კახა ფაჩუაშვილი. ნუ ვიქნებით ფარისეველნი

1
0

 

ამ დღეებში ბევრი რამ ვისწავლე ქრისტიანობაზე, მიმტევებლობაზე, მოყვასის სიყვარულზე. ჩემთვის ღრმადპატივცემული ადამიანები სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლებს და სტატუსებს აქვეყნებენ. ისეთები, ვისი ღვთისმოსაობა და „ქართველობა“ ეჭვს არასოდეს იწვევდა და ზაზა სარალიძის ტრაგედიას კომპრომიტირებას უწევენ. რას ემსახურებიან ამით, ვერ აცნობიერებენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ სათნო საქმეს აკეთებენ.

ზაზა სარალიძემ ჩვენ ქვეყანაში სამართალს ვერ მიაღწია. ამიტომ სთხოვა ქართულ საზოგადოებას, სიმართლისთვის ბრძოლაში მხარში ამოდგომოდა. ამ მოწოდებას „მართლმორწმუნე“ საზოგადოება გულგრილად შეხვდა, ისევე, როგორც ყველაფერს, რაც ეკლესიას არ ეხება. მეც ასე გავიგე, რომ ამ ადამიანებისთვის ღირებულებები მხოლოდ მოძღვრის მოწოდებით იწყება და იქვე მთავრდება.

იოლია ასე ცხოვრება, ფიქრი არ გჭირდება. მოგიწოდებენ – გახვალ, არ მოგიწოდებენ  – ილოცებ. გეტყვიან, ეს უნდა გაილანძღოს – გალანძღავ, ვინც საქებარია – შეაქებ. ოღონდ, სალანძღავსა და საქებარს მოძღვარი ადგენს, ეს ჩვენი საქმე არ არის.

არ გამოეხმაურნენ ზაზას ტრაგედიას მოძღვრები და „მართლმორწმუნე“ ერიც გულგრილი დარჩა. სამაგიეროდ, ზაზას მხარში ამოუდგნენ ქისტები, იეზიდები, სომხები, ფერეიდნელები, ქართველები, – ვისაც სინდისმა შინ ჯდომის უფლება არ მისცა. და რაც მთავარია, ახალგაზრდები. ისინი კი ასეთ სიტუაციებში ძალიან იშვიათად ცდებიან. გამოვიდნენ და გვერდში დაუდგნენ სიმართლისთვის მებრძოლ კაცს, რომელმაც თავისი შეუპოვრობით, საღათას ძილიდან გამოგვაღვიძა.

ასე დაიწყო სიმართლისთვის ბრძოლა რუსთაველის გამზირზე. აქცია ყოველდღიურად მთავრობისთვის სახიფათო მასშტაბებს იძენს… და გამოჩნდა კიდეც „მართლმორწმუნე“ ერი. სოციალურ ქსელებში, თუ მარშის სახით… ისინი ზაზას საყვედურობენ, რომ მათ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები შენიშნეს და ზაზა სარალიძე იარაღად გადაიქცა „ნაციონალების“ ხელში.

„აი, ასეთი კაცის გვერდით რომ დგახარ, მე შენ გვერდში ვერ დაგიდგებიო,“ – იყო პოსტი და გულისხმობდნენ ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს. პატივცემულებს ავიწყდებათ, რომ ეს პიროვნებები მათი გულგრილობის გამო დგანან იქ და იმიტომაც, რომ ფიქრის და განსჯის უნარი აქვთ. ნიკა მელია და ზაალ უდუმაშვილი უფრო გვიან გახდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ვიდრე, მაგალითად, კახა კალაძე.

ასეც რომ არ იყოს, საინტერესოა, როდიდან გახდა სიმართლისთვის ბრძოლა ცოდვა? თუ ადამიანს სიმართლის მხარეს დგომა სურს, ვის აქვს უფლება, ის დააბრკოლოს, რაგინდ ცოდვილიც არ უნდა იყოს? განა სიმართლისთვის ბრძოლა უფლის მიერ ბოძებული ერთ-ერთი ნეტარება არ არის? თუ კაცთმოძულეობა იმდენად გაგვიჯდა ძვალსა და რბილში, რომ აღარაფერი გვესმის და ვეღარაფერს ვხედავთ?

სახელმწიფო მართლმსაჯულების სისტემამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ზაზა სარალიძის შვილის მკვლელებს ხელი დააფარა და სიმართლე დამალა. ამის ჩამდენ სისტემას და მთავრობას არსებობის უფლება არ აქვთ. ისინი უნდა შეიცვალნონ. ამას ითხოვს ზაზა სარალიძე და იმის გამო ნუ ვუსაყვედურებთ, რომ მის აქციაზე ის ხალხი შენიშნეთ, ვინც არ მოგწონთ.

ასე იქცეოდნენ ფარისევლები. ისინი საყვედურობდნენ ქრისტეს, როცა მებაჟე მათეს სახლში, ცოდვილებთან ერთად, ერთ მაგიდაზე იჯდა.

„რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად“? – ჰკითხეს ფარისევლებმა ქრისტეს მოწაფეებს. უფალმა კი გაიგონა ეს და უპასუხა მათ: „მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.“

თუ ქრისტე განკაცდა ცოდვილთა მოსახმობად, არც თქვენ გაქვთ უფლება, განიკითხოთ და დააბრკოლოთ ადამიანები, ვისაც სიმართლის მხარეს დგომა სურთ.

მით უფრო, თუ ვერც ერთი თქვენგანი ვერ იტყვის, რომ ამ მთავრობას ნაკლები ცოდვა ჩაუდენია, ვიდრე წინას. და ამის შედეგია, რაც დღეს ხდება.

ნუ ვიქნებით ფარისეველნი. გვახსოვდეს მე-8 ნეტარება: „ ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.“

 

 

Share this Post!
0 Comment