გიგი თევზაძე. წარსულის განვითარების სცენარები: სხვა ისტორია და სხვა მომავალი (კრებული: XXI ქართული ესსე. გამომცემლობა კალმოსანი. 2016)

3
0

შესავალი

 

უკვე ყველამ ვიცით, რომ კლიმატი იცვლება, თან იცვლება დრამატულად: იქ, სადაც მილიონობით წლის წინ ზღვა იყო, დღეს – მშრალი უდაბნოა, იქ, სადაც სულ რაღაც 10 საუკუნის წინ გზა იყო, შეიძლება დღეს ყინულები დაგვხვდეს, ან პირიქით. იქ, სადაც რამდენიმე საუკუნის წინათ ციოდა და არ იცხოვრებოდა, დღეს – საუკეთესო პირობებია ფერმერობისათვის. რა მოხდება, თუკი კონკრეტული გარემოს კლიმატურ ცვლილებებს ამავე გარემოში მცხოვრები ადამიანების და ადამიანთა გაერთიანების ისტორიას დავუკავშირებთ?

 

ტემპერატურის ცვლილების სქემა უკანასკნელი 15 000 წლის განმავლობაში[1].

      

 

წინაისტორია

 

წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ისტორია იწყება მაშინ, როდესაც გეოლოგიური და კლიმატური ცვლილებების გამო, აღმოსავლეთიდან (სადაც ახლა ირანია) დასავლეთისაკენ, შავი ზღვის სანაპირომდე მიმავალი, ცენტრალური კავკასიის ჩრდილოეთით გამავალი, სვანეთის[2] მთების გადამკვეთი გზა განთავისუფლდა თოვლისაგან და ადვილი სავალი გახდა. მაშინვე დაიძრნენ სამხედრო და სავაჭრო ქარავნები შავი ზღვისკენ და შავი ზღვიდან – უძველესი ცივილიზაციები რომ დაეკავშირებინათ ერთმანეთთან. ადამიანებმა, რომლებიც ამ გზის გარშემო და სამხრეთით ცხოვრობდნენ, უეცრად შეიძინეს მნიშვნელობა, როგორც გზის მცველებმა და მასპინძლებმა. წარმოვიდგინოთ, რომ აქედან იწყება საქართველო, როგორც ხალხი და როგორც ტერიტორია[3].

 

ისტორიის დასაწყისი

 

მას შემდეგ, ის ძირითადი გზა, დღევანდელი კობის და სნოს ხეობას შორის ერთიანდებოდა, თრუსოს ხეობის გავლით გრძელდებოდა რაჭისკენ, ოდნავ გადადიოდა მამისონის უღელტეხილზე ჩრდილო კავკასიისკენ, შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა ცენტრალურ კავკასიაში, ღების გავლით ზემო სვანეთში გრძელდებოდა, გაივლიდა მესტიას, გადავიდოდა კოდორის ხეობაში და ჩავიდოდა სოხუმში, სადაც დიდი სავაჭრო/ტრანზიტული ფორტები იყო აშენებული. ამ გზის გამო გახდნენ სვანები ანტიკური დროის ძლევამოსილი და მდიდარი ხალხი, როგორც ჰეროდოტე წერს და ამ გზის კონტროლის გამო ეჯახებოდნენ ერთმანეთს, ადრეულ შუა საუკუნეებში, სპარსეთი და ბიზანტია.

ორი ძირითადი გზა უერთდებოდა სნო-კობის გასასვლელს: ერთი – სამხრეთ აღმოსავლეთიდან, რომელიც სპარსეთიდან მოდიოდა, გაივლიდა თბილისის ტერიტორიებს, ჩავიდოდა მცხეთაში და აგრძლებლდა გზას ხევისკენ. მეორე – კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან თუშეთში შემოდიოდა, გადადიოდა ხევსურეთში, მერე ხევში და სნოს და თრუსოს ხეობების გავლით რაჭის გზას ადგებოდა. მესამე გზაც იყო –  მკაცრად ჩრდილოეთიდან მომავალი – თერგის მარცხენა ფერდს მოუყვებოდა და ბეთლემის და სამების მონასტრების[4] ტერიტორიების გავლით ჩადიოდა კობში.

