გიგი თევზაძე. „ჭამა და სექსი“: „მშვიდობით აკადემია, გადავდივარ მეორე მხარეზე“. azrebi.ge 10.04.2011

0
0

(„ჭამა და სექსი“ (2011). რეჟისორი გიორგი ლიფონავა. ფილმის სცენარისტები არიან მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე და ქეთი დევდარიანი. დამდგმელი ოპერატორი გელა ჩინჩალაძე).

 

ეს ფილმი არ არის არც ნარკომანებზე (რა კარგები, ან რა ცუდები არიან, როგორ აღწევენ ან ვერ აღწევენ თავს ნარკომანობას), არც ქურდულ სამყაროზე (როგორ ითრევს, ან როგორ არ ითრევს ის გზააბნეულ „ბავშვებს“), არც ძველ ბიჭებზე (როგორ არის, ან როგორც არ არის მათში ნამდვილი ჰუმანურობა და ვაჟკაცობა), არც საზოგადოების ფსკერზე მყოფ ადამიანებზე (როგორ ინარჩუნებენ, ან ვერ ინარჩუნებენ ისინი ადამიანურ გრძნობებს) არც ომზე (როგორ აფუჭებს ის ადამიანს ან როგორ გამოჩნდება ხოლმე ნამდვილი, ჭეშმარიტი ადამიანობა ომში).

 

რაც მთავარია, ეს არ არის ისეთი კინო, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ჰქვია კომედია, რომ სცენარის მიხედვით მასში ბევრს იცინიან და მხიარულობენ.

 

და რაც კიდევ უფრო მთავარია, ეს არ არის ალეგორიული, „ღრმა“ ალუზიებით და „დაფარული“ შინაარსით დატვირთული ფაბულა, სადაც კომედიური სიუჟეტის მიღმა ან მმართველობის სიდუხჭირე უნდა დავინახოთ, ან კიდევ, პოლიტიკური სისტემის უუნარობა წინ აღუდგეს იდეით აღტაცებულ ადამიანებს.

 

მე მგონი არაფერი გამომრჩა და წინა აბზაცში ქართული კინოს (და არა მარტო) ყველა სიუჟეტური ხაზი ჩამოვთვალე. პასუხი კითხვაზე, რატომ იყო რევოლუციამდელი (ანუ 1990 წლამდე) ქართული კინო კარგი, ხოლო მას შემდეგ დიდწილად ცუდი, არა რეჟისორების ან სცენარისტების ოსტატობაში, არამედ, როგორც ჰერაკლიტე ეფესელი ამბობდა, დროების ცვალებადობაში უნდა ვეძებოთ.

 

ტოტალიტარული ქვეყნის კინო ან ალეგორიულია, ან სოციალურად სტერილური (პროპაგანდისტულიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ის უფრო პოლიტიკურ PR-ს განეკუთვნება და ამ სახელდახელო ტიპოლოგიაში ვერ მოხვდება). ანუ, ტოტალიტარული ქვეყნის კინო ან კარნავალურია, მიხეილ ბახტინის გაგებით, ან, უბრალოდ ასახავს სინამდვილის ერთ მონაკვეთს ისე, თითქოს ეს მონაკვეთი ავტონომიურად არსებობდეს სადღაც ვაკუუმში. კარნავალურობა კი საჭიროა იმისათვის, რომ ერთის მხრივ ხელოვანმა, ხოლო მეორეს მხრივ მისი შემოქმედების მაყურებელმა, „ორთქლი გამოუშვას“ მათ გარშემო არსებულ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით: შემდეგ კი, მცირე გაბედულების და ილუზორული თავისუფლების განცდიდან კვლავ დაბრუნდეს ჩვეულ გარემოში, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაჩაგრავენ, აუკრძალავენ თავისუფალ სიტყვას და თვალყურს მიადევნებენ. სოციალური პრობლემებისადმი სტერილურობა კი იგივე მაყურებელს და ხელოვანს მძიმე სინამდვილიდან გაქცევის და დამალვის საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, კინოში სოციალური სტერილურობა უნივერსალურია, ალეგორიულობა/კარნავალურობა – მხოლოდ იქ მუშაობს, სადაც გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს, ან უკიდურესად შეზღუდულია.

 

მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია, რაც ტოტალიტარულ (დავაზუსტებ: გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ) სისტემაში აღარ ვცხოვრობთ, ჩვენი კინო (და არა მარტო) დარჩა ისეთივე, როგორიც 20 წლის წინ იყო: ანუ, მისი შემოქმედი რეჟისორები და სცენარისტები ცდილობენ ან სოციალურად სტერილური კინო გადაიღონ, ანდა – ფარულად თქვან ის, რისი თქმაც ღიად შეიძლება და მთელ ძალებს ამ არასაჭირო და წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებულ ალეგორიულობის პრინციპის დაცვას ახარჯავენ. ამიტომაც, ვფიქრობ, ელდარ შენგელაია და რეზო გაბრიაძე ყოველთვის დარჩებიან ტოტალიტარული ქვეყნის კინოს მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო შემოქმედებად, არა ძალიან მაღალი ოსტატობის გამო, არამედ იმის გამო, რომ აკეთებდნენ იმას, რაც იყო შესაბამისი იმ დროის და სივრცის, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ (რაც, პრინციპში, ასევე ძალიან მაღალი დონის ოსტატობის საბუთია).

