რომ მათი სხეული ფილოსოფოსთა სხეულებივით მტკიცე და ჯანსაღი იყო, რამდენდაც ფილოსოფიური კეთილდღეობა სხეულებრივზეც აისახება.

შეუძლებელია ამ მცირე ტექსტში ყველა ის საინტერესო ნიუანსი გადმოვცე, რომელსაც ავტორი ახსენებს ბავშვთა აღზრდის ქვეთავში, მაგრამ მიმაჩნია რომ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ მის მიერ მისი ეპოქისთვის დამახასიათებელი განათლების სისტემის კრიტიკას. თავადვე ნახავთ, რამდენ ნაცნობ სიტყვას, ფრაზას, მიდგომას და პრობლემას შენიშნავთ.

აი მაგალითად რას წერს იგი მასწავლებლისა და კრიტიკული აზროვნების შესახებ: „მან დასაწყისიდანვე უნდა გაითვალისწინოს აღსაზრდელად მინდობილი ბავშვის სულიერი მოთხოვნილებები, მისცეს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოავლინოს თავისი მიდრეკილებები, გააცნოს სხვადასხვა საგნები, შეაჩვიოს შერჩევასა და მათ შორის სხვაობის გამოვლინებას, მიგნების გზა ხან თავად მიუთითოს, ხან პირიქით, ბავშვს მოაძებნინოს. არ მსურს, რომ მხოლოდ აღმზრდელი წყვეტდეს ყველაფერს და მხოლოდ ის ლაპარაკობდეს, იგი თავის აღსაზრდელსაც უნდა უსმენდეს… აღმზრდელმა წინ უნდა გაუშვას აღსაზრდელი, რათა მის სვლას დააკვირდეს და განსაჯოს – რამდენად ჰმართებს საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდვა ძალთა თანაბრობის შესანარჩუნებლად… …თუ აღმზრდელი, როგორც ეს ჩვენშია მიღებული, თავის მრავალრიცხოვანი გონებრივი შესაძლებლობებითა და ხასიათით განსხვავებულ მოსწავლეებს ერთი და იმავე გაკვეთილს უხსნის, ერთნაირად სთხოვს, ბუნებრივია, ამგვარი სწავლების ჭეშმარიტი ნაყოფის მიღებას მხოლოდ ორი-სამი ბავშვი შეძლებს. აღმზრდელმა მოსწავლეს უნდა გამოჰკითხოს არა მხოლოდ სიტყვები მიცემული გაკვეთილიდან, არამედ მისი არსი და დედააზრი. ცოდნის ხარისხზე უნდა იმსჯელოს არა მოწაფის მეხსიერებით, არამედ იმით, თუ რამდენად გააცნობიერა მან შეძენილი ცოდნა. ასახსნელი საგანი მრავალი მხრიდან უნდა დაანახოს მოწაფეს, უნდა გამოიყენოს უამრავი განსხვავებული საგანი, რათა შეამოწმოს თუ როგორ გაიგო და რამდენად შეითვისა ახსნილი მასალა მოსწავლემ.“ ამ სიტყვებით მონტენი საოცრად პროგრესულ მოაზროვნედ გვევლინება და განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც იგი მოსწავლეთა და ადამიანთა განსხვავებულობებზე საობრობს. ეს უმნიშვნელოვანესი დეტალი ნამდვილად ავიწყდება ჩვენს თანამედროვე უნიფიცირებულ სისტემასა და პედაგოგებს. მისი ბოლო წინადადებები კი გარკვეულწილად ფინურ მიდგომას მაგონებს, სადაც ერთი მასწავლებელი ერთ მოვლენას რამდენიმე საგანის კონტექსტში ასწავლის. სულაც ვფიქრობ, რომ ეს რჩევები არ ეხებათ მხოლოდ მასწავლებლებს, არამედ ეხებათ მშობლებსაც. ბევრი მათგანი იზიარებს მსგავს მიდგომას, ბევრიც არა. პრობლემა ისიცაა რომ ვინც იზიარებს, იმან ზუსტად არ იცის ტექნოლოგიურად ეს როგორ უნდა გააკეთოს.