ყველა ეს გზა (და კიდევ ბევრი, პატარ-პატარა) მცხეთში იყრიდა თავს. ამიტომაც იყო მცხეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი ცენტრალურ კავკასიაში. სპარსეთიდან მომავალი გზა, ალბათ, ამ ოთხ გზას შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი გზა იყო, რადგან, სპარსეთიდან შავი ზღვისკენ  მიდიოდა და ყველაზე მეტი სიმდიდრე მიქონდ-მოჰქონდა.

სხვა გზებიც არსებობდა: მცხეთიდან თუკი ხევისკენ არ წახვიდოდი, მტკვარს აუყვებოდი და კასპს გაივლიდი, რკონის გავლით ჯავახეთის ზეგანზე მოხდებოდი. ამის მერე კარგი გზა იყო: გინდა მთებზე გადახვიდოდი, გინდა გუჯარეთის და ტიმოთეს უბნის გავლით ტაბაწყურს მიადგებოდი და გააგრძელებდი გზას, აზავრთის და ასპინძის გავლით გოდერძის უღელტეხილისკენ. ან – ახალციხეს რომ მიადგებოდი, ჩრდილო-დასავლეთისკენ წახვიდოდი, ღორჯომის სოფლებიდან ბახმაროში გადახვიდოდი და იქიდანაც, სულ ერთი დღის სავალი რჩებოდა ზღვამდე. ოღონდ ამ გზებს შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებთან მიჰყავდი – ფოთი-გონიოს მიდამოებში. კიდევ იყო ბევრი გზა, რომელთაც აღმოსავლეთის ქვეყნებში მიჰყავდით, მაგრამ ის გზა, რომელიც სვანეთის გავლით სოხუმში ჩადიოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გზების უმეტესობა მთებზე გადიოდა, მეფე მირიანმა საქართველოს მთის მცხოვრებლები გააქრისტიანა და ასე გააკეთა ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი განაცხადი საქართველოს დასავლურ ორიენტაციაზე. მაგრამ ეს ამბავი, იმ  ისტორიაში, სადაც მთავარი პერსონაჟები გზები არიან, მხოლოდ ეპიზოდია.

 

 

 

თბილისი და ახალი საგზაო პოლიტიკა

 

ჩვენი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში მნიშვნელოვანი აციება აშკარა გახდა. ძველი და უსაფრთხო გზა აღარ მუშაობდა. სხვა გზები კი იყო, მაგრამ იმ გზებს, რომლებიც, კასპის გავლით, ატენის და რკონის ხეობებიდან ჯავახეთის ზეგანზე ადიოდნენ, არც იმხელა გამტარობა ჰქონდათ და არც ისე უხიფათო იყო – გზის დიდი ნაწილი, სანამ ჯავახეთის ზეგანს მიადგებოდა, ტყეებზე გადიოდა. ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, მაღალ მთებზე გადმომავალი გზებიც იკეტებოდა – გზებზე თოვლი და ყინული ზაფხულშიც კი აღარ დნებოდა.

ამ დროს, როგორც უწოდებდნენ, მგელთავა მეფეს, ვახტანგ გორგასალს, როგორც ჩანს, უცნაური იდეა მოუვიდა თავში: თუკი ისეთივე გზა, რომელსაც ვკარგავთ, არ არის, უნდა გავაკეთოთ. და კლდეკარის კლდის გაჭრა დაიწყო. კლდეკარის გაჭრით, თბილისიდან უმოკლესი გზით,  მანგლისის გავლით,  ქარავნები შესძლებდნენ ჯავახეთის ზეგანზე მოხვედრას და ზღვისკენ გზის გაგრძელებას.

