გიგი თევზაძე. თანამედროვე სამყაროში, არსებული ტექნოლოგიების პირობებში, რა საჭიროა პარლამენტის წევრების არჩევა, როდესაც შეიძლება პირდაპირ მთავრობის წევრები აირჩიო?

6
0

რაკი კონსტიტუციის შესახებ მიდის კამათი, მეც შევიტან წვლილს ამ პროცესში. პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ სახელმწიფოს არსებული მართვის სისტემა, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული, გარდაუვლად და უიმედოთ დაძველდა. და არა მარტო საქართველოში. ყველგან. დაძველდა სწორედ იმიტომ, რომ დღევანდელი ტექნოლოგიები სულ სხვა ტიპის, ბევრად უფრო ეფექტურ და გამჭვირვალე მმართველობითი სისტემების შესაძლებლობას გვთავაზობენ.

პარლამეტის, ხელისუფლების შტოების და მსგავსი ფენომენების წარმოშობა დაკავშირებულია წარმომადგენლობითობის და ძალაუფლების კონტროლის პრობლემებთან: თუკი გვინდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ხმის უფლების მქონე მოქალაქეების მეტ-ნაკლებად სრული გამომხატველი იყოს, მაშინ ჯერ უნდა ავირჩიოთ ის ხალხი, ვინც მათ აირჩევს და შემდეგ ვაკონტროლოთ ისინი – სასამართლოთი, მედიათი, შემდგომი არჩევნებით და ა.შ.

ეს ყველამ ვიცით. მაგრამ, თუკი გვეტყვიან, რომ თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა საშუალებას მოქალაქემ, ხმის უფლების მქონე სუბიექტმა, პირდაპირ აირჩიოს და შემდეგ აკონტროლოს მთავრობის და სასამართლოს წევრი? მაშინ? რა საჭიროა კიდევ ვიღაც გამაშუალებელი ამომრჩეველსა და მთავრობის წევრს/მოსამართლეს შორის?

ამის წაკითხვის შემდეგ იკითხავთ: კი, მაგრამ, უზურპაცია? კონტროლის შესუსტება? კორუფცია? საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისულფების გაყოფა?

უზურპაცია და კორუფცია ნაკლებად სავარაუდოა, თუკი ტექნოლოგიურად იქნება უზრუნველყოფილი მთავრობის წევრის გადარჩევა. მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება: თქვენ ხმას ელექტორნულად აძლევთ კონკრეტულ კანდიდატს. ის, რომ თქვენ ამ კანდიდატს დადებითი ხმა მიეცით, ეს ფიქსირდება, ანონიმურად, დიდ, კარგად დაცულ და დეცენტრალიზებულ სისტემაში. შემდეგ, თუკი კანდიდატი გახდა მინისტრი, ჩაირთვება გადარჩევის, გაწვევის ბლოკი, რომელიც მხოლოდ იმათ უარყოფით ხმებს დააფიქსირებს, რომლებმაც ამ მინისტრს დადებითი ხმა მისცეს. როგორც კი უარყოფითი ხმების რაოდენობა საერთო დადებითი ხმების 2/3-ს გადაააჭარბებს, მინისტრი ავტომატურად გაიწვევა თანამდებობიდან. მისი ადგილი შეიძლება მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა დაიკავოს (რომელიც შეიძლება, ამ დორისათვის, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზეც იყოს) და ა.შ. ზემოდაღწერილი მხოლოდ მაგალითია: ბევრი სისტემის მოფიქრება შეიძლება. თანამედროვე ტექნოლოგია ამისათვის თითქმის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა).

ცხადია, ასეთი არჩვენებისას, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს სოციალურ მედიას: საარჩევნო კამპანიები ძირითადათ სოციალურ მედიაში იწარმოებს. ამ სისტემაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრადიციული დიაქრონული მედია შეინარჩუნებს ჩვეულ ადგილს და მნიშვნელობას (ამაზე, უფრო მეტი, იხილე აქვე: www.blogmedia.ge/გიგი-თევზაძე-ტრადიციული/). რაც შეეხება მოსამართლეებს, ვფიქრობ, ისინი, უვადოთ უნდა იყვნენ არჩეულები, გაწვევის უფლების გარეშე.

კანონშემოქმედებაო, იკითხავთ. ვფიქრობ, პირდაპირი წესით არჩეული 10-12 ადამიანი უფრო კარგად გაართმევს თავს კანონების წერას, ვიდრე ახლანდელი პარლამენტები. მით უმეტეს, თუკი გაწვევის მექანიზმი იარსებებს.

ცხადია, ეს სისტემა გულისხმობს ქალაქების/სოფლების მმართველობის პირდაპირ არჩევასაც.

