თქვენს წინაშეა მხოლოდ ბლოგებისგან შედგენილი მედია-პორტალი. განსხვავებით არსებული მედია სივრცეეებისაგან, ბლოგი, ამ ახალ გარემოში, არის არა დამატებითი, არამედ, ძირითადი შემადგენელი ელემენტი: ბლოგების ავტორები წერენ/ქმნიან ფაილებს და თვითონვე ტვირთავენ პორტალზე.

შესაბამისად, არ არსებობს არც დაგეგმილი დღის წესრიგი და არც დაგეგმილი მიმდევრობა/იერარქია: პორტალის, როგორც დღის წესრიგი, ასევე, ბლოგების იერარქია, მთლიანად ბლოგერების სურვილზე და მოტივაციაზეა დამოკიდებული.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თანამედროვე სამყარო აუქმებს აზრის და პოზიციის გამოხატვის ექსკლუზიურობას და ტრადიციული მედიუმების აუცილებლობას. ამავე დროს, დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ასეთი თავისუფალი სივრცის შექმნით და ამ სივრცეში იმ ადამიანების თავმოყრით, ვისთვისაც ბლოგერობა არა შემოსავლის წყარო, არამედ, თვითგამოხატვის აუცილებელი ფორმაა, შევძლებთ მაქსიმალურად სრულად ავსახოთ და გავაგრძელოთ ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ: ჩვენი მკითხველები/მაყურებლები/ავტორები შესძლებენ გაეცნონ იდეების და დამოკიდებულებების მაქსიმალურად მდიდარ მრავალფეროვნებას და მონაწილეობა მიიღონ ამ მარავალფეროვნების ერთიანობის შექმნაში. ბოლოს და ბოლოს, ის სამყაროც, რომელშიც ვცხოვრობთ, სხვა არაფერია, თუ არა იდეების და დამოკიდებულებების გამოხატვის ერთიანობა.

ცხადია, პორტალის ადმინისტრატორები იტოვებენ უფლებას, რომელიმე ბლოგერს კონრეტული თემის დამუშავება შესთავაზონ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პორტალზე ბლოგერობა არ ნაზღაურდება, ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილების მიღების ტვირთიც და თავისუფლებაც მთლიანად ბლოგერის მხარეს იქნება.

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც ჩვენი პორტალი სარეკლამოდ მიმზიდველი გახდება, ჩვენ შევძლებთ ბლოგერების ანაზღაურებას. ოღონდ, მაშინაც, ანაზღაურება დამოკიდებული იქნება არა ჩვენს გადაწყვეტილებაზე, არამედ, წაკითხვების, ყურებების და მოწონება/გავრცელების რაოდენობაზე, რომლის ზუსტი დათვლაც, თითოეული ბლოგის მიმართ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

7/24 ბლოგმედიას ვუშვებთ რამდენიმე ათეული ავტორის მონაწილეობით. ეს ის ხალხია, ვინც დასაწყისისათვის შევარჩიეთ და რომლებსაც სრული თავისუფლება აქვთ პორტალში: ისინი მოამზადებენ ბლოგებს და ატვირთავენ, როცა უნდათ და ნებისმიერი ტექნიკური ფორმით – კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. თუმცა, ცხადია, ჩვენ ვერ მოვახერხებდით ყველა კარგი ავტორის დაპატიჟებას. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს ადმინისტრატორს, ან რომელიმე თავისუფალ ავტორს და შესთავაზოს საკუთარი ტექსტი. რამდენიმე, ან, თუნდაც, ერთი, წარმატებული ბლოგის შემდეგ, ბლოგერი შეუერთდება თავისუფალი ავტორების ჯგუფს.

ერთადერთი შეზღუდვა, რასაც ადმინისტრატორები განუხრელად დაიცავენ, ისაა, რომ ბლოგი არ უნდა შეიცავდეს ძალადობის მოწოდებას და პიროვნებების არანორმატიული ლექსიკით ლანძღვას.

როგორც ნახავთ, პორტალის მიერ შემოთავაზებული  ბლოგების მრავალფეროვნება დიდია: ჩვეულებრივი, ტექსტური ბლოგიდან დაწყებული, კომიქს და მიკრო-ბლოგამდე.

ავტორებიც, როგორც ხედავთ, სხვადასხვა განათლების, გამოცდილების მსოფლმხედველობრივ-სამოქალაქო პოზიციის მატარებლები არიან. ვფიქრობთ, ავტორების მდიდარი გამოცდილება და პოზიციების მრავალფეროვნება არის ჩვენი პორტალის მომავალი წარმატების საფუძველი.

ჩვენ გვჯერა, რომ თქვეთან ერთად შევქმნით ამ სრულიად ახალ სივრცეს. ერთადერთი გზა, მომავალ, ახალ სამყაროში ერთად ვისწავლოთ თვითგამოხატვა და სხვისი თვითგამოხატვის გაგება, თავისუფლებაა. 7/24 ბლოგმედია ამ თავისუფლებას გთავაზობთ.

 

შენიშვნა: პორტალზე გამორთულია კომენტირების რეჟიმი. თანამედროვე სოციალური ქსელები კომენტირების ბევრ ვერსიას გვთავაზობს, ამიტომ, ამ პორტალში კომენტირების დუბლირება არ ჩავთვალეთ საჭიროდ. თუკი მკითხველი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა უპასუხოს/გამოეხმაუროს ბლოგში გამოთქმულ აზრებს, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მის ბლოგს და ავტვირთავთ.

 

©  მამუკა ფაჩუაშვილი, პაატა ვეშაპიძე, გიგი თევზაძე.