მაგრამ ეს არ იყო საკმარისი – ახალი გზა მხოლოდ სპარსეთიდან მომავალ ქარავნებს უზრუნველყოფდა, კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან მომავალი გზა კვლავ პრობლემური იყო – თუშეთზე გამავალი გზა ნელ-ნელა ისეთივე გამოუსადეგარი ხდებოდა, როგორც სვანეთზე და რაჭაზე გამავალი, ხოლო ჩრდილოეთიდან ბეთლემზე გადმომავალი გზა საერთოდ ჩაიკეტა.

ამიტომ, ვახტანგ გორგასალმა თუშეთის გზას მხარი უცვალა და თელავისკენ გადაამისამართა. უჯარმის ციხე ააშენა, რომელიც კასპიის ზღვის ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროებიდან მომავალ ქარავნებს დაიცავდა და ამ ახალი გზის კონტროლის მსურველებისათვის მთავარი ზღუდე იქნებოდა.

 

ამ გზებს შორის და გზებზე მიმოიქცეოდა საქართველო, სანამ, მე-7 საუკუნეში, არაბებმა არ აიღეს თბილისი და შესაბამისად, ზღვისკენ მიმავალი მთავარი გზებს მთავარი გადამკვეთი. ყველაფერი, რაც ამ მიდამოებში მანამდე და მერე ხდებოდა, სწორედ თბილისის, როგორც კლდეკარის კარიბჭის, გამოა: ყველას უნდოდა – ბიზანტიელებს, ხაზარებს, არაბებს, ქართველებს – ყველაზე მდიდარი გზის გასაღების მფლობელი ყოფილიყო.

 

 

 

კიდევ ერთი გადანაცვლება

 

მე-12 საუკუნემდე დიდი დრო იყო დარჩენილი. სახელმწიფოს კი სტაბილური შემოსავალი სჭირდება სტაბილური არსებობისათვის. ამ პერიოდში – მე-7-დან მე-12 საუკუნემდე, საქართველოს მეფეეებს ორი გზა გაჰყავთ – ერთი – ძველ გზას აცოცხლებენ, რომელიც კასპიდან ატენის ხეობის გავლით ჯავახეთის ზეგანზე ადის[5]  და მეორე, სრულიად ახალს – ჭიათურაზე გავლით, რომელიც ცენტრალური კავკასიის შუაში გადის და  სანაოსნო მდინარემდე, რიონამდე მიდის. პრინციპში, ესეც ძველი გზაა, ოღონდ, აღმოსავლეთ საქართველოდან ეს გზა რიონამდე პირველად გაჭრეს. მანამდე, უძველესი დროიდან, ზღვაოსნები ზღვიდან ამოუყვებოდნენ რიონს და სხვა მდინარეებს და დასავლეთ საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილებამდე (ქუთაისი და ზესტაფონი) მიდიოდნენ[6].

 

გზების ოქროს ხანა და მისი დასასრული

 

მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი, რომელიც უკვე უხუცესთა საბჭოს გამგებლობაში იყო. ძალიან მდიდარი ქალაქი ძალიან მდიდარი დედაქალაქი გახდა. თბილისი კიდევ ერთხელ გახდა ზღვისკენ მიმავალი მთავარი გზის მთავარი წერტილი და ქართველების საპრეზენტაციო ორიენტირი[7].

შავი ზღვა გამორჩეულ როლს ასრულებდა მე-12-13 საუკუნეების თბილისის ისტორიაში: დასავლეთთან კავშირების გასამტკიცებლად გიორგი რუსი, თამარ მეფის ქმარი, ზღვიდან შემოდის საქართველოში და გაგდების შემდეგ, ორჯერვე ზღვით ბრუნდება, საქართველოს დასავლეთელობის საბოლოდ მოსაპოვებლად და ორივეჯერ წარუმატებლად.