კიდევ რამდენიმე სიტყვა უაზრო ფაქტობრივი სწავლების სამხილებლად (რომელიც ზედმიწევნით ნაცნობია ჩვენთვის და თითქოს დაუჯერებელიც, რომ თურმე საფრანგეთშიც იყო/არის ასე) და მრავალფეროვნების სასარგებლოდ: „გონების განვითარებას დიდად უწყობს ხელს მოგზაურობა უცხო ქვეყნებში, ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. ჩვენ, ფრანგ დიდგვაროვანთა ჩვეულებისამებრ, არ უნდა შემოვიფარგლოთ ისეთი სახის ცნობებით, როგორიცაა მაგალითად, რამდენ ნაბიჯს ითვლის როტონდას მარიამ ღვთისმშობლის ეკლესიის სიგანე, ან რამდენად ძვირფასი ქვედა საცვლები აქვს ქალბატონ ლივიას, ან ამა თუ იმ მედალზე გამოსახულ სახესთან შედარებით რამდენად გრძელი ან ფართოა ნერონის სახე რომელიმე ძველ ნანგრევზე და ა.შ. მოგზაურობისას უცხო ქვეყნის მკვიდრთა სულიერი სიმდიდრით საკუთარი უნდა გავიმდიდროთ, გავეცნოთ მათ ყოფას, სხვა გონთან ურთიერთობით უნდა დავხვეწოთ და განვავითაროთ საკუთარი.“ ამ სიტყვების შემდგომ ყველამ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ფონდს, პროგრამას, თუ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლებიც ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტების საზღვარგარეთ (ევროპაში) გაგზავნაზე მუშაობენ ისე, რომ ხშირად ამ ხალხს არც არაფრის გადახდა არ უწევთ.

მონტენი ხაზს უსვამს ბავშვის აღზრდის სარგებლიანობას მშობლებისაგან მოშორებით, რამდენადაც მშობლობის ბუნებიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელნი ყველანაირად ცდილობენ თავიანთ შვილებს ცხოვრების მნიშვნელოვანი გაკვეთილები აარიდონ. ისინი ბრაზობენ შვილების შეცდომებზე, დაღლილობაზე, ტკივილებზე, უგემოვნობაზე. ალბათ ამიტომაც ყოველთვის შევხაროდი რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს – ისინი დამოუკიდებლად, მშობლებისაგან მოშორებით იზრდებოდნენ, ცხოვრობდნენ და იწრთობოდნენ.

მონტენი აღზრდისას ლმობიერებასთან შეზავებულ სიმკაცრეს გვირჩევს. ბავშვისათვის სირთულეებისა და ტკივილების ატანის სწავლება არაა საჭირო ცემითა და ძალადობით, რადგანაც ამ საქმეს უკეთ გააკეთებს ოფრისღვრა, სიცივე, ქარი, მცხუნვარე მზე. ამაზე იგი წერს: „შედით მეცადინეობის დროს კოლეჯში, ყვირილის მეტს ვერაფერს გაიგონებთ; ბღავიან გაროზგილი ყმაწვილები და ღრიალებენ რისხვისაგან გაბოროტებული აღმზრდელები… …რამდენად უფრო მართებული იქნებოდა, სამეცადინო ოთახის იატაკი ტირიფის სისხლიანი წნელების ნაცვლად ყვავილებითა და ფოთლებით მოგვეფინა? ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ვბრძანებდი, სამეცადინო ოთახის კედლები მხიარულების, დღესასწაულის, ბუნების მშვენიერების ამსახველი სურათების მოეხატათ, როგორც ეს ფილოსოფოსმა სპევსიპემ გააკეთა თავის სკოლაში.“ წარმოიდგინეთ, ანტიკურ პერიოდში, ქრისტეს შობამდე საუკუნეებით ადრე, სწავლულებს (ამ შემთხვევაში სპევსიპეს) როგორი პროგრესული მიდგომები ჰქონიათ. როგორი პროგრესული მიდგომაა მონტენის მხრიდან მოსწავლეთა სხეულისა და სულის განმტკიცების მიზნით შრომისა და ლაშქრობების მოფიქრება ცემის სანაცვლოდ.

