კოტე ფხაკაძე. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისათვის  (ანუ, ქართული ენის და, საზოგადოდ, ენების წინაშე მდგარი საბარიერო მნიშვნელობების მქონე საკითხების შესახებ). 02.12.2009 azrebi.ge

0
0

თანამედროვე მსოფლიოში დღეს არსებული მონაცემებით სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში დაიწყება და სწრაფი ტემპებით განვითარდება სხვადასხვა ენებში კითხვითი, წერითი, მეტყველებითი, სმენითი, მხედველობითი და აზროვნებითი, მათ შორის მთარგმნელობითი უნარებით აღჭურვილი კომპიუტერული სისტემების ფართო სამომხმარებლო დანერგვა.

ანუ, სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში იაპონელებს, ფრანგებს, ინგლისელებს, გერმანელებს, რუსებს, თურქებს, ესპანელებს, ჩინელებს და სხვებსა და სხვებს ექნებათ პროგრამულად ისე უზრუნველყოფილი კომპიუტერი, რომელ¬თანაც ისინი მხოლოდ მათი მშობლიური ენობრივი ცოდნის საფუძველზე თავისუფლად შევლენ თითქმის სრულ და თითქმის ამომწურავ სამომხმარებლო ურთიერთობაში.

ანუ, სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში “სამაუსო” და “საკლავიატურო” ბრძანებებით მართვად კომპიუტერს ჩაენაცვლოს ხმოვანი ბრძანებებით მართვადი ისეთი კომპიუტერი, რომელსაც, გარდა დღევანდელი სტანდარტული არაინტელექტუალური ბრძანებებისა, შეეძლება აგრეთვე მომხმარებლის სხვადასხვა სახის ინტელექტუალური დავალებების შესრულებაც.

კერძოდ, ეს კომპიუტერი, იმის საფუძველზე, რომ პროგრამულად სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი ენებისთვის სასაფუძვლო მათემატიკური თეორიით და ამ თეორიაზე დაყრდნობით უკვე დაფუძნებული სხვადასხვა ენობრივი ცოდნითი სისტემებით და, ამასთან, იმის საფუძველზეც, რომ ამ ენობრივ სისტემებში იგი აღჭურვილი იქნება როგორც სმენითი, ისე მხედველობითი აღქმითი უნარებით, მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი ფორმით მიაწვდის მისი ვიდეო თვალისა თუ სამიკროფონო ყურის არეში მოქცეულ ნებისმიერ გაწერილ თუ გამეტყველებულ ტექსტს.

ასევე, ეს კომპიუტერი, იმის საფუძველზე, რომ უკვე აღნიშნულთა გარდა, აღჭურვილი იქნება ზოგადი ენობრივ-მათემატიკური ინტელექტუალური უნარებით, მათემატიკური ენის საშუამავლო მონაწილეობით გააკეთებს როგორც გაწერილი, ასევე გამეტყველებული ტექსტების პირდაპირ წერით და მეტყველებით თარგმანებს იმ ქსელში ჩართულ მათემატიკურად და მანქანურად დაფუძნებულ ენობრივ სისტემებში, რომლებზედაც მას მომხმარებელი მიანიშნებს.

ამასთან, ეს კომპიუტერი, თითქმის ნებისმიერი სახის საჭიროების შემთხვევაში, მის მომხმარებელს არსებითად დაეხმარება მის მიერვე უკვე ხედვითად თუ სმენითად აღქმული ტექსტებით მოცემული სხვადასხვა სახის ამოცანებისა თუ პრობლემების გადაჭრაში.

გარდა ამისა, ეს კომპიუტერი აღჭურვილი იქნება სწავლის, ანუ მასში მანამდე არსებული ცოდნის გაფართოების უნარით, რითაც იგი ნებისმიერ მომხმარებელს მისი სამომხმარებლო მიზნების შესაბამისი სპეციალური ექსპერტული ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემის კონსტრუირების საშუალებას მისცემს.

აღნიშნული და მკითხველის ზოგადი კომპეტენცია სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ასეთი კომპიუტერი ადამიანების შეუცვლელი დამხმარე იქნება მათი კულტურული საქმიანობის თითქმის ნებისმიერ სფეროში.