სამაგიეროდ, წარმატებას აღწევს აღმოსავლეთის პარტია, მხარგძელების მეთაურობით: საქართველო არ ეხმარება ევროპელ ჯვაროსნებს სალადინის წინამღდეგ და ამის შემდეგ, საქართველოს მთავარი გზა აღმოსავლეთის გზა ხდება. შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი ნელ-ნელა ექცევა აღმოსავლეთის ქვეყნების  გავლენის ქვეშ, თუმცა კიდევ ცოტა ხანი, თურქეთის გამოჩენამდე და ბიზანტის საბოლოო დაცემამდე, შავ ზღვაზე ჯერ კიდევ გენუელების ფლოტი ბატონობს. იმ მოკლე პერიოდში, როდესაც იერუსალიმი ემხობა, ევროპა სუსტდება და შავი ზღვა გამგებლის გარეშეა, ლაშა გიორგი აპირებს ფლოტი შექმნას და მთავარ გზას დასავლეთის შინაარსი დაუბრუნოს – რომის ეკლესიის წიაღში დაბრუნების ჩათვლით. მოკლეს თუ მოკვდა – აქამდე სადაოა. თუმცა, სიკვდილის ადგილიც და დროც საეჭვოა. მედასავლეთე საქართველოს მოწინაამღდეგებისათვის – ძალიან დროული.

 

მონღოლების (ხინკლის) გზა

 

გზების ისტორიაში ძველი პერსონაჟები მონღოლების შემოსვლასთან ერთად ცოცხლდება: მე-10 საუკუნეში დაწყებული დათბობის შედეგად, ძველი გზა, რომელსაც კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან სნო-კობის გადასასვლელამდე მოვყავდით, აღდგა. ოღონდ, ისე არ დამთბარა, რომ რაჭა-სვანეთი-კოდორის ძველი გზა აღდგენილიყო. ამიტომ კასპიის ზღვის სამხრეთიდან, ასტრახანის მიდამოებიდან, სადაც ოქროს უდროს შტაბ-ბინა იყო, მომავალი გზა, რომელიც თუშეთის გავლით კობში ჩამოდიოდა, ამჯერად თბილისამდე გაგრძელდა და მონღოლების გზად იქცა, რომელსაც დღეს თავისუფლად შეგვიძლია „ხინკლის გზა“ ვუწოდოთ: დღესაც, საქართველოში ხინკლის „სამშობლოდ“ ამ გზის მიმდებარე სოფლები და დასახლებები მიაჩნიათ: მონღოლების გზაზე, ცხადია, ადგილობრივებს, საკუთარი ბიზნესის მომგებიანობისათვის, ნაცნობი საჭმელი უნდა შეეთავაზებინათ მგზავრებისათვის. მონღოლები წავიდნენ, მათი მომლოდინე საჭმელი კი დარჩა და ეთნიკური სამზარეულოს მნიშვნელოვან ელემენტად იქცა[8].

 

კლიმატის ცვლილებამ/აციებამ და გზების ჩაკეტვამ კიდევ ერთხელ შეცვალა პოლიტიკური ისტორია: დახლოებით მე-14 საუკუნეში, მნიშვნელოვანმა აციებამ, კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან, ასტრახანიდან თუშეთში მომავალი გზები შეზღუდა. მონღოლებს ხინკლის გზაზე სიარული გაუჭირდათ. ამით ისარგებლა გიორგი V-მ და საბოლოოდ ჩაკეტა ხინკლის გზა და გარეკა მონღოლები საქართველოდან.

გზები თავისას შვებოდა, და ქართველი მეფეეების სისუსტის თუ სიძლიერის მიუხედავად, ეს ტერიტორია, სადაც შავ ზღაზე გამავალი ბევრი გზა კვეთდა ერთმანეთს, იცავდა და ინარჩუნებდა ქვეყანას: არავის არ უნდოდა არსებული გზების მასპინძლობა თავიდან აეწყო. ამიტომ, გარემომცველი სამეფოები ძირითადათ, სადამსჯელო ექსპედიციებით და ფეოდალების მიმხრობით კმაყოფილდებოდნენ. ჯავახეთის, როგორც უცნაურად დამოუკიდებლი და ძლიერი სამთავროს არსებობის საიდუმლოც ეგ იყო: გზა, რომლიც მგელთავა მეფემ გამოჭრა კლდეში, 15 საუკუნის მანძილზე იცავდა თავის მოსახლეობას და მფლობელებს.

