გიგი თევზაძე. წერილი ტანზანიელ მეგობარს. azrebi.ge 21.06.2011

0
0

ბოლო წერილში დარესალამის პარლამენტში ატეხილ დავაზე მიყვებოდი და მეკითხებოდი, ჩვენთანაც არის თუ არა კამათი პოლიტიკურ კონცეფციებს შორის, და რამდენად შორს მიდის ეს კამათი. შენ მომწერე, რომ ჩვენი გამოცდილების ცოდნა მნიშვნელოვანია შენთვის, რადგანაც როგორც მე გითხარი, და შენც დამეთანხმე, თქვენ ჩვენზე ოდნავ უკან დგეხართ, პოლიტიკური სისტემების განვითარებას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. კი, მე მახსოვს შენი გაკვირვება, კარგად რომ ავუღე ალღო თქვენი ქვეყნის ბიუროკრატიას: ჩემი ეს უნარი ჩვენს ყოფილ პოლიტიკურ სისტემასთან კარგ ნაცნობობას მივაწერე.

 

მაგრამ ახლა ამის შესახებ არ გწერ. რაკი ჩვენ ვიყავით მაგ საფეხურზე, თქვენც აუცილებლად მოხვალთ იმ ადგილამდე, სადაც ჩვენ დღეს ვართ. ეს წერილი კამათის იმ წერტილს ეხება,  ჩვენში რომ მიაღწიეს სულ ახლახან, პოლიტიკის და საქვეყნო საკითხების შესახებ მოფიქრალებმა და თუ ჩვენი წარსულის საუბრები ოდნავ მაინც არის ახლოს მომავალთან და აწმყოსთან, ადრე თუ გვიან, თქვენთანაც მიაღწევენ.

 

მე არ ვაპირებ მოგწერო არც განზრახ არასწორ ინტერპრეტაციებზე, არც სოციალურ ქსელებში ატეხილ ისტერიულ კამპანიებზე, არც უბრალოდ, ინტელექტუალური პოტენციალიდან გამომავალ ვერგაგებებზე – ეს თქვენთანაც ბლომადაა, და ამის საფუძველი ჩვენს ორივე ქვეყანაში ერთია – წერის  (თითქმის) საყოველთაო ცოდნა და ფეისბუქი – ანუ, საკუთარი აზრების გავრცელების შეუზღუდავი საშუალება.

 

ის წერტილი კი, ზემოთ რომ ვამბობდი, უცნაურად, თუმცა კი მოულოდნელად იქნა მიღწეული: ამას წინათ ერთი იტალიელი მეცნიერი გვსტუმრობდა. ძალიან საინტერესო მოაზროვნე. წასვლის წინ მოწყობილ ვახშამზე ბევრი ილაპარაკა იდენტობის, როგორც პიროვნებისათვის ყველაზე უფრო სახიფათო მოვლენის შესახებ. მიხვდი ალბათ, რაზეა საუბარი: თანამედროვე მემარცხენე დისკურსზე, რომლის მიხედვითაც დიდი იდენტობები ანგრევენ და ნიველირებას უკეთებენ პიროვნების უნიკალურობას, აქცევენ რა მას წინასწარგანსაზღვრულობის ჩარჩოებში. ანუ, ხვდები ალბათ – ეს ყველაფერი ნაციონალიზმის და სხვა მსგავსი იზმების წინაამღდეგაა მიმართული. ამაზე, ბევრად უკეთესად და მემარცხენე ისტერიკის გარეშე, ჯერ კიდევ წინა საუკუნის პირველი ნახევარში წერდა ერთი გერმანელი ფილოსოფოსი, მოგვიანებით ფაშისტად წოდებული. რა თქმა უნდა, ის სიტყვა „იდენტობას“ არ იყენებდა – მაშინ ასეთი ტერმინი ჯერ კიდევ არ იყო – ის წერდა არსებობის იმ ფორმების შესახებ, რომელშიც ადამიანი საზოგადოებაში ყოფნისას გარდაუვლად შედის.

 

ჰოდა ეხლა ნელ-ნელა ვუახლოვდები წერტილს: ამას წინათ კი ერთმა აქტიურმა დისკუსანტმა, რომლის მემარცხენეობა მისთვისაც კი არ არის საეჭვო,  იტალიელი მეცნიერის ეს ნათქვამი დებულება სიტყვა-სიტყვით გაიმეორა სოციალურ ქსელში. ამას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. თუმცა, რამდენიმე დღეში თუ საათში – იგივე მემარცხენე დისკუსანტმა სასტიკად გააპროტესტა უკვე მემარჯვენე დისკუსანტის ნათქვამი, რომ განმანათლებლობა იყო პირველი შეტევა დასავლურ ცივილიზაციაზე და ყველა -იზმი (ანტიგლობალიზაცია, მულტიკულტურალიზმი, მწვანეების მოძრაობა), რომელიც ანგრევს მსოფლიოს, განმანათლებლობის შედეგია.

