გადავათრიოთ თუ არა გემი მთაზე 15.07.2010 azrebi.ge

0
0

ჰუერექუექუ: მე ჰუერექუექუ ვარ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ფიცკარალდო: გმადლობთ.
………………………………………………………………..
ფიცკარალდო: როგორ შეიძლება ვინმემ პატრიოტიზმი სასკოლო სახელმძღვანელოდან ისწავლოს?
ჰუერექუექუ: მთავრობა მოითხოვს ამას. ადგილობრივები ამას ისევე მიეჩვივნენ, როგორც ვაქცინაციას. ბავშვები თავს უკვე პერუელებად გრძნობენ. ამას წინათ ვკითხე: „ინდიელები ხართ?“, „არა“, მათ მიპასუხეს, „ინდიელები მაღლა მდინარეზე რომ ცხოვრობენ, ისინი არიან“. მერე მე ვკითხე: „რა არის ინდიელი?“ მათ მიპასუხეს: „ინდიელები არის ხალხი, რომლებმაც არ იციან კითხვა და არ იციან, როგორ გარეცხონ საკუთარი ტანსაცმელი“.
ფიცკარალდო: და რას ამბობენ უხუცესები?
ჰუერექუექუ: რა გითხრათ. ჩვენ არ ვაპირებთ შევეშვათ სწავლებას, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მხოლოდ ილუზიაა, რომლის იქითაც სიზმრების რეალობა მდებარეობს.
ფიცკარალდო: მე ძალიან მაინტერესებს ეს იდეები. იცით, მე ოპერის სპეციალისტი ვარ“.

ეს დილოგი ვერნერ ჰერცოგის ფილმ „ფიცკარალდო“-დანაა. მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისის პერუში ხდება. ფილმი მოგვითხრობს ირლანდიული წარმოშობის ავაინტიურისტზე, ბრიაინ ფიცჯერალდზე, რომლიც გვარსაც პერუელები „ფიცკარალდოდ“ წარმოთქვამენ. ფიცკარალდოს უნდა ოპერა ააშენოს ამაზონის ჯუნგლებში. ამ საქმისათვის ფულის საშოვნელად ის იძულებულია ჩაებას კაუჩუკის ბიზნესში და მანამდე შეუძლებლად მიჩნეული მარშრუტი გემით გაიაროს, რათა კაუჩუკის მდიდარ, ხელუხლებელ ტყეს მიაღწიოს. ამ შეუძლებლობის გადალახვის საფუძველი კი ისაა, რომ ფიცკარალდო ადგილობრივი ინდიელების დახმარებით გემს მთაზე გადაათრევს და მდინარის მანამდე მიუვალ განტოტებაში მოხვდება.

კაუჩუკის ბარონი კარლოს ფემინ ფიცკარალდი ისტორიული ფიგურაა და მის სახელს დღესაც ატარებს პერუს ერთ-ერთი პროვინცია. მან მართლაც გადაიტანა გემი მთაზე, ოღონდ არა ისე, როგორც ვერნერ ჰერცოგის გმირმა – მთლიანად, არამედ  დაშალა და ნაწილ-ნაწილ. ის ცნობილია, როგორც დაუნდობელი ავანტიურისტი, რომლემაც ბევრი რამ გააკეთა პერუს განვითრებისათვის.

ასე რომ, ფილმში მოთხრობილი ისტორია სინამდვილის ძალიან პოეტური ვერსიაა. მაგრამ მიუხედავად ამ ერთი შეხედვით სიმსუბუქისა და პოეტურობისა, „ფიცკარალდო“ მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისის პერუში მიმდინარე მოვლენების ღრმა გამოკვლევას ემყარება. ამ კვლევის ერთ-ერთი შედეგია ის დიალოგი, რომელიც ფიცკარალდოს და ადგილობრივ მაცხოვრებელს – სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულს  შორის იმართება. აქ ჩანს, როგორ მუშაობს პერუს მთავრობა ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაზე დაროგორ იწყებს ეს იდენტობა სამყაროს შესახებ ადგილობრივ წარმოდგენებთან თანაარსებობას.

ახლა წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, როდესაც ეს [უკვე] პერუელი ბავშვები გაიზრდებიან. მათ წარმოდგენებში პერუელობა მჭიდროდ დაუკავშირდება რეალური სამყაროს ილუზორულობის და სიზმრების სამყაროს რეალურობის შესახებ სწავლებას. ახლა კიწარმოვიდგინოთ, რომ პერუს ამ ნაწილზე მეზობელი ჯუნგლებიდან იერიში მიიტანეს მტრულმა ტომებმა, რომლებსაც უკვე განვითარებული სოფლის მეურნეობის ჩაგდება უნდათ ხელში და ყოფილი ინდიელების, აწ უკვე პერუელი გლეხების, დამორჩილება. იმ ინდიელების დამორჩილება, რომლებმაც უკვე მიწის დამუშავებაც ისწავლეს, ტანსაცმლის გარეცხვაც და პერუელებადაც გრძნობენ თავს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯუნგლების ინდიელებმა უკეთესი ბრძოლა იციან, ხოლო პერუელებს სტაბილური და მშვიდი ცხვორების გამო ბრძოლა დაავიწყდათ, ჯუნგლების ხალხი ადვილად იპყრობს მათ.

