გიგი თევზაძე. საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგი. საქართველოს სტუდენტების ნულთან მიახლოებული შანსი.

2
2

ქვემოთ ნახავთ პრეზენტაციას, რომელიც აღწერს ჩვენს მიერ შემუშავებულ მკვლევრის ინდექსს. მკვლევრისა ინდექსი ადგენს, რამდენად არის უნივერსიტეტი ან მისი ერთეული კვლევითი, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, რამდენად აქვს სტუდენტს შანსი, ისწავლოს იმ პროფესორისაგან, რომელიც ახალი ცოდნის შექმნაში მონაწილეობს, და არა იმისგან, ვინც სხვის მიერ შემუშავებული ცოდნის დეკლამაციას ახდენს (ანუ, კითხულობს წიგნს, მერე შედის აუდიტორიაში და ჰყვება ამ წიგნის შინაარსს).

მდგომარეობა, როგორც ნახავთ, სავალალოა. 70-ზე მეტი უნივერსიტეტიდან, რომლებიც ანიჭებენ აკადემიურ ხარისხებს, მხოლოდ 10-ში მიმდინარეობს რაღაც ხარისხის კვლევა. ხოლო ამ 10-დან, მხოლოდ 20-ამდე პროგრამაა, სადაც სტუდენტს აქვს შანსი გადაეყაროს მკვლევარს.

თითქოს არაფერი. იტყვით – რაც გვაქვს ეს გვაქვს და რა ვქნათო. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ამ სისტემაში, სადაც სტუდენტს თითქმის არ აქვს შანსი ისწავლოს ისე, როგორც მისი ევროპელი, აშშ, ან კანადელი თანატოლები სწავლობენ, ჩვენ ყველანი ვხარჯავთ უამრავ ფულს: სახელმწიფო ხარჯავს მილიონებს საგამოცდო და აკრედიტაციის სისტემებზე, რომლის შედეგიც – ის უნივერსიტეტებია, რომელთა შორისაც მხოლოდ 20 პროგრამა ასრულებს აკადემიური ხარისხის მინიმუმს. ჩვენ, მოქალაქეები ვხარჯავთ 100-დან 150 მილიონამდე ყოველწლიურად რეპეტიტორობაში, იმისათვის, რომ მოვამზადოთ ჩვენი შვილები იმ სისტემისათვის, სადაც, არა მარტო ნულთან მიახლოებული შანსია, სტუდენტმა თანამედროვე სამყაროს შესაბამისი განათლება მიიღოს, არამედ, კონკურენციაც კი  არ არის (უნივერსიტეტში მისაღები ადგილების რაოდენობა აღემატება აბიტურიენტთა რაოდენობას).

სახელმწიფო ხარჯავს 100 მილიონს სასწავლო გრანტებში, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, დაააფინანსოს ის, ვისმა მშობლებმაც უკვე გადაიხადეს რამდენიმე ათასი ლარი გამოცდებისათვის მომზადებისათვის. იმათ, ვინც ეს ფული ვერ გადაიხადეს, ანუ, ვისაც უჭირთ, გრანტი თითქმის არ ხვდება.

და კიდევ: როგორც პრეზენტაციაში ნახავთ, ძალიან ბევრი პროგრამაა, რომლის პროფესორებიც საერთოდ არაფერს აქვეყნებენ. ეს აუცილებლად არ მიუთითებს იმას, რომ ამ პროგრამებზე უვარგისი სწავლებაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მიუთითებს იმას, რომ ცოდნა, რომელიც ამ პროგრამებზე კონსტრუირდება, პროფესიულია და არა აკადემიური. ეს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი და კულტივირებული არეულობა კი (ანუ, უმაღლესი პროფესიულის [სახელობო განათლებაში არ აგერიოთ, დღეს რომ “პროფესიულს” უწოდებენ საქართველოში] და უმაღლესი აკადემიურის) ისევ ჩვენს ჯიბეებს ურტყამს: უმეტესობა პროფესიული ცოდნის მიღებას [მაგ. ბიზნესის ადმინისტრირებას, ან კომპიუტერის ე.წ. რკინის სპეციალისტობას, ან პროგრამირების სწავლას] სულ არ სჭირდება 4 წელი.

გაითვალისწინეთ – ამ რეიტინგულ სიაში მხოლოდ 10 უნივერსიტეტია. დანარჩენი – 60-ზე მეტი უნივერსიტეტი – ამ რეიტინგს გარეთაა.

Power Point-ის ფაილი, სადაც აღწერილია მკვლევრის ინდექსის მუშაობის პრინციპები და უნი-ების რეიტინგები, ჩამოტვირთეთ აქედან: researcher index of Georgia last

 

Share this Post!
0 Comment