ასევე, ადვილად გასაგებია, თუ როგორ ფუნდამენტურ ცვლი¬ლებებს გამოიწვევს ასეთი კომპიუტერი სასკოლო და საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესებში: ცხადია, რომ ასეთ პირობებში სწავლების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ამ კომპიუტერთან საურთიერთობო ენის გაღრმავებული სწავლება იქნება. ამასთან დაკავშირებით: ჩვენი მიზანია, რომ ეს ამ კომპიუტერთან საურთიერთობო და, შესაბამისად, გაღრმავებულად სასწავლი ენა ქართული იყოს!

გასაგებია ისიც, რომ იმ ენებით, რომელთათვისაც ასეთი კომპიუტერი არ იარსებებს, სწავლასა და სწავლებას აზრი დაეკარგება, რადგან, ცხადია, რომ ასეთი კომპიუტერების გარეშე მიმდინარე სასწავლო პროცესები მასში ჩართულთ შესაძლებლობას არ დაუტოვებს სწავლის შედეგებში გაუტოლდეს ამგვარ კომპიუტერებიან სასწავლო სისტემებში ჩართულთ.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ასეთ სამომავლოდ უკვე დაგეგმილ საგანმანათლებლო სისტემებში ენის, მათემატიკის და სხვა სასწავლო დისციპლინების სახელმძღვანელოები დაიწერება იმ ენობრივ-ლოგიკური კანონების სრული გათვალისწინებით, რომელთა მიხედვითვე ფართოვდება ასეთ კომპიუტერებში პროგრამულად უზრუნველყოფილი ზოგად მათემატიკური და კერძო ენობრივი ცოდნები ენის, მათემატიკის და ამ სხვადასხვა სასწავლო დისციპლინების გასწვრივ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საგან¬მანათლებლო სისტემებში, კვლევით-შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან ერთად, ცოდნის ენობრივ-ლოგიკური ორგანიზების სწავლება ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო პრიორიტეტი იქნება.

გარდა ამისა, ის, რომ ამ სასწავლო სისტემების კიდევ ერთი ძირითადი მახასიათებელი არის ამ კომპიუტერთან მისი მომხმარებლის ენობრივი თავსებადობა, როგორც შედეგი იძლევა იმას, რომ ამ კომპიუტერს გარშემორტყმული საზოგადოება თანდათანობით ჩამოყალიბდება ერთ მთლიან ენობრივ საზოგადოებად, რაც, როგორც ჩანს, ამ პროცესების ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა იქნება, რადგან არაენობრივი საზოგადოება, ანუ საზოგადოება, სადაც ენა არის არა ურთიერთგაგების, არამედ ენობრივი ურთიერთობისას წარმოქმნილ გაუგებრობათა გამო ურთიერთ დაპირისპირებათა საფუძველი, ხშირად კინკლაობს და ამიტომაც, ძნელად ახერხებს იყოს წარმატებული.

ეს ყველაფერი, თავის მხრივ, გასაგებს ხდის იმას, რომ თუ ამ სახის კომპიუტერების ეპოქა არც თუ ისე შორეული რეალობაა, მაშინ კულტურული ქმედითუნარიანობის დაკარ¬გვის საფრთხეები, რომელთა წინაშე ამ ეპოქისთვის არამზა მდგომარეობაში მყოფი ენები იმყოფებიან, ასევე არაშორეულია და რეალური.

ამდენად, ქართული ენა საფრთხის ქვეშ იმყოფება თუ არა, უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, არის თუ არა ქართული ენა მზად ბუნებრივ ენებში თავისუფლად ურთიერთობადი ინტელექტუალური კომპიუტერების ეპოქისათვის, რადგან ის, რომ ეს ეპოქა უკვე კარს მომდგარია, დიდი ხანია ცნობილია და გაცხადებული. – თუმცა, გაცხადებულიც რომ არ იყოს, ამ ახალ ტექნოლოგიურ ეპოქაში შემავალი კარი დღეს უკვე იმდენადაა შეღებული, რომ ოდნავი გულისყურიც კი საკმარისია იმის დასანახავად, რომ უკვე მზადაა მისი შემადგენლების უმეტესი ნაწილი. – ამასთან, სამწუხაროდ, ასევე უკვე დიდი ხანია ცნობილია და გაცხადებული ის, რომ მათემატიკური თვალსაზრისებით ქართული ენის, მეტყველების და აზროვნების არასაკმარისი შესწავლილობის გამო, ქართული ენა ბუნებრივ ენებში თავისუფლად ურთიერთობადი, ანუ მოსაუბრე ინტელექტუალური კომპიუტერების ეპოქისათვის სრულიად არამზა მდგომარეობაში იმყოფება!

