ზაზა ბიბილაშვილი. ფარისევლობითა ფარისევლობისა დამთრგუნველნი. azrebi.ge 29.06.2011

0
0

„რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც ისე დავიწყოთ. ვინც ლუარსაბის სახეში თავის-თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის-თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს და „გიჟიას“ დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა.“ ბოდიში უხერხული ალუზიისთვის, მაგრამ დიდი ქართველი იურისტის, ბანკირისა და საზოგადო მოღვაწის ეს სიტყვები შემთხვევით არ გამხსენებია – როცა ინტელიგენტებზე ვწერდი, ვიცოდი, რომ მათი რისხვისა და ქილიკის ობიექტი გავხდებოდი.  თუნდ ამის ფასად, მიხარია, რომ ჩემმა წერილმა „მორალს ამოფარებული უზნეობა ანუ რა უნდათ ქართველ ინტელიგენტებს“ ინტელიგენციის უსამართლოდ მივიწყებული თემა გაგვახსენა.

 

ბუნებრივია, გაბრაზდნენ ისინი, ვინც ჩემს წერილში აღწერილ ინტელიგენტის სახეში საკუთარი თავი ამოიკითხა.  სადავო არ უნდა იყოს თუ ვიტყვით, რომ გვაღიზიანებს ის, რასაც სიმართლედ აღვიქვამთ, თორემ სათბურში გამოყვანილი თეორიები მტკივნეულად იშვიათად გვეხება (მაგალითად, ტერმინზე „ვარდისფერი ინტელიგენცია“ გაღიზიანებული არავინ მინახავს).

 

ზ. ანდრონიკაშვილის ბლოგში „May the violence be with you“, ჩემი წერილის დასახელებაც კი შეცდომითაა მოყვანილი.  როცა მექანიკაში ასეთი სიზერელეა, შინაარსის წვდომას ნაკლებად უნდა ველოდოთ…  ამდენად, გასაკვირი არაა, რომ პატივცემული მებლოგე ისეთ აზრებს ებრძვის, რომელიც მისი კრიტიკის ობიექტებს არ გამოუხატავთ.

 

დებატების გამორჩეულად არაკეთილსინდისიერი წესია, ეპაექრო არა მოკამათის მიერ გამოთქმულ, არამედ შენს მიერვე შექმნილ და გაშარჟებულ არგუმენტს, რომელიც ადვილი დასამარცხებელია.  მოპაექრის ასეთი ტაქტიკა მისი არსებითი პოზიციის სისუსტეზე მიანიშნებს.  სწორედ ასეთი „ჩანაცვლებისა და დაბრალების“ მეთოდს – რომლის გამოყენებასაც პატ. მებლოგე რატომღაც ბ-ნ გია ნოდიას საყვედურობს – მიმართავს თავად ბლოგის ავტორი.

 

„რა დროს დემოკრატიაა, ახლა ხომ რუსეთის საფრთხე გვემუქრება“… ან „აბა გრეჩიხა გინდათ?!“…  ფროიდი და სახარება იქით იყოს და, როგორც ჩვენთან, ბუშის ქუჩაზე იტყოდნენ – შენ თქვი ეს!“  …მებლოგის მიერ გაკრიტიკებულ წერილებში მსგავსი აზრები ან ქვეტექსტები არ მოიძებნება, რაშიც ნებისმიერი მიუკერძოებელი და გონიერი მკითხველი დაგვეთანხმება. აქ აღსანიშნავი მხოლოდ ისაა, რომ გრეჩიხასთან ასოცირება მისი ყოფილი ელექტორატისთვისაც კი უკვე ცუდ ტონად ითვლება…  ფაქტია: ვიზრდებით.

 

იმის მტკიცება, რომ ვინცნაციონალურ მოძრაობასაკრიტიკებს, ავტომატურად ხვდება ბურჯანაძის (ან გრეჩიხას) ბანაკშიმოკლედ იმ ჯგუფში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მოღალატეებად მოიხსენია, უბრალოდ ტყულია  – “ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური მითოსის ნაწილია, წერს ბ-ნი ზაალი.  არადა, ტყუილი თავად ისაა, თითქოს ასეთ რამეს ვინმე სერიოზულად ამტკიცებს.  ან საერთოდ, რა კავშირი აქვს 26 მაისს ექსტრემისტების დაშლისას პოლიციის ქმედებაზე მსჯელობას „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკასთან?  ამიტომ, ამ თემით ჟონგლიორობა იმათ განაგრძონ, ვინც ამ პრიმიტივიზმს ავრცელებს ან იჯერებს.

