გიგი თევზაძე. რატომ ნანგრევი? 200წლიანი გზა ინწილიგენწობიდან ინწილექწუალობამდე. 11.07.2017

20
1

ბაგრატის ტაძარის შესახებ ისევ ერთი ამბავი ატყდა. ამჯერად, იუნესკოს მიერ კულტურის ძეგლების სიაში ბაგრატის ტაძრის არ-შეტანასთან დაკავშირებით. იუნესკოზე და მის რეპუტაციაზე ბევრს არ მოვყვები. მხოლოდ ერთ ფაქტს გეტყვით, რომ, ამას წინათ, იუნესკომ პალესტინური კულტურის ძეგლად აღიარა იერუსალიმის ძველი ქალაქის ნაწილი – ჰებრონი. იმისდა მიუხედავად, რომ პალესტინა როგორც სახელმწიფო და ერი – მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია არსებობს, ხოლო ჰებრონი, როგორც ამბობენ, 3000. და ასევე, იმის მიუხედავად, რომ ისრაელი და აშშ ეწინაღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. ცხადია, პალესტინის სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც დიპლომატიური გამარჯვება ისრაელზე და აშშ-ზე.

https://www.theguardian.com/world/2017/jul/07/unesco-recognises-hebron-as-palestinian-world-heritage-site

 

ახლა, ბაგრატის ტაძრის შესახებ. ქვემოთ სამი სურათია:

  1. ბაგრატის ტაძარი მეოცე საუკუნეში:

Image result for ბაგრატის ტაძარი

  1. ბაგრატის ტაძარი 80-იანი წლების ბოლოს:

  1. ბაგრატის ტაძარი დღეს:

(სამივე ფოტო აღებულია ამ გვერდიდან: http://saunje.ge/index.php?id=234&lang=ru)

ვფიქრობ, ცხადია, რომ ორივე, როგორც 80-იანი წლების, ასევე, დღევანდელი ვერსიის, შემთხვევაში – ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციასთან გვაქვს საქმე.

კონსერვაცია – რომლის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ დღევანდელი ინტელექტუალები, ვერ შეეხებოდა 1980-იანი წლების ბაგრატის ტაძარს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის უკვე არსებობდა, როგორც რეკონსტრუქცია. თუ ნანგრევის კონსერვაცია აუცილებელი იყო, მაშინ ეს საუბარი, ქართულ სულზე და აუთენტურობაზე მოამაგე სპეციალისტებს წინა საუკუნის 50-იან წლებში უნდა დაეწყოთ და პირველ სურათზე არსებული ნანგრევების კონსერვაცია მოეთხოვათ. მაგრამ, დამეთანხმებით, სტალინის დროს ასეთ რამეს ქართველ ინტელიგენტს ნამდვილად ვერ დაავალებდი.

შესაბამისად, დღევანდელ სახალხო-ინტელექტუალური აღშფოთების შემთხევაში საქმე გვაქვს ნანგრევად რეკონსტრუირებულის დაცვასთან და ნანგრევად რეკონსტრუირებულის ავთენტურობის შენარჩუნების მოთხოვნასთან.

ვფიქრობ, ყველაზე უფრო საინტერესო ამ „ბაგრატის ტაძრის საქმეში“ ესაა. რატომ ნანგრევის? რა ხდება?

პასუხი ამ კითხვაზე მარტივია, თუ ამ პასუხს საქართველოს ისტორიაში და საქართველოში რუსეთის იმპერიის მოქმედების ისტორიაში მოვძებნით:

 

კიდევ ერთი ფოტო, ამჯერად, რუსეთის იმპერიის მიერ 1843 წელს დამტკიცებული გორის ოლქის (ე.წ. “უეზდის”) გერბი (მადლობა ეკა მესხს ფოტოსთვის):

 

ნახეთ გერბის აღწერა: „გერბის ზედა ნაწილში საქართველო-იმერეთის გერბია. ქვედა ნაწილში, ცისფერ ფონზე, დგას კოშკის ნანგრევი, ამომავალი მზით განათებული, იმის ნიშნად, რომ რუსული მმართველობის ქვეშ, ხალხს არ სჭირდება ძველი კოშკები, რომლებიც გაბნეულია ოლქში. [ნანგრევის] ორივე მხარეს პურის თავთავების ძნებია, როგორც უხვი პურის ნიშანი“.

ვფიქრობ, ცხადია, რა იდენტობის ჩამოყალიბებაზე იყო მიმართული მეფის რუსეთის პოლიტიკა და როგორ ცდილობდა ის, რომ ნანგრევი [თავდაცვის არასაჭიროების სიმბოლო] ქცეულიყო ქართველების იდენტობის ნაწილად.

სამწუხაროდ, ამას რუსეთი ნანგრევების მხოლოდ გერბებზე დატანით არ ცდილობდა. ის აქტიურად ანგრევდა კიდეც ქართულ საფორტიფიკაციო ნაგებობებს. თბილისის გალავნის დანგრევის და ნანგრევად დატოვების ამბავი, მგონი ყველამ იცის. მაგრამ, დავიჯერო, არცერთი არ დაფიქრებულხართ იმის შესახებ, რომ საქართველოში ციხე-სიმაგრეები ნანგრევების უმეტესობას არ აწერია, თუ ვინ და როდის დაანგრია? კესალოს მუზეუმის დირექტორი, გიორგი ბოჭოიძე თუ გეტყვით, ექსკურსიისას, რომ 7-ვე კოშკი რუსებმა ააფეთქეს სხვადასხვა დროს, თორე ისე, ერთ დაწერილ სიტყვას ვერ ნახავთ ამის შესახებ.