განხილვის ქვეშ მყოფი საკითხის გასწვრივ დღეს არსებულ საერთო ვითარებაში უფრო სიღრმისეულად გარ¬კვევის მიზნით ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ საექსპერტო მნიშვნელობების მქონე კრებულს სათაურით “ენები გლობალიზებად სამყაროში”, რომლის ინგლისური დასახელებაა ““Languages in a Globalizing World”” და რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველი ადვილად მოიძიებს ინტერნეტში.

სოციოლინგვისტიკისა და ენის დაგეგმარების ცნობილი სპეციალისტის ჯეკუს მაურაისა (Jacques  Maurais) და ენისა და პოლიტიკური მეცნიერებების ასევე ცნობილი სპეციალისტის მიხაილ ა. მორისის (Michael A. Morris) რედაქტორობით გამოცემული საექსპერტო მნიშვნელობების მქონე სტატიათა კრებული Languages in a Globalising World“, რომლის ფრანგული გამოცემა 2001 წლით, ხოლო ინგლისური 2004 წლით თარიღდება, ეძღვნება ინტენსიურად გლობალიზებად სამყაროში დღეს უკვე მიმდინარე და სამომავლოდ მოსალოდნელი ენობრივი პროცესების ანალიზს.

კერძოდ, კრებულში ხაზი ესმება იმ დიდ გამოწვევებს, რომელთა წინაშე აღმოჩნდნენ როგორც მაჟორულ (major), ასევე მინორულ (minor), ისე ლესერ (lesser) ენებად წოდებული ენები.

ამასთან, საკითხები განიხილება სპექტრალურად: მათ შორის, კრებულში განვითარებული ხედვებით, ხაზგასმულია, რომ ის ენები, რომლებიც ვერ აღიჭურვებიან მანქანებთან საურთიერთობო შესაძლებლობებით, ინტენსიურად გლობალიზებად და ტექნოლოგიზებად სამყაროში კულტურული თვალსაზრისებით საარსებოდ აუცილებელი ნიადაგის გარეშე რჩებიან, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ენების კულტურული ქმედითუნარიანობათა შენარჩუნების მიზნით აუცილებლობად სახავს მათ სრულმასშტაბიან ტექნოლოგიზებას.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ საექსპერტო ხასიათის კრებულში, რიგ შემთხვევებში, ერთსა და იმავე საკითხზე წარმოდგენილია არსებითად განსხვავებული ხედვები, რაც ენობრივ საკითხებთან მიმართებაში დღეს არსებული ორი განსხვავებული მოძღვრების, ანუ თეორიის არსებობით არის განპირობებული.

 კერძოდ, ეკოლინგვისტური თეორიის მიმდევართა მიხედვით, სხვადასხვა ენები, ისევე როგორც ცოცხალ არსებათა სხვადასხვა სახეობები, ქმნიან საერთო მსოფლიო მრავალ¬ფეროვნებას და ისინი, ამ მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ენის დაკარგვას ისევე დაუშვებელ და აუნაზღაურებელ დანაკლისად მიიჩნევენ, როგორადაც დღეს მიჩნეულია ცოცხალ არსებათა რომელიმე ჯიშის ან სახეობის დაკარგვა.

საბაზრო კონკურენციაზე ორიენტირებული ლინგვის¬ტური თეორიის მიმდევრები, განსხვავებით ეკოლინგვისტებისაგან, ენების არსებობის საკითხებს საბაზრო მიმართებების ფარგლებში განიხილავენ და იმ ენების სამომავლო არარსებობას, რომლებიც ვერ გაუძლებენ ინტენსიურად გლობალიზებადი სამყაროს გამოწვევებსა და ამით განპირობებულ საერთო მსოფლიო კონკურენციას, ევოლუციური პროცესების ბუნებრივ შედეგად განიხილავენ.

ამგვარად, ისინი ამ კონკურენციაში დამარცხებულ ენებზე ზრუნვას ბუნებრივ პროცესებში ჩარევად და, შესაბამისად, არამართებულად მიიჩნევენ.

ამ სრულიად საპირისპირო თეორიების გაშუქებისთანავე საექსპერტო ნაშრომთა კრებულში პირდაპირ ესმება ხაზი იმას, რომ აშშ ემხრობა და იზიარებს ეკოლინგვისტურ ხედვებს და რომ იგი ყოველთვის მზადაა ამა თუ იმ ფორმით მხარი დაუჭიროს ნებისმიერი ენის შენარჩუნებისა და გადარჩენისათვის ადგილობრივად მიმდინარე პროცესებს.