 

მას შემდეგ კი ჩვენი კინო (და არა მარტო) სოციალური საკითხების, პრობლემების, ანდა, უბრალოდ, ჩვენი გარემომცველი სოციალური სამყაროს ჩვენებისას, ვერ შეეშვა ალეგორიულობის მემკვიდრეობით მიღებულ პრინციპს. ვფიქრობ, „ჭამა და სექსი“ არის პირველი ქართული ფილმი, რომელიც სოციალურზე გვიყვება და ამავე დროს არ არის კარნავალური და ალეგორიული.

 

არისტოტელე „პოეტიკის“ მეორე წიგნში დაწერდა: „როდესაც მაყურებელი უყურებს, როგორ ხდება მისთვის ჩვეული, ყოველდღიური მოქმედებების და გრძნობების სასაცილოდ გადმოცემა, ის უუცხოვდება ამ გრძნობებს და ჩვევებს და ცდილობს ისინი უფრო ღრმა და რთულით ჩაანაცვლოს. ამიტომ, კომედია მასში გადმოცემული გრძნობებისაგან მაყურებლის გაუცხოებაზე, ახალი, ღრმა გრძნობებით ავსებაზე (Ενεστώτας) და შესაბამისად, მაყურებლის განსწავლაზე, ემოციურ გამდიდრებაზე და დაბრძენებაზეა მიმართული”(Felix Gerera. Real Movie. Che Gevara Press. Havana. 2004).

 

 

უპირველეს ყოვლისა, ეს ისეთი კინოა, როდესაც მაყურებელს ეცინება მისი ყურებისას. თანაც, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს მოცინარი მაყურებელი ეკრანზე არ ხედავს არც უკიდურესად ექსცენტრიული პერსონაჟებს, არც ტრანსვესტიტებს, არც ჰომოსექსუალებს, არც ღრმა, ალეგორიული ჩანაფიქრით დადგმულ კლოუნადას.

 

ეს ფილმი ისევე გვიყვება ჩვენი გარემომცველი სამყაროს შესახებ, როგორც, ვფიქრობ, ყველა ნამდვილი კომედია – ჩეხოვის „თოლიადან“ ვუდი ალენის „შენ შეხვდები მაღალ მუქ უცხო-მდე“: გრძნობების და მოვლენების ოდნავი ჰიპერბოლიზაციით და ამავე დროს გარემომცველი სინამდვილიდან პერსონაჟების ზუსტი, სარკისებული გადმოტანით. სწორედ ეს გადმოტანა აქცევს კომედიას დრამატულად მაყურებლისათვის. მაყურებელი საკუთარ თავს თუ არა, საკუთარ გარემოს მაინც ნამდვილად იცნობს იმ ნაღვლიან ამბებში და პათეტიკურ გრძნობებში, რომლებზეც ფილმის ყურებისას იცინის.

 

ფილმი ოთხი ნოველისაგან შედგება. ეს ნამდვილად არის ქართული საზოგადოების „ცოდვების“ ყველაზე სრული კინოაღწერა. მგონია, რომ ყველა იპოვის ამ ოთხ ნოველაში მისთვის ყველაზე უფრო მოსაწონს. ჩემთვის მეოთხე პირველია: ამ პატარა ნოველაში ძალიან ოსტატურადაა გაერთიანებული ჩვენში არსებული სოციალურ/მენტალური პრობლემის (ქალიშვილობის და ეჭვიანობის ინსტიტუტების შესახებაა) და მისი ტრაგი-კომიკური ფსიქოლოგიური ფონის აღწერა ამავე პრობლემის შუა საუკუნეების ანალოგთან. მახვილგონივრულობას არაფერს აკლებს ის, რომ ნოველის ბოლოს ერთ-ერთი პერსონაჟი ამ ანალოგიას ღიად და დეტალურად ჰყვება. ვფქირობ, ამით ავტორებმა ინტელექტუალიზმის მოყვარულ მაყურებელსაც გადმოხედეს დამცინავი თვალით.

 

ბუნებრივია, ფილმს აქვს ნაკლიც. ვფიქრობ, შესავალი იმდენად გაუგებრადაა ჯერ დაწერილი და შემდეგ ნათქვამი, რომ ვერ ხვდები ვერც ადრესატს და ვერც ამ შესავალი სიტყვის მიზეზს, გარდა იმისა, რომ ვუდი ალენის ზოგიერთი ფილმის დასაწყისს გაგონებს. არის სხვა, უმნიშვნელო ჩავარდნებიც, მაგრამ ეს ფილმის საუცხოობას ვერაფერს აკლებს.

 

ეხლა დავუბრუნდეთ სათაურს: მსგავსი ფრაზა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მცხოვრებ ერთ ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსს ეკუთვნის, რომელიც „აკადემიას“, ანუ, ბერძნულ ფილოსოფიას დაემშვიდობა და ახალი მსოფლმხეველობისაკენ – ქრისტიანობისაკენ გადაინაცვლა. დღესაც კამათია იმის შესახებ, რა კარგი და ცუდი მოუტანა ამ გადანაცვლებამ კაცობრიობას. რაც შეეხება ამ ტექსტის თემას, ჩემთვის ცხადია, რომ ის გადასვლა და დამშვიდობება, რომლის შანსიც ქართულ კინოს „ჭამა და სექსით“ ეძლევა, მხოლოდ დადებით შედეგებს თუ მოუტანს და გამოიყვანს კარნავალურობის იმ შუასაუკუნოვანი ჩაკეტილობიდან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდა.

 

Share this Post!

Post by ADMIN

0 Comment