იმედიანობიდან უიმედოობისკენ

0
0
იმედი იმდენადაა გამჯდარი ჩვენს არსებობაში და კულტურაში და იმდენად დადებითად აღიქმება, რომ ფაქტობრივად პირდაპირ ღვთის მადლად მიიჩნევა. ასოცირდება ბედნიერებასთან, სიხარულთან, სიყვარულთან, სიცოცხლესთან და ყველაფერ კარგთან. იმედიანი ადამიანი სოციალურადაც საკმაოდ სასურველი და მისაღებია, ხოლო უიმედოობა თავისთავშივე გულისხმობს გარკვეულ არასასურველ დიაგნოზს. იმედიანი ადამიანი გადარჩება, გაიმარჯვებს, ბედნიერებას მოიპოვებს და ამიტომაც წამდაუწუმ გვესმის გამოთქმა – იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!!!
ჩვენი საზოგადოება ხომ იმედით ცხოვრობს და იმედით ცოცხლობს. ყოველ დღე იღვიძებს იმის იმედით, რომ რაღაცა უკეთესი მოხდება, იძინებს იმის იმედით რომ უკეთესი დილა გათენდება. აქვს მომავალი თაობის იმედი, ახალი ხელისუფლების და არჩევნების, ღმერთის, ჯანმრთელობის და უბრალოდ მომავლის იმედი. ყოველწლიურად სოფლად მცხოვრები ქვეყნის ნახევარი მოსახლეობა იმედით ელის უხვ მოსავალს და მერე რა, რომ ყოველ წელს ხან სეტყვა მოვა, ხანაც გაზაფხულის დაგვიანებული ყინვა, ხანაც ფაროსანა და ასე შემდეგ. ეკლესიის მრევლს იმედი აქვს, რომ სიკვდილის მერე ცხონდება და უფალი ცოდვილთ საკადრის პასუხს გასცემს. მუშას იმედი აქვს, რომ დაუცველი ხარაჩოებიდან არ გადმოვარდება, ქლაბერს იმედი აქვს, რომ კლუბში მომაკვდინებელი ნარკოტიკი არ შეხვდება, მშობელს იმედი აქვს, რომ შვილი სკოლაში და უნივერსიტეტში კარგ განათლებას მიიღებს და ასე დაუსრულებლად. მერე სადღეგრძელოშიც გავიგებთ, რომ მოკლედ ეს ქვეყანა აქამდე იმედის ძალით მოვიდა, ან რწმენის, რაც პრინციპში ძალიან შორსაც არ დგას იმედისაგან.
გამონაკლისი არც მე ვარ – მთელი ცხოვრება იმედში გავატარე და ამით ხშირად მომიწონებია კიდეც თავი. გულში სიხარული მიგრძვნია ჩემი იმედიანი ხასიათის გამო, მაგრამ აგერ ერთ მშვენიერ დღესაც საკუთარ სიწმინდესაც შევეხე, მაგრამ განა იმიტომ რომ მოვსპო, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ გავარკვიო რასთან მაქვს საქმე და რა ადგილი აქვს მას.
გამიგია, ჩვენი და წინამორბედი საუკუნის ევროპელი ადამიანის არსებობაში იმედი უკანასკნელი მეტაფიზიკური წვეთიაო, რადგანაც თითქოს სხვა ყველაფერი განადგურდა და ღმერთიც მოკვდა. ეს ნამდვილად არ ითქმის ჩვენს საზოგადოებაზე – აქ არც არაფერი განადგურებულა და ყველაფერი ძალიანაც ცოცხალია. დიდ გაჭირვებასა და სირთულეებში ვცხოვრობთ, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან იმედიანები ვართ. ბავშვებივით ვართ – ვერთობით აწმყოთი და ვფლობთ მომავლის უდიდეს იმედს, რაც გვაძლიერებს, გვახალისებს და საბოლოოდ მაინც ამ ჩაკეტილ წრეში გვტოვებს.
ერთხელაც ჩემ თავს დავუსვი შეკითხვა – რა არის იმედი? და მერე ვუპასუხე – იმედი ის სასურველი მომავალია რომლის დადგომაც სათუოა, ასე რომ ან დადგება და ან არა. ანუ ესაა მომავალი, რომელიც არ ვიცით იქნება თუ არა და ჩვენც, შესაბამისად, უბრალოდ ვიმედოვნებთ. ანუ იმედი, ეს არ-ცოდნაა!!!
უცნაურია… განა კი არსებობს საზოგადოება, სადაც უცოდინრობა მოსაწონი და მისაღებია? პრინციპში, თუკი ამას იმედის სახელში გაახვევ, მაშინ კი და სხვანაირად არა. სიტყვა „ვიმედოვნებ“, „იმედი მაქვს“, „იმედია“ და მსგავსნი მხოლოდ და მხოლოდ ლამაზად და ოსტატურად ნიღბავს ჩვენს უცოდინრობას და თანაც იმდენად ოსტატურად, რომ იგი უკვე რაღაც პოეტურად და რომანტიულად აღიქმება. სიანმდვილეში კი იგი უცოდინრობას და უმწიფრობას წარმოადგენს და ყველაზე იმედიანი ადამიანი, სწორედაც რომ ყველაზე უმწიფარია, რადგანაც მან არც არაფერი იცის და ისღა დარჩენია მხოლოდ იმედოვნოს. ამ მხრივ იმედი ჰგავს შემთხვევითობას და შანსს, რადგანაც სამივე მათგანი რეალურად მიზეზ-შედეგობრიობის ვერ-დანახვის და არ-ცოდნის შედეგია.