დიახ. ზუსტად ასეა. საქართველოში ციხე-სიმაგრეების უმეტესობა რუსებმა დაანგრიეს, მე-19 და მე-20 საუკუნეში. ქართულმა იდენტობამაც ეს იდეა და ინტენცია შესანიშნავად გაითავისა. ეგ რა არის. მე ის დროც მახსოვს, ქართველი ინტელიგენტები ქართული ეკლესიების თეთრ, უფრესკო კედლებს ქართული ხასიათის სისადავით ხსნიდნენ.

რუსული იმპერიის ეს პროექტი – ქართველების კოლექტიურ იდენტობაში ისტორიის, როგორც ნანგრევის მოთავსება – საბჭოთა კავშირმა უსიტყვოდ გადაიბარა. ამიტომაც იყო, რომ ბაგრატის ტაძრის ნანგრევად რეკონსტრუქციის პროექტი, წინა საუკუნის 50-იან წლებში, კიდეც მიიღეს და კიდეც განახორციელეს.

აი ასე, ციხე-სიმაგრეების ნანგრევებად ქცევით შეიქმნა ის იდენტობა, რომელმაც იმავ წუთს თავი წამოყო, როგორც კი ბაგრატის ტაძრის სრული რეკონსტრუქცია დაიწყო. არადა, კამათი, სინამდვილეში, ორ იდენტობას შორის მიდიოდა: საკუთარი ისტორიის ნანგრევად აღმქმელ და თავდაცვა-საჭირო-არ-არის-სხვა-დაგვიცავს იდენტობას და ამის საწინააღმდეგო იდენტობას შორის. ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილის მთავრობას ეს გამოწვევა გაცნობიერებული ჰქონდა, თუმცა, ინტუიციურად, აბსოლუტურად მართებულად მოქმედებდა რუსეთის იმპერიის მიერ თავსმოხვეული იდენტობის წინაამღდეგ.   შესაბამისად, ქართველი ინტელექტუალების ბრძოლა ბაგრატის ტაძრის სრული რეკონსტრუქციის წინააღმდეგ, არის არა ძეგლის ნანგრევის აუთენტურობისათვის ბრძოლა, იმ ძეგლის, რომელიც ჯერ კიდევ წინა საუკუნის 50-იან წლებში გაჰქრა, არამედ, ნანგრევად რეკონსტუირებულის შენაჩუნებისათვის ბრძოლა. რაც, ამავე დროს, რუსეთის იმპერიის მიერ დანერგილი იდენტობის სიმბოლოს შენარჩუნებისათვის ბრძოლაა.

არ არის სახარბიელო სურათი. გეთანხმებით. მაგრამ რეალობა კიდევ უფრო მძიმეა და ბაგრატის ტაძრის სრული რეკონსტერუქციის პირობებშიც კი, კვლავ ვრჩებით რუსეთის იმპერიის მიერ თავსმოხვეულ იდენტობაში. საქმე ის არის, რომ არცერთი ეკლესია-მონასტერი, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზეა, და გვაჩვენებს თავს, როგორც დამოუკიდებლად, მთავარი გზებიდან განცალკევებულად მდგარი რწმენის სიმბოლო და ლოცვის ადგილი, არ იყო ასეთი, როდესაც ის ააშენეს. ყველა მონასტერი შენდებოდა როგორც ბევრად უფრო დიდი სისტემის ნაწილი, რომელიც არც თუ მცირე ციხე-სიმაგრეს/დამცავ-მაკონტროლებელ კომპლექსს წარმოადგენდა სავაჭრო გზებზე და ქვეყნის საზღვრებზე. ანუ, მონასტრის დიდ ტერიტორიაზე არა მარტო ეკლესია, არამედ, საკვების და იარაღის სათავსოები, სამხედრო ნაწილების შენობები, საჯინიბოები და ა.შ. იყო მოთავსებული. ზემოდან რომ დახედოთ ასე, მარტოსულად მდგარ ეკლესიებს, აუცილებლად დაინახავთ ძველი გალავნის და სხვა შენობების მრავალ კვალს. სად წავიდა ეს გალავნები და შენობები? პასუხი ზემოთაა – ისევ და ისევ, იდენტობის საკუთარი ვერსიის გამავრცელებელმა იმპერიის წარმომადგენლებმა დაანგრიეს. მგონი, მხოლოდ გრემის სამონასტრო კომპლექსს აქვს მეტ-ნაკლებად ძველი სახე შენარჩუნებული. ხოლო ნანგრევები, შემდეგ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა წაიღეს და გამოიყენეს, საკუთარი სახლების ასაშენებლად. ცხადია, ამდენი ნგრევა მხოლოდ ახალი სიმბოლოების დანერგვისათვის არ ხდებოდა. ყველა ასეთი ციხე და მონასტერი პოტენციური აჯანყების თავშესაფარიც იყო. ამიტომ, ვფიქრობ, ისტორიის (და არა ნანგრევების) აუთენტურობის აღდგენის შემდეგი ნაბიჯი – მონასტრების ინფრასრუქტურული გარემოს აღდგენაა. მხოლოდ მაშინ გახდება გასაგები ჩვენი საკუთარი ისტორია და მაშინ დავიწყებთ იმ ლოზუნგებისაგან განთავისუფლებას, რომლებსაც აგერ უკვე 200 წელზე მეტია, ჩვენ თვითონვე ვტენით საკუთარი ბავშვების თავებში.

Share this Post!
0 Comment