გიგი თევზაძე. ტრადიციული დემოკრატიის ღამის გუშაგები (დედანი სტრასბურგში ინახება)

0
0

არც იმის შესახებ ვწერ, რომ „ობიექტური და მიუკერძოებელი“ მედია შეუძლებელია, და არც იმის შესახებ, რომ „მედიის ობიექტურობის და მიუკერძოებლობის“ დისკურსს ყოველთვის ხელისუფლება იყენებს დამოუკიდებლობის შეზღუდვისათვის. უცნაური შემთხვევებიცაა, როცა მედიის წარმომადგენლები ცდილობენ საკუთარ თავს „მიუკერძოებელი და ობიექტური“ უწოდონ. თუმცა, ეს უფრო სასოწარკვეთილობის/უიმედობის ამბავი უნდა იყოს (ანტი-ტრამპელებმა რომ თქვეს ამას წინათ, ობიექტური ჭეშმარიტება არსებობსო), ვიდრე ადეკვატური თვითშეფასების. მგონია, უკვე საქრთველოშიც ყველამ იცის, რომ პოლიტიკური დემოკრატია და მედიის თავისუფლება მრავალფეროვნებაში და ამ მრავალფეროვნებაში ამორჩევის საყოველთაო უფლებაშია, და არა “ობიექტური” პოზიციის ძიებაში. მაგრამ ამის შესახებ ხომ ისედაც ბევრი ითქვა და დაიწერა.

მე ამჯერად სტრასბურგელი მორიგის მცდელობაზე ვწერ, მცდელობაზე, გადაარჩინოს საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები (ოპოზიციურების ჩათვლით) და ამით, ის დემოკრატია, რომელსაც ვიცნობთ. ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მედიას და პოლიტიკას აქვს შანსი დარჩეს ტრადიციული დემოკრატიის თამაშის წესებში და გააგრძელოს არსებობა ცოტა ხნით მაინც. ეს წესები არა მხოლოდ არჩევნებით მოსული პარლამენტი და ხელისუფლება/ოპოზიციაა. ეს წესები, ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ტრადიციულ მედიას ეხება. რას ნიშნავს ტრადიციული მედია? ეს ნიშნავს ნიუსების იერარქიულობას და გავრცელების მიმდევრობას: როდესაც, მედიის მმართველი (მმართველები, etc.) ირჩევს რა, ვინ, როგორ და როგორი მიდევრობით გამოჩნდეს „ეთერში“ და მოახდინოს გავლენა. ამ აზრით, ტრადიციული მედია სულ უფრო და უფრო ემსგავსება მის ერთ-ერთ პროდუქტს – სატელევიზიო შოუს. მით უმეტეს, ინფორმაციის წარმოუდგენელი სიმრავლე პირდაპირ უბიძგებს ტრადიციულ მედიას ამოირჩიოს – წინაამღდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ, ვერაფერს გადასცემს.

ტრადიციულ მედიას ნელ-ნელა ცვლის არატრადციული, ახალი, სოციალურ ქსელებზე და სინქრონულობაზე (ერთდროულობაზე) დამყარებული მედია: როდესაც პრინციპულად ყველას შეუძლია ნიუსის წარმოება/გავრცელება და პრინციპულად ყველას შეუძლია, უყუროს და მოისმინოს ის, რაც უნდა.

ტრადიცული მედია არა მარტო დიაქრონული შოუა, ის პოლიტიკაზეც უზარმაზარ გავლენას ახდენს. სულ არაა შემთხვევითი კავშირი პოლიტიკური პარტიების განვითარებასა და ტრადიციული მედიის განვითარებას შორის. რატომ? პასუხი ცხადია: როცა ტრადიციული მედია აღარ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, როდესაც ტრადიციული მედიის წარმოების არა-სახელისუფლო საშუალებები ჩნდება (ანდა, ქრება სახელისუფლო საშუალებები), ის ირჩევს საკუთარი შოუს ღერძს, და ეს ღერძი, უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკური სუბიექტები – პარტიები – არიან: როგორც ქვეყნის და მოქალაქეების კარგად/ცუდად ყოფნის მთავარი მიზეზები. ამიტომ, ტრადიციული მედია არა მარტო პოლიტიკურია, ის ასაზრდოებს და აცოცხლებს იმ პოლიტიკურ წესრიგს, რომელშიც არსებობს.