 

გზების ტექნოლოგიური გაქრობა

 

მაგრამ, ყველაფერი იცვლება, ტქნოლოგიები ვითარდება და ეს ცვლილება ცვლის გარემოს. მე-18 საუკუნიდან რკინიგზის განვითარებამ, საზღვაო გადაზიდვებს, ჯერ, კონკურენცია შეუქმნა, ხოლო შემდეგ – უპირობოდ მოუგო: გაყვანილ რკინიგზაზე ბევრად მეტი ტვირთი გადაადგილდებოდა, ვიდრე იმდროინდელი სატვირთო გემებით. ამას დაერთო ისიც, რომ შავი ზღვა, ჯერ რუსეთმა და თურქეთმა, ხოლო საბოლოოდ რუსეთმა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტბად გადააქცია. საქართველოზე გამავალმა გზებმა რუსულ ტბაში დაიწყო დენა, რაც უკვე აღარავის აინტერესებდა. ამ ისტორიის შედეგი იყო ის, რომ ევროპამ და ამერიკამ აღმოსავლეთის ათვისება თურქეთის გავლით დაიწყო, გაიყვანეს აღმოსავლეთის ექსპრესის რკინიგზა და სულ არ აინტერესებდათ ერთ დროს მნიშნველოვანი პორტები შავი ზღვის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე, რომლებსაც ნელ-ნელა რუსეთი ითვისებდა[9].

საქართველო მხოლოდ რუსეთის ინტერესის სფეროში დარჩა, როგორც ინდოეთის ოკეანისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ქვეყანა. ბაქოს ნავთობი არ იყო მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის იმდენად მნიშვნელოვანი ნედლეული, რომ ევროპის ძლიერ სახელმწიფოებს რუსეთის ბატონობა შავ ტბაზე არ მოეთმინათ. მით უმეტეს, რომ რუსეთი უპრობლემოდ ატარებდა ევროპულ გემებს, ტანკერებს და ტვირთებს. ძირითადი ტვირთები, მანც, რუსული გავლენის  მიწების გვერდის ავლით, თურქეთზე და ერაყზე გამავალ რკინიგზებზე მოძრაობდა. ევროპა, და განსაკუთრებით ინგლისი, ამ პერიოდში თურქეთს განსაკუთებით ავითარებდა: აშენებდა გზებს, სასწავლებლებს (ბოსფორის უნივერსიტეტი ყოფილი ჯეიმს კოლეჯია), ხელს უწყობდა სამართლებრივი სახელმწიფოს წარმოშობას. საქართველოში ამ დროს რუსეთის იმპერია ცდილობდა  ინდოეთის ოკეანის ნაპირი დაენახა და ამისთვის არც ქართველების ხოცვა/ასიმილაცია/დეგრადაციას და არც მათი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას არ ერიდებოდა.

 

 

ახალი ისტორიის დასაწყისი?

 

ასე გრძლდებოდა  მანამ, სანამ  მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საზღვაო კონტეინერი არ გამოიგონეს. საზღვაო კონტეინერი საშუალებას იძლევა ერთ პუნქტში დატვირთული კონტეინერი ისე მივიდეს საბოლოო პუნქტამდე, მსოფლიოს საპირისპირო წერტილში, რომ მხოლოდ მზიდის გამოცვლა მოუწიოს, კონტეინერის შიგთავსის ხელის ხლების გარეშე. ასეთი კონტეინერის გამოგონებამ შეცვალა სატვირთო მანქანების, მატარებლების, სატვირთო გემების კონფიგურაცია. კონტეინერის გამოგონებამ, ნელ-ნელა, მაგრამ მთლიანად შეცვალა მსოფლიო რუკა: კონტეინერულმა საზღვაო გადაზიდვამ არა მარტო ბევრჯერ გააიაფა გადაზიდვები, არამედ, მსოფლიო გადაზიდვების 90%-იც შეითვისა.

