ზაზა ბიბილაშვილი. პოეტურისა და პროზაულის შესახებ. azrebi.ge 28.03.2011

0
0

 

3 იანვარს გარდაიცვალა ვანო ყვავილაშვილი.  ადამიანი, რომლის ცხოვრება სავსე იყო საკუთარი თუ საკუთრად განცდილი თავგადასავლებით, ეპოქალური მოვლენების ეპიცენტრში ყოფნით მიღებული ვნებებით, მთებში ნასუნთქი თავისუფლებითა და უჩინარი ადამიანური ტრაგედიებით, ჯიუტი ამბიციებითა და მტკივნეული შეგუებებით, გარშემო პიროვნებათა სიმრავლით და გულში მუდმივი სიმარტოვით, ასწლოვან ბოთლებში ჩამოსხმული ტანინიანი ღვინითა და ულევი ისტორიებით გაჯერებული არტისტული ლხინებით – ისეთით, ყველაზე დიდ ცინიკოსსაც რომ მოაქცევს…

ყოველ 17 მარტს, 50 წლის მანძილზე, ვანო ყვავილაშვილი მთაწმინდაზე ადიოდა და ჟურნალისტებისა თუ პერფორმანსების გარეშე თავისი ხელით გადაწერილი რვეულიდან კითხულობდა გალაკტიონის ჯადოსნურ სიტყვებს ქართული ბოჰემის მეფის საფლავთან. ტრადიცია, რომელსაც მხოლოდ პირვანდელ უმანკოებას ვერშელეული ადამიანის პოეტურობა თუ აიტანს.  ყველა ისტორიაზე მეტად, ამ ადამიანზე სწორედ ეს ტრადიცია მეტყველებს…

* * *

მეჯავრება ყველაფერი პროზაული ამ ქვეყნად!  პროზაული პროზაც კი…

„პროზაიკოსი“… განა ისევე უღიმღამოდ და მოსაწყენად არ ჟღერს, როგორც, მაგალითად, „ბუღალტერი“ ან „მოლარე“?  როგორც ბუღალტერი ან მოლარე ითვლის სხვის ფულსა და ციფრებს, პროზაიკოსიც ასევე აღწერს სხვის ცხოვრებას და ემოციებს.  ორივე გაუცხოებულია ობიექტისგან, როგორც ამას „სამუშაოს აღწერა“ მოითხოვს.  ყველაზე შორს ადამიანისა და ადამიანურისგან სწორედ ისინი არიან: ემოციებს გამიჯნული, ერთ რომელიმე იდეასთან თუ სენტიმენტთან ასოცირებას შეშინებული სტერილური პროზაიკოსები, რომლებიც ხან ახლოდან, ხანაც – შორიდან გვაკვირდებიან, ჩვენივე მოყოლილ ამბებს გვიყვებიან, ჩვენს მიერ ნაცხოვრ ცხოვრებას აგვიწერენ, ჩვენს მიერვე განცდილ ტრაგედიებს პატარა პიესებად თუ ფელეტონებად აქცევენ და როგორც თავის მოგონილს ან თუნდაც ღირსშესანიშნავს, ისე გვაწვდიან, გლამურითა თუ ტაკიმასხრობით ნიღბავენ უიდეობას…  ნუ გაგიკვირდებათ, თუ მათ ტექსტებში საკუთარ თავს ამოიცნობთ.  აუცილებლად ამოიცნობთ! – თქვენ ხომ მათთვის ადამიანები კი არა, მხოლოდ სეირი, მხოლოდ „მასალა“ ხართ!..

* * *

…არ მახსოვს, როდის ან ვინ თქვა, მაგრამ სადღაც, ოდესღაც, ვიღაც  აუცილებლად იტყოდა, რომ ადამიანის ორი ტიპი არსებობს: ფილოსოფოსი და ყველა სხვა.  არ ვეთანხმები: ფილოსოფოსი იმდენად ცოტაა – სულ რამდენიმე კაცობრიობის ისტორიაში – რომ ცალკე სახეობად არ გამოდგება…  სინამდვილეში, არსებობს ორი ტიპის ადამიანი: პოეტური და პროზაული.  თუ ვაზვიადებ და ადამიანი მრავალგვარია?  შეიძლება…  მაგრამ მოდით, ამ თემის ხათრით მაინც, ამჯერად, ამ ორზე შევჩერდეთ…

ცხადია, პოეტურ ადამიანში „პროფესიით პოეტი“ არ იგულისმება (პროზაული პოეტებითაა სავსე პარნასი!) და არც პროზაულ ადამიანში იგულისხმება მაინცდამაინც მწერალი ან ბუღალტერი (პოეტური პროზაიკოსებიც ხომ არიან? ცოტა, მაგრამ მაინც!)…  ამიტომ, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ყველა სიტყვა და ტერმინი, საბოლოო ჯამში, პირობითია,  მხოლოდ ემოციურ კოდს გადასცემს მკითხველს.

მაშ, ვინ არიან ეს ადამიანები და რა განასხვავებთ მათ?

* * *

პოეტური ადამიანი ყველა ადამიანურ ტრაგედიას და ყველა ეგზისტენციურ დილემას საკუთარ თავზე განიცდის. იგი საკუთარი გულის ხარჯვის ფასად ებრძვის – და მართავს – ბუნების კანონებს.

პოეტური ადამიანი ყველა ექსპერიმეტს საკუთარ თავზე ატარებს, რაც უნდა სასტიკი იყოს ეს ექსპერიმენტი.  მხოლოდ ასე – პირველწყაროდან – იღებს იგი ემოციებს.