ამის საპირისპიროდ, სოციალური ქსელები და სოციალური მედია პოლიტიკურ პარტიებს აქრობს: როდესაც აღარ არის შეზღუდული არც სიხშირე და არც მსოფლიო ქსელი, ამომრჩევლის და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქის ფუკუსირება პრობლემებზე უფრო თავისუფალი ხდება, დიაქრონულობა აღარ მუშაობს და ნიუსების დიდ სიმრავლეში მოქალაქე ირჩევს იმას, რაც მას აწუხებს და არა იმას, რასაც ეუბნებიან რომ მას აწუხებს.

ამიტომ, მომავლის, სოციალური ქსელის და სოციალური მედიის სამყაროში, პოლიტიკური პარტიების როლი მცირდება, თუ საერთოდ არ ქრება. ეს ნამდვილად არ იქნება პირდაპირი დემოკრატია, არსებული გაგებით, მაგრამ, ალბათ, უფრო – მთავრობების პირდაპირ არჩევა/გადარჩევა (დაახლოებით ისე, როგორც ახლა ხდება რუმინეთში. იხ. გიორგი მელაძის გუშინდელი ბლოგი). თუმცა, ამ ბლოგის მიზანი სულაც არაა ფუტუროლოგიური ხედვა. დავუბრუნდეთ სტრასბურგელი გუშაგის გადაწყვეტილებას:

რა მოხდებოდა, რუსთავი 2 მართლაც რომ „წაეღო“ ხალვაშს? ტრადიციული მედია სივრცე, ნელ-ნელა გაქრებოდა, მთავრობა სულ-უფრო და უფრო „ჩაყლაპავდა“ ტრადიციულ მედიას, ერთი მნიშვნელოვანი წარმატებით შეგულიანებული. სოციალური მედია დაიკავებდა ტრადიციული მედიის ადგილს. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებიც ნელ-ნელა დაკარგავდნენ გავლენას და სოციალური ქსელი გახდებოდა მიტინგების, შეკრებების, პროტესტების წყარო. ეს კი ძალიან მალე გამოიწვევდა მთავრობის და პარლამენტის გადადგომას: ამ ახალ ვითარებაში მთავრობა/პარლამენტს ძალიან გაუჭირდებოდა  მუშაობა: როცა არ არის ოპოზიციური პარტია, ვის უნდა შეუთანხმდე? ვისთან უნდა აკოორდინირო მუშაობა პოლიტიკური კრიზისის დროს? შეუძლებელია შეუთანხმდე სოციალური ქსელის მოსარგებლეებს. მთავრობა/პარლამენტის გადადგომას და ახლის არჩევას ისევ მოჰყვებოდა უკმაყოფილებების ტალღები და ა.შ. სანამ რაიმე ახალი წესრიგის კონტურები არ გამოჩნდებოდა.

ასე რომ, რუსთავი 2-ის შესახებ გადაწყვეტილების შეჩერებით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში ტრადიციული პოლიტიკური წესრიგი დაიცვა. ყოველ შემთხვევაში, ახალ წესრიგზე ნახტომით გადასვლისაგან. დაიცვა არა მარტო ტრადიციული დემოკრატია და მთავრობა, არამედ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც და ინფორმაციის დიაქრონული გავრცელების შოუს პრინციპიც.

თუმცა, ვფიქრობ, ის პოლიტიკური მომავალი, რომელსაც სოციალური მედია განსაზღვრავს, გარდაუვალია. ვნახოთ როდის მოხდება.

 

Share this Post!
0 Comment