რეფლექსია და გამოცდილებით სწავლა

2
0

გამოცდილებით სწავლა სწავლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეთოდია. ეს წინადადება თავისთავად უკვე გულისხმობს იმას, რომ სწავლების სხვა წარმატებული მეთოდებიც არსებობს. ზოგადად, იმის გააზრება, რომ სწავლება ბევრ სხვადასხვა მეთოდს შეიძლება ეფუძნებოდეს, ძალიან მნიშვნელოვანია და თავისთავად უკვე დიდი წარმატებაც.

საკამათო არაა., რომ გამოცდილება ადამიანის ცხოვრებაში დიდი კაპიტალია.  მეტიც, ხშირად გამოცდილებას ყველაფერზე წინ აყენებენ, რაც ვლინდება, მაგალითად, უფროს-უმცროსობის ჩვენეულ ინსტიტუტში. არც ისაა საკამათო, რომ გამოცდილების დაგროვებას დრო სჭირდება და ბევრი სხვადასხვა შემთხვევაც, ჩვენ კი შეიძლება არც ერთი გვქონდეს და არც მეორე, ან არც გვინდოდეს რომ გვქონდეს. სწორედ ამის გათვალისწინებით, ერთ მშვენიერ დღეს, სწავლების მეთოდოლოგიათა ნუსხაში გაჩნდა გამოცდილებით სწავლების მეთოდი.

გამოცდილებით სწავლება გულისხმობს საკითხში ფიზიკურ-სიმბოლურად შესვლას და შემდეგ მისი შთაბეჭდილებების გაანალიზებას, გააზრებას, ანუ რეფლექსიას. ამ მეთოდით შესაძლებელია გამოცდილება შევიძინოთ სხვადასხვა კონკრეტულ ვითარებებში თუ მდგომარეობებში რეალურად, ჩვენი ცხოვრებით შესვლის გარეშე. ამ მეთოდს ის უპირატესობა გააჩნია, რომ ადამიანი ამ გზით მიღებულ ცოდნას უშუალოდ საკუთრად მიიჩნევს, რადგან ეს ცოდნა წამოსულია თავად მისგანვე, და არა სხვა ვინმესგან, რომელმაც სადღაც დაწერა ან თქვა ამაზე. ამასთანავე, გამოცდილებით სწავლების მეთოდის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავი ჩავაყენოთ აბსოლუტურად ნებისმიერ სიტუაციაში, რომელიც გვაინტერესებს, გვინდა ან გვჭირდება.

ამ მეთოდზე საუბრისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გადამწყვეტ როლს აქ რეფლექსია თამაშობს. აქ მისი როლი იმდენად დიდია, რომ მის გარეშე ყველანაირი გამოცდილება ფუჭია. სწორედ რეფლექსიაა ის მთავარი ნაწილი, რომელიც გამოცდილებიდან გვაძლევს საბოლოო პროდუქტს, ანუ ცოდნას.

ყველაზე ხშირად გამოცდილებით სწავლების მეთოდი არაფორმალური განათლების სივრცეში შემხვედრია. ეს სივრცე საამისოდ სრული სამოთხეა, რადგანაც აქ ხელოვნურად და სიმბოლურად შეგვიძლია შევქმნათ უამრავი ისეთი ტიპის ვითარება, მდგომარეობა და როლი,  რომელიც ყოველდღიურობაში არ ან ვერ გვაქ.  ამ ვითარებებისგან თუ მდგომარეობებისაგან ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება გვაშორებდეს დრო, მანძილი, ფიზიკური მოცემულობები, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გარემოება, კულტურა, სოციალური სისტემები და ათასი სხვა რამ.

სწორედ ამგვარი გარემოებების შესაქმნელად არაფორმალური განათლების პროცესში ხშირად გამოიყენება გარკვეული ტიპის თამაშები და სცენარები, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ სახალისო, სასაცილო და ხშირად არასერიოზულიც ჩანს. აქ აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მთავარი თამაში კი არა, ის განხილვებია, რომელიც ამ თამაშებს მოჰყვება. აი ეს განხილვები კი, ანუ იგივე რეფლექსიის დრო უკვე, გარწმუნებთ, თუ სწორად და კარგადაა წარმართული, იმაზე ბევრად უფრო სიღრმისეული და სერიოზულია ვიდრე ძალიან ბევრს წარმოუდგენია.

