გიგი თევზაძე. კურდღლების ქვეყანა

4
0

საქართველოს უცხო სახელი – გ[ე]ორგია – მგლების ქვეყანას ნიშნავს. გორგ (სპარსულად گرگ‎‎) მგელია. საქართველოც მგლების ქვეყანა იყო. გორგ ასარ (سر), მგელთავა. შეიძლება, ეს სახელი ქვეყანას ვახტანგ გორგასალის გამო და მის შემდეგ დაერქვა: ჯერ საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც რომის იმპერიაში არ შედიოდა, ხოლო შემდეგ, მთელ ტერიტორიას, რომელზეც გორგასალმა თავისი გავლენა გაავრცელა.

რატომ მგლების ქვეყანა? შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, მგლის ხასიათიდან გამომდინარე, თორე ქართველების დღევანდელი ბუნებიდან რომ ვერ ვიმსჯელებთ ამის შესახებ, ვფიქრობ, უეჭველია.

მგელი განსაკუთრებული ცხოველია: ჯერ ერთი, ხროვაში ცხოვრობს და ამ ხროვაში ყველას აქვს თავისი ადგილი, დამსახურების და შესაძლებლობის მიხედვით; მეორეც – მგელი ყველაფერს გეგმავს – მის ქცევაში სპონტანური არაფერია: ყველაფერი დაგეგმილია: გადაადგილება, ნადირობა, ლეკვების აღზრდა, სიყვარულის შესაძლებლობაც კი.

არ არის გამორიცხული, რომ ვახტანგ გორგასლის სტრატეგიული ხედვის და შემდეგ, ამ ხედვის განუხრელი განხორციელების გამო, რომელსაც ვერც სპარსეთი და ვერც რომი ვერ შეეწინააღმდეგა, დაარქვეს ქართველებს მგლები და საქართველოს მგლების ქვეყანა. მართლაც, თუ მგელი არ ხარ, ძნელია წარმოიდგინო იმის გაკეთება, რაც საქართველოს სამეფომ შესძლო გოგრგასლის მეფობის დროს: საქართველოზე ახალი სავაჭრო გზები გადაიჭიმა, ახალი ქალაქები აშენდა, ახალი ტერიტორიები, ადრე სპარსეთის და რომის ბატონობაში მყოფი, შემოვიდა საქართველოს გამგებლობაში. გორგასალის დროს შეიქმნა საქართველოს ის პროფილი და სახე, რომელიც მე-18 საუკუნემდე ამყარებდა და ინარჩუნებდა ქვეყანას. მანამ, სანამ ბრიტანელებმა აღმოსავლეთში რკინიგზა არ გაიყვანეს. თუმცა ეს სხვა ამბავია. დავუბრუნდეთ მგლების ქვეყანას.

თუ არა მგლებს, ვის შეეძლო ასეთი, არა მარტო იმ დროისათვის, დღესაც წარმოუდგენელი პროექტების განხორციელება: ვფიქრობ, არა მარტო კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან მომავალი ახალი გზის გაყვანა და თელავი-უჯარმა-თბილისის დაკავშირება, არამედ, კლდეკარის გაჭრაც გორგასლის პროექტია და ამით, ზღვიდან ზღვამდე, ყველაზე მოხერხებული გზის შეთავაზება ქარავნებისათვის. კიდევ ბევრი რამ. მგელი უნდა იყო და მგლებში ცხოვრობდე, რომ ამდენი რამე მოასწრო, სულ რაღაც ოციოდე წელიწადში.

მას მერე, მეტ-ნაკლებად, ქართველები მგლებად რჩებოდნენ, თუმცა, მეზობლები სულ ცდილობდნენ სამხედრო თუ ვერა, იდეოლოგიური დარტყმა მაინც მიეყენებინათ ქართველებისათვის. ასე გადაკეთდა მგლების ქვეყანა მიწათმოქმედების ქვეყანად, ასე გაჩნდა, სადღაც, რომის იმპერიაში, ამბავი წმინდა ნინოს შესახებ (ზოგიერთის ვარაუდით, თავიდან ეს ამბავი წმინდა ბავშვის შესახებ იყო, მერე გადაკეთდა, სხვადასხვა გარემოებების გამო, წმინდა ქალწულის ამბად), რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა/დაუკავშირა მიწათმოქმედებას და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ. საქართველო, როგორც მთავარი სავაჭრო გზების პატრონი/მომვლელი, ყველას უნდოდა პარტნიორად, ოღონდ, მგლების გარეშე. მიწათმოქმდებთან და მევენახეებთან უფრო ადვილი იქნებოდა საერთო ენის გამონახვა და მათზე გავლენის გავრცელება.

