კახა ფაჩუაშვილი. თავისუფალი არჩევანი – გზა პრევენციისკენ

2
2

 

ნუგზარი ჩემი მეგობარი იყო. ლოგიკური მსჯელობის ნამდვილი გურუ. ისე ამბობდა სათქმელს, ვერ შეეკამათებოდი, მართალი იყო. მის სიტყვას უსმენდნენ და რჩევას ეკითხებოდნენ. 1990-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტები მასთან მეგობრობას ეძებდნენ. არჩევანის წინაშეც დააყენეს: ნუგზარი ან კანონიერი ქურდი უნდა გამხდარიყო, ან ჯარში წასულიყო. მან ჯარში წასვლა არჩია. როცა ვკითხე, რატომ მოიქცა ასე, ერთი ამბავი მიამბო.

ბავშვობაში ჭიათურაში ერთი მაგარი ბიჭი ცხოვრობდა. ჯაბა იმდენად შეუპოვარი იყო, რომ არასოდეს ნებდებოდა, დაცემამდე იბრძოლებდა, მაგრამ არ გაჩერდებოდა, თუ თვითონ არ შეჩერდებოდი. ჯაბას ერთი მეზობელი გოგონა მოსწონდა. გვერდიდან არ შორდებოდა. ერთხელ გოგონამ კიბეს ფეხი წამოკრა, ცუდად დაეცა და ტვინის შერყევა მიიღო. ისეთი წლები იყო, ოჯახს ვერავინ ეხმარებოდა. ავადმყოფის მდგომარეობა კი დღითი-დღე უარესდებოდა. მას ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდებოდა, რისი შეძენის საშუალებაც მშობლებს არ ჰქონდათ.

ერთ საღამოს ჯაბამ საავადმყოფოში საჭირო მედიკამენტები მიიტანა. ყველა გაოცებული დარჩა 15 წლის ბიჭის საქციელით. არავის უკითხავს, როგორ მოახერხა ყმაწვილმა მედიკამენტების შოვნა. გარშემომყოფები მას მადლიერების თვალით შესცქეროდნენ. მეორე დღეს კი, მთელ ქალაქს მოედო ჯაბას დაპატიმრების ამბავი. ბიჭს აფთიაქის ქურდობაში ედებოდა ბრალი.

მოსამართლემ გაითვალისწინა ქურდობის მოტივი და ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყმაწვილი არასრულწლოვანთა შრომა-გასწორების კოლონიაში მოათავსეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯაბა კრიმინალებს დაუახლოვდა. მალე ავტორიტეტის სახელი მოიპოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი რუსეთში წავიდა და ქურდი გახდა.

ციხე ისეთი ადგილია, სადაც არ ფიქრობ საზოგადოებაზე, აღარაფერზე არ ფიქრობ. თვითგადარჩენის ინსტინქტი გერთვება და ცდილობ, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეიქმნა. უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტი კი კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებაა. სხვა გზა არ გრჩება, კრიმინალებთან მეგობრობ და უსაფრთხოების სანაცვლოდ მათი დაჯგუფების წევრი ხდები.

ჯაბას არ უნდოდა ქურდობა. გარემოებებმა შეუწყო ხელი, ასე ვთქვათ, სახელმწიფომ. არც მე მსურდა ვინმეს ეკარნახა ჩემთვის, ვინ ვყოფილიყავი და რა მეკეთებინა, ამიტომაც წავედი ჯარში, – თხრობა დაასრულა ნუგზარმა.

მსგავსი დანაშაულისთვის არასრულწლოვნები დღესაც იხდიან სასჯელს. სქემა ასე მუშაობს: თუ არასრულწლოვანის დაკავება პოლიციის რომელიმე განყოფილებაში ხდება, მას პროკურატურის თანამშრომლებს გადასცემენ და შემდეგ წარადგენენ სასამართლოში. თუმცა, როგორც უბნის ინსპექტორები განმარტავენ, თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ხდება.

მანდატურები ოდნავ სხვაგვარად მუშაობენ. როცა ისინი სკოლაში მოსწავლეთა საეჭვო აქტივობას შეამჩნევენ, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სპეციალურ განყოფილებას უკავშირდებიან, რომელიც სკოლაში სპეციალურ ჯგუფს გზავნის. ისინი ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას და შესაბამის პრევენციულ ზომებს გაატარებენ.

საქსტატის ცნობით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულის სახეებია ქურდობა და ცივი იარაღის ტარება. 2017 წლის მონაცემებით ქურდობისთვის 110 არასრულწლოვანი იყო მსჯავრდებული, რომელთაგან 27-ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ქართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ის ითვალისწინებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაერო-ს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა. ამ კოდექსის მიხედვით, საქართველოში იქმნება პოლიციელთა, გამომძიებელთა, პროკურორების და მოსამართლეების სპეციალიზირებული ჯგუფები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ, რასაც სახელმწიფოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს.

უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებით  უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულების და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებით მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი“.

კოდექსი კი ლიბერალურია, მაგრამ როგორ მოვახდინოთ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია? დანაშაულის, რომელიც 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს გაზრდილია?

ცენტრი „ემპათიას“ პრეზიდენტი, ფსიქოლოგი მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. „არსებობს სოციალური სამსახური, განრიდების პროგრამები, მაგრამ ეს ყველაფერი ფრაგმენტულია და ხშირად არაეფექტური. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა. მიდგომა უნდა შეიცვალოს და არასრულწლოვანთა პრობლემებში ჩართულნი უნდა იყვნენ პროფესიონალები: განათლების, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებიდან. სკოლებში უნდა მოქმედებდეს მობილური ჯგუფები – მანდატურის ინსტიტუტი, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ჯგუფი. მათ ინდივიდუალურად უნდა იმუშავონ თითოეულ ბავშვზე. შეისწავლონ მათი ფსიქიკა და გამოავლინონ დელიკვენტური მოზარდები. უნდა გაკეთდეს ანალიზი, საიდან მოდის ამა თუ იმ ბავშვში აგრესია ან რა მიზეზით ითრგუნებიან და იკეტებიან საკუთარ თავში.

