კახა ფაჩუაშვილი. მეშვიდე სლემი

1
0

ევროპის ჩემპიონატი – ტურნირი, რომელიც სამშვიდობოზე გაგვიყვანს

გასულ უქმეებზე „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის თუ ერთა თასის გათამაშებებში, მე-7 სლემი შეასრულეს (დაამარცხეს ყველა მეტოქე). ამ ტურნირების 19 სეზონის ჯამში, ჩვენებურებმა მე-12-დ გაიმარჯვეს. გუნდმა 26 ლელო გაიტანა და მხოლოდ 2 მიიღო. „ბორჯღალოსნები“ ამჟამად თაობათა ცვლას განიცდიან, მაგრამ შედეგი დაახლოებით იგივეა, რაც 2 წლის წინათ იყო, როცა მინდორზე 2015 წლის მსოფლიო თასზე გამოწრთობილი ნაკრები გადიოდა, თავისი გორგოძითა და ზირაქაშვილით.

მილტონ ჰეიგმა ტურნირი შეაფასა და ეს გარემოებები სიამაყით აღნიშნა. „გუნდმა იგივე შედეგი გაიმეორა, რაც 2 წლის წინათ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჯაჭვი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს შორის მყარია. თუმცა, ამ ჯაჭვის გასაგრძელებლად ტიერ-1-ის (ელიტური ნაკრებები) გუნდებთან რეგულარული თამაშია საჭირო. სხვა ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ზელანდიელმა მწვრთნელმა.

2015 წლის მსოფლიო თასზე იაპონიამ სამხრეთ აფრიკა დაამარცხა, ხოლო არგენტინის ნაკრები, 4 ერში გაწევრიანების შემდეგ, ნახევარფინალში გავიდა. იაპონიისა და არგენტინის თითო კლუბი ზე-რაგბის ჩემპიონატში მონაწილეობს – ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის გუნდებთან ერთად. სწორედ ეს გახდა ამ ქვეყნების ბოლოდროინდელი სარაგბო წარმატებების მთავარი გასაღები.

საქართველომ პატივისცემა კი დაიმსახურა და ამ პატივისცემის ნიშნად, ედი ჯონსის (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი) თხოვნით, ინგლისის ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშები გამართა, მაგრამ გუნდი სრულიად მოკლებულია იმ ფუფუნებას, რაც იაპონიას და არგენტინას გააჩნიათ.

ის ადგილი, რომელიც მილტონ ჰეიგის გუნდს მსოფლიო სარაგბო რუქაზე უჭირავს (მე-12 მსოფლიო რეიტინგში), დღეის მდგომარეობით მაქსიმუმია. როგორ უნდა მიაღწიოს საქართველოს ნაკრებმა უფრო მეტს? ამ ამოცანას წლების მანძილზე სხვადასხვა ამოხსნა მოუძებნეს, მაგრამ ცხოვრებაში ვერც ერთი მათგანი ვერ განხორციელდა.

მსოფლიო სარაგბო რუკას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საუკეთესო ალტერნატივა ჩვენთვის 6 ერში თამაშია, მაგრამ ამ ტურნირის მესვეურები გვიმტკიცებენ, რომ 6 ერი კომერციული ტურნირია და ფორმატის შეცვლა არ სურთ.

4 ერზე ხელი არ მიგვიწვდება, კუნძულელები (ფიჯი, სამოა, ტონგა) კი იაპონიასთან ერთად ცალკე ტურნირში მონაწილეობენ. გამოდის, რომ რაგბი-ევროპის ჩემპიონატის გარდა, სადაც ამჟამად ვთამაშობთ, სხვა სარაგბო არეალი ჩვენთვის უბრალოდ არ არსებობს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები ტიერ-1-ის გუნდებთან წელიწადში მაქსიმუმ 2 ტესტს მართავს, – ნოემბერსა და ივნისში, რაც სრულებით არასაკმარისია. შესაბამისად სხვა ალტერნატივა უნდა მოიძებნოს, რომ რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის ტესტი მივიღოთ.

ამჟამად, რაგბის სამყაროში დიდი ტურნირებიდან მხოლოდ მსოფლიო თასის გათამაშება არსებობს, რომელიც 1987 წლიდან იღებს სათავეს და 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ფეხბურთის მსგავსად, რაგბს არ გააჩნია კონტინენტის ჩემპიონატები და ვთქვათ, ევროპის ჩემპიონის ტიტულს 6 ერის გამარჯვებული ატარებს.

თუ 6 ერი თავის წიაღში არავის იკარებს, იქნებ პატივცემული ექვსეული ევროპის ღია ჩემპიონატში მონაწილეობაზე დავითანხმოთ? კეთილი ნების შემთხვევაში ასეთი იდეა განხორციელებადია და ყველასთვის მომგებიანი იქნება, – როგორც 6 ერის, ისე მეორე ეშელონის გუნდებისთვის.

შეჯიბრება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება და ინტერვალი მასსა და მსოფლიო თასს შორის 2 წელი იქნება. მაგალითად, 2019 წელს მსოფლიო თასი, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი. 2023 წელს ისევ მსოფლიო თასი და ასე შემდეგ.

საწყის ეტაპზე ტურნირი იმავე ფორმატით გაიმართება, როგორც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. 12 გუნდი დაიყოფა 3 ქვეჯგუფად, ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი კი ნახევარფინალში მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ამ შემთხვევაში, მაგალითად საქართველოს ნაკრებს საშუალება ექნება ყოველ ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ 3 უმაღლესი რანგის ტესტი ითამაშოს. თუ ამას უკვე არსებულ 2 ტესტსაც დავუმატებთ, გამოვა, რომ „ბორჯღალოსნები“, ერთ სეზონში, 5 უმაღლესი რანგის მეტოქეს შეეჯიბრებიან. ანალოგიური პრივილეგიები ექნებათ, ეგრეთ წოდებული, მეორე ეშელონის სხვა გუნდებსაც.

ევროპის პირველობაში რეიტინგის მიხედვით კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდი ჩაებმება. ბოლო ადგილზე გასულს კი მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე, ქვედა ლიგის გამარჯვებული შეცვლის.

თითოეული ქვეყანა ტურნირში საკუთარი სპონსორით შემოვა, რაც ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს, გუნდებისთვის სოლიდური საპრიზო ფონდი დააწესოn, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება 6 ერის გუნდებისთვის. ამასთან, ტიერ-1-ის ნაკრებებს საშუალება ექნებათ საქმეში გამოსცადონ უახლოესი რეზერვი და მეტი სათამაშო დრო მისცენ იმ მორაგბეებს, რომლებიც 6 ერის მსვლელობისას მარქაფაში ისხდნენ.

და ბოლოს, ჩემი ღრმა რწმენით, იმავე ირლანდიას ბევრად ურჩევნია, ევროპის ჩემპიონის ტიტული ნამდვილ ევროპის ჩემპიონატზე გაიფორმოს და არა მხოლოდ 5 ქვეყნის დამარცხების საფუძველზე.

ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო, ნათქვამია და კარგი იქნება, თუ საქართველოს რაგბის კავშირი ამ იდეას დააყენებს რაგბის საერთაშორისო ფედერაციის წინაშე. ვინ იცის, იქნებ ამ ვარიანტმა გაამართლოს კიდეც.

 

 

 

Share this Post!
0 Comment