მე-20 საუკუნის ბოლოს, ბოროტების იმპერიის დაშლას საქართველოს განთავისუფლებაც მოჰყვა. ქართველმა პოლიტიკოსებმა არ იცოდნენ რა ექნათ ამ თავისუფლებისათვის, რასთან და რომელ ქვეყანა/ქვეყნების ჯგუფთან დაეკავშირებინათ. ეს „გაუგებრობა“ გრძელდებოდა მანამ, სანამ ედუარდ შევარდნაძემ არ მოიფიქრა ჯადოსნური თეორია უცნაური სახელით „აბრეშუმის გზა“: გლობალურ ეკონომიკას და მსოფლიო პოლიტიკას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო შესთავაზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალ, ყველაზ მომგებიან და ადვილ გზად.

ახლა ძალიან ძნელია მიხვდე, რამ უკარნახა შევარდნაძეს აბრეშუმის გზის იდეა: ინტუიციამ, ვინმემ, რაიმე მივიწყებულმა წიგნმა, რომელიმე უცნობმა და დავიწყებულმა პოლიტიკოსმა, თუ რაიმე შემთხვევითობამ. ფაქტია, რომ არც იმდროინდელ პოლიტიკაში და არც იმდროინდელ ინტელექტუალურ სამყაროში არაფერი მსგავსი არ არსებობდა. საიდან მიხვდა შევარდნაძე, რომ ქვეყნის და მისი უსაფრთოხების მომავალი აბრეშუმის გზის იდეაშია, ძნელია ივარაუდო. იმას, რომ ეს იდეა ძალიან სახიფათო იყო მისთვის და შესაბამისად, ქვეყნისათვის, შევარდნაძე კარგად აცნობიერებდა. მაგრამ, მას დრო სჭირდებოდა, დრო უნდა მოეგო, მანამ, სანამ რუსეთი მიხვდებოდა, რომ შევარდნაძის ახალი იდეა არა მარტო კავკასიას, არამედ მთელ აღმოსავლეთს აცლიდა გავლენის სფეროდან. რუსეთის გამოფხიზლებამდე შევარდნაძეს აშშ და ევროპა უნდა დაერწმუნებინა ამ იდეის და პროექტის პერსპექტიულობაში.

ვერ იტყვი, რომ შევარდნაძემ ეს ბოლომდე მოახერხა, თუმცა, იმას მაინც მიაღწია, რომ შუა საუკუნეების მთავარ გზაზე, ჯავახეთზე რომ გადიოდა, ბრიტანულ კერძო კომპანიას გააყვანინა გაზის მილსადენი, რითაც ქვეყნის და საკუთარი უსაფრთხოების კონტურები მოხაზა.

პოლიტიკა პოლიტიკად, მსოფლიო ეკონომიკა და გლობალური გადაზიდვები თავისი გზებით ვითარდებოდა. სააკაშვილის ძლიერმა მცდელობებმა, დაეჩქარებინა ევროპის და აშშ-ს მიერ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად აღიარება, ისევე, როგორც შევარდნაძის მცდელობებმა, ბოლომდე ვერ მიაღწია მიზანს. მით უმეტეს, სააკაშვილს არც არასოდეს უთქვამს, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო გლობალური ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო. სააკაშვილი მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ მნიშვნელობას აღნიშნავდა, აღმოსავლეთში მშვიდობის და დასავლეთის გავლენის დასამყარებლად.

ერთი შეხედვით პარადოქსულად, გლობალური ეკონომიკის და პოლიტიკის მიერ საქართველოს სტრატეგიული და ეკონომიკური ღირებულების პოლიტიკური გაცნობიერების აშკარა და ძლიერი ნიშნები, ივანიშვილის მმართველობაში გამოჩნდა: სწორედ იმ დროს, როდესაც ქართული პოლიტიკური ელიტის მიზანი ქვეყნის უმნიშველოობის ხაზგასმა იყო[10]. ვერც შევარდნაზე და ვერც სააკაშვილი ვერ ინატრებდა იმას, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ „თავისით“ მიიღო (უნდოდათ თუ არა, ეს სხვა საკითხია): აბრამსის ტანკები თავისუფლების მოედანზე 7 ნოემბერს, ნატოს ჯარების agile ტრეინინგი (ნატოს ჯარების საქართველომდე მოღწევის სისწრაფის და მანევრულობის შემოწმება) და ნატოს დელეგაციების (წლევანდელი ნატოს  სამიტი და მომავალი წლის მაისში ნატოს საპარლამეტო ასამბლეია) მიბჯრით ვიზიტები.