თუმცა, იქვე ხაზი ესმება იმასაც, რომ თუ ენობრივი საზოგადოება, ნაცვლად საკუთარი ენის შენარჩუნებისა, უარს იტყვის მასზე და გადაწყვეტს კულტურული თვალ¬საზ¬რისებით გადაერთოს სხვა რომელიმე ენობრივ გარემოში, აშშ ვერ იქნება დირექტიული და ვერ მისცემს თავის თავს უფლებას, აიძულოს ეს ენობრივი საზოგადოება, შეცვალოს თავისი თავისუფალი არჩევანი.

ენების ბედთან უშუალოდ დაკავშირებული ეს ათი წლის წინანდელი ხედვები და მათემატიკური თვალსაზრისებით ქართული ენის, მეტყველების და აზროვნების ჯერ კიდევ თითქმის სრული შეუსწავლელობა, რაც პირდაპირი დას¬ტურია ამ ახალი ტექნოლოგიური ეპოქისათვის ქართული ენის თითქმის სრული არამზაობისა, განსაკუთრებით შემაშფოთებელს ხდის ამ საექსპერტო სტატიათა კრებულში გაკეთებულ პროგნოზს იმის თაობაზე, რომ მიმდინარე საუკუნის პირველ ნახევარში კულტურულ ქმედითუნარიანობას დაკარგავენ დღეს არსებულ ენათა 50%-ზე მეტი.

დასასრულს კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, რომ ქართული ენის სრული მათემატიკური და მანქანური დაფუძნების მიზნების ვერ მიღწევის, ანუ ქართული ინტელექტუალური მანქანის ვერ კონსტრუირების შემთხვევაში, ცხადია, რომ მომავალი თაობები თანდათან უფრო იშვიათად ისარგებლებენ ქართული ენით, რადგან იმ ინტელექტუალურ მანქანებთან, რომელთანაც მათ ყოველდღიური მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები ექნებათ, ისინი ქართულად ვერ გაისაუბრებენ.

შესაბამისად, ასეთი მანქანების უკვე კარს მომდგარ ეპოქაში, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი იძულებული იქნება მათთან საურთიერთობოდ გამოიყენოს არა ქართული, არამედ სხვა რომელიმე არაქართული ენა.

ეს, ცხადია, ბევრად უფრო მძიმე დარტყმა იქნება ქართული საზოგადოების ენობრივ მთლიანობაზე და ქართველი ერის კულტურულ თვითმყოფადობაზე, ვიდრე ეს იყო XVIII-XX საუკუნეების არსებითად მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით განპირობებული რუსულენობრივი კულტურული ექსპანსიები, რადგან ამ შემთხვევაში ქართული ენის სხვა ენით ჩანაცვლება განპირობებული იქნება არა პოლიტიკური მიზეზებითა და სა-ზოგადოების ერთი ნაწილის არასწორი კულტურული განწყობებით, არამედ იმ ობიექტურად არსებული მიზეზით, რასაც ჩვენ მოკლედ, და ვფიქრობთ გასაგებადაც, ქართული ენისა და აზროვნების ტექნოლოგიზებული ანბანის არარსებობას ვუწოდებთ.

ამდენად, ცხადია, რომ ქართველ ერს, თუ იგი ქართული ენისა და აზროვნების სრულმასშტაბიან ტექნოლოგიზებას ვერ შეძლებს, სწორი პოლიტიკური და კულტურული განწყობის შემთხვევაშიც კი, არჩევანი იმისა, რომ ქართული ენობრივი კულტურული საზოგადოების სახით განვითარდეს, არ ექნება! – ეს კი, თავის მხრივ, ცხადს ხდის იმას, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ვერ იქნება სრულყოფილი, თუ იქ ერთ-ერთ ხელშეუხებელ პრიორიტეტად არ იქნება გათვალისწინებული ქართული ენის კულტურული ქმედითუნარიანობის შენარჩუნების ეროვნული მიზანი და პასუხისმგებლობა.

2002-2007 წლებში ფინანსირებადი
თსუ სახელმწიფო-მიზნობრივი
პროგრამის თანახელმძღვანელთა ჯგუფი –
კ. ფხაკაძე, გ. ჩიჩუა, ა. ვაშალომიძე, კ. გაბუნია
მკვლევართა ჯგუფი –
ლ. აბზიანიძე, ა. მასხარაშვილი, მ. ჩიქვინიძე

საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ქართული ენის, ლოგიკისა და გამომთვლელის ღია ინსტიტუტი (gllc.ge))

Share this Post!

Post by ADMIN

0 Comment