ზურა თალაკვაძე. ტრადიცია და თენგო

1
0

„კერიაში“ ყველაზე გემრიელი ლობიანია. ზომიერად შეზავებული, მდიდარი გემო. დიდი ზომის, ლორში ნახარში ლობიოთი, თხელი ცომი. პილპილის გარეშე, თუმცა ზოგ ადგილებში ლობიანს რეჰანსაც უშვებიან. უხდება.

„ლოკალინოში“ ყველაზე გემრიელი პიცაა. განსაკუთრებით არომატული და სექსუალური გემო აქვს ოთხი სახეობის ყველისგან შექმნილ შედევრს. პომიდვრის სოუსი, მოცარელა, ორეგანო და პარმეზანი ამ გემრიელ ჯაზ-ბენდში არ იკარგებიან. მათ თანაბრად გრძნობ.

„სესილიას“ ხინკალი პელეა. თხელი ცომი, ალბათ, ოდნავ განსხვავებული მოხარშვის პრინციპი და შემადგენლობა. მთის ხინკლისგან განსხვავებით, ქონდარი ჩანაცვლებულია ძირით. კან-ფეტ!

კუბდარი ონიაშვილზე უნდა დააგემოვნოთ. ოდნავ თხელი, საფუარიანი ცომი, კარგად დაკეპილი ფარში და ეს საოცრება იქვე, ადგილზე გასინჯეთ. უგემრიელესია.

ქართველებს მაგრად გვიყვარს ჭამა და ქართველები ჭამის ტრადიციებს კბილებით ვიცავთ. ჩვენთვის მიუღებელია სუფრა თამადის გარეშე. ჩვენთვის მიუღებელია სუფრა ტაშ-ფანდურის გარეშე. ჩვენთვის მიუღებელია სუფრა ტრადიციული სადღეგრძელოების გარეშე. ჩვენთვის ტრადიციული სუფრა განსხვავებულებით უნდა დამძიმდეს. ეს კარგია. ახალი, არაქართული ტრადიციები ქართულ სუფრაზე ვერ გაჭაჭანდება.

და დღევანდელი ქართული სუფრა მამაკაცების აუცილებელი შეჯიბრია. ვინ დალევს ყანწით და ვინ – „ბალენსიაგას“ ფეხსაცმლით.

დღევანდელ ქართულ სუფრაზე ქალბატონები რჩებიან იმის გამო, რომ დააკვირდნენ სხვა ქალბატონებს. ვის რა აცვია, ვინ ვის „კერავს“, ვის რა სამკაულები უკეთია, ვისი პირი (რითი) არის უფრო დაკავებული.

ნამდილი ქართული სუფრა ქეიფის აკადემიაა.

ნამდვილი ქართული სუფრა ოდითგანვე იღებს სათავეს. ოღონდ, ადრე, ბევრი, ბევრი წლის წინ, საქეიფოდ ნაკლებად ეცალათ. მაშინ ვაჟკაცები მტრის მოგერიებით უფრო უყვნენ დაკავებულნი და სუფრას თავისი ფასი ჰქონდა.

სუფრა დღესაც მაგრად იყრება. ტაში-ტუში და ამბები რომ ჩაივლის, იმ სუფრაზე უფრო მეტი ხელუხლებელი საჭმელი რჩება, ვიდრე – დაგემოვნებული. ესეც ქართული ტრადიციაა. ყოველთვის იმაზე მეტს ვეჭიდებით, ვიდრე – შნო გვაქვს.

აგერ, ბატონო, დაღვრემილი ღორის მწვადი. აქვე მოიწყინა ქათმის მწვადმა. თავისი მაშარაფით. მიმტანმა შემოასეირნა ხილის ასორტი და ისიც აუთვისებელია. მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა-ს საუკეთესო სლოგანი აქ ვერ ქაჩავს.

ზარმაც ქართველ ახალგაზრდას, ოვალურ თენგოს ან მომღიმარ რეზის ეკითხებიან – ჯიგარსონ, რა გირჩევნია, ერთხელ სექსი მაგარ გოგოსთან თუ ორჯერ სექსი – ისე რა „ნაშასთან“. თენგო (ან – რეზი) პასუხობენ – მაგარ გოგოსთან ასწორებს, მაგრამ ორი ერთზე მეტიაო.

ჭამაშიც თენგოები ვართ რა.

ან, ეს რა წესი დამკვიდრდა, არაყზე ყავის დაყოლება. ასე თუ გააგრძელებთ, სუფრაზე ჩათვლემილს მოგაკითხავთ საკუთარი გული და შეგეკითხებათ, არაუშავს, რომ დაკაკუნების გარეშე გეახელი?

ქართული ნადიმი სულ სხვაა და ქართული სუფრა ჩვენი ტრადიციების, ერის, კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ასევე ტრადიცია გახდა ქართულ რესტორნებში რუსული „ბლატნიაკების“ მოსმენა. ალბათ, ესეც ტრადიციად ჩამოყალიბდა. ოსტრიზე ერთი კაი შუფუტინსკი რომ არ დააყოლო, ისე რა არის ქართული სუფრა, არა?

ჩემი მეგობრები ცდილობენ, რომ სუფრა ძველქართული იყოს, თავისი მგალობლებით და სიმღერა-გალობებით შემკული. ეს ლამაზია. ეს ქართულია.

მოკლედ, რაც კარგია, მართლა კარგია. ქართველებს მაგრად გვიყვარს ჭამა და ქართველები ჭამის ტრადიციებს კბილებით ვიცავთ.

და თუ მალე არ დაგვიკაკუნებენ, მთლად უკეთესი იქნება.

ზომიერება ნადიმის დედაა.

Share this Post!
0 Comment