მარიტა მათიაშვილი. საქართველოში დაბადებულების ოთხი კედლით შექმნილი ვაკუუმი. azrebi.ge 04.05.2011

0
0

“დაბადებულები საქართველოში”… აგვისტოს ომის ამსახველი კადრები. ოთხი ადამიანის ჩაკეტილი წრე. წრის შიგნით: არავითარი ომი, არავითარი კომუნიკაცია. ურთიერთობა ფორმით და არა შინაარსით. ეს წრე მოწყვეტილია გარემოს. ამ წრის იქით ვერ დაინახავ ნაცნობ სიტუაციებს, ნაცნობ დამოკიდებულებებს, ნაცნობ რეაქციებს, ნაცნობ ურთიერთობებს, ნაცნობ ტიპებს. ეს ყველაფერი არც წრის შიგნით ჩანს.
უახლობლო ოთხეული. მათ ერთმანეთის გარდა არაფერი იციან. მათი გზები მხოლოდ ერთმანეთთან მიდის. მხოლოდ ფინალში ვხვდებით ექსპოზიციაში აღწერილი აგვისტოს ომის ამსახველი კადრების მნიშვნელობას. კაცები იღუპებიან. ერთ-ერთი მათგანი ნაღმზე ფეთქდება. მეორე ნაღზმე აფეთქებულის კვალს მიყვება – რუსი ჯარისკაცების გასროლას ეწირება. მისი ცოლი, რა თქმა უნდა, ორსულადაა. (ბოლო 5 წლის განმავლობაში შექმნილი ქართული ფილმების აპრობირებული ფინალი).
ფილმის წარმომავლობა გაურკვეველია. ვერ გაიგებ ეს ფილმი ქართულია, გერმანული, ინგლისური… მარტო სიგარეტის აურაცხელი რაოდენობით მიხვდებით – ქართულია.
გაუგებარია ავტორის დამოკიდებულება. ნათელია მხოლოდ სამყაროს აღქმის მისი საკუთარი მოდელი. ფილმში ასახული გარემო სწორედ ის მოდელია, რითიც ავტორი აღიქვამს რეალობას. ფილმის ნაკლოვანებები ზუსტად ასახავს ავტორის თვალთახედვის შეზღუდულ არეალს. მის საკუთარ არაკომუნიკაბელობას. მისი პრობლემის ლოკალურობას. ამას ფილმის ნაკლოვანებები გამოხატავს და აი ეს არის პრობლემა. ქართული არაკომუნიკაბელობის გამოხატვა ავტორის მიზანი რომ ყოფილიყო, შესაბამისი, განზრახ არჩეული ფორმით გამოხატული, სახეზე საინტერესო, უაღესად აქტუალურ ფილმს მივიღებდით და არა ავტორის ლოკალურ ადამიანურ თუ პროფესიულ პრობლემას.
ეს ფილმი შეიძლება მხოლოდ ავტორის პირადი გამოცდილებაზე გვესაუბროს: გაექცეს რეალობას, რადგან ის არ მოსწონს. იმდენად უარყოს ის, რომ მხოლოდ ფავორიტ ადამიანების ვიწრო წრესთან იურთიერთოს, მხოლოდ სიჩუმის და ჩხუბის გზით. მხოლოდ განსაზღვრული მარშრუტებით იაროს, რომ სხვა გზაზე ვიღაც მიუღებელს არ გადააწყდეს. მხოლოდ სახლებში ჩაიკეტოს ამ ფავორიტებთან ერთად. გარედან ინფორმაციაც არ შემოუშვას. ბოლოს იმდენად დაივიწყოს ცოცხალი ადმაიანების ცოცხალი ყოფა, რომ თავისნაირებთან დიალოგის დროსაც კი დაავიწყდეს – ადამიანები ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივი ლოგიკით დაკავშირებული წინადადებებით საუბრობენ.
_ სტვენა მე გასწავლე!
_ არა!
_ მე გასწავლე!
_ არა!
_ მე გასწავლე!
_ უსაქმური ხარ! უსაქმური!
ანდაც:
_ სამი წელი ვიმუშავე ამ სამსახურში და სანამ ყავა არ გადავისხი, ვერ მივხვდი, რომ წამოვსულიყავი.
ალბათ ასე საუბრობენ ავტორის პირად სივრცეში. ალბათ ყავის გადასხმა ხდება სამსახურის დატოვების მიზეზი. არა! შეიძლება პროტესტმა სწორედ მაშინ იფეთქოს, როცა ყავას გადაისხამ ყავაზე და მიაფურთხო ყველაფერს, მაგრამ ალბათ შემდეგ მიხვდები რა გაღიზიანებს და მეგობარსაც ამ მიზეზს ეტყვი.
შეიძლება ავტორის პირად სივრცეში ჩნდებიან ადამიანები, რომელთაც სახლის სახურავის შეკეთებისას მართლაც აცვიათ თეთრი პერანგები. ალბათ ამერიკაში განათლება მიღებული, რაფინირებული ბიჭები საკუთარ სუპერმარკეტში თავად ყიდიან გუდის ყველს.
რა იცი? პირად სივრცეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ ეს სამყარო არაბუნებრივია. ეს ფილმი ჩვენ, ხალხმა უნდა ვნახოთ და ეს ჩვენთვის არაადეკვატურია.
„გამოსახულება მჭიდროდაა დაკავშირებული სამართლიანობასთან, რადგან გამოსახულება მტკიცებულებაა. კინო იძლევა მომხდარის მატერიალურ მკიცებულებას“. (ჟან-ლუკ გოდარი “გოდარი გოდარის შესახებ”).
 

