გია ჯანდიერი. საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა – ანუ, საით მივდივართ?

1
0

მგონია, რომ საკონსტიტუციო რეფორმისათვის აუცილებელია კვლევა და ანალიზი, რომელიც დაეყრდნობა კრიტერიუმებს: რას ველით კონსტიტუციის მოქმედებით,  რა გრძელვადიანი ღირებულებებია ჩვენთვის მისაღები, და შესაბამისად – როგორ მოვახერხოთ კონსტიტუციური წესრიგის სტაბილურობა. ჩემი აზრით, თუ კონსტიტუცია არ დაეყრდნობა ასეთ კრიტერიუმებს, მისი პატივისცემა მცირე იქნება, ხალხიც არ აღიარებს, კანონის ძალა დარჩება სუსტი.

გვაქვს დოგმები, მაგალითად, რომ უნდა ვიყოთ რესპუბლიკა, ბელადების შესაჩერებლად აუცილებელია კოლექტიური მმართველობა, დემოკრატიული პროცესი ყველაფრის წამალია და ა.შ. კარგად უნდა დავინახოთ ნებისმიერი სისტემის მუშაობის შესაძლო შედეგი – პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. პირველი – მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება არ იქნას გადამეტებული და მეორე – რომ პოლიტიკოსთა გაზრდილი ინტერესების მიუხედავად ეკონომიკა მაინც მუშაობდეს.

შეცდომაა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერს აღვიქვამთ, როგორც ეკონომიკის დირექტორს (უფროსს). ვისაც არ ახსოვს, ადრე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მართლაც იყო ეკონომიკის დირექტორი, ყველა საწარმო სახელმწიფოს ეკუთვნოდა და მისი სახელით მოქმედ პირს ამ ყველა საწარმოს საქმიანობაზე ჰქონდა პირდაპირი პასუხისმგებლობა (სახელმწიფო იყო დამსაქმებელი). ის გეგმავდა მათს ნაცვლად მის საქმიანობას და ფინანსებს.

ახლა მთავარ აღმასრულებელს ამ საწარმოთა საქმიანობა პირდაპირ აღარ ეხება (სახელმწიფო საწარმოთა გარდა), თუმცა იგულისხმება, რომ მთავრობის მიერ შექმნილი პირობები და მით უმეტეს, მოქმედება აისახება ეკონომიკის და ბიზნესის საქმიანობაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას არ ჰქონდეს ზედმეტი ფუნქციები და ძალაუფლების გადამეტების შესაძლებლობები, რათა ბიზნესის კეთება ადვილი იყოს.

საპარლამენტო სისტემა ოფიციალურად მეტ პასუხისმგებლობას პარლამენტს ანიჭებს. პრემიერის პიროვნული პოლიტიკური სიძლიერე არის მისი პოზიციის მდგრადობის მთავარი საყრდენი. პრაქტიკაში უფრო გავრცელებულია მისი ხშირი ცვლილება, – პოლიტიკური სისტემის ციკლურობა პირდაპირ უბიძგებს მმართველ ძალას, სხვადასხვა გზები გამოსცადოს ხალხისთვის უფრო მისაღები პრემიერის შესარჩევად, რომელიც ყველაზე მეტ ეფექტურ დაპირებას გასცემს და ლამაზად შეასრულებს, როგორც არ უნდა ძვირად დაუჯდეს ეს იმავე ხალხს.

საპარლამენტო სისტემაში ითვლება, რომ ლიდერს – პრემიერს სჭირდება მეტი ადამიანის თანხმობა, მეტი პლურალიზმი კონკურენციას ზრდის და შესაძლებელია გადაწყვეტილების ხარისხიც გააუმჯობესოს. თუმცა ჩნდება ორი პრობლემაც (სულ მცირე): გადაწყვეტილებების მიღება ფერხდება და გადაწყვეტილებები ძვირდება.

