გიგი თევზაძე. თავისუფლება und Zeit. 16.01.2015 azrebi.ge

0
0

დღეს ხშირია კამათი თუ გამოსვლა/პოსტი, რომელიც მსჯელობს შარლი ებდოს შესახებ: ფარული თუ ღია დისკუსიის სულ ორი გზა არის: ერთი, რომელიც უპირობოდ გმობს ტერორიზმს და იცავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და მეორე, რომელიც გმობს ტერორიზმს მაგრამ, ამბობს „მაგრამ“-ს: მათ, რომლებსაც ამას წინათ რომის პაპიც შეუერთდათ,  მიაჩნიათ, რომ რელიგიას/რწმენას არ უნდა დასცინო.

ცხადია, არსებობს მესამე მსჯელობაც, რომელიც ტერორისტებს ამართლებს და მოსწონს 17 ადამიანის დამსახურებული დახოცვა. ეს უკანასკნელი არ არის ჩემი დღევანდელი მსჯელობის საგანი, რადგან სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ, მესამე მსჯელობის შემთხვევაში, მსჯელობის უკან, ან სადღაც ახლო-მახლო, ან ტერორიზმის დაფინანსება, ან ტერორიზმის დაფინანსების მიღების სურვილი დგას.

რაც შეეხება პირველ ორ მსჯელობას, თითქოსდა ყველაფერი გასაგებია: საქმე გვაქვს გამოხატვის თავისუფლების შეუზღუდავ და შემზღუდავ კონცეფციებთან. შეუზღუდავი კონცეფციის მომხრები ამბობენ, რომ თუკი გამოხატვის თავისუფლება უშუალოდ და მყისიერად არ ემუქრება სხვის თავისუფლებას, მაშინ ყველაფერი დაშვებულია.  შეზღუდული კონცეფციის მოხრეები ამბობენ, რომ რწმენის შეურაცხყოფა აზიანებს მორწმუნეების  ღირსებას, და შესაბამისად, რაკი აზიანებს, საფრთხეც სახეზეა. სურათის აღქმას აძნელებს თავისუფლების 200 წლის წინანდელი განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც „ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“. ამ ბოლო მსჯელობაზე დაყრდნობით უნდა ჩავთვალოთ, რომ თუკი ჩემი დაცინვა პრობლემას უქმნის მორწმუნეს, აგდებს მას დისკომფორტში, ანდა, ამხეცებს, ეს საკმარისი საფუძველია, რომ გამოხატვის თავისუფლებას საზღვარი დაუწესდეს. აქედან კი ერთი ნაბიჯია სხვა თავისუფლებების შეზღუდვამდეც.

თითქოსდა ჩიხში ვართ და საბოლოოდ ზემოდმოყვანილი ორი მსჯელობის მომხრეები ერთმანეთს ვერაფერს უმტკიცებენ: ერთი მხრივ, ცხადია ის ხიფათი, რაც შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოჰყვეს. მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ რწმენის [სიმბოლოს] შეურაცხყოფა ამავე დროს თავისუფლად რწმენის უფლების შელახვაა, შესაბამისად, რწმენის სიმბოლოს შეურაცხყოფა ლახავს მორწმუნეს თავისუფლებას, სწამდეს და მისდიოს რელიგიურ პრაქტიკას.

პასუხი თითქოსდა არ არის. თუმცა, რაკი კითხვა არსებობს, პასუხიც იარსებებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხი დროში, ისტორიაში და ჩვენი წარმოდგენების განვითარებაშია.

საქმე იმაშია, რომ ადამინის წარმოდგენა თავისუფლების შესახებ იცვლებოდა ისტორიის განმავლობაში და იმაზე უფრო რადიკალურად, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს. ეს წარმოდგენები კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებში არსებული, თავისუფლად ყოფნის არსებული პირობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარეობდა: იყო დრო, როდესაც თავისუფლება ეკონომიკურად ძნელად მისაღწევი იყო, ანუ, როდესაც თავისუფლად ყოფნას სჭირდებოდა, უპირველეს ყოვლისა თავისუფალი დრო, გარდა ამისა, ცოდნა, რომ თავისუფლება ღირებულებაა და თავისუფლების განხორციელების საშუალება. ეს ყველაფერი მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ – შესაბამისად, პირველი დასახლებების წარმოშობიდან  რამდენიმე ათასი წელი – თავისუფლება ექსკლუზიური და მემკვიდრეობითი უფლება იყო. ვფიქრობ, თავისუფლების საზღვრების იდეა სწორედ ამ დროს გაჩნდა, ანუ, თავისუფლების პირველი იდეა გეოგრაფიულ-ლანდშაფტულია: ყოველი მდიდარი და დიდგვაროვანი ადამიანის თავისუფლება მთავრდებოდა იქ, სადაც იწყებოდა სხვა, ასეთივე მდიდარი ადამიანის სამფლობელო. შესაბამისად, ანტიკური და შუა საუუნეების სამყაროში თავისუფლება ერთეულების პრივილეგია იყო. ამავე დროს გაჩნდა ინტელექტუალური თავისუფლების იდეაც: ანუ, მატერიალურ და აქტიობის თავისუფლების გვერდით არა-მდიდარი და არა-დიდგვაროვანი ადამიანების თავისუფლად ყოფნის და ამით „ძლიერთა ამა ქვეყნის“-ებთან გატოლების ეფემერული, მაგრამ მაინც, შესაძლებლობა. წაიკითხეთ იმანუელ კანტის „რა არის განმანათლებლობა“: ნახავთ, რას ნიშნავს, როდესაც თავისუფლების მემკვიდრეობით მიმღებ იმპერატორს ინტელექტუალური თავისუფლების მქონე და ამ თავისუფლების გარანტირებული ფლობის მოსურნე ინტელექტუალი მიმართავს.