 

სხვა ისტორიის გაკვეთილები

 

ცხადია, ამ უცნაური ტექსტის გაცნობის შემდეგ, მკითხველი იკითხავს, თუ რა გამომდინარეობს ისტორიის ასეთი განხილვიდან. ვფიქრობ, მკითხველი უკვე მიხვდა, მაგრამ მაინც დავწერ: საქართველო დღეს ისეთივე მნიშნველოვანი ხდება თანამედროვე სამყაროს ეკონომიკური და პოლიტიკური აქტორებისათვის, როგორც შუა საუკუნეებში იყო. მნიშვნელობა მას ტექნოლოგიების განვითარებამ დაუკარგა (რკინიგზა აღმოსავლეთში), და ასევე, ტექნოლოგიური განვითარება უბრუნებს/ანიჭებს მნიშვნელობას (საზღვაო გადაზიდვები). ცხადია, მნიშვნელოვანი იყო შევარდნაძის და შემდეგ, სააკაშვილის მცდელობები, მაგრამ, დასავლეთი და გლობალური ეკონომიკა მაშინ გელაპარაკება, როდესაც მას ეს სჭირდება და არა მაშინ, როდესაც ეს შენ გინდა. დღეს ის მომენტია, რომ გლობალური ეკონომიკა, და შესაბამისად, პოლიტიკა შემოდის საქართველოში. ეს კი, ის შანსია, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. რატომ? ქვემოთ ავხსნი:

საქართველოში, რაც არ უნდა არდასავლეთელი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, გლობალური პოლიტიკა გააგრძელებს ყოფნას და მთავრობებთან კომუნიკაციას, სანამ ეს გლობალურ ეკონომიკას სჭირდება და უღირს. ჩემი გათვლებით, ახალი ტექნოლოგია, რომელიც საზღვაო გადაზიდვებს წარმატებულად ჩაანაცვლებს, კიდევ 15-20 წელი არ გამოჩნდება. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველებს, გვაქვს 20 წელი, რომ ქვეყანა მოვამზადოთ იმ დროისათის, როდესაც საქართველოს გლობალური მნიშველობა კვლავ დაიკლებს/გაქრება.

ეს მომზადება კი, უნდა ვაკეთოთ იმ პოლიტიკოსების არჩევით, რომლებიც ქვეყანაში ცოდნის, განათლების, ეკონომიკის განვითარებაზე, პიროვნული თავისუფლების ხელშეწყობაზე იქნებიან ოროენტირებულები. მანამ, სანამ გლობალურ ეკონომიკას აინტერესებს საქართველო, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ანუ, რადიკალური პრო-დასავლურობა, ანდა პრო-ევროპელობა, პრო-რუსობაც კი, არაფერს ნიშნავს: დასავლეთი და გლობალური ეკონომიკა აქაა და გელაპარაკება. როდესაც საქართველოს გლობალური მნიშვნელობა დაიკლებს/გაქრება, გლობალური პოლიტიკა და ეკონომიკა კვლავ გავა საქართველოდან. ამიტომ, მნშვნელოვანია, როგორ დავხვდებით ამ გამოწვევას. ამ გამოწვევისათვის კი ახლავე უნდა მოვემზადოთ.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, არა ის (ან, არა იმდენად ის), რამდენად ამჟღავნებს/ადეკლარირებს პოლიტიკოსი დასავლეთის, ევრო-ატლანტიკური ღირებულების და ქვეყნების ერთგულებას, არამედ ის, თუ რას აპირებს ის იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა იყოს ცოდნაზე დამყარებული და მხოლოდ გზის გამო არ იყოს მნიშვნელოვანი თანამედროვე მსოფლიოსათვის, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მნიშვნელოვანი თავისუფლება თვით-განვითარებისათვის.  მნიშვნელოვანია ის, თუ რას გააკეთებს ყოველი ჩვენგანი იმ დროისათვის მოსამზადებლად, როდესაც გლობალური დასავლეთისათვის საქართველოს ტერიტორია, როგორც გზა, კვლავ აღარ იქნება საინტერესო.