თუმცა, საქართველო მაინც რჩებოდა მგლების ქვეყანად: დამგეგმავები და გეგმების განმახორციელებელები, არმოჩქარე ხალხი, რომელიც ფიქრობდა და მერე, დიდი ხნის ფიქრის მომდევნოდ, დაგემილს ახორციელებდა, ყოველთვის ჩნდებოდა – ხან ევროპაში გაერთიანების გზას გეგმავდა, ხან – შავ ზღვაზე გაბატონებას, ხან კიდევ რას. დინჯად, მგლურად. ეს იყო ქართველების მთავარი ნიჭი – ყველაფრის დაგეგმვა და განხორციელება შეეძლოთ, კარგისაც და ცუდისაც. დროც ჰქონდათ: მთავარი სავაჭრო გზის გარშემო ცხოვრება მათ დროს აძლევდა, დიდ დროს. დაგეგმისათვის და მერე განხორციელებისათვის.

მაგრამ, დრო შეიცვალა, ტერიტორიამ მნიშვნელობა დაკარგა. მგლები სხვა სამეფოების სამსახურში ჩადგნენ. შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოიცვალა დრო, დრომ მოიტანა, როცა თითქმის ყველა მგელი დაბრუნდა საქართველოში და მგლობას შეუდგა, მაგრამ, ძალიან ბევრი კურდღელი დახვდათ.

ახლა, კურდღელს მივაქციოთ ყურადღება. კუდღელი მგელის საპირისპიროა. ეს დაპირისპირებულობა, ორი სიტყვით, სპონტანურობა და დაუგეგმაობაა. როგორ გგონიათ, რატომ ეძახიან სწრაფ სექსს კურდღლებისას? იმიტომ, რომ კურდღლებს სულ ეჩქარებათ, მგლების და მელიების ეშინიათ, იციან, რომ მათი ბოლო მგელ-მელიის კუჭშია და ცდილობენ მოასწრონ რაც შეიძლება მეტი – მეტი ჭამა, მეტი სექსი, მეტი სიამოვნება. ამიტომ, არც გეგმავენ და არც გეგმებს ახორციელებენ. თუ რამე გეგმავენ – იმასაც სწრაფად და მოკლევადიანად. უბრალოდ, ცდილობენ რომ მოასწრონ, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღონ, სანამ მგელი, მელია ან არწივი შეჭამს.

ის, რაც რუსეთმა საქართველოში მოახერხა – კურდღლების გამრავლება და კურდღლებით მგლების ჩანაცვლებაა. ყველა მგელი დახოცა, ან კურდღელად აქცია. მგლის კურდღლად ქცევა არ არის რთული: მთავარია, მგელს მოუსპო მომავლის იმედი/საკუთარ შესაძლებელობაში რწმენა და უკვე კურდღლის თვალები გიყურებს მგლის ტყავიდან. მე-17/18 საუკუნის ანექსიის შემდეგ, ქართველების უმეტესობამ კურდღლებივით დაიწყო ცხოვრება: ოღონდ რამე გამოეგლიჯა ცხოვრებისათვის, მანამ, სანამ რუსი, ან სიკვდილი, წაასწრებდა და დასჯიდა.

მაგრამ, მოხდა საოცრება, საქართველო განთავისუფლდა. მგლებიც დაბრუნდნენ/გაცოცხლდნენ და თითქოს, ბევრი კურდღელის პირობებშიც, შეეძლოთ მგლების ქვეყნის აღდგენა.

ვერ დავიწყებ მარჩიელობას, კურდღლობამ გადაწონა, თუ სხვა რამემ, მაგრამ რუსეთი შემოიჭრა და ყველა მგელი, ვინც კი შეამჩნია და იპოვა, დახოცა. ისევ გაკურდღლებული მგლების და კურდღლების დახმარებით.

რაღა ბევრი გავაგრძელო, ასე იქცა მგლების ქვეყანა კურდღლების ქვეყანად. სულ იმის საპირისპიროდ, როგორც დაიწყო, 15 საუკუნეზე მეტი ხნის წინ. და ასე ვცხოვრობთ, კურდღლების ქვეყნის წესით: ვცდილობთ მაქსიმალური გამოვგლიჯოთ ცხოვრებას, მანამ, სანამ ვცხოვრობთ.

მგონი, ყველა ხვდებით, რომ სწორედ კურდღლობის გამოა, რაც ხდება, პოლიტიკაში იქნება ეს, კულტურაში, ბიზნესში თუ ყოველდღიურობაში. ამიტომ არ გვაქვს გრძელვადიანი პროექტები. კურდღლები არ გეგმავენ. ცდილობენ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ამ მომენტში, ამ წუთს. მერე? .. მერე ხომ მოკვდები და მორჩა..

არა მგონია, სწორი იყოს კურდღელ-მგლად საზოგადოების დაყოფა. არც გამოვა. ყველა ჩვენგანშია კურდღელიც და მგელიც. უბრალოდ, კურდღლების ქვეყანაა ისე მოწყობილი, რომ კურდღლობა უფრო გამოდის. უფრო საპატივსაცემოცაა, უფრო სარგებლიანიც.

არ გეგონოთ, რომ ცუდი მგლები არ არსებობენ. ცუდი მგელი ყოველთვის აჯობებს კარგ კურდღელს, მაგრამ, გაუჭირდება სხვა მგელთან დაპირისპირება. ბევრჯერ დაფიქრდება, სანამ სხვა მგელს შეებრძოლება.

იპოვე საკუთარ თავში კურდღელი და გადაიქცევი მგლად.

Share this Post!
0 Comment