ამის გამო, მნიშვნელოვანი ხდება პრემიერის პიროვნული პოლიტიკური წონა, მისი შესაძლებლობა – ადვილად მოურიგდეს დეპუტატებს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მას მაინც იგივე ზომის ოფიციალური პასუხისმგებლობა დარჩება.

პარლამენტი კოლექტიური პასუხისმგებლობის ორგანოა, უფრო სწორია ვთქვათ – მმართველი უმრავლესობის. პარლამენტის დეპუტატებმა კარგად იციან, რომ რაც არ უნდა ჩაიდინონ, პირადად არაფერი ემუქრებათ, მომავალ არჩევნებში წაგების გარდა.

საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი პირველ რიგში მთავარი პასუხისმგებელი პირია – იგი ნიშნავს კაბინეტს, ანაწილებს ბიუჯეტს, ქმნის ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანებს, აღასრულებს კაბინეტის მეშვეობით მის მიერ დასახულ პრიორიტეტებს. მოსახლეობამ კონკრეტულად იცის, ვის შეიძლება და უნდა მოსთხოვოს პასუხი, არა პარლამენტთან გარიგებაში მყოფ და/ან მასზე დამოკიდებულ პრემიერს, არამედ მის მიერ არჩეულ პირს. მან პრეზიდენტს მისცა არა მხოლოდ ძალაუფლება, არამედ მიანიჭა პასუხისმგებლობაც. პრეზიდენტმა შექმნა ბიუჯეტი და გადასცა კაბინეტს შესასრულებლად.

მგონია, რომ ის პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ბელადომანიას ებრძვიან, შეცდომას უშვებენ, როდესაც ფიქრობენ, რომ კონსტიტუციასა და კანონებში კოლექტიური მმართველობის ჩარჩოების კარგად აღწერით ადამიანებს ბუნებრივი აზროვნების სტილს შეაცვლევინებენ და ბუნდოვან კოლექტიურ პასუხისმგებლობას ამჯობინებენ კონკრეტულ პიროვნულს. ჩვენივე გამოცდილება გვეუბნება, რომ ცხოვრებაში ასე არ ხდება.

პრეზიდენტის საქმიანობის ციკლის აცდენილობა პარლამენტის ციკლისგან ასევე ამცირებს მათ შორის გარიგების ალბათობას, იმ დროს, როდესაც საპარლამენტო სისტემაში პრემიერის ციკლი პირდაპირ გამომდინარეობს პარლამენტის არჩევნებიდან.

კოლექტიური (უპასუხისმგებლო) ორგანო, რომლის წევრებიც მოტივირებული არიან, გარიგებებში მონაწილეობდნენ, მუდმივად ეცდებიან, ამ გარიგებების უზრუნველყოფისთვის მთავრობას მეტი რესურსები გადასცენ, გაზარდონ გადასახადები, აიღონ მეტი ვალები. საპარლამენტო სისტემაში, მათი მთავარი დამაბალანსებელი – მთავარი აღმასრულებელი – პრემიერი, მათი იძულებითი პარტნიორია, მით უმეტეს, რომ მას  არ აქვს გარანტია, რამდენ ხანს დარჩება.

სახელმწიფო ხარჯების, ვალების და გადასახადების ზრდა, ჯერ ერთი ეკონომიკურ ზრდას ზღუდავს, და მეორეც, განუზომლად ზრდის ძალაუფლების გადამეტების შანსებს. რაც ნაკლები ფული ექნება მთავრობას, მით ნაკლები ფუნქცია შეუძლია განახორციელოს, ნაკლებად შეზღუდოს კერძო სექტორი, ინდივიდის უფლებები, თავისუფლებლებები და საქმიანობა. კერძო სექტორის შეზღუდვა ავტომატურად ამცირებს მის შესაძლებლობას – გაფართოვდეს, მეტი რესურსი შეიძინოს, გააუმჯობესოს ტექნოლოგიები, დაიქირაოს მეტი ადამიანი და გადაიხადოს გადასახადი. მეტი რესურსების გადასროლა არაპროდუქტიულ და არაგაფართოებად სექტორში ეკონომიკას მოკლავს.