შესაბამისად, შუა საუკუნეების თავისუფლების იდეა თავისუფლების მოპოვებაშია: ის ან გადაიცემა მემკვიდრეობით, ან მოიპოვება განსაკუთრებული უნარებით. არც არავინ ფიქრობდა, რომ თავისუფლება ბუნებრივი უფლება შეიძლება ყოფილიყო და ყველას ჰქონოდა მასზე პრეტენზია.

ახალ დროში, მას შემდეგ რაც თავისუფლება საყოველთაო მოთხოვნა და პირობა გახდა, თავისუფლების გეოგრაფიულ-ლანდშაფტური იდეაც შენარჩუნდა, როგორც სხვადასხვა თავისუფლებების მარეგულირებელი: სხვანაირად შეუძლებელიც იყო: საჯარო სივრცეს, რომელმაც ჩამოყალიბება მე-18 და მე-19 საუკუნეებში დაიწყო სჭირდებოდა ასეთი რეგულირება; ბოლოს და ბოლოს – საჯარო სივრცე სასრული იყო, შესაბამისად, სასრულ სივრცეში თავისუფლებებს სჭირდება თანაარსებობა და ამიტომ – რეგულირებაც. შესაბამისად, უპრიანია რომ თავისუფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასაც, ჰქონდეს საზღვრები, თუნდაც იმიტომ, რომ რომელიმე ერთმა თავისუფლებამ, რომელიმე ერთმა გამოხატვამ არ მოახდინოს საჯარო სივრცის უზურპირება და ის თავისუფლების ერთი კონკრეტული გამოხატვის მანიფესტაციად არ იქცეს.

შესაბამისად, ახალი დროის თავისუფლების იდეა და უფრო კონკრეტულად, გამოხატვის თავისუფლების იდეა, მდგომარეობს თავისუფლებების ერთ სივრცეში, სხვადასხვა, თუნდაც ურთიერთსაწინაამღდეგო, მაგრამ, საზღვრების დაცვით განხორციელებაში. ამიტომ, ახალი დროის თავისუფლების იდეა მართალია, დემოკრატიულია და ყველა ადამიანს სცნობს თავისუფლების ღირსად, მაგრამ, ამავე დროს, ის კორექტულია: ჰენრი ტორო არ დაიწყებდა თავისუფლების საკუთარი წესის დემონსტრირებას მეგაპოლისის ცენტრში: მან ამისათვის ტყეში, ტბის პირას განმარტოებით ცხოვრება აირჩია.  რა თქმა უნდა იმიტომ, რომ იცოდა, რომ მეგაპოლისის ცენტრში თვითპრეზენტაციით, არა მარტო სხვების თავისუფლებას შეუშლიდა ხელს, არამედ, შეიძლებოდა სამართალდამცავების მხრიდან მყისიერი რეპრესიის მსხვერპლიც გამხდარიყო. თუმცა, მისმა ამ კორექტულობამ/საზღვრების დაცვამ მხოლოდ ორი წელი გასტანა – გადასახადებს გადაუხდელობის გამო დაპატიმრებამდე.

ახალ დროში საჯარო და საარსებო სივრცე აღიქმებოდა როგორც ერთი სიბრტყე, სადაც ადამიანები იძულებული იყვნენ ემოქმედათ ამ სიბრტყის გეოგრაფიული შეზღუდვების გათვალისწინებით: თუკი ის სიბრტყე და სივრცე, სადაც ჩვენ ვარსებობთ, საერთოა და ერთია, მაშინ, ბუნებრივია, არამარტო კორექტულობა, არამედ, სუპერკორექტულობაც გვმართებს, ჩვენი თავისუფლებით და თავისუფლების გამოხატვით სხვები რომ არ დავჩაგროთ და შევზღუდოთ. ანუ, ანალოგიით რომ ვიმსჯელოთ, ფრანცისკ I მეცხრამეტე საუკუნეში სრულიად მართალი იქნებოდა: „მე არ დავცინებ შენს სარწმუნოებას, შენ არ დასცინო ჩემს, ხოლო ათეისტებმა არცერთს არ დაგვცინონ – რამდენიც უნდათ, ოღონდ, კორექტულად, გინების და კარიკატურების გარეშე, იმსჯელონ ღმერთის არარსებობის შესახებ“.