 

სქოლიოები:

 

[1] http://www.oarval.org/ClimateChangeBW.htm

[2] აღქმის გასაადვილებლად, ყველა ტოპონიმი დღევანდელი სახელითაა მოყვანილი.

[3] ამ და სხვა, ქვემოთ მოყვანილ რუკებზე, გზები, რომლებიც ცენტალური კავკასიის ტერიტორიაზე გადიოდა, მიახლოებითაა დატანილი, მიმართულების და გეოგრაფიული კონტექსტის ჩვენების მიზნით.

[4] მონასტრები ცაკლე ისტორიაა: დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუა საუკუნეების ყველა მონასტერი, რომელიც დღეს მთვარი გზებიდან მოშორებულ, ლამის უდაბურ ადგილებზე, მარტოსული ეკლესიის სახით გვხვდება, ოდესღაც რომელიმე მთავარი გზის მცველ/მასპინძელი იყო, ძლიერი სამეურნეო ინფრასტრუქტურით და არანაკლებ ძლიერი სამხედრო პოტენციალით. დღევანდელი სურათი, რომელიც ეულად მდგარ ეკლესიას გავაჩვენებს, არა მარტო ფარავს წარსულს, მონასტერზე რადიკალურად ამოტრიალებულ წარმოდგენას გვიჩენს.

[5] ამ დროს ხდება ატენის, როგორც მნიშვნელობით მეორე, მცხეთის შემდეგ, ქალაქის დაარსება და ამით მცხეთისთვის წმინდა ქალაქის სტატუსის მინიჭება – იმ დროს კარგად ცნობილი ოპოზიციის – ათ(ტ)ენის და იერუსალიმის – გათამაშებით. ესეც სხვა ისტორიაა და გზების ისტორიის მხოლოდ ეპიზოდი.

[6] ამ დროს ძველი გზა, რომელიც სვანეთზე და რაჭაზე გადიოდა, ახალ პოლიტიკურ მნშვნელობას იძენს. ვისაც აინტერესებს, იხ. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიგი თევზაძე. პროექტი სვანეთი. სვანური კოშკების საიდუმლო. ისტორია და ჰიპოთეზა.  კადმოსი. 2014.  Nika Vacheishvili, Gigi Tevzadze, Svaneti Project Svanetian Towers and Svanetian High Art History and Hypothesis, 2014, KADMOS, Issue 6, Pages, 362-368.

 

[7] მარკო პოლო, ქართველების აღწერისას, პირველ და გამორჩეულ ეპითეტად „გამორჩეულ ზღვაოსნობას“ იყენებს.

[8] ამიტომაცაა, რომ საქართველოში ხინკალი ისეთ ადგილებშია ტრადიციული, სადაც პური არ მოდის (ფქვილი ატანილია) და არ არის გავრცელებული მსგავს ადგილებში (მაგ. რაჭაში და სვანეთში).

 

[9] ესეც სხვა ისტორიაა, ოღონდ, ვფიქრობ, გასაღები რუსეთის ისტორიის გასაგებად: რუსეთმა მხოლოდ მაშინ შესძლო შავი ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებზე გავლენის მოპოვება, როდესაც რეგიონის ეკონომიკისათვის ისინი უკვე არაფერს, ან ძალიან ცოტას ნიშნავდნენ.

[10] პოლიტიკური თეორია – თუკი საქართველო უმნიშვნელოდ მოაჩვენებს თავს, ის უმნიშვნელო იქნება რუსეთისთვისაც. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთის პოლიტიკური ისტორიიდან გამომდინარე, ეს პრინციპულად მცდარი პოზიციაა: რუსეთი სწორედ პოლიტიკურად უმნიშვნელო ტერიტორიების აბსორბაციას აკეთებს, პრინციპით, რაც ადვილია, მქონდეს.

Share this Post!
0 Comment