 

გაცილებით უფრო ადვილია მათი დისკრედიტაცია, ვინც ამა თუ იმ საკითხში სამართლიანად გაკრიტიკებს. რატომ გაკრიტიკებს? იმიტომ რომ ინფანტილურია, ან მოღალატეა, ან ეზიზღები ან ყველაფერი ერთად.აჯამებს ბ-ნი ზაალი.  ჩემი წერილის დასკვნა სწორედ ის იყო, რომ „სამართლიანი“ არა (მემარცხენის ხელში ჩავარდნილ „სამართლიანობას“ გვაშოროს ღმერთმა), მაგრამ საგნობრივი ოპონირება საზოგადოებისთვის აუცილებელი და სასარგებლოა და რომ  საეჭვო მოტივაციის ინტელიგენტური კეკლუცი ასეთი ოპონირების მთავარი ხელშემშლელია.

 

იქნებ ამ მარტივად ჩამოყალიბებული დასკვნის არგაგებას ბ-ნი ანდრონიკაშვილის ცუდად შენიღბული ბრაზი ხსნის? არის ცდუნება, მებლოგის გაღიზიანება მისი ფლანგისთვის დამახასიათებელი მეცნიერული ტიპის ვარაუდებით ავხსნათ (ისეთით, როგორითაც ეს ფლანგი ბ-ნი გია ნოდიას სტატიას გაუსწორდა) – „ადამიანური სითბო აკლია“, „მისი შეყვარებული სხვასთან დადიოდა“, etc. – და ამით მოვრჩეთ კამათს.  მაგრამ ეგებ მაინც შევეცადოთ გავიგოთ, კონკრეტულად კიდევ რამ გააბრაზა მებლოგე?

 

ვფიქრობ, ყველაზე მეტად ავტორს ეს ფრაზა მოხვდა ყურში: „თუ ვინმე რუსეთს სათანადოდ არ იცნობს, ან მისგან მომავალ საფრთხეს ვერ აცნობიერებს, კეთილი – ასეთი ადამიანების განათლებაზე და კრიტიკული აზროვნების უნარზე ზრუნვა საზოგადოების დანარჩენი წევრების მოვალეობა არაა – მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ფაქტებისა და მტკიცებულებების ასეთი ცოდნით, ისინი ყოველთვის წააგებენ.“

 

გამოგიტყდებით, ბ-ნი ზაალი სწორედ ის ადამიანია, ვინც პირველი წარმომიდგა თვალწინ, როცა ნოდარ ლადარიას სტატიაში „ლოტოტრონიდან ამოღებული აზრები“ ეს პასაჟი ამოვიკითხე: „…ზოგიც ინტერნეტში, სოციალური ქსელების ორღობეებში დაძვრება და რუსული ტანკის ხსენებას ეძებს, რომ იქვე მიუწეროს აღტყინებული კომენტარი: „კი მაგრამ, პუშკინი???!!!“

 

ცხადია, აქ საქმე „პუშკინში“ ან ტანკებში არაა.  საუბარია კოდების ენაზე და კლიშეების ომზე.  აი, მაგალითად, ვისთვისაც ექსტრემისტების შეკრებაზე დარიგებული ხელჯოხები „დროშის ტარები“ იყო, მასთან შეგვიძლია ნაადრევად დავასრულოთ საუბარი. ამ კლიშეთი ხომ უკვე ყველაფერი ნათქვამია.  ასევეა, პირობითად, „პუშკინისა“ და ტანკების შემთხვევაშიც.  დამატებითი მაგალითების მოყვანა – ან, თუნდაც, ამავე მაგალითში ჩაღრმავება – შორს წაგვიყვანდა, ამიტომ, განვაგრძოთ…

 

