დავით კლდიაშვილი. 12 აგვისტოს სიკვდილი

7
0

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს შრომის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, 12 აგვისტო, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე,  უქმე დღედ ცხადდება. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: დიდგორის ბრძოლა ზუსტად ასახავს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაცია. დიდგორობის, როგორც, სრულიად საქართველოს დიდი გამარჯვების დღისაღნიშვნა საერთოსახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს“.

მსგავსი არგუმენტაციით 12 აგვისტოს განდიდება თავად 12 აგვისტოს, როგორც გამარჯვების ქმედითი იდეის სიკვდილია.

ყველა იდეა მაშინვე კვდება, როგორც კი სტატიკაში ჩერდება, ხდება მისი საკრალიზაცია, იდეის შინაარსში არავინ შედის, არავინ მსჯელობს მასზე და ყურადღებას მხოლოდ იდეის გარეგნულ ფორმაზე ვაკეთებთ, იდეა ლოზუნგის დონეზე დაგვყავს.

იდეის მკვლელობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ქრისტიანობაა. მას შემდეგ, რაც საშუალო სტატისტიკური მორწმუნე საუკუნეების წინ მიხვდა, რომ ქრისტიანობის, როგორც სიყვარულის და სიკეთის იდეის  ქმედებაში და გონებაში  განხორციელება ურთულესი და შეიძლება არასასურველიც იყო, მან რელიგია აქცია რიტუალების ერთობლიობად,  საკუთარ სულში და გონებაზე ქრისტეს დაცვაზე უარი თქვა და „დაცვა“ ფიზიკურ დონეზე გამოიტანა. იგი კლავდა და კლავს „არაქრისტიანს“ ფიზიკურად, გარეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში  მის გონებაში. საუკუნებიის შემდეგ  მისმა გონებამ არც კი იცის ქრისტიანობა – იდეა სიკეთის და სიყვარულის შესახებ.

ეროვნულ მასშტაბში ასევე იდეურად მოკვდა ილია ჭავჭავაძე, როცა მისი ჯერ სამოქალაქო, და შემდეგ რელიგიური საკრალიზაცია მოხდა, ილიას შემოქმედება ფართო მასებისათვის „ხიდჩატეხილობის“ პრობლემამდეა დაყვანილი. ილიას იდეების მხარდაჭერა საზოგადეობაში მარგინალად და შეურაცხყოფის ობიექტად გაქცევს.

12 აგვისტოს, როგორც გამარჯვების ქმედითი იდეის  მკვლელობა დიდი ხანია დაწყებულია. სამწუხაროდ დღემდე ჩვენთვის დიდგორი არის  ფიზიკური ძალის ფიზიკურ ძალაზე გამარჯვება, ერთმა ქართველმა 10 მტერს მოკვეთა თავი.  მარტივად გასაგები „მაჩოისტური“ კულტი, ფიზიკური სიძლიერე – გამარჯვებაა. თითქმის არც ერთ სასკოლო ისტორიის წიგნში არ ვხვდებით სიღრმისეულ მსჯელობას იმ რეფორმებზე, რაც წინ უძღოდა დიდგორის ბრძოლას და რომლებმაც ქვეყანა მიიყვანა ამ გამარჯვებამდე. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების  შექმნა, საეკლესიო რეფორმა, ეკონომიკური რეფორმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ხორციელდებოდა იმისათვის, რომ დიდგორი დამდგარიყო.  ამის საპირისპიროდ, ნაცვლად იმისა, რომ „სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტი“  მიმართული და მომთხოვნი  იყოს რეფორმების და პროგრესის მიმართ, მისი კონსოლიდაცია ხდება ლოზუნგის დონეზე დაყვანილ თარიღზე, როცა ერთმა ქართველმა ათ მტერს მოაჭრა თავი.

სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე საინტერესო ნარკვევი „მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის შესახებ“ ( ავტორი სოსო მარგიშვილი). თავად წიგნის მოპოვება რთული აღმოჩნდა, მხოლოდ ბიბლიოთეკებში იყო. სანამ უშუალოდ წიგნამდე მივიდოდი გამოხმაურებებს გავეცანი. როგორც ჩანდა მისი ავტორი „აკადემიური წრეების” მიერ  გაირიყა, უამრავი კრიტიკა და მიუღებლობა დაატყდა თავს, მოღალატედაც შერაცხეს. წიგნმა, ასეთი  წინა ისტორიით კიდევ უფრო დამაინტერესა. საბოლოოდ წიგნი იშვითად კარგი აღმოჩნდა. ავტორი შენთან ერთად მსჯელობს დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, მოჰყავს ფაქტები სხვადასხვა წყაროებიდან, შენ თვალწინ ცოცხლდება სელჯუკთა იმპერიასთან ბრძოლის ფურცლები.  როგორ ხასიათდება დავით აღმაშენებელი ? ცალსახად უდიდესი პოლიტიკოსი და სტრატეგი. თითოეულ მის გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს დიდი გეოპოლიტილური გათვლები, ლავირების უნარი, რეფორმების სწორი აქცენტირება. დავით აღმაშენებელი სრული სიდიადით წარსდგება მკითხველის წინაშე.

მაშინ რატომ შეიძულეს ავტორი ?  პასუხი დიდგორი ომის აღწერაშია, ისტორიკოსი ძალიან არგუმენტირებულად ასაბუთებს, რომ 56000 მეომარს არ დაუმარცხებია 400 000 იანი არმია, არამედ სადღაც 15-20 ათასი მეომრით, ტაქტიკური უპირატესობის გამოყენებით [ხეობაში შემოტყუება და ა.შ] გაიმარჯვეს მტრის 35 – 40 ათასიან ჯარზე. აი აქ დაუშვა ავტორმა შეცდომა, ესეიგი ერთი ქართველი 10 მომხვდურს ვერ ერეოდა ! მთელი მითი უხეში ფიზიკური  სიძლიერისა დაიმსხვრა,  უკვე მეორე რიგში გადადის რეფორმებიც, დავითის გენიალური ქმედებები, ანუ ყველა ის წინაპირობა, რომელმაც დიდგორის ომში გამარჯვების საძირკველი მოგვცა.  მთავარ საკითხში ვერ გაუგო ავტორმა საშუალო სტატისტიკურ ქართველს. მარტივი ფორმულა, ერთი კლავს ბევრს და იმარჯვებს, დაანგრია.

ზუსტად ამ ფორმულის გამყარებას მოემსახურება 12 აგვისტოს უქმე  დღედ გამოცხადება. დაცლილი ყოველგვარი შინაარსისგან, ანალიზისგან, გაცნობირებისაგან და განვაგრძობთ ლოზუნგებით, ყალბი  და ურა პატრიოტიზმით ცხოვრებას. დიდგორის გამარჯვებას არ აუშენებია სახელმწიფო, სახელმწიფოს აშენების გამო გავიმარჯვეთ დიდგორში.

Share this Post!
0 Comment