ბავშვს პრობლემა ქცევაზე ეტყობა. როცა მას ყურადღებას არ აქცევენ, სასოწარკვეთილებაში ვარდება. მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინაში ბავშვთა სუიციდის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. როცა ბავშვები ხედავდნენ მშობლების გაუსაძლის მდგომარეობას, თავს იკლავდნენ, რათა ამით მშობლებისთვის მატერიალური სიდუხჭირე შეემსუბუქებინათ.

სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს განათლების სისტემის პოპულარიზაცია. ჩვენ ტელევიზიით ყოველდღე ვხედავთ, როგორ პოპულარიზაციას განიცდიან პოლიტიკოსები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, მაგრამ განათლების განვითარებაზე სიუჟეტსაც ვერ ნახავთ. არ ხდება ამ დარგის პოპულარიზაცია და ბავშვებსაც მის მიმართ ინტერესი ეკარგებათ. თუ ამ პრობლემებს კომპლექსურად არ მივუდგებით, ბავშვებში კრიმინალური ფონი აუცილებლად გაიზრდება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი ანდრო გიგაური მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან შეზღუდული უნდა ჰქონდეს პირველადი პრევენციის ფუნქცია. თანამშრომლობა და გადამისამართების ეფექტური სისტემის შექმნა კი მნიშვნელოვანია.

„პასუხისმგებლობის სისტემა ბავშვებისთვის უნდა იყოს საგანმანათლებლო. კონვენციის მიხედვით, პატიმრობა უნდა იქნეს გამოყენებული როგორც უკანასკნელი ზომა და ყველაზე მცირე დროით. პატიმრობამდე მნიშვნელოვანია, რომ მოისინჯოს დადებითი მოქმედების მექანიზმები. მათ შორის ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები, მენტორული პროგრამები და ფსიქოლოგის დახმარება.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მექანიზმებში უპირველესად ჩართულნი უნდა იყვნენ მშობლები. ასევე, სკოლა და სოციალური სამსახური. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შექმნილია სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი. გრანტის შესახებ კანონი აძლევს უფლებას სამინისტროებს, გასცენ გრანტები სხვადასხვა ტიპის საჯარო პოლიტიკის პრობლემების მოსაგვარებლად. აქამდე დანაშაულის პრევენციის ცენტრი გასცემდა გრანტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს გრანტები მიზნად ისახავდა პრევენციულ საქმიანობას. ასევე, არის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია. ამ სტრატეგიაში გაწერილია ნაბიჯები, ვადები და პასუხისმგებელი ორგანოები.

ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა ჩადოს მეტი გონივრული ინვესტიცია განათლების სისტემის განვითარებაში, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. მნიშვნელოვანია არსებობდეს ეფექტური სოციალური მომსახურება და მეტი შესაძლებლობები ბავშვებისთვის ეფექტურად დაგეგმონ სკოლის შემდგომი აქტივობები (სპორტი, ხელოვნება, ახალგაზრდული კლუბები და ა.შ.).“

როგორც ვხედავთ, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საუკეთესო საშუალება მოზარდთა მეტი აქტივობაა. თუ მოზარდს საშუალება ექნება დაიკმაყოფილოს ინტერესი იმ დარგში, რომელიც მისთვის ახლობელია, ის განვითარების სულ სხვა გზას დაადგება.

სოციალური მუშაკი არასრულწლოვანის თვალში პოლიციის თანამშრომელთან ასოცირდება, ამიტომ მოზარდი მასთან გულწრფელი ვერ იქნება. თუ სკოლას მეტი თვითმმართველობა მიენიჭება და საშუალება ექნება საკუთარი, არასაბიუჯეტო თანხები მოიზიდოს (მაგალითად, ფასიანი შიდასასკოლო ოლიმპიადების საშუალებით), მაშინ ის შეძლებს დააფინანსოს სხვადასხვა სასკოლო აქტივობები და ყველა ყაიდის მოსწავლის გემოვნება დააკმაყოფილოს.

ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის როგორც განათლების განვითარებას, ისე ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების საქმეს. მოზარდი თვითონ აირჩევს თავისთვის საინტერესო ღონისძიებას, რაც ბუნებრივად დათრგუნავს მასში აგრესიას და შესაბამისად, დანაშაულის პრევენციასაც მოახდენს.

მოზარდს, რომელსაც მრავალმხრივი არჩევანის თავისუფლებას მივანიჭებთ, ჩემი მეგობრის თქმის არ იყოს, ვერავინ უკარნახებს, ვინ გამოვიდეს და რა აკეთოს.

 

 

   

2016

     

2017

 

 

 

 

მსჯავრდე-ბულია, სულ მათ შორის გოგონა აღეკვეთა თავისუფ-ლება მსჯავრდე-ბულია, სულ მათ შორის გოგონა აღეკვეთა თავისუფ-ლება
 

სულ

 

 

146

 

2

 

46

 

197

 

5

 

47

განზრახ მკვლელობა 4 0 2 5 1 5
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება  

1

 

0

 

0

 

6

 

0

 

2

გაუპატიურება 2 0 0 0 0 0
ქურდობა 67 1 21 110 0 27
ხულიგნობა 2 0 1 3 0 1
ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება  

5

 

0

 

1

 

4

 

0

 

1

სხვა დანაშაული 65 1 19 69 4 11

 

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ჩადენილი დანაშაულის მიხედვით.

 

 

Share this Post!
0 Comment