ამ მორიგ სიტყვებზე კი ალბათ ბევრს ნიშნის მოგების ღიმილი და სიხარული გადაჰკრავს სახეზე და გაახსენდება ყველა ის დიდი ინოვატორი, რომელმაც უდიდეს სახელსა და წარმატებას უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე მიაღწია: „მართლაც, საფრანგეთში ყველაზე მშვენიერნი პატარა ბავშვები არიან, მაგრამ როგორც წესი, ისინი შემდგომ იმედს გვიცრუებენ და ზრდასრულნი არაფრით აღარ გამოირჩევიან. გონიერი ადამიანებისაგან მსმენია, რომ მათი ამგვარი დაჩლუნგების მიზეზი ის ჩვენი მრავალრიცხოვანი კოლეჯებია, სადაც მათ სწავლის მისაღებად გზავნიან.“ მართლაც და, რა ჯადო აქვს ამისთანა ამ საგანმანათლებლო სისტემებს.

ჩემი დიდი აღფრთოვანება გამოიწვია იმანაც, რომ მონტენი არამხოლოდ ადამიანის არსებას აღიქვამს ორბუნებოვნად, არამედ თავად ადამიანის სულსაც ორბუნებოვნად ხედავს. იგი არ გვევლინება დიდაქტიკოსად და მორალისტად, არამედ გვეუბნება იმას, რისი გაგონებაც ბევრს გვინატრია ან რაც დამოუკიდებლადაც გვიფიქრია. ესაა ჩვენი სულის არა მხოლოდ კეთილი, ნათელი და ზომიერი მხარის განდიდება, არამედ მისი ბნელი მხარეების აღიარებაც, მიღებაც და მასში დახვეწაც. ამაზე მონტენი წერს: „წესებსა და ადათებს სხეული უნდა დავუმორჩილოთ, სანამ ის დამყოლია. თუ ჩვენი ყრმა ასეთ ნებასა და გემოვნებას გამოავლენს, მაშინ თამამად შეგვიძლია, იგი მივაჩვიოთ ნებისმიერი წრისა და ერის ადამიანთა ყოფას, საჭიროების შემთხვევაში ზედმეტობასა და თავაშვებულობასაც კი. იგი უნდა შეეგუოს თავისი დროის წეს-ჩვეულებებს, ყველაფერი უნდა შეეძლოს, სიყვარულით კი მხოლოდ კარგის ქმნა უნდა უყვარდეს. კალისთენეს მოქმედებას ფილოსოფოსებიც კი გმობენ. მან თავისი ბატონის, დიდი ალექსანდრეს კეთილგანწყობილება მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ უარი განაცხადა იმდენივეს დალევაზე, რამდენსაც მისი ხელისუფალი შესვამდა. ახალგაზრდამ ხელმწიფესთან ერთად კიდეც უნდა იცინოს, კიდეც იცელქოს და თუ საჭიროა, თავაშვებულადაც მოიქცეს. მსურს, რომ ამტანობითა და გამძლეობით იგი ღრეობაშიც ტოლს არ უდებდეს თანამეინახეებს. ძალზე დიდია სხვაობა ერთი მხრივ, ბოროტი ნების უქონლობასა და, მეორე მხრივ, ბოროტების ქმნის უუნარობას შორის.“ მისთვის სანიმუშოა ალკიბიადე, რომელიც თავისი ჯანმრთელობის უვნებლად ჩინებულად ახერხებდა, რომ ზოგჯერ ფუფუნებითა და პომპეზურობით სპარსელებისთვისაც გადაეჭარბებინა, ზოგჯერ კი თავშეკავებითა და სიმკაცრით ლაკედემონელებისთვისაც.

ყოველივე ამის შემდგომ ცხადია, იმის ახსნა აღარც იქნება საჭირო, რომ მონტენი სიტყვაძუნწ, მაგრამ საქმის მცოდნე ადამიანს ანიჭებს უპირატესობას. იგი გმობს და ემიჯნება ლამაზად მორთულ სიტყვებსა და ორატორებს და გზას უხსნის დაბნეულ გამომსვლელებსაც, რომლის ერთი სიტყვაც კი შეიძლება ათასჯერ უფრო გულწრფელი და ნამდვილი იყოს. მისთვის ჭეშმარიტება სისადავესა და მინიმალიზმშია, რადგანაც მჭერმეტყველება, ჩუქურთმები და ორნამენტები თვალსა და გონებას ბინდავს და შინაარსაც ზემოდან ეფარება, ან სულაც უიმისობას მალავს.

საინტერესოა, რა ხდება ახლა საფრანგეთის აღზრდისა და განათლების სისტემაში… რა ხდება ახლა საქართველოში?!

Share this Post!
0 Comment

Leave a Comment

Your email address will not be published.