კახა ფაჩუაშვილი. ღერძია საჭირო, ღერძი!

2
0

1987 წელს უეფას თასის მერვედფინალში „დინამო“  „ვერდერს“ შეხვდა. ეს იყო ევროტურნირების პირველი თამაში ჩემთვის, რომელსაც ტრიბუნებიდან ვუყურე. „დინამოს“ ბრემენში 2:1 ჰქონდა წაგებული და ყველანი დიდი მოლოდინით აღსავსენი ვიყავით. გულშემატკივარმაც ტრადიციულად გადაავსო ტრიბუნები. ხალხი კიბეებზეც იჯდა და სტადიონზე ისეთი გუგუნი ატყდა, რომელიმე დიდ ბრძოლას რომ უძღვის ხოლმე წინ.

„დინამო“ ის აღარ იყო, რაც ხუთიოდე წლის წინათ, მაგრამ გუნდში თამაშობდნენ – გაბელია, ჩივაძე, სულაქველიძე და შენგელია. ვეტერანები კი იყვნენ, მაგრამ მაინც გუნდის ღერძს წარმოადგენდნენ. მათ გარშემო იქმნებოდა ახალი „დინამო“ – გურული, ცხადაძე, ჭედია, ქეცბაია. ამ ღერძის გარშემო ეს ბიჭებიც სოლიდურად გამოიყურებოდნენ, იმდენად, რომ გერმანიის მომავალ ჩემპიონთანაც შეეძლოთ ტოლ-სწორად თამაში.

იმ წელს, „ვერდერმა“, ბრემენში მოსკოვის „სპარტაკი“ გაანადგურა – 6:2 და ამ ფონზე „დინამოს“ მინიმალური მარცხი დიდ იმედებს გვისახავდა გულში. თბილისელებმაც პირველ ტაიმში ისეთი „კარუსელი“ დაატრიალეს სტუმრების საჯარიმოში, რომ გაოგნებული გერმენელები მხოლოდ ბურთს იგერიებდნენ, რაც შეიძლება შორს.

„დინამომ“ ტაიმი – 1:0 მოიგო. გოლი თენგიზ სულაქველიძემ გაიტანა, მაგრამ იმ 45 წუთში გერმან ზონინის გუნდს მინიმუმ 4 ჯერ მაინც შეეძლო გოლის გატანა. ქეცბაიას ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, რამაზ შენგელია დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ დარტყმამდე მუხლზე მოხვდა ბურთი და გაექცა. შეიძლება ითქვას, გერმანელები გადარჩნენ.

მეორე ტაიმში ძველი გვარდია დაიღალა და ვიდრე ტომას შააფმა თავური დარტყმით ანგარიში არ გაათანაბრა, „დინამო“ საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვა. მეტისმეტად დამთრგუნველი სანახავი იყო. იმდენი ემოცია გამოვხატე ამ დროს და იმდენად მძაფრად, რომ ჩემ წინ მჯდომმა, მელოტმა ბიძამ მთხოვა – თუ ძმა ხარ, გაჩერდი რა, თორემ ნევროზი დამეწყოო.

გაშვებული გოლის შემდეგ „დინამოს“ კიდევ ჰქონდა გამარჯვების შანსი. ჩივაძე ურტყამდა სახიფათოდ, შენგელია, ჭედია დარჩა მეკარის წინ ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ ტრიბუნებზე გაუშვა ბურთი. საბოლოოდ, გოლი აღარ გასულა და მომდევნო ეტაპზე „ვერდერი“ გავიდა, მაგრამ არავის აზრადაც არ მოსვლია, დინამოელები ეძაგებინა. ყველა გულდაწყვეტილი იყო, მაგრამ ამაყი. იმ წელს ბრემენის „ვერდერი“ გერმანიის ჩემპიონი გახდა.

მომდევნო სეზონიდან ვეტერანებმა გუნდი დატოვეს და „დინამოს“ სიდიადეც საბოლოოდ ჩაქრა. ჩვენი „დინამო“ გულშემატკივრისთვის გამარჯვების ეტალონი იყო. ისეთივე, როგორც დღეს „ბორჯღალოსნები“ არიან. ქართული სულისკვეთება ყველაზე უკეთ მის თამაშში ჩანდა –  თავგანწირვა, სისხარტე, ტექნიკა, ბრძოლის ჟინი – ზუსტად ესადაგებოდა დინამოელთა სათამაშო სტილს. შეიძლება იმიტომ, რომ ღირსეულმა თაობამ მოიყარა თავი და ყველა ფეხბურთელი საკუთარ ადგილზე იდგა, იქ სადაც ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო.

ასეა თუ ისე, თავგანწირვა არც ეროვნულ ნაკრებს აკლდა სერბებთან შეხვედრაში, მაგრამ მაინც დამარცხდა. ქართველებს ჟინი კი ეტყობოდათ, მაგრამ ოსტატობა აკლდათ. გადამწყვეტ მომენტებში სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ, შეტევის წარმოებისას ძალიან ბევრს ფიქრობდნენ, კარში ზუსტად ვერ ურტყამდნენ და ძალებსაც არათანაბრად ანაწილებდნენ. ამის გამო სერბებზე ადრე დაიღალნენ.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის ყველაფერი პრობლემა გახდა – დაცვაც, შეტევის განვითარებაც. 25 წელია ვამბობთ, რომ ყოველი ახალი თაობა წინაზე ნიჭიერია, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ქართველი ფეხბურთელები თავიანთ საუკეთესო უნარ-ჩვევებს ვერ ავლენენ. იქნებ სელექციის ბრალია? ან არასწორად დგანან პოზიციებზე? შეიძლება სტრატეგია არ უვარგათ – ამ მიზეზების გამო ყველაფერი ვცადეთ. გუნდს მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტებიც არაერთხელ ჩავუყენეთ სათავეში, მაგრამ ამას წინსვლა არ მოჰყოლია.

კარგი მწვრთნელი მაშინ არის საჭირო, როცა გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. ნოდარ ახალკაცი თბილისის „დინამოში“ 1972 წელს მივიდა. მაშინ დავით ყიფიანი თავდამსხმელი იყო. ალექსანდრე ჩივაძე კი საყრდენი ნახევარმცველი. ახალკაცმა ორივეს თავისი ადგილი მოუძებნა. ჩივაძე დაცვის ცენტრში გაამწესა, ყიფიანი კი გამთამაშებლის პოზიციაზე და ამგვარად შეკრა ღერძი, რომლის გარშემოც „დინამომ“ 1976 წელს საბჭოთა კავშირის თასი, 2 წლის შემდეგ კი ჩემპიონობაც მოიპოვა. 1981 წელს კი ევროპის თასების მფლობელთა თასიც დააჭაშნიკა. ეს იყო „დინამოს“ დიდების მწვერვალი.

ახალკაცის გუნდს ჰყავდა მსოფლიო დონის მეკარე (გაბელია), ცენტრალური მცველი (ჩივაძე), გამთამაშებელი (ყიფიანი) და შემსრულებელი (შენგელია). სწორედ ამათ გარშემო შეიკრა ლეგენდარული „დინამო“. დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებს კი ეს ღერძი არ აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდში თამაშობს მსოფლიო დონის მეკარე, პლეიმეიკერი ან კარში დამრტყმელი. ამიტომაც არის, რომ შედეგი არ ჩანს და ვიდრე ღერძი არ ჩამოყალიბდება, არც შედეგი იქნება.

Share this Post!
0 Comment