გიორგი მელაძე. რა ვქნათ, ანუ „კაცი ვარ და ქუდი მხურავს“ – რუმინულად

0
0

რუმინეთის შესახებ ყველამ რაღაც ვიცით. ვიცით, რომ ანთიმოზ ივერიელი რუმინეთში მოღვაწეობდა და ბუქარესტში, დღემდე, ერთ-ერთი გამორჩეული ეკლესია მის სახელს ატარებს. ვიცით, რომ ჩაუშესკუს ქვეყანა იყო და დიქტატორის წინააღმდეგ გამოსვლები მშვიდობიანად არ დამთავრებულა – ჩაუშესკუ შობის დღეს დახვრიტეს.

თუმცა, მსჯელობა ამ ზოგად მიმოხილვას არ სცდება და არც გამკვირვებია, როცა უახლესი პოლიტიკური ამბები საქართველოს მედიამ ისე გაატარა, თითქოს აქაც არაფერიო. არადა, ნახევარი მილონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, მთავრობის წევრები შეიცვალნენ და… მოკლედ, ამ ყველაფერზე, ძალიან მოკლედ დაწერას შევეცდები და შეიძლება, ბევრი რამ გაკვეთილადაც კი გამოგვადგეს.

პოლიტიკური სიტუაცია რუმინეთში

რუმინეთის პოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან ჭრელია. პოლიტიკოსები ხშირად იცვლიან პარტიებს. პარტიების რეპუტაცია შერყეულია და პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც ძალიან სუსტია. ძალიან მაღალია კორუფცია და იქაური სისტემა ვერც პროფესიონალების სიმრავლით დაიკვეხნის. თუმცა, 2015 წელს მომხდარი უბედური შემთხვევა მორღვეული სისტემის ლაკმუსის ქაღალდად იქცა. ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა უამრავი ადამიანი. საავადმყოფოში გადაყვანილებს არასწორი მკურნალობა ჩაუტარდათ, რის გამოც, ბევრის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ შემთხვევას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ორასამდე მძიმედ დაშავდა. გამოძიებისას აღმოჩნდა, რომ კლუბის მეპატრონემ არ დაიცვა უსაფრთხოების სტანდარტები, საავადმყოფოებმა კი – ელემენტარული ჰიგიენის წესები. ინციდენტის ფონზე, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა თანამდებობიდან გადადგა და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო  – კორუფციის ბრალდებით. შეიქმნა დროებითი, ტექნიკური მთავრობა – 2016 წლის არჩევნებამდე, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურად ნეიტრალური – დაჩიან ჩოლოსი. ეს არ არის გადადგომის ერთეული შემთხვევა. ბოლო 25 წლის მანძილზე, რუმინეთმა 18 მთავრობა გამოიცვალა, თუმცა ეს ის ქვეყანაა, სადაც მთავრობები იცვლება, მაგრამ პრობლემები რჩება.

სამოქალაქო  აქტივიზმის  გამოცდილება

რუმინეთი ვერ დაიკვეხნის სამოქალაქო პროტესტის გამოცდილებით. ჩაუშესკუს შემდეგ პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე 20 ათასზე მეტი არ ყოფილა. მოქალაქეთა მცირე ჯგუფები ცდილობდნენ, მობილიზებულიყვნენ სხვადასხვა პრობლემების გარშემო და უმრავლეს შემთხვევაში, ეს მცდელობები უშედეგოდ მთავრდებოდა. თუმცა, ერთი პატარა სოფლის საქმემ ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია და სამოქალაქო მობილიზაციის საინტერესო პრეცედენტი შექმნა.