 

მე და შენ ხომ ვიცით, რომ თუკი ამბობ, რომ [დიდი] იდენტობა დამღუპველია, მაშინ მისი საფუძველიც – განმანათლებლობაც არ უნდა მიიღო: როგორც ეს მემარცხენე ფრანკფუტელებმა გააკეთეს წინა საუკუნის პირველ ნახევარში, ფრანგ და შოტლანდიელ განმანათლებლებს სულ ფაშისტების წინაპრები რომ ეძახეს. და თუ ამბობ, რომ განმანათლებლობა იყო აცდენა ევროპული [სუპერინდივიდუალისტური] ცივილიზაციის განვითარების გზიდან, მაშინ დიდი იდენტობა, ნაციონალიზმი და გლობალიზმიც უნდა გადაიყვანო ამ შეფასებაში.

 

წერტილიო, იკითხავ. სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც, როგორც იქნა, ჩემს ქვეყანაში,  მემარცხენეობა-მემარჯვენეობით აღჭურვილი ინტელექტუალების კამათი მივიდა – ერთი და იგივე პოზიციამდე. მკვეთრ დაპირისპირებაში ეს რომ მოხდება, თითქოსდა ყველამ ვიცით, მაგრამ სანამ არ დავინახავთ, არ ვიჯერებთ, რომ უკიდურესად დაპირისპირებულების პოზიცია ზუსტად ერთნაირია – სწორედ იმის გამო, რომ ისინი უკიდურესად დაპირისპირებულ წერტილებზე დგანან.

 

ამიტომ, ამ, როგორც იქნა, დამთხვევის შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური კამათი ამ პოლიტიკურ – მემარცხენე-მემარჯვენეობის – ჩარჩოს მაინც მოიშორებს, ჩარჩოს, რომელიც მოკამათეებს აიძულებს იყოს ზედაპირული, იფიქრონ არა საკამათო საგანზე, არამედ საკუთარ პოზიციებზე, საკუთარი იდეოლოგიაზე და არა საკამათო საკითხზე, არ ჩაიხედონ საკითხის ისტორიაში და ავტომატურად მოახდინონ სადღაც გაგონილის თუ წაკითხული ფრაზის კოპირება. იმედი მაქვს, რომ ეს დამთხვევა პოლიტიკური ინტელექტუალიზმის დასასრულის დასაწყისია. თუმცა, იქნებ ვცდები.

 

ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აწი სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება მიექცევა იმას, თუ რის შესახებ ვაზროვნებთ, და არა იმას, რომელი პოზიცია გაიმარჯვებს კამათში. მემარცხენეობა და მემარჯვენეობა კარგია ამომრჩევლის მოსაზიდად. და ასევე შეუცვლელია ფსევდო-დისკუსიის სასწავლებლად: ამომრჩევლის მოსაზიდი პოლიტიკური დისკურსის ინტელექტუალურ სამყაროში გადმოტანა ახალგაზრდების ნაწილს ადვილად იზიდავს და არ-აზროვნებას ასწავლის, აზროვნების სიმულაკრის აზროვნებად გასაღებით, ხოლო ნაწილს – საერთოდ საჯარო კამათზე და საჯარო აზროვნებაზე უარის თქმისაკენ რომ უბიძგებს.

 

შეიძლება ეს აუხდენელი ოცნებაა, მაგრამ ის ხომ მაინც გამართლებაა, რომ წერტილს ასე მალე და ასე ადვილად, ცხადად მივაღწიეთ. თუმცა, ეს სულ არ ნიშნავს, რომ ამ ამბიდან გამომდინარეობაშიც ისევე გაგვიღიმებს ბედი, როგორც მის მიღწევაში. მაგრამ, ხომ იცი, როგორც თქვენი მონადირეები ამბობენ, სიცხადე მთავარია. დანარჩენი – გამართლებაა.

 

Nduguyo

Gigi

 

P.S. ამ წერილის ფორმა გამოცანაა. იმედია მიხვდები, რომელ ცნობილ ტექსტზეა ალუზია. საქმის გასაადვილებლად გეტყვი, რომ კამიუ და სხვა ექსისტენციალისტები არ შემომთავაზოJ.

 

Share this Post!

Post by ADMIN

0 Comment