კახა ფაჩუაშვილი. ექვსიანი

0
0

 

8 წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შემიყვანეს. მშობლებს კი სურდათ, პროფესორი გავმხდარიყავი, მაგრამ არჩევანი აღარ დავუტოვე. ბურთით ვიძინებდი და ვიღვიძებდი, დომინოები გუნდებად დავყავი და მსოფლიო ჩემპიონატს ვატარებდი. საკლასო რვეულშიც კი საფეხბურთო მინდორი დავხაზე, ფეხბურთელებიც მივახატე და მასწავლებელი რომ გაკვეთილს ხსნიდა, მე საფეხბურთო რეპორტაჟი მიმყავდა პირადი სამყაროსთვის.

ბოლოს მშობლებმა მიიჩნიეს, რომ მეტისმეტი ბულინგი იქნებოდა მათი მხრიდან, თუ ფეხბურთს არ მაზიარებდნენ. ასე აღმოვჩნდი „ავაზაში“. კრუიფივით „გაჩხიკინებული“ ვიყავი (სამწუხაროდ, მასსავით ეფექტური ვერ გამოვდექი). ფორმები რომ დაგვირიგეს, 6-ნომრიანი მაისური შემხვდა. ჩემზე ამაყი დედამიწის ზურგზე აღარავინ მეგულებოდა. ჩვენი მაისურები მადრიდის „ატლეტიკოსას“ ჰგავდა, ოღონდ, წითელი და თეთრი ზოლები უფრო წვრილი და ხშირი ჰქონდა.

„ავაზას“ საფეხბურთო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოში. არაერთი დინამოელის აღმზრდელი. ის დიღმის მასივში, თბილისის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზის მეზობლად მდებარეობდა. კარგი ის იყო, რომ „დინამოს“ ვარჯიშის ცქერა შეიძლებოდა.

თავიდან ეს უფრო მხიბლავდა, ვიდრე საკუთარ გუნდთან ვარჯიში. ბევრი არაფერი გამომდიოდა. დავრბოდი ყველგან, სადაც ბურთი დაგორავდა. მალე ვიღლებოდი, ორთაბრძოლებს ვაგებდი და ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლი იყო. მგონი ზუსტად ვერც აღვიქვი, კონკრეტულად რას მოითხოვდნენ ჩემგან. არ ვიცი, შეიძლება ინდივიდუალური მწვრთნელი მჭირდებოდა, რომ ზუსტად აეხსნა, რა უნდა მეკეთებინა მინდორზე, მაგრამ ცალკე მწვრთნელს ვინ მაღირსებდა, როცა ასეულობით ჩემისთანა დარბოდა „ავაზას“ საფეხბურთო მინდორზე.

ბოლოსდაბოლოს გაწბილებულმა მწვრთნელმა, დოდიკა ხუნდაძემ გასახდელისკენ მიმითითა. დავღონდი, გული მეტკინა. თანაგუნდელებისაც მომერიდა. ალბათ, ფიქრობდნენ, – თამაში თუ არ იცოდა, ფეხბურთზე რას მოდიოდაო? იქვე, მოედნის კიდესთან, ჩამოვჯექი და ბუცებზე თასმების შეხსნას შევუდექი, რომ პირხმელი, ხშირთმიანი ახალგაზრდა კაცი გამომეცხადა.

– რატომ არ თამაშობ? – მკითხა ხმადაბლა. ერთი ავხედე სევდიანი თვალებით და თავი ჩავქინდრე.

– მოდი, ცოტა ვითამაშოთ, – მითხრა და მხარზე ხელი მომხვია. სათადარიგო მოედნისკენ დავიძარით.

– იცი, რა არის შენი პრობლემა? შეცდომის დაშვების გეშინია, – მითხრა და ბურთი გამომიგორა.

– შეცდომას ყველა უშვებს, – განაგრძო აუღელვებლად, – ფრანც ბეკენბაუერი, ალბათ,  გსმენია. რამდენიმე ავტოგოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ მსოფლიო ვარსკვლავი იყო. შენ 6 ნომერი ხარ. შენი ამოცანა მარცხენა ფრთიდან შეტევაა. მცველს ჩამოიცილებ და კარის გასწვრივ ჩააწვდი, ან თუ სივრცე გექნება, თავად შეუტევ.

მერე ერთი ილეთიც მასწავლა, ტანით ცრუმოძრაობას იწყებ მარჯვნივ, მარცხნივ კი ბურთს გაიგდებ. მცველი იოლად ტყუვდება და წინ დიდი სივრცე იშლება. რაც გინდა, ჰქენი.

– გახსოვდეს, შეცდომის ნუ გეშინია, – თქვა და ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა.

მეორე დღეს, ორმხრივი თამაშისას გოლი გავიტანე. 35-ე საფეხბურთო სკოლის წინააღმდეგ მატჩში კი 2 საგოლე პასი მივითვალე. გული მომეცა, გავთამამდი, მწვრთნელიც სულ უფრო მეტ სათამაშო დროს მითმობდა. ის წელი უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში.

1981 წლის ზამთარში ექიმებმა ახლომხედველობის დიაგნოზი დამისვეს. ფიზიკური დატვირთვა ამიკრძალეს და სათვალე გამომიწერეს. ეს განაჩენი იყო. სათვალიანი ფეხბურთელი არ არსებობდა. ასე დამთავრდა ჩემი საფეხბურთო კარიერა. დავრჩი ეზოს და ჩემი დომინოს ფეხბურთის ამარა. ვეღარც „დინამოს“ ვარჯიშს ვუცქერდი. ირგვლივ სრულმა სიცარიელემ დაისადგურა.

სამაგიეროდ, თბილისის „დინამო“ თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა და 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ იენას „კარლ ცეისს“ შეხვდა. „კარლ ცეისი“ ხმამაღლა არ ჟღერს, მაგრამ იმ დროს ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი იყო. „დინამოსთან“ შეხვედრამდე იენელებმა ერთიმეორის მიყოლებით გაუშვეს არდადეგებზე: „რომა“, „ვალენსია“ და „ბენფიკა“. ეს კი, თავისთავად, ბევრ რამეზე მეტყველებს.

მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ახალგაზრდა პირხმელმა კაცმა დათო ყიფიანისგან ზუსტი პასი მიიღო, ორი მცველი ჩამოიცილა და ცაციათი, მეკარე გრაპენტინისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ჩასვა ბურთი – 2:1. ამ გოლმა თბილისის „დინამოს“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოაგებინა.

პირხმელი, ხშირთმიანი ახალგაზრდა კაცი კი, ფეხბურთის თამაში რომ მასწავლა, ვიტალი დარასელია იყო. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ექვსიანი.

 

 

Share this Post!
0 Comment

Leave a Comment

Your email address will not be published.