მაგრამ როგორ არის საქმე დღეს? დღევანდელი საჯარო სივრცე არა მარტო მრავალფეროვანია, ამავე დროს, უსასრულოცაა: ამის განმაპირობებელი სოციალური მედია კომუნიკაციის ელექტრონული სიცრცეებია: დღევანდელი ელექტრონული სამყარო, სოციალური მედიის სისტემებით წარმოდენილი, გვთავაზობს საჯარო სივრცეებს, რომლებიც არ არის შეზღუდული არც ფიზიკური  და არც გეოგრაფიული წარმოსახვებით: ყველამ ვიცით, ჩვენი დღევანდელი სამყარო უფრო ელექტრონულია, ვიდრე გეოგრაფიული. შესაბამისად, არც ჩვენი თავისუფლებების საზღვრები ემიჯნებიან და კვეთენ ერთმანეთს, თუ მე ამის გაკეთებას და პრეზენტირებას ძალით არ მოვინდომებ: უფრო მეტი სიცხადე რომ შევიტანო: მე-19 საუკუნეში, რომელიმე ევროპულ ქალაქის გაზეთში ქრისტეს კარიკატურა სამართლიანად გამოიწვევდა ეკლესიის აღშფოთებას, როგორც საერთო საჯარო სივრცეში ეკლესიის ტერიტორიის დაკავების მცდელობა. დღეს, 21-ე საუკუნეში ეკლესიის აღშფოთება საგაზეთო კარიკატურით მხოლოდ უზურპაციაა: მცდელობა გაზეთის საჯარო სივრცე დაისაკუთრო და შენი გავლენის ადგილად არჩიო.

დღეანდელი სამყარო, რომლის მნიშვნელოვანი მახასიათებელი საჯარო სივრცის უსასრულობა და მრავალგანზომილებიანობაა, გამორიცხავს თავისუფლების ორი, ან მეტი სივრცის საერთო საზღვრებს და ურთიერთგადაკვეთებს: ჩვენს სამყაროში საერთო საზღვრების არსებობის შესახებ დეკლარირება მხოლოდ ნებაყოფლობითი და ხშირად – უკიდურესად ძალადობრივია – როგორც ეს შარლი ჰებდოს შემთხვევაში მოხდა: დღეს, ნებისმიერ სამყაროში, სადაც სოციალური მედიის და ელექტრონული სამყაროს თუნდაც ოდნავი კვალი შეიმჩნევა, ყოველი ჩვენი გამოხატვა, თვითპრეზენტაცია, რაც არ უნდა სისტემური იყოს, უსასრულოა, და არფერთან არ იკვეთება: გადაკვეთა მხოლოდ ადამიანების თავებში წარმოშობილ აგრესიის პრიზმაში ჩანს. შედეგებიც სახეზეა.

ამიტომაც, შარლი ჰებდოს ამბავი ასე აღიწერება: ტერორისტებმა მკვლელობით განაცხადეს, რომ მათი აზრით, კარიკატურა მათი თავისუფლების სივრცეში  შემოიჭრა და ამის დასადასტურებლად დახოცეს ჟურნლისტები. სინამდვილეში, ჟურნალისტები მხოლოდ იმიტომ დახოცეს, რომ დაემტკიცებინათ, რომ კარიკატურამ გადალახა მათი თავისუფლების ტერიტორია. თუმცა, ცხადია, რომ კარიკატურას არანაირი სხვისი სივრცე არ გადაულახავს: დღევანდელ სამყაროში ეს შეუძლებელია – ჩვენი გამოხატვის სივრცეები ერთმანეთს არ კვეთენ – და თუ კვეთენ, „სივრცის ყველა მფლობელს“ აქვს შესაძლებლობა „სხვა მხარეს“ შებრუნდეს. თუ კვეთენ, მხოლოდ და მხოლოდ ტერორისტული აქტების დამგეგმავების სიტყვებში და პროპაგანდაში. ყოველ შემთხვევაში, მკვლელობა არის არა ჭეშმარიტების ალტერნატივა, არამედ ძველი წინამოდერნისტული სამყაროს დაბრუნების მცდელობა, სადაც თავისუფლებას აქვს საზღვრები და სადაც გამოხატვის „ზედმეტობის“ გამო სიკვდილით დასჯას გამართლება აქვს, იმ ყაიდის ტვინებში, რომლებიც უპირობოდ მიიღებენ შუა საუკუნეებს, თუკი ცივილიზაციის თანამედროვე სიკეთეები და კომფორტი შეუნარჩუნდებათ.

საბოლოოდ, შარლი ებდოს მსგავსი მოვლენები, ისევე, როგორც მთლიანად თანამედროვე ტერორიზმი, გვაბრუნებს და გვიბიძგებს თავისუფლების იმ გაგებასთან, როდესაც თავისუფლების იდეა და განსაზღვრება უკიდურესად  ექსკლუზიური და მემკვიდრეობითი იყო: მარტივ სისტემასთან, როდესაც თავისუფლების მემკვიდრეობითი და ინტეექტუალური მფლობელები განსაზღვრულია, ხოლო მემკვიდრეობითი თავისუფლება – გადამწყვეტი ხმის მქონე.

Share this Post!

Post by ADMIN

0 Comment