ოქროს მომპოვებელმა კანადურმა კომპანიამ სახელმწიფოსგან ლიცენზია მიიღო ტრანსილვანიის მთებში ოქროს მოპოვებაზე და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ოქროს მოპოვების პროცესი გარემოსთვის ზიანის მომტანია და ცვლის ლანდშაფტს, პროცესში გამოიყენება ციანიდი, რაც წამლავს მიმდებარე ტერიტორიასა და წყლებს. ამიტომ, კომპანიამ რამდენიმე სოფლის მოსახლეობას, მაღაროსგან მოშორებით, ახალი საცხოვრებელი სახლები შესთავაზა და ბევრიც დათანხმდა, როშია მონტანა კი არა, რადგანაც ასამდე ოჯახმა უარი თქვა სოფლის მიტოვებაზე. დაიწყო ბრძოლა მრავალმილიარდიან კომპანიასა და მოსახლეობას შორის. ამ ბრძოლაში ჩაერთო მთავრობაც და სხვადასხვა გზით ცდილობდა ხალხის იძულებას, რათა სოფელი მიეტოვებინათ. ნელ-ნელა პრობლემამ აქტივისტების ყურადღებაც მიიქცია და მთავრობა იძულებული გახდა, უკან დაეხია. ლიცენზია გაუქმდა და 2013 წელს სოფელიცა და მისი შემოგარენიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესატანად იქნა წარდგენილი, რაც, საბოლოოდ, შეუძლებელს გახდიდა ამ ადგილზე ლანდშაფტის შეცვლას. სამოქალაქო აქტივიზმის ასეთი წარმატებული გამოცდილება იშვიათია, თუმცა, ამ შემთხვევამ ბევრს აფიქრებინა, რომ შესაძლებელი იყო წარმატების მიღწევა, თუ კამპანიის მონაწილეები შეძლებდნენ მუხტის შენარჩუნებას. ამ კამპანიის გაგრძელება იყო 2015 წლის საპროტესტო გამოსვლებიც, როცა მთავრობა გადადგა და მართვა, მორიგ არჩევნებამდე, „ტექნიკურ მთავრობას“ გადააბარა.

როშია მონტანას კამპანია 17 წელი გრძელდებოდა. აქ მახსენდება საყდრისი, სადაც საქართველოს საზოგადოებამ რამდენიმე თვეში დაკარგა მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა და სადაც ვერ შევძელით ვერც ერთიანობის ჩვენება და მთავრობაც მშრალი გამოვიდა, პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე.

პროტესტის ქრონიკა

„ტექნიკურ მთავრობაზე“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი უნდა ითქვას. პირველი ის, რომ ამ გუნდში მოხვდა ბევრი ახალგაზრდა – ენერგიული, პროფესიონალი, პოლიტიკური წარსულის არმქონე და მოტივირებული, ეკეთებინა საქმე, მაღალი სტანდარტების დაცვით. მეორეც, ტექნიკურმა მთავრობამ ზუსტად იცოდა, რომ ვადა არჩევნებამდე ჰქონდა და ამ ერთი წლის განმავლობაში მათ ვერავინ შეეხებოდა. მესამე, მათ შორის იყვნენ იდეალისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ განსხვავებულად ემართათ. ბევრი კორუფციული საქმის გამოძიება დაიწყო, სცადეს სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება და საზოგადოებამ დაინახა, რომ შეიძლება არსებობდეს მთავრობა, რომელიც მართავს საჯარო ინტერესების სასიკეთოდ.

11 დეკემბერს არჩევნები გაიმართა და ახალი მთავრობაც დაკომპლექტდა. ამ მომენტიდან, იწყება პროტესტის ქრონიკა.

28 იანვარს ახლადარჩეულმა მთავრობამ საგანგებო სხდომა ჩაატარა და იმსჯელა საგანგებო აქტის შესახებ, რითაც საჯარო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თუ გამოწვეული ზიანი 40 000 ევროს არ სცდებოდა, გაათავისუფლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. იმავე ღამეს, რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა, პროტესტის ნიშნად. აშკარა იყო, გამარჯვებული სოციალ-დემოკრატიული პარტია საკუთარი კორუმპირებული წევრების ციხიდან გამოშვებას ცდილობდა.

პროტესტი გაგრძელდა მომდევნო საღამოს, შემდეგ საღამოს და … მოქალაქეები ერთგულად იკრიბებოდნენ სამსახურის შემდეგ ქუჩებში. მოჰქონდათ ყავა, ჩაი, ნამცხვრები, სიგარეტი. მოტანილს ერთმანეთს უნაწილებდნენ და წყნარად საუბრობდნენ ერთმანეთში. ერთ საღამოს, მოხდა არეულობა, როცა ფეხბურთის ფანებმა პოლიციასთან შეტაკება გადაწყვიტეს. პოლიციამ გამოიყენა გაზი, რის შედეგადაც საპროტესტო შეკრება დაიშალა. მაგრამ მეორე დღეს, კვლავ, მოედანზე ათასობით ადამიანი მივიდა და პროტესტი მშვიდად გაგრძელდა. ასე გავიდა 6 საღამო. გამარჯვების მოედანზე არავის დაუდგამს სცენა, არავის მიუტანია ხმის გამაძლიერებლები და არავინ გამოდიოდა სიტყვით. პროტესტს არავინ მართავდა. მოსულები ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან, მოჰქონდათ დროშები და საპროტესტო ბანერები. ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც დაგეგმილ აქციაზე, თუმცა აქციას ორგანიზატორი არ ყოლია.