რაღაცა ხნის შემდეგ დაპყრობილი პერუელები აღმოაჩენენ, რომ მათი და დამპყრობლების წარმოდგენები სამყაროს შესახებ სრულიად ემთხვევა ერთმანეთს – დამპყრობლებიც, ისევე როგორც დაყრობილებიც, აღიარებენ ამ სამყაროს ილუზორულობას და სიზმრების სამყაროს რეალურობას. მით უმეტეს, დამყრობლები სულაც არ უშლიან ხელს დაპყრობილებს  გააგრძელონ პერუელებად თავის აღქმა. შედეგად, ძალიან მალე, დამპყრობლები და დაპყრობილები ერევიან ერთმანეთში და ნელ-ნელა პერუელად ყოფნაზე აღარავინ ლაპარაკობს – სასკოლო წიგნები აღარ შემოდის, რაც იყო – ისინი ომების და წვიმების დროს განადგურდა. მასწავლებლებიც ნელ-ნელა შეეშვნენ სკოლაში სიარულს – მათ ფულს აღარავინ უხდის. საბოლოოდ ვიღებთ ველურების ერთ დიდ ტომს, რომელშიც პერუელი უკვე აღარავინაა და ისევ ერთ დიდ, ჯუნგლებში და ჯუნგლების კანონით მაცხოვრებელ საზოგადოებას.

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ეს ისტორია ჩვენი რეალობის აღსაწერად მოვიგონე. ასევე, არც იმის დანახვაა ძნელი, ვინ ასრულებს ჩვენს საზოგადოებაში ჰუერექუექუს ფუნქციას. ერთის მხრივ, სახელმწიფო თითქოსდა ცდილობს პოლიტიკური დამოუკიდებლობის, თავისუფლების დადემოკრატიის იდეები ნაციონალური იდენტობის ნაწილად აქციოს (მესმის, რომ ეს მცდელობები არც ერთმნიშვნელოვანია, არც თანმიმდევრული და არც ყოველთვის ცხადი), მეორეს მხრივ კი – ქართველი ჰუერერუექუები, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ასწავლიან საკუთარდა ჩვენს  შვილებს, თუ რა კარგი იყო ერთ დიდ ტომში ცხოვრება, რომ იქ ქართველობას არაფერი ემუქრებოდა, რომ სამყაროზე წარმოდგენები –  რელიგია – ჩვენ ერთი გვაქვს, და ა.შ. რაც მთავარია, ხშირად, იმედია გაუცნობიერებლად, უმეტესობას (იმისადა მიუხედავად,ხელისუფლებაშია ის თუ მთავრობაში)  გული იმდროინდელი სისტემებისკენ და ცხოვრების მოწყობისაკენ მიუწევს.

ეს სახიფათო სულ არ იქნებოდა, ჯუნგლებიდან ჩვენი ყოფილი თანატომელები რომ არ გვემუქრებოდნენ შემოჭრით და დამონებით. ბოლოს და ბოლოს, თანატომელობის მახსოვრობის და სიკარგის მქადაგებელი ხალხიც წავა ამ ქვეყნიდან მათთვის უფრო რეალურ – სიზმრების – სამყაროში. მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ჩვენი ყოველი ნოსტალგიური მზერა ჯუნგლების საზღვარს გვიახლოვებს.

და ბოლოს, რაკი ვერნერ ჰერცორგის ფილმის ციტირებით დავიწყე, ისევ ამ ფილმით წარმოშობილი ალუზიით დავამთავრებ. ეს ალუზია არ არის ფილმის ინტერპრეტაცია. პირიქით, მაქსიმალურადაა ფილმის შინაარს დაცილებული და დაახლოებულია ჩვენს ცხოვრებასთან: სანამ ჩვენ ვფიქრობთ, ვკამათობთ და ვცდილობთ დავადგინოთ, თუ როგორ გადავიტანოთ გემი მთაზე, იმისათვის, რომ მდინარის შეუღწეველ განტოტებაში მოვხვდეთ და შემდეგ ჯუნგლებში ოპერა ავაშენოთ, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩნდება [იზრდება] ჩვენს გარშემო, რომლისთვისაც ჯუნგლები და ჯუნგლებში ცხოვრება მისაღებია. ანდა, უფრო ზუსტად  – მათთვის მისაღებია მითები ჯუნგლების შესახებ, რომლებსაც მათ უფროსები უყვებიან. რა თქმა უნდა, მათი უმეტესობისათვის ეს მითები იმ წუთშივე დაინგრევა, როგორც კი ჯუნგლების რეალობას დაეჯახებან, მაგრამ უკვე გვიან იქნება.

ვფიქრობ, ჰუერექუექუებთან საუბარში და ურთიერთობაში ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ იმას, რასაც ისინი აკეთებენ და არ ჩავთვალოთ ეთნოგრაფიულ თუ სოციალურ კურიოზად, როდესაც ჩვენი შვილების თავებში მათივე პიროვნული თავისუფლების, მათი ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის და სისტემური დემოკრატიის საწინაამღდეგო ნაღმების ჩადება ხდება. ყველა თვითონ ირჩევს რა გზით წავიდეს, გადაათრიოს მთაზე გემი თუ არა და ააშენოს თუ არა ტყეში ოპერის შენობა, მაგრამ თუ ოდნავ მაინც გვაწუხებს, რა ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება ჩვენ და ჩვენს შვილებს, მიუღებელია პასუხი:
„მე ძალიან მაინტერესებს ეს იდეები. იცით, მე ოპერის სპეციალისტი ვარ“.

Share this Post!

Post by ADMIN

0 Comment