სანდრო ფაჩუაშვილი. მოხატული კედლების შიში

13
0

 

მიუხედავად იმისა, რომ დავიბადე და გავიზარდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ყოველთვის გააზრებულად თუ გაუაზრებლად ერთმანეთს ძირავს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ ჯგუფს არ მივეკუთვნები და არაფრისტი და არავისტი არ ვარ..

ქვეყანაში ბოლო წლებში შექმნილმა მდგომარეობამ უზარმაზარი პროტესტის გრძნობა გამიჩინა, რაც უფრო ვიზრდები და მემატება ასაკი, მით უფრო ვმწარდები უსამართლობაზე და კიდევ იმაზე, რომ ამ უსამართლობას ან ხელს აფარებენ, ან ჩუმად არიან, ოღონდ თვითონ იყვნენ კომფორტულად. კომფორტი არის მტერი!

ერთმა ჩემმა ამერიკელმა მასწავლებელმა პატრიოტიზმი ამიხსნა ისე, რომ შემიცვალა წარმოდგენა ე.წ.  „ქართულ პატრიოტიზმზე.“ მითხრა – “პატრიოტიზმი ის კი არ არის, იძახო, ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ და სხვებს უმტკიცო, თუ რამდენად კარგი ქვეყანაა, არამედ ისაა, რომ აკრიტიკო შენი ქვეყანა, ხელისუფლება, მენტალიტეტი და ამით ხალხი დააფიქრო და საბოლოოდ, მართლაც საუკეთესო ქვეყანაში იცხოვროო”.

სკოლაში საქმეების გარჩევები, დაჭრები და მკვლელობები, სამწუხაროდ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის და რაც მოხდა, ახალი არ იყო.  თუმცა, პროგრესი მაინც არის – ვხედავთ უსამართლობას, დაუსჯელობას, გამოვდივართ და ვაპროტესტებთ. როგორ ვაკეთებთ ამას და ვინ უდგას ამ  პროტესტებს თავში, ეგ სხვა თემაა, მთავარია, რომ ესეც სტარტია. აქციებზე სიარულით მივხვდი, რომ მე, პირადად, როგორც ინდივიდი და არა რაღაც მასის წევრი, დიდად ვერაფერს ვაკეთებდი.

street art-ით გატაცებული  ყოველთვის ვიყავი, სულ მაინტერესებდა, როგორ შეიძლება ერთმა წარწერამ ან ერთმა ნახატმა ასე დააშინოს სხვადასხვა ელიტები.

გავიგე, რომ თბილისის მერიის დაფინანსებით ტარდებოდა street art ფესტივალი, რომელშიც ჩემი მეგობრები და ისეთი ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას, ვისაც პატივს ვცემ და კარგი ურთიერთობა მაქვს. თან შანსი მეძლეოდა, რაღაც მეთქვა პროტესტზე, გაყოფილ სოციუმზე, პოლიტიკური ელფერით „დაშინებულებზე“… როგორ შეიძლება, არ გამოხატო პროტესტი უსამართლობის გამო მარტო იმიტომ, რომ შეიძლება ეს სადღაც, ვიღაცამ არასწორად გაიგოს?!

მოკლედ, გამოვიყენე ლეგალურად კედელზე დახატვის შანსი და ჩემი პირადი მოქალაქეობრივი პროტესტი გამოვხატე ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად.

ისიც ვიცოდი, რომ ყველა თავისებურად გაიგებდა ამ მესიჯს, მაგრამ არ შეიძლება იფიქრო, ეს რომ გავაკეთო, რას იტყვის ხალხი, როგორ გაიგებს ჩემს პროტესტსო – ამოიღე თავი ტრაკიდან, თვალი გაუსწორე რეალობას და შენი გასაკეთებელი გააკეთე. ვიცოდი, რომ ეს არტი პოლიტიკური გახდებოდა და უნდა გახდეს კიდეც – დღევანდელ საქართველოში ყველაფერი პოლიტიკურია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისადმი მიძღვნილი ნახატზე გამოსახულ მესიჯზე ხალხის რეაქცია („14 წლის. 13 ჭრილობა. 0 მკვლელი“ – თუმცა ციფრებში შეცდომაა) –  პრობლემად იქცა ორგანიზატორებისთვის. მათ შემომთავაზეს წარწერის ერთობლივად წაშლა და კამერებთან ან სოცქსელში იმის თქმა, რომ  თითქოს ეს გზავნილი სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენეს და რომ მე ასე არ მინდოდა, ამიტომ უნდა წავშალო და ბლა ბლა ბლა. ცხადია, არ დავთანხმდი და ორგანიზატორებს მოქმედების სრული თავისუფლება მივანიჭე. ისინიც თავისუფლად მოიქცნენ და წაშალეს. ერთხელ მითხრეს – მესიჯი არ ვარგა, თუ ის ოცდაოთხ საათზე მეტ ხანს გაძლებს კედელზეო – ჩემმა არტმა 24 საათიც ვერ იცოცხლა-:)

დაცენზურებული street art, თუნდაც (და მითუმეტეს), მთავრობის მიერ დაფინანსებულ ფესტივალზე არის ცრუ პატრიოტიზმი, ხელოვნური ფასადის შექმნა, რომ ვითომ – რა ნიჭიერები ვართ, როგორ ვალამაზებთ ჩვენ ქალაქს და ა.შ. რეალურად კი, რამის შესაცვლელად ამ ყოვლად მაგარ და უმარტივეს მედიუმს არ იყენებ პროტესტისთვის და იმისთვის, რომ ხალხი დააფიქრო.

როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, პოლიტიკური და სოციალური საზრისისგან დაცლილი ხელოვნება ძალადაკარგულ სიტყვას გავს და თუ სიტყვას არ აქვს ძალა, რომ შეცვალოს რამე, ეგრე ხმას ტრაკიც გამოსცემს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share this Post!
0 Comment