ცოდნა იმედის პირველი მტერია. აი წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი დიდ გასაჭირში, სადაც მხოლოდ იმედითღა ვსუნთქავთ. წარმოიდგინეთ სიკვდილმისჯილი, რომელიც ბოლო წამამდე იმედოვნებს, რომ გადარჩება. როდის კარგავს იგი ამ იმედს? მაშინ, როცა შეიცნობს, რომ შედეგი გარდაუვალია და ეს შეიძლება სულ უკანასკნელ წამს მოხდეს. იმ წამს იმედის ადგილს უკვე ცოდნა იკავებს… მართალია სამწუხარო, მაგრამ ის მაინც ცოდნაა. იგივე ხდება სასიხარულო ვითარებებშიც – ადამიანს იმედები მაშინ უქრება, როცა უკვე მის ადგილს იკავებს ძალიან კონკრეტული ცოდნა და მას მერე უკვე იგი კი აღარ იმედოვნებს, არამედ უკვე იცის.
რატომაა ჩვენი საზოგადოება ასეთი იმედიანი? იმიტომ რომ იგი უცოდინარია და უმწიფარი. რატომაა ასეთ გაჭირვებაში? იმიტომ, რომ უცოდინარი და უმწიფარია და შესაბამისად იმედიანი.
ახლა ისიც ვთქვათ, რომ იმედი ადამიანური ბუნებისა და გონების განუყოფელი ფენომენია. ამას ვერ უარვყოფთ და ამას ვერ მივჩქმალავთ. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის გონებას არ შეუძლია ყველაფერი იცოდეს. რადგანაც ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, ესეიგი არ-ცოდნა ჩვენი განუყოფელი ნაწილია და სადაც არ-ცოდნაა, იქ უკვე იმედია. ჩვენს გონებას არ შეუძლია ყველაფრის გათვლა და დანახვა, ამიტომ იმედის ადგილი ყოველთვისაა ჩვენს ცხოვრებაში. უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ თუკი დავუშვებთ აბსოლუტური გონისა და ყოვლისმცოდნეს არსებობას, მაშინ სწორედ ის იქნება ყველაზე უიმედო, რადგანაც მას საიმედო აღარაფერი ექნებოდა – მას უკვე ყველაფერი ეცოდინებოდა. ასე გამოდის – ყველაზე უიმედო ყველაზე მცოდნეა, ყველაზე იმედიანი კი ყველაზე უცოდინარი. ანუ მეტაფიზიკურ სამყაროში სრული უიმედობა სუფევს, ხოლო ფიზიკურ სამყაროში კი დიდი იმედიანობა.
რადგანაც ჩვენი ადამიანობის გამო იმედიანობა მოსჯილი გვაქვს, ისღა დაგვრჩენია გადავწყვიტოთ, რა როლი და რამხელა როლი შეიძლება მივცეთ მას ჩვენს ცხოვრებაში. ვფიქრობ, მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქეთ, რომ იმედი ამოვაგდოთ ჩვენი საძირკვლიდან და მის ადგილას ცოდნა ჩავდოთ, შემდეგ კი ვეცადოთ ამ იმედისვე მაქსიმალურად შევიწროებას და მისი ყოველი ხსენებისას ვამხილოთ საკუთარი თავი უცოდინრობაში. ბოლოს კი, ეს მოთოკილი იმედი ჩვენსავე ცოდნას წარვუმძღვაროთ წინ ახალი ცოდნის აღმოსაჩენად. იმედი ნამდვილად უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ, მაგრამ მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ. ბოლოსდაბოლოს იგი ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანი უმეტესად ხვალინდელი დღის ცოდნით იძინებს და იღვიძებს, იცის რომ მიიღებს უხვ მოსავალს, ეცოდინება ხელისუფლების; მუშასაც ეცოდინება რომ არ დაშავდება და ქლაბერსაც, რომ არ მოკვდება; მშობელსაც, რომ მისი შვილი კარგ განათლებას მიიღებს და ჯანმრთელობაც ექნება. ასე ის პარაზიტებიც შემცირდებიან, რომლებიც უცოდინარ ადამიანებს განა ცოდნას, არამედ იმედის ტკბილ საწამლავს აძლევენ და შემდეგ ამ იმედითვე მანიპულირებენ. უნდა დასრულდეს უმწიფრობისა და გულუბრყვილობის დრო, უნდა შევიდეთ ზრდასრულობაში.
იმედი მოგვიშალოს ღმერთმა!!! – ეს მხოლოდ სურვილის ფორმულა გამოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ისე გავაფართოვოთ ცოდნა და შევავიწროვოთ იმედი, რომ გავხდეთ აბსოლუტური გონისა და ყოვლისმცოდნეს მსგავსად უიმედონი, ანუ მასსავით ყოვლის მცოდნენი. უამრავი დიდი ფილოსოფოსი თუ სულიერი მასწავლებელი ხომ სწორედ ამ მსგავსებისაკენ მოგვიწოდებდა!!!
პ.ს. და რა ცოდნაზეა საუბარი? როგორ მოიპოვება, გადაიცემა და გამოიყენება ეს ცოდნა?

Share this Post!
0 Comment

Leave a Comment

Your email address will not be published.