ლევან ღამბაშიძე. გამოხმაურება ნინო ბექიშვლის წერილზე. azrebi.ge 30.05.2011

0
0

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი ნინო ბექიშვილის წერილს, რომელიც მან საკუთარ ბლოგზე 28 მაისს განათავსა (http://liberali.ge/nino-bekishvili/nu-mashinebt-rus).

პირველ რიგში მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მესმის, რატომაც დაწერა ქალბატონმა ნინომ ეს წერილი. ბოლოში თავად ამბობს: „პ.ს. მიხვდებოდით, ნერვები დაწყვეტაზე მაქვს“. ნამდვილად მესმის რატომაც ჰქონდა/აქვს მას ნერვები დაწყვეტაზე. არავისთვის არის სასიამოვნო ადამიანების ცემის ყურება. განსაკუთრებით თუკი ცემის მსხვერპლნი ბავშვები, მოხუცები და დაბმული ადამიანები არიან. შევთანხმდეთ, რომ გადამეტებული ძალის გამოყენება და სისასტიკე, რომელიც გამოყენებული იქნა 26 მაისის აქციის დაშლისას არავისთვის სახალისო საყურებელი არ ყოფილა.

 

ახლა მოგახსენებთ იმას, თუ რა არ მომეწონა წერილში. მაგალითად პირველივე სიტყვები: „უკვე აღარ მეშინია რუსეთის, იმიტომ, რომ ჩემთვის რუსეთი ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა ის, რაც 26 მაისის ღამით თბილისსა და ბათუმში მოხდა.“

ჯერ ერთი რუსეთი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც 26 მაისს თბილისსა და ბათუმში მოხდა, ან ის, რაც სტატიაში ქალბატონ ნინოს აღწერილი აქვს. მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. პრობლემა რუსეთისადმი ამგვარ დამოკიდებულებაშია, რომელიც ნორმალური იქნებოდა ფეოდალური სახელმწიფოსათვის თუმცა მიუღებელია თანამედროვე ერი-სახელმწიფოსათვის. აგიხსნით:
ფეოდალური მმართველობის დროს არსებული საზოგადოება ორ ჯგუფად შეიძება გამოვყოთ: იმად, ვინც მიწას ფლობს, და იმად, ვინც ამ მიწას ამუშავებს: ანუ ფეოდალებად და გლეხებად. თავის მხრივ ფეოდალებს სფეციფიკური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან და მეფესთან, როგორც უზენაეს ძალასთან. თუმცა ძალის ეს უზენაესობა ძალზედ პირობითი რამ არის და ყოველთვის ექვემდებარება გადახედვას. ფეოდალისათვის მთავარია, რომ მას ჰქონდეს მიწა, რომელსაც ის განაგებს და რაც შეიძლება ნაკლები გადასახადი გადაუხადოს მასზე ზემდგომ ძალაუფლებას. იგი საკუთარ პოლიტიკას სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით აწარმოებს. ამდენად ფეოდალისთვის ხშირ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ იქნება მისი მთავარი. ასეთ ფეოდალებს, რომლებიც უფრო სარფიანი პირობების გამო, მოქმედი მეფის სხვა პიროვნებით ჩანაცვლებას ცდილობს, ჩვენ „მოღალატეების“ სახელით ვიცნობთ. ეს რაც შეეხება ფეოდალიზმს.
თანამედროვე ტიპის ერი-სახელმწიფოს წარმოშობა ნაციონალიზმის ცნებასთან არის დაკავშირებული. მე არ მსურს ამ ცნების დეტალური განხილვა. მინდა შემოგთავაზოთ მხოლოდ ერთი ციტატა ნაციონალიზმის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორის, ერნსტ გელნერის წიგნიდან, რომელიც ჩემი სათქმელის გამოხატვაში დამეხმარება:
„არსებობს ნაციონალისტური პრინციპის რღვევის კიდევ ერთი განსაკუთრებული ფორმა, რომლის მიმართაც ნაციონალისტური განწყობა განსაკუთრებით მგრძნობიარეა. თუ პოლიტიკური ერთეულის მმართველები ეკუთვნიან სამართავთა უმრავლესობისგან განსხვავებულ ერს, ეს ნაციონალისტისათვის პოლიტიკური სამართლიანობის შეუსაბამო, გაუსაძლის მდგომარეობას წარმოადგენს. ამგვარი რამ ნაციონალური ტერიტორიების იმპერიებად გაერთიანების დროს, ან უცხო ჯგუფის დომინაციისასაა შესაძლებელი“ (ერნსტ გელნერი. ერები და ნაციონალიზმი.  გამომცემლობა ნეკერი. თბილისი. 2003. გვ.4).
როგორც ვხედავთ თანამედროვე ერი-სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ ვინ არის მმართველი. მმართველი და მართული ჯგუფების დამთხვევას სუვერენიტეტი ჰქვია. სუვერენიტეტის გარეშე არ არსებობს თანამედროვე სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო. მაგალითად ყველამ ვიცით, რომ არსებობს ჩეჩნეთი, რომ ის განსხვავდება მაგალითად საქართველოსგან ან ოსეთისგან, მაგრამ იგი არსებობს მხოლოდ როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილი და არა როგორც სახელმწიფო. დღეს უკვე პრინციპულია ის, თუ ვინ გმართავს.
არავისთვის არის საიდუმლო, რომ საქართველო, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვასალურ დამოკიდებულებაში იყო რუსეთის მიმართ. საბჭოთა კავშირს არაფერი ჰქონდა საერთო თანამედროვე სახელმწიფოსთან. იგი უფრო ფეოდალურ სახელმწიფოს შეიძლება შევადაროთ. შესაბამისად ის ცნობიერება, რომელსაც ჩვენ აგერ უკვე 20 წლის განმავლობაში გვინდა გავექცეთ სწორედ ფეოდალურია. ამიტომ შეიძება ვივარაუდოთ, რომ იმ ხალხს, რომლებიც საბჭოთა კავშირში გაიზარდნენ, რომელთა იდენტობაც საბჭოთა კავშირს უკავშირდება, ისეთივე დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ძალაუფლების მიმართ, როგორც ეს იყო ფეოდალური წყობილების დროს. მათთვის პრინციპული არ არის ვინ არის მმართველი. ამის დასტურია ამ ადამიანების არაერთი ინტერვიუ თუ საჯარო გამოსვლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ადამიანები ცუდები არ არიან. ისინი ასეთები არიან. უბრალოდ მათი მსოფლხედველობა წინააღმდეგობაში მოდის თანამედროვე ტიპის სახელმწიფოსთან, და სწორედ ამიტომ იწვევს ხოლმე ვნებათაღელვას მათი საჯარო გამოსვლები.
ახლა სტატიას რომ დავუბრუნდეთ.
მე დაახლოებით ვხვდები  რისი თქმაც სურდა ქალბატონ ნინოს. ალბათ ამის:
„თუკი საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს რუსეთს და გამუდმებით იმუქრება რუსული ოკუპაციით, მაშინ ნუ ბაძავს მას. გაათაისუფლოს მედია და სასამართლო, ნუ ურტყავს ბავშებს და მოხუცებს, ნუ აკონტროლებს ბიზნესს და ნუ ლახავს კერძო საკუთრების უფლებას. და რაც მთავარია, ჩვენ, საზოგადოებამ ხმა უნდა ამოვიღოთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ ხელისუფლება მიხვდეს, რომ ჩვენ, რუსული საზოგადოებისგან განსხვავებით არ შევეგუებით ამგვარ ქმედებებს ჩვენს მიმართ.“

