კახა ფაჩუაშვილი. უტიფრობის აღლუმი

1
0

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, რუსთავი 2-ის საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გამოძიების დასრულებამდე შეაჩერა. ეს ნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო აღიარებს – ხელისუფლება უხეშად ზღუდავს ჩვენ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. სტრასბურგის სასამართლოს ამ მოსაზრებას ევროპარლამენტარებიც მხარს უჭერენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვას ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება.

ევროპარლამენტარების და სასამართლოს ასეთმა რეაქციამ მედიატორის როლი უნდა შეასრულოს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ოდნავ მაინც ეპარებოდა ეჭვი, რომ რუსთავი 2-ის პროცესი მარტო ოდენ ყარამანაშვილი-ხალვაშის საქმე იყო და მეტი არაფერი.

ევროპელები ცხადად გვეუბნებიან, რომ ეს არის დავა სახელმწიფოსა და მსხვილ ოპოზიციურ მედიასაშუალებას შორის. ხელისუფლების მხრიდან ამ უკანასკნელის დაქვემდებარების მიზნით. ანუ ძველი სამყარო გვაფრთხილებს, რომ თავისუფლებას გვიტუსაღებენ და ჩვენი ვალია, გადავარჩინოთ ის დაპატიმრებას.

ევროპიდან ყველაფერი ისე ჩანს, როგორც უნდა ჩანდეს. ისინი რეალურად აფასებენ ფაქტებს და არა საოცნებოდ. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული სტრუქტურების შეფასებები მართალია. თუმცა, ცდილობს, ეს ფაქტი შეფუთოს ისე, თითქოს რუსთავი 2 საქართველოს ებრძვის, თვითონ კი ჩვენი ქვეყნის გულითადი დამცველია. ამის შესახებ განცხადებები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთეს.

ხელისუფლების მოქმედება ჩემი ბავშვობისდროინდელ აბსურდულ სიუჟეტებს მაგონებს, როცა ხალხს ქართული და ქურდული მენტალიტები ძალიან ერეოდა ერთმანეთში.

უბნის ავტორიტეტების აზრზს, რაც არ უნდა დიდი სისულელე ყოფილიყო,  ყველა იზიარებდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ვიღაც უბნის ავტორიტეტი იყო და (ელექტორატიც თავისი მსგავსი ჰყავდა) შესაბამისად, მისი ნათქვამი სისულელე ვერ იქნებოდა. ეს ხალხი ყოველთვის მართალი იყო. მაშინაც კი, როცა ამბობდნენ თეთრზე შავიაო, გარშემო მყოფები მორჩილებით კვერს უკრავდნენ და ამაყობდნენ კიდეც ამ ბრიყვ ავტორიტეტებთან მეგობრობით, რადგან ეს ხალხი მაგარი ქართველები ეგონათ. მათი მენტალობა კი – ქართული მენტალიტეტი.

ხელისუფლება ამ ავტორიტეტებივით იქცევა. იმას კი არ ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და ყველა პრობლემა სწორედ აქედან გამომდინარეობს, არამედ გვიმტკიცებს, რომ რუსთავი 2 საქართველოს ებრძვის. ანუ გვეუბნება თეთრზე შავიაო და მორჩილ ელექტორატს არწმუნებს კიდეც „თავის სიმართლეში“. მსგავსი გეგმა  მთავრობას არაერთხელ წარმატებით გამოუყენებია (ჭორების გავრცელების სამსახური აშკარად მოწოდების სიმაღლეზეა). ის საზოგადოებაში ნერგავდა ისეთ აბსურდულ ჭორებს, როგორიც არის: „ევროსტრუქტურებს ნაციონალები აკონტროლებენ და ამიტომაც ილახება დასავლეთში საქართველოს იმიჯი“, „ნაციონალებს სერიოზული გავლენა აქვთ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამიტომაც არის, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესს ვერ ხედავენ“, „მართლა ოცნება კი არ განაგებს ქვეყანას, არამედ ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ღრმად გაიდგა ფესვები და იქიდან ატერორებს მთავრობას“,  – ლაპარაკობენ ამას და სჯერათ. ამიტომაც გვიმტკიცებენ, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ისევ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის მიზნით ხორციელდება.

„მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“ საქართველოს ხელისუფლებას სხვა მრავალი პროექტიც აქვს. ირაკლი კობახიძე ულტიმატუმის ენით ელაპარაკება საკუთარ მოსახლეობას და ფიქრობს, რომ პრეზიდენტს ემუქრება. „თუ პრეზიდენტი არ შეწყვეტს არაკორექტული განცხადებების კეთებას, მაშინ ჩვენ დავფიქრდებით, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტი არა პირდაპირი არჩევნების წესით იქნეს არჩეული, არამედ, პარლამენტმა დაამტკიცოს,“ – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძე ჩვენ, ქართულ საზოგადოებას გვეუბნება, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლებას წაგვართმევს. გვეუბნება, რომ პრეზიდენტის არჩევა არ გვჭირდება, გვიმტკიცებს, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების ტოლფასია.

ძალაუფლება ჩინოვნიკების გადმოსახედიდან სამოთხეს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ის მძიმე ჯვარია, რომლის ზიდვაც მხოლოდ დიდ სახელმწიფო მოღვაწეებს შეუძლიათ. დანარჩენებს კი სიფრთხილე მართებთ, რომ მსგავსი უტიფრობით საკუთარი მძიმე ჯვრის მსხვერპლნი არ გახდნენ.

Share this Post!
0 Comment