პოეტური ადამიანი მუდმივად შეყვარებულია, მას ნებისმიერი სიყვარული აფრთიანებს, ავსებს, აგიჟებს, აძლიერებს, ღრღნის და ბოლოს კლავს…

პოეტურ ადამიანს სიყვარული ტკივა, რადგან წინასწარ იცის, რომ ნამდვილი სიყვარული არასოდეს შეიძლება განხორციელდეს. განხორციელებული სიყვარული პროზაულია.

პოეტური ადამიანი სულით ხორცამდე გარყვნილია. მისი სიყვარულიც ავადმყოფური და ბინძურია.  არის ამ გარყვნილებაში ყველაზე დიდი სიწმინდე.

პოეტური ადამიანი მგრძნობიარე და ბუტიაა.  ის თავს არ იტყუებს მატერიალური თუ სოციალური სარგებლის მიღების მიზნით.  არც სხვებს ატყუებს.

პოეტური ადამიანი ყოველთვის „ერთია“.  მას არ აინტერესებს სოციალური თამაშები.  ის მუდმივად ეძებს, მაგრამ ვერასდროს პოულობს.  იცის, რომ ვერც ვერასდროს იპოვის (რადგან ის, რასაც ის ეძებს, არ არსებობს), მაგრამ ვერ ჩერდება: რადგან გაჩერება – და რუტინა – მისი სიკვდილია.

პოეტური ადამიანი პირველი ცნობს – და იზიზღებს – ყალბ პათეტიკას და იმათ, ვინც შეგნებულად ამღვრევს ზღვარს მასსა და ბანალურ მედროვეს შორის.

პოეტური ადამიანი – ასაკის მიუხედავად – მუდამ პატარაა.  იგი სიბერეშიც ბავშვურია და ოცნების-უნარ-შეურყვნელი.

პოეტურ ადამიანს აკვირვებს პროზაულობა: ის ვერ ხვდება, რა საჭიროა ხელოვნურად მისადაგებული ამბებით ლაკონური იდეების ილუსტრაცია…  ჟანრის გამართლება? …მისთვის ‘თხრობა’ რეჩიტატივია, რომელიც მუსიკას აშორებს.

* * *

პროზაული ადამიანი დამკვირვებელია.  იგი აკვირდება, აღწერს და პოეტური ადამიანების განცდებით საზრდოობს. ის ექსპერიმენტებს საერთოდ არ ატარებს – არც საკუთარ თავზე და არც სხვებზე.  ის მხოლოდ აკვირდება.

პროზაული ადამიანი კორექტულია. იმდენად კორექტული, რომ მისი ცხოვრება ცოცხლად რომ გადასცე ეთერში, მასში არაფერი შეიცვლება.  პროზაული ადამიანის მოსაქმებაც კი კორექტულია!  ცხადია, კორექტულია მისი სიყვარულიც.  პროზაულ ადამიანს პროზაულად უყვარს: იგი კარგად დალაგებულ რუტინაში პოულობს ბედნიერებას.

პროზაულ ადამიანს არ ესმის ტკივილი, მით უფრო, ტკივილის აუცილებლობა…

პროზაული ადამიანი ყველაფერს იზამს – თავსაც მოიტყუებს, ყველაფერზე თვალს დახუჭავს, ოღონდ არ გაიბუტოს.  გაბუტვა წამგებიანია!

პროზაული ადამიანი კონფორმისტია. ის ყველას ერთდროულად ერჩის და ამასთანავე, ყველას ერთდროულად ეტმასნება.  მას უყვარს მედლები და ჯილდოები.  ის იმსახურებს მათ!

პროზაული ადამიანი თევზსაშენი წყალსაცავივით ხელოვნურია და მდორე.  მისი ნაყოფი ისეთივე ნაღდია, როგორც ტბაში გამოზრდილი კალმახი.  ის არ ღელავს, ტალღებს არ წარმოქმნის, ამიტომ ის კომფორტულია.

პროზაული ადამიანი ბავშვობიდანვე ბებერია.

პროზაულ ადამიანს სძულს პოეტიკა, როგორც მის სამყაროსთან შეუთავსებელი და მისი სამყაროსთვის საფრთხის შემცველი კლასობრივი მტერი: პოეტური არსებობა ხომ ლაკონურად თქმულ აზრსა და შეუფუთავ ემოციას გულისხმობს. სადაც ესაა, იქ პროზაულობისთვის ადგილი არ რჩება.  ამიტომ, პროზაული ადამიანი შეგნებულად აიგივებს პოეტიკას და პათეტიკას: რომ საკუთარი ტერიტორია დაიცვას…

* * *

ზოგისთვის სიყვარული პროზაულობის გარეშე გაუგებარია. ზოგისთვის – თავად პროზაულობაა გაუგებარი.  ნეტავ, როგორი ცხოვრება ჯობია – პოეტური თუ პროზაული?  საბედნიეროდ, ეს არჩევანი არაა, ბედისწერაა.  თანაც – ბოდიში ამ მაღალფარდოვნებიდან ამოვარდნილი შედარებისთვის, მაგრამ ერთი კახური ანეკდოტის არ იყოს – განა თვითონ სიტყვა არ გვკარნახობს ამას?!

17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა.  სანამ ვანო ყვავილაშვილი ცოცხალი იყო, ამ დღეს თითქოს ჩვენს მაგივრადაც ადიოდა მთაწმინდაზე.  ახლა, მის მიერ დანერგულ ტრადიციას ჩვენ ვაგრძელებთ… ეს დღე სიმბოლოა.  მოწოდება.  შეხსენებაც…  არიან ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს მიხვდებიან, რა არის 17 მარტი და ყველაფერს იზამენ, რომ ვანოსნაირ ადამიანებში ჩოხოსნის პათეტიკა დაგვანახონ.  ნუ დავძრახავთ მათ:

ეს ხომ მათი არჩევანი არაა…

Share this Post!

Post by ADMIN

0 Comment