ეს გასაგებია და არავისთვის მიუღებელი არაა. სამწუხაროდ სტატიის გაგება აგრეთვე სხვანაირადაც შეიძლება. მაგალითად ასე: „რუსეთი შეიძლება იყოს ჩვენი მმართველი და ამით არაფერი ცუდი არ მოხდება, და ეს იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ისეთივე ცუდია (ან უარესიც კი), როგორც რუსეთის ხელისუფლება.“
ამის დასტურია სტატიის ბოლო წინადადებაც:
„თუკი ჩვენ, ქართველები, ხელისუფლება-ოპოზიცია-საზოგადოებიანად სხვას ვერაფერს ვაკეთებთ, და ჩვენი ელიტის დიდი ნაწილი ამ ყველაფერს ამართლებს, ხოლო ჩვენი არტისტები 26 მაისის ღამის შემდეგ ამაყად იღებენ პრეზიდენტისგან ბრწყინვალების ორდენებს, მაშინ ალბათ არა ვართ დამოუკიდებლობის ღირსები.“
ეს წინადადება სწორედ იმ მთავარი ნაციონალური პრინციპის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც მე ზემოთ ავღწერე. ეს არ არის სწორი. ჩვენ შეიძლება ვაკრიტიკოთ მთავრობის მოქმედებები, მაგრამ რა შუაშია ქვეყნის დამოუკიდებლობა? ან მთავრობის ზიზღის გამო შეიძლება დავთმოთ ისიც და შევწყვიტოთ სახელმწიფოდ არსებობა? შესაძლოა ქალბატონ ნინოს ამის თქმა არც უნდოდა. მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ის, რაც მას გამოუვიდა. ზოგადად საჯარო განცხადების გაკეთების დროს სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან პასუხისმგებლობა გეკისრება არა მხოლოდ იმაზე, რასაც უშუალოდ ვაამბობთ, არამედ ნათქვამის შესაძლო ინტერპრეტაციებზეც. ამიტომაც სჯობს განცხადებების კეთება არა მაშინ, როდესაც „ნერვები გაქვს დაწყვეტილი“, არამედ მაშინ, როდესაც გონება კვლავ მოიპოვებს უპირატესობას ემოციებზე.

 

 

Share this Post!

Post by ADMIN

0 Comment