არც ის არის ვინმესათვის დასამალი, რომ დღეს არსებულ არჩევნებში, არა მარტო საქართველოში, გლობალურად, ხმას არა იმდენად იდეოლოგიებს, არამედ, კონკტრეტულ პროექტებს აძლევენ, რომლის განმახორციელებელებიც კონკრეტული ადამიანები არიან. მაშინ რაღა საჭიროა ეს შლეიფები – საკანონმდებლო ხელისუფლების სახით?

დეტალები, რა თქმა უნდა დასამუშავებელია. მაგალითად, რა ფუქციები ექნება  პრეზიდენტს, სანამდე გაფართოვდება/დაზუსტდება სასამართლოს უფლებები და ა.შ. თუმცა, ჩემთვის ერთი რამ ცხადია: თუკი ვფიქრობთ სახელმწიფო მმართველობის თანამედროვე სისტემაზე, არ ვიფიქროთ ტექნოლოგიური განივთარების და მოცემულობის კონტექსტში, უაზრობაა და კონტრპროდუქტიულია: ტექნოლოგიური განვითარება ავითარებს სოციალურ სისტემას. სახელმწიფო მართვის სისტემა კი ისეთივეა, როგორც სამი-ოთხი საუკუნის წინანდელი სოციალური სისტემების დროს.  თუკი არ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიურ მოცემულობას, ყოველთვის და გარდაუვლად, მოძველებულ და არაეფექტურ სისტემას მივიღებთ.

რას მოგვცემს ასეთი სისტემა: 1. მთავრობაზე დანახარჯების შემცირებას; 2. მთავრობის პასუხისმგებლობის და ანგარისვალდებულობის გაზრდას; 3. მთავრობის მეტ წვდომას ამომრჩევლის მიერ; 4. მეტ თავისუფლებას ქვეყანაში: თუკი გაწვევის მექანიზმი იმუშავებს, ყველა მინისტრი იქნება ორიენტირებული რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა დაუთმოს საზოგადოებას და ნაკლები დაიტოვოს (რაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს მინისტრს, მით მეტი უკმაყოფილო ეყოლება და მით მეტია მისი გაწვევის შანსი) და მხოლოდ დამარეგულირებელ/გამაუმჯობესებლის ფუქნცია ჰქონდეს; 5. ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში, ყოველ მოქალაქეზე აისახება და ყოველი მომდევნო არჩევნების შედეგად უკეთესი მთავრობა და სასამართლო გვეყოლება.

და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იქნებ, სიტყვა „მინისტრს“ დაუბრუნდეს პირვანდელი მნიშვნელობა: ქვეყნის/სფეროს მმართველის გაუმართლებელი კონოტაცია, ისეც მსახურის და მომსახურის შინაარსმა შეცვალოს. რაც მოსალოდნელია, იმდენად, რამდენადაც, ამ სისტემაში, მთავრობის წევრის დაქირავებაც და დათხოვნაც რეალური და ხელშესახები გახდება.

ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, სავარაუდოა, რომ პოლიტიკური პარტიები შეწყვეტენ არსებობას, ან მთლიანად, ან – ახლანდელი ფორმით. როდესაც მთელი პარტიის მუშაობის შედეგი 10-12 ადამიანის თანამდებობაა, თან პარტიის მიერ ფორმალურად/რეალურად გაუკონტროლებელი თანამდებობა, საეჭვოა ამ სისტემამ ბევრ ადამიანში გამოიწვიოს პარტიის წევრობის ენთუზიაზმი.

ცხადია, არ ვფიქრობ, რომ ასეთი სისტემა პირველად საქართველში დაინერგება. თუმცა, ის, რომ თანამედროვე ტექნოლოგია და კომუნიკაციის სისტემები ამის საშუალებას იძლევა, უეჭველია. რატომღაც მგონია, რომ პირველად ამის მსგავს სისტემას ჩრდილო ევროპის რომელმე ქვეყანაში განახორციელებენ. ვნახოთ. მართლაც, რა საჭიროა წარმომადგენლობითობა და ამდენი დანახარჯი, როდელიც საბოლოო ჯამში ეფექტურობის საწინაამღდეგოა, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიები პირდაპირი დემოკრატიის საშუალებას იძლევა?

არადა, საქართველოშიც კარგი იქნებოდა. რამდენი უაზრო სისტემა/ქვესისტემა გაუქმდებოდა, რამდენ ადამიანს მიეცემოდა შესაძლებლობა, აღარ ეფიქრა „ადვილად“ წარმატების მოპოვებაზე, აღარ ემუშავა დამღუპველი ბიუროკრატიის შენარჩუნებაზე და საკუთარი ინტელექტი კერძო/საზოგადოებრივ საქმეზე და განვითარებაზე მიემართა.

 

 

Share this Post!
0 Comment