რეფლექსიასა და გამოცდილებით სწავლას ერთი დიდი დადებითი მხარე გააჩნია – მას აქვს შესაძლებლობა არ დარჩეს მხოლოდ არაფორმალური თუ ფორმალური განათლების სივრცეში და გადმოინაცვლოს ჩვენს ყოველდღიურობაში. ასეთ შემთხვევაში რეფლექსიას კიდევ უფრო დიდი როლი ენიჭება, რადგან მისი მეშვეობით ჩვენს ყოველდღიურობას შეგვიძლია სხვადასხვა გამოცდილებების როლი შევასრულებინოთ და რეფლექსიისათვის „დასამუშავებელ მასალად“ გადავაქციოთ. ამ პერსპექტივას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ასეთი „დასამუშავებელი მასალა“ გვაქვს ყველას, ყველგან, ყოველთვის და საამისოდ ჩვენ არ გვჭირდება არც ძვირადღირებული წიგნები, არც მასწავლებლები, არც სასწავლო დაწესებულებები თუ მაღალფასიანი პროგრამები. საამისოდ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ყოველდღიურობა, რაც აბსოლუტურად ყველას გაგვაჩნია სანამ ცოცხლები ვართ.

ჩვენი ყოველი დღე, ყოველი ქმედება, ყოველი ფიქრი, ყოველი სიტყვა უკვე სავსებით საკმარისი მასალაა რეფლექსიისათვის და გამოცდილებიდან სასწავლებლად. მაგალითად, მაღაზიაში ჩასვლა, მეგობრის ნახვა, წიგნის წაკითხვა, ინსტრუმენტზე დაკვრა, ქუჩაზე გადასვლა, რაიმე ფაქტის შემჩნევა, პურის გამოცხობა, ბურთის თამაში, კამათი ახლობლებთან ან უცხოებთან, მუსიკის მოსმენა, კვება და აბსოლუტურად ყველაფერი სხვა რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება. საამისოდ კი ჩვენ დაგვჭირდება რეფლექსიისთვის განკუთვნილი  რამდენიმე ძირითად შეკითხვაზე პასუხის გაცემა. მაგალითად:

  • რას ვგრძნობ მოცემულ სიტუაციაში?
  • რა კავშირი აქვს ამას ან ჩემს, სხვის ან ზოგადად ცხოვრებასთან?
  • წარსულში თუ მქონია მსგავსი შემთხვევა?
  • მომავალში რომ იგივე მოხდეს, როგორ ვიმოქმედებ?

ეს ის ჯადოსნური კითხვებია, რომელიც გაცილებით მეტ დამატებით შეკითხვას წარმოშობს პროცესში და ხშირად წარმოუდგენელ საუბრებსა და აზროვნების სივრცეებს აძლევს დასაბამს. თითქოს რა მარტივია არა? მაგრამ, აბა გაიხსენეთ ბოლოს როდის გააკეთეთ მსგავსი ტიპის რეფლექსია? ალბათ ძალიან დიდი ხნის წინ… იმიტომ რომ ან გვავიწყდება, ან გვეზარება, ან დროს ვერ ვპოულობთ საამისოდ, ან არ ვიცით, ან არ გვჯერა მისი.

რომ შევაჯამოთ, რეფლექსიის უნარითა და შეკითხვების გამოყენებით ჩვენი ერთი შეხედვით აბსოლუტურად რუტინული ყოველდღიურობაც კი შეგვიძლია დიდ გაკვეთილებად გადავქციოთ პარალელების დასმით. კიდევ უფრო დიდ ცხოვრებისეულ გაკვეთილებად შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენი ჰობი და საყვარელი საქმიანობები თუკი რეფლექსიისათვის განკუთვნილ კითხვებს დავუსვამთ. ხოლო თუკი არაფორმალური განათლების სივრცეში აღმოვჩნდებით, რეფლექსიის მეშვეობით იმის შესაძლებლობაც გვექნება რომ გამოცდილებაში შევიძინოთ ჩვენი ყოველდღიურობისაგან განსხვავებული ან ხელმიუწვდომელი ვითარებები სხვადასხვა თამაშებისა და სცენარების მეშვეობით.

და ბოლოს, გამოცდილებით სწავლას და რეფლექსიას დიდად უწყობს ხელს კარგი მეხსიერება და კარგი წარმოსახვის უნარი. დიდი სიკეთე იქნებოდა თუ როგორმე ამაშიც შევძლებდით გავარჯიშებას.

Share this Post!
0 Comment

Leave a Comment

Your email address will not be published.