აღთქმული მიწა – არა ყველასთვის.

3
0

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მღვიმე, რომელშიც ადამიანების გვამებია ნაპოვნი. მღვიმე როგორც ჩანს სამზარეულოდ გამოიყენებოდა, რომელიც სვარაუდოდ ამოიქოლა მეწყერის შედეგად. ადგილზე ნაპოვნია რამოდენიმე თხის ჩონჩხიც და რამოდენიმე უძველესი მანუსკრიპტი. გარდა ამისა მღვიმის ლურჯად შეღებილ კედლებზეც რამოდენიმე წარწერაა შესრულებული.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ გარდაცვლილი პიროვნებები ებრაელი წარმოშობისანი არიან და სავარაუდოდ მოსეს თანამედროვენი იყვნენ. ამაზე ზემოთაღნიშნული მანუსკრიპტები მეტყველებენ, რომელთა მხოლოდ ნაწილი გადაურჩა განადგურებას. მეცნიერები მათ აღდგენაზე მუშაობენ.

გთავაზობთ რამოდენიმე ფრაგმენტს:

“მაგან კანონები მოირგო თავის თავზე და თავის ოჯახზე. ჩამოიტანა მთიდან! მაგრამ ეს კანონები ჩვენთვის უცხოა. ებრაელი ვერასდროს იცხოვრებს ამ კანონებით. . .”

“ზღვის გაყოფა იყო დადგმული, მაგრამ ბრძენი ებრაელი ხალხი მაგას არ დაიჯ . . . “

“ვინ არის ეგვიპტის აგ…ტი? მოსეა თავად აგენტი! სად ისწავლა მან? სად მიიღო განათლება? ვინ იყო ფარ…ნის მეგობარი და ძმა?”

“წყალი რომ წამოვიდა ქვიდან ხომ გახსოვთ? შადრევანი გაგვაკვირვებს ებრაელ ხალხს?”

“მანანა ვჭამოთ? . . . და ვის შემოაქვს მანანა? ვის და აარონს . . .“

“კარგით რა ხალხო! ვინ მიგიღებს აღთქმულ მიწაზე?! ზღაპარია ეგ. არავის უნდიხარ. ტყუილად აღიზიანებს მოსე ეგვიპტელებს იქეთ სიარულით. თან როდემდე უნდა ვიაროთ? სადაა დაპირებული ტერიტორიები?! ამასობაში იმასაც ვკარგავთ რაც გვაქვს . . . დიახაც, სანამ დროა უნდა დავარეგულიროთ ეგვიპტელებთან ურთიერთობა, რომ ის მაინც შეგვინარჩუნონ რაც გვაქვს. . .“

“რელიგია წაგვართვა, ხარი გაგვიტეხა, ახალი ღმერთი დაგვიდგინა . . .”

“ . . . გაუჩანაგა საქონელი და მინდორ ველი, წაუბილწა მდინარე, დაუხოცა შვილები – და კიდევ ეგვიპტელები არიან მოძალადეები?! ვის ეჭიმები, ვის აღიზიანებ? მარა გიჟია . . . ახლა იძახონ “არა ძალადობას””

“ჩვენ ვწუხვართ, რომ მოსეს მიერ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგად დაიღუპნენ ეგვიპტელი ჯარისკაცები, რომლებსაც მძინარეებს დაატყდათ თავს ცეცხლოვანი სვეტი . . . “

“ყველაზე მეტად ვუყვარვართ ეგვიპტელებს. ისტორიული კავშირი გვაკავშრებს. კულტურულადაც უფრო ახლოს ვართ. პოლითეიზმის ყველაზე დიდი დამცველი სწორედ ეგვიპტეა. ჩვენი კულტურის დიდი ნაწილიც ეგვიპტეში შეიქმნა. უნდა მივიდეთ, ვუმღეროთ, ვუცეკვოთ. იქნებ გვაპატიონ ამ კაცის სიგიჟე. . .”

მეცნიერების დასკვნის მიხედვით აღნიშნული პიროვნებები ძალადობრივი სიკვდილით არიან დაღუპულნი. წინასწარი ექსპერტიზის თანახმად, რომლებიც მათ მოჭრილ თავებს გაუკეთდა, მათ ეგვიპტური ხმლით მოკვეთეს ისინი.

 

Share this Post!
0 Comment