რატომღაც კინოში მომუშავე ავტორებს ავიწყდებათ ეს მარტივი ჭეშმარიტება. ავიწყდებათ ისიც, რომ კინო ხელოვნებასთან ერთად პროდუქციაცაა. ის აუცილებლად მოიაზრებს თავის თავს, როგორც კომერციულ ხელოვნებას. ის აუცილებლად განკუთვნილია მაყურებლის თვალებისთვის, რომელიც მრავალი მხრიდან შემოსცქერის და თუკი თავიდან ბოლომდე მისი ერთგული რჩება, ეს იმიტომ რომ რეალობით ნაშენებ ხელოვნებას ხედავს. საკუთარ არსებას და საკუთარი ყოფიერების დამამტკიცებელ დოკუმენტს უყურებს. ამიტომ მისთვის სრულიად გაუგებარია პირადი, უფრო ზუსტად, მიკერძოებული და ამ მიკერძოებაში არაადამიანური, არაბუნებრივი გარემო.
ამ სიტყვებით არ უარვყოფ ინდივიდუალიზმს. არავის მოვუწოდებ უარი თქვას საკუთარ ეგზისტენციაზე, მაგრამ პირად ჩანახატს, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს ჩემს, როგორც ადამიანური ბუნების მატარებელ სუბიექტთან, ჩანახატს, რომელიც არ მელაპარაკება, არამედ კედელს მიშენებს ეკრანზე და ჭუჭრუტანიდან მაჩვენებს საკუთარ ლოკალურ არსს, ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ, რადგან არც ჩემი, არც გელას, არც ხვიჩას, არც გოჩას არც ნაირას და არც არავის, მათ შორის, არც თავად შემქმნელის, რეალობას არ ასახავს.
ჩაკეტილი სივრცე წყდება გარემოს. უცხო ხდება გარემოსთვის და არაადეკვატურია მასთან მიმართებაში. ჩაკეტილი წრე არ იძლევა რეაქციას გარეთ მომხდარზე. თუ იძლევა, – არაჯანსაღს, არაქმედითს, არაკონსტრუქციულს. როდესაც ავტორი შორდება აუდიტორიას, ნაშრომი კარგავს ადრესატს და საკუთარ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამართლებას – მიმართული იყოს პუბლიკისკენ, განკუთვნილი იყოს საზოგადოებაში გადამუშავებისთვის.
ქართულ გარემოში დარღვეულია კომუნიკაცია. ჩვენ აღარ ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ თავს. ჩვენ უცხოები ვართ ერთმანეთისთვის და როდესაც ველაპარაკებით ერთმანეთს საკუთარ თავზე, ეს ლაპარაკი ჩვენთვის გაუგებარია. შესაბამისად შედეგი – რაც პროგრესს უნდა ემსახურებოდეს, მიუღწეველია. ჩვენს შექმნილ პროდუქტზე დაგვაზეპირებინეს რეაქციის ორი ფორმა: ტაში და ჩაქოლვა, და იმდენად რამდენადაც არ გვესმის იმ სიტყვების შინაარსი, რითაც ველაპარკებით ერთმანეთს, რეაქციის ამ ორ მწირ  ფორმას არაადეკვატური მიმართულებით ვიყენებთ. ჩვენ არ ვაანალიზებთ, ვერ ვაფასებთ გარემოში დადებულ პროდუქტს და წრეზე ვტრიალებთ.
ფილმის პრესკონფერენციაზე პრესა ერთხმად გამოხატავს აღბრთოვანებას, ერთად უკრავს ტაშს. ერთხმად აღტყინდება პროდუსერების პრეტენზიული განაცხადით: ფილმი საავტოროა და ფესტივალებზე გაუშვებენ.
რას ეტყვის ეს ფილმი უცხოელ მაყურებელს საქართველოზე? ვერაფერს. მისთვის მეტად ჩაიკეტება. მას საერთოდ ვერაფერს გააგებინებს, მე ქართველი ვარ და ის მაინც ვიცი, _ ამ ფილმის ქართულობას შემოსაზღვრული აზროვნება და უსაზღვრო რაოდენობის სიგარეტი განსაზღვრავს.
 

Share this Post!

Post by ADMIN

0 Comment