ზურა თალაკვაძე. ბევრი მსგავსება არაფერში

1
0

საქართველო კონტრასტების და მსგავსებების ქვეყანაა.

ბელგიაში არის ძეგლი Manneken Pis. ნუ, ხომ გახსოვთ, ბიჭუნა რომ შადრევანში შარდავს? ჩვენთან, ახმეტელის თეატრის ჩასასვლელთან დედას ბავშვი გადაყენებული ჰყავდა და იქ შადრევანი საჭირო სულაც არ იყო.

სარფიდან ცისარტყელა შვიდი ფერისგან შედგება და სარფამდე, ქართულ ცისარტყელაში მხოლოდ ნაცრისფერია. ქართული განწყობის ფერი.

კოსმოსიდან თბილისი არ ჩანს. ისევე, როგორც თბილისიდან – კოსმოსი. ეკოლოგიური მდგომარეობა ჩვენთან უფრო მძიმეა, ვიდრე – კურტ რასელის ორივე გაქცევაში, ნიუ იორკიდან და ლოს ანჯელესიდან.

თუ ქალაქში არ დასრულდება ავტოინტეგრაცია, მაშინ 2019-ში სამყაროს დასასრული კი არ დადგება, უბრალოდ, თბილისში გაგრძელდება.

თბილისში რომ დღეს თემურ ლენგი შემოსულიყო, იქით გადაგვიხდიდა ხარკს, რომ აქ მეტჯერ არ შემოსულიყო. დამპყრობლებიც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

თბილისის ასაკმა თბილისსს დავი უთხრა და ასე, ავიდნენ შაშამდე. თბილისი დაბერდა და ნაოჭებიდან ფერფლს და ნახმარ შპრიცებს იღებს.

თბილისი არის ერთადერთი ქალაქი, სადაც ბავშვები აღარ ითხოვენ ავტობუსში ფანჯარასთან დაჯდომას. ფანჯრებიდან ბოსხის ნახატები ჩანს.

რიოს კარნავალის ჩატარების მიზეზი მალე თბილისიდან დიდი დაშორება იქნება. სანამ რიოც შავ-თეთრი არ გახდება. იქ ჯერ ქართული გამონაბოლქვი ვერ მიდის. უკვე გზაშია.

ჩიტები გადაფრენისთვის ახალ მარშრუტს იღებენ და თუ არ გაუმართლათ და მაინც თბილისს უნდა გადაუფრინონ, ქვემოთ არ იყურებიან, რეიბანებით დაფრინავენ.

თბილისში, ახაგაზრდობა დიაზეპამით უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე – ჯანმრთელი სექსით საპირისპირო სქესთან. ახალგარზდები ვირტუალური სექსით უფრო იღლებიან.

თბილისში სილამაზის კონკურსს მალე პლასტმასის გადაჭრილი ბოთლი მოიგებს.

თბილისში სპორტსმენებს მხოლოდ სერიული ნომრებით ცნობენ. ან – მათი პოლიტიკური აქტივობით. ზვიადაური – ვიღაცას ყბაში მოსდო. ასანიძე – პოლიტიკოსი. და ეს ბიჭები, შეთავსებით ეროვნული გმირებიც არიან. და ჩვენთან ეს არ ახსოვთ. ჩვენთან ღვარძლი პატივისცემაზე უფრო ფერადია.

ნიქ ქეივი დაწერს სიმღერას Death is not the End, Part 2, როდესაც ქართულ ტაქსში ჩაჯდება.

ქართველ ტაქსისტთან ვაჭრობის შემდეგ, ტერმინატორი სარა კონორის მოკვლის ნაცვლად თვითმკვლელობაზე დაპროგრამირდება.

და რა შუაშია აქ სპორტი?

ქართული საკალათბურთო სუპერლიგის ერთი კლუბის წლიური ბიუჯეტი ნანდო დე კოლოს სამი კვირის ხელფასია.

ჩაქვის ძალოსნობის დარბაზში ძალიან მალე საილენთ ჰილის ახალ სერიას გადაიღებენ.

და ისტორია თავიდან იწერება.

კახი კალაძე, ზაზა ფაჩულია, ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის, ისტორიის შემქმნელები არიან და ჩვენ მათი წარმატების საიდუმლო კი არა, „ლევი“ შემოსავალი გვაინტერესებს. რატომ?

მხოლოდ ჩვენთან, როდესაც გვესმის, რომ რომელიმე ცნობილი ქალბატონი ფეხმძიმედაა, მშვიდი მშობიარობის სურვილის ნაცვლად, ვკითხულობთ – რა ეჩქარებოდა? ან, მერამდენე … ასე ვთქვათ, სასქესო ორგანოზე  გადახტა?

ერთად შევქმნათ ფერადი ქალაქი, ფერადი ქვეყანა, სადაც ჩვენი სიხარული არ იქნება ყალბი და სადაც არავინ არავის სუხარულს არ დაუთვლის.

ბევრ ფერს და შურის გარეშე მომავლის შექმნას გისურვებთ, ქართველებო.

 

Share this Post!
0 Comment