კახა ფაჩუაშვილი. გსურს მშვიდობა, მოემზადე ომისთვის!

1
0

დონალდ ტრამპმა რომ ბრჭყალები გამოაჩინა და ასადის რეჟიმს პირველი სილა გააწნა, რუსეთმა შეაჩერა აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი, რაც სირიაში უსაფრთხო ფრენას გულისხმობდა. თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, მომავალში შეიძლება სირიის ტერიტორიაზე რუსეთ-აშშ-ის საჰაერო დაპირისპირება მივიღოთ, რაც გლობალურ კონტექსტში, არავინ იცის, რითი დასრულდება.

ამერიკელები ამბობენ, რომ დასაბომბი ობიექტების ნუსხაში არ ფიგურირებდა ის ტერიტორიები, სადაც რუსული ავიაცია არის განთავსებული. რუსი სამხედრო ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ თუ ამერიკელთა სარაკეტო დამომბვები მომავალშიც გაგრძელდება, რუსეთი იძულებული იქნება, ასადის მიერ კონტროლირებად ავიაბაზებზე მობილური, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსოს.

ამჟამად ასეთი სისტემა ისეა განლაგებული, რომ მხოლოდ რუსულ ავიაციას იცავს შესაძლო დარტყმებისგან.

ამერიკელებმა სირიის პროვინცია ჰომსის ტერიტორიაზე განთავსებულ ავიაბაზა „შაირათისკენ“ დაბალ სიმაღლეზე მფრენი, შორი რადიუსის 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. შეტევა ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული 2 ამერიკული სამხედრო გემიდან განხორციელდა.

სირიაში მოქმედი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა დაკარგეს 6 გამანადგურებელი მიგ-23, ანგარი, სადაც თვითმფრინავების რემონტი მიმდინარეობდა. დაბომბვას ემსხვერპლა 10 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე. 5 თვითმფრინავი კი გადარჩა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს იყო პასუხი ასადის რეჟიმის მიერ იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ის მოქმედებას დროული უწოდეს და მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა, ისრაელმა, იაპონიამ და ავსტრალიამ. ტრამპის გადაწყვეტილება კი ტრადიციულად დაგმეს რუსეთმა და ირანმა.

რუსეთმა სირიის საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს უსაფრთხოების საგანგემო სხდომის გამართვა მოითხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამ სხდომამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. კრემლი მიიჩნევს, რომ სირიაში ასადის რეჟიმის მარცხი ქვეყანაში ისეთივე ქაოსს გამოიწვევს, როგორიც მსოფლიო თანამეგობრობამ ლიბიასა ან ავღანეთში მიიღო. ამიტომ რუსეთი მიიჩნევს, რომ ასადის უპირობო მოკვეთა ხელისუფლებიდან მცდარი ნაბიჯია და შესაბამისად, კრემლი ყველა ღონეს იხმარს, რათა დაიცვას ასადის რეჟიმი.

ეს არის კრემლის ოფიციალური მოსაზრება. სინამდვილეში კი პუტინის ხელისუფლება ბოლომდე ჩაებღაუჭება თავის ერთადერთ დასაყრდენს ახლო აღმოსავლეთში, რადგან მისი დათმობა რუსეთის მიერ იმპერიულ ამბიციაზე უარის თქმას ნიშნავს. თუ კრემლი ვერ იქნება ახლო აღმოსავლეთში სერიოზული მოთამაშე, მის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცესა და კონკრეტულად კავკასიაზე კონტროლის დაკარგვა დროის საკითხია.

სწორედ ამიტომ შეაჩერა რუსეთმა  აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი, რაც სირიაში უსაფრთხო ფრენას გულისხმობს. ამით კრემლი ხაზგასმით ამბობს, რომ სირიის შესანარჩუნებლად არ მოერიდება კოალიციურ ძალებთან შესაძლო კონფრონტაციას, რაც შეიძლება მსოფლიოს გლობალური უსაფრთხოებისთვის სერიოზული პრობლემა გახდეს.

რა პასუხს გასცემს მსოფლიო თანამეგობრობა კრემლის ამ აგრესიანარევ განცხადებებზე, ამას მომავალი გვიჩვენებს. საქართველოსთვის კი კარგი იქნებოდა საკუთარი საზღვრების გაძლიერება და შიდაპოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზება.

გსურს მშვიდობა, მოემზადე ომისთვის!

 

Share this Post!
0 Comment