ამას წინათ ერთი უცხოელი მეგობარი გვიმტკიცებდა, არასწორია, ვედავოთ იმას, თუ სინამდვილეში რას გულისხმობს ადამიანი, როცა აზრს გამოთქვამს, უნდა ვეკამათოთ მხოლოდ კონკრეტულ იდეას და არა მის უკან დანახულ მოტივაციასო.  მაშინ დავეთანხმე.  ახლა ვფიქრობ, რომ ვცდებოდი.  რატომ უნდა დავხუჭოთ თვალი მოკამათის მამოძრავებელ მიზნებზე და ვეპაექროთ მის ფასადურ რიტორიკას, რომელიც რეალური შინაარსის მატარებელი არაა?

 

…ბანალობა იყო ნახსენები და ბარემ რამდენიმე ბანალობაზე შევთანმხდეთ: სალონური სენტიმენტალიზმი არ ნიშნავს კეთილშობილებას.  კარგი რეჟისორობა არ ნიშნავს კარგ მოქალაქეობას.  ნაკითხობა არ ნიშნავს გონიერებას.  ფორმალური განათლება არ ნიშნავს კრიტიკული აზროვნების უნარს…  თუ ამაზე შევთანხმდებით, საკამათო, პრინციპში, აღარაფერი დარჩება. დავინახავთ – და მივიღებთ – რომ ყველანაირი ადამიანები არსებობენ: მარად ინფანტილურებიც და ნაადრევად მოხუცებულებიც, ბანალური „სიწმინდეების“ ჭკვიანური გამომეტყველებით მქადაგებლებიცა და ამაზე ოდნავ უფრო პასუხისმგებლიანებიც, პროფესიონალი თანამგრძნობელებიცა და „ჰუმანურობის“ ძალადობის მუქარით დამნერგავებიც, უანგარო მეამბოხეებიც და ფარისევლობასთან ფარისევლობით მებრძოლებიც, საოცრად გონიერებიცა და უბრალოდ სულელებიც…  თავისუფლების ხიბლი იმაშია, შეგვეძლოს ავირჩიოთ – რას ვუყურებთ, რას ვკითხულობთ, ვის ვუსმენთ, ვის აღვიქვამთ სერიოზულად, რაზე გვეცინება, რას ვაქცევთ ყურადღებას და რას ვაიგნორებთ (მაგალითად, ამ დისკუსიის ნებისმიერ გაგრძელებას)…

 

…ძნელია, დავიცვათ „ღირსება“, როცა ღირსების დამცველის ნიშა კოლექტიურ ჯანსუღ ჩარკვიანს აქვს დაკავებული.  უხერხულია, ვიცავდეთ ადამიანის უფლებებს და ბარიკადებზე „ჰამასის“ გვერდით ვიდგეთ (უკაცრავად, „ჰამასი“ იდგეს ჩვენს გვერდით).  მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ გლობალურად, ამ ეტაპზე, საერთო მიზნები შეიძლება გვამოძრავებდეს, სურათი შეიცვლება.  როგორც გიგა ზედანია აღნიშნავს სტატიაში „ახალი ელიტის კონტურები“, „ვითომ-ტრადიციული მასის აღზევება ერთნაირ დისკომფორტს უქმნის როგორც მოდერნისტებს, ისე პოსტმოდერნისტებს. იწყება მათი დაახლოების პროცესი. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს შუბლით ასკდებოდნენ პოლიტიკურ კამათში, ფრონტის ერთ ხაზზე აღმოჩნდნენ. რადგან საფრთხე ექმნებოდა იმ სივრცეს, რომლის შიგნითაც ასეთი კამათი და დავა საერთოდ შესაძლებელია.“  ცხადია, ასეთი დაყოფა ძალიან პირობითია, მაგრამ მთლიანობაში, აზრს ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ამ ჯგუფებს გაცილებით მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან ვიდრე ერთ-ერთ მათგანს აქვს კვაზი-ტრადიციონალისტებთან.  და თუმცა ზოგიერთი  ინტელიგენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საწინააღმდეგოში დაგვარწმუნოს, მე მაინც ოპტიმისტად ვრჩები…

Share this Post!

Post by ADMIN

0 Comment