აქციის პარალელურად, ტელევიზიები გადმოსცემდნენ სხვადასხვა ექსპერტებისა და პოლიტიკოსების პოზიციებს, აკეთებდნენ ჩართვებს სხვადასხვა ქალაქიდან … ძნელია, ითქვას, რა გავლენა ჰქონდა ტელევიზიებს ამ პროცესზე. მონაწილეების აზრია, რომ ტელევიზიების მიმართ არსებული სკეპტიკური დამოკიდებულების ფონზე, გადაჭარბებული წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს მათ გავლენაზე. პროტესტისთვის მნიშვნელოვანი იყო სოციალურ ქსელებში არსებული ჯგუფები, რომლებიც, უკვე წლებია, არსებობდა და სხვადასხვა ინტერესის მქონე ხალხს აერთიანებდა.

4 თებერვალს, საღამოს, მთელ რუმინეთში, უკვე ნახევარი მილიონი ადამიანი აპროტესტებდა მთავრობის გადაწყვეტილებას. ბუქარესტის ქუჩებში სამასი ათასამდე მოქალაქე იდგა და მშვიდად მოითხოვდა მთავრობის პასუხისმგებლობას. იუსტიციის მინისტრი გადადგა, მაგრამ პროტესტის მონაწილეებს ეს შედეგი არ აკმაყოფილებდათ. მთავრობამ მალევე თქვა უარი ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე. სამოქალაქო საზოგადოებამ გაიმარჯვა.

რატომ გამოვიდა ამდენი ხალხი და რა ვისწავლოთ რუმინელებისგან

2010-11 წლებში, ხშირად დავდიოდი რუმინეთში და ბევრ ფრუსტრირებულ ადამიანსაც ვხვდებოდი. წუწუნებდნენ, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სუსტიაო, ბევრს ვცდილობთ და შედეგი არ ჩანსო. თუმცა, ეტყობოდა, მცდელობას არ აკლებდნენ და შედეგი დადგა. სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კორუმპირებულობა აღმოჩენა არ იყო რუმინელებისთვის და არაერთ და უარეს სკანდალშიც გახვეულა ეს პარტია. მაშ, რა იქცა საყოველთაო პროტესტის მიზეზად?

წარმატების გამოცდილება მნიშვნელოვანია

დაჩიან ჩოლოსის ტექნიკური მთავრობა სულ ერთი წელი იყო ხელისუფლებაში. მის გარშემო  პოლიტიკური გამოცდილების არმქონე გუნდი შეიკრიბა. თუმცა, ეს ადამიანები საკუთარი საქმის კარგი მცოდნენი იყვნენ და მთავრობაშიც იმ პირობით მივიდნენ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მათზე პოლიტიკური ზეწოლა არ განხორციელდებოდა. ეს ერთი წელი განსხვავებული იყო რუმინეთისთვის. შეიცვალა მართვის სტილი და ხარისხი. რუმინეთს აქებდნენ სასამართლო რეფორმის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. რუმინელებმა დაინახეს, რომ შესაძლებელია მართვა კანონის უზენაესობის წესით, კანონის დაცვით.

არ არსებობს ჯადოსნური რეცეპტი, ნაბიჯ-ნაბიჯ მიზნისკენ

გვეჩქარება, მაგრამ არ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენი მოლოდინები უნდა იყოს რეალისტური და თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გამოსავალი მოძრაობაშია და პროტესტიც პატარა წვეთებით შეკრებილი ზღვაა.

სამოქალაქო  პროტესტი ეკუთვნის საზოგადოებას და არა „ლიდერებს“

ხშირად ვერ ნახავთ ასეთ მასობრივ გამოსვლებს, როცა არ დგას სცენა და არავინ გამოდის სიტყვით. სამოქალაქო პროტესტს ლიდერები აღარ უყვარს. პროტესტი ყველასი და თითოეული მონაწილისაა და როგორც კი ვინმე მის სათავეში შეეცდება მოქცევას, ქვიშასავით გაუძვრება თითებს შორის და ცარიელი მუჭი შერჩება. რუმინეთის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების მუდმივი ინფორმირება, შემდეგ კი, მდინარე თავის კალაპოტს თვითონ მოძებნის.

ჩვენ პროტესტის საზოგადოება ვართ და ამ გაკვეთილს მალევე ავითვისებთ. ერთია საინტერესო, რა დრო დაგვჭირდება ერთმანეთისთვის ხელის ჩამოსართმევად. მერე, ავტორიტარიზმი აღარ არის საშიში.

Share this Post!
0 Comment