ალბათ ფსიქოლოგიური ფაქტორიც არსებობს. პოლიტიკოსები, რომლებსაც არ უყვართ პასუხისმგებლობის აღება, უფრო მიდრეკილი არიან კოლექტიურ ორგანოში წარმოიდგინონ თავი, მყუდროდ და მშვიდად იმოქმედონ, თავისი ინტერესის განხორციელების სანაცვლოდ დაეთანხმონ უმრავლესობის მოთხოვნებს. პასუხისმგებლობის არმოშიშენი, ალბათ პირიქით, შეეცდებიან მეტი ძალაუფლება ჰქონდეთ. პირველნი, მოსალოდნელია არანაკლებ მიელტვიან ძალაუფლებას, მაგრამ (ხშირად ფარისევლურად) უარყოფენ ოფიციალურ პასუხისმგებლობას, ხშირად კრიტიკის გარეთაც რჩებიან – მათი სახელებიც ხშირად არავინ იცის. მეორენი – მზად არიან გარისკონ და ყველა კრიტიკა პირადად მიიღონ.

კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების, დონეების და პოლიტიკური მოთამაშეების კონკურენცია. ასეთი კონკურენციაა სწორედ უკეთესი ხარისხის მიღწევის შესაძლებლობა. კონკურენციის ნებისმიერი დასუსტება ხარისხსაც დააზარალებს. ეს კონკურენცია, ცხადია, არ შეიძლება აბსოლუტურ გარანტიად მივიჩნიოთ, სწორედ ამიტომ ადამიანის თავისუფლების გარანტიები გაცილებით მყარად უნდა ჩანდეს. ასევე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

1.მთავრობის ეფექტიანობა;

  1. საკანანმდებლო საქმიანობის ეფექტიანობა’
  2. პოლიტიკური სისტემის კონკურენტულობა;
  3. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების ეფექტიანი გარანტიები და ხელისუფლების შეზღუდვების გარანტიები;
  4. გამოიკვეთოს ხელისუფლების და მისი შტოების მკაფიო პასუხისმგებლობა;
  5. შეიქმნას მთავრობის საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის დისციპლინა;
  6. მკაფიოდ გამოიხატოს ქვეყნის საგარეო ორიენტაცია;
  7. უზრუნველყოფილ იქნას იმ საჯარო დაწესებულებების საქმიანობის გარანტიები, რომელიც არ შედის ცენტრალურ ხელისუფლების სამ შტოში;

კიდევ ერთი, ბოლო წლებში დამკვიდრდა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე ძირითადად იურისტები და კონსტიტუციონალისტები მსჯელობენ. მეტიც, სხვებს საერთოდ არ ეპატიჟებიან ასეთ დისკუსიებში. არავინ აპირებს მათი როლის დაკნინებას, მაგრამ აუცილებელია ყველა დაფიქრდეს, რომ ამ დისკუსიებში ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების, ეკონომისტების და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების ჩართვა საჭიროა და აუცილებელია. კითხვის სხვაგვარად დასმა ალბათ უფრო ადვილად დაგვანახებდა ამ პრობლემას – შეიძლება თუ არა ასეთი ექსპერტების გარეშე კონსტიტუციის განხილვა. მეტიც, კონსტიტუციის პროცესის მონოპოლიზება და ასევე, ზედმეტად იურისტული მიდგომები მიგვიყვანს ისეთ მდგომარეობამდე, რომ მისი გაგება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება მხოლოდ პოლიტიკოსებს შეეძლებათ და შესაბამისად მას არანაირი როლი, პატივისცემა და მნიშვნელობაარ ექნება უბრალო ადამიანებისთვის.

 

სტატია ვრცლად იხილეთ ლინკზე:

KONSTITUCIA

Share this Post!
0 Comment