ზურა ოდილავაძე. კლავს თუ არა რბილი ,,ლ” (,,ივერია”, 2017, ივლისი-აგვისტო, #4)

6
1

თბილისელობის ფენომენის აღქმა სხვადასხვა სოციალურ ფენაში ხშირად აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. სანიმუშოდ შეგვიძლია, ,,შთამომავლობით ქალაქელთა“ და პროვინციიდან ჩამოსულთა წრეებში გავრცელებული ორი უკიდურესი კლიშე მოვიყვანოთ:

1. თბილისელები თავისი ,,ჯიშიანობით“ ჩამოსულებზე აშკარად უპირატესნი არიან და ამიტომ მათ უფლება აქვთ, ,,გოიმები“ შედარებით დაბალ სოცილურ ფენად მოიაზრონ, რაც, თავის მხრივ, ქალაქელების მენტალურ ძალაუფლებაში გამოიხატება. ამ მოვლენას ჩვენი საზოგადოების ,,უკურნებელი სენი“ და ,,ურბანული ფაშიზმიც“ კი ეწოდა; 2. რაიონიდან ჩამოსულები და თბილისელთა ლიბერალური, გნებავთ, პროგრესული წრეები კი, თავის მხრივ, ასეთ გაამაყებულ, ,,ძირძველ“ თბილისელებს ,,პეროგარჭობილ სნობებად“, მოიხსენიებენ.

ვფიქრობ, ჭეშმარიტება უფრო ზომიერ და ნაკლებად რადიკალურ მიდგომაში უნდა ვეძიოთ. დასაწყისისთვის კი აღვნიშნავ, რომ ის არსებები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, სხვას ზემოდან უყურონ ან ისეთ ტერმინს იყენებენ, როგორიცაა, ,,ჩამოთრეულები“, მათ ადამიანებად არც განვიხილავ და უფრო პრიმატთა კლასს მივაკუთნებ.

ამტკიცებდნენ, რომ თითქოს თბისლისში ცხოვრება ბევრს არაფერს იძლევა და თბილისელი არაფრით განსხვავდება პროვინციელისგან… თან ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც თავად დააარსეს თანამედროვე ელიტარიზმის და ნეპოტიზმისა ,,უმაღლესი აკადემია“ – საბჭოთა ინტელიგენციის საუკეთესო ტრადიციებში შექმნეს მძლავრი სახელოვნებო სექტები და ახლა მე მაბოლებენ საკუთარი მოწინავეობითა და ჩამოსულებისადმი შემწყნარებლობით…

დავიწყებ ყველასთვის ცნობილი ფაქტებით. მოგვწონს თუ არა, დედაქალაქში ცხოვრობს სამეცნიერო თუ სახელოვნებო ელიტის დიდი უმრავლესობა, საუკეთესო კულტურულ-საგამნანათლებლო დაწესებულებებიც თბილისშია, ისაა პოლიტიკური და კულტურული მოვლენების ეპიცენტრი. ამიტომ ცხადია, თუ პიროვნება მოწადინებულია, მენტალურად გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს მეტ-ნაკლებად კულტურულ, განათლებულ ადამიანად, ზემომოყვანილი პირობების გათვალისწინებით, მას ამისთვის ბევრად უკეთესი პირობები სწორედ თბილისში ეძლევა.

მოვიყვან მაგალითს საკუთარი ცხოვრებიდან: გურიაში დავიბადე, ამ დროს მშობლები, როგორც სამხედრო ექიმები, კამჩატკის ნახევარკუნძულზე გაამწესეს, შემდეგ, ისინი თბილისში დაბრუნდნენ, მაგრამ მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრების გასაგრძელებლად სამტრედიაში მოუწიათ გადასვლა; მე ჯერ ვერის საბავშვო ბაღში შემიყვანეს, შემდეგ რაიონში გავაგრძელე სწავლა, ბოლოს კი ,,კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში“ ამოვყავი თავი და სამედიცინო ინსტიტუტშიც ჩავაბარე…

ავხსნი, თუ რატომ მოვიყვანე ასე დაწვრილებით ჩემი ცხოვრების გეოგრაფიული დეტალები. სამოქამაქო ომის დროს მშობლებთან სამტრედიაში გადავედი… ათ წელზე მეტი რაიონში ვიცხოვრე, ხოლო 2009 წელს თბილისში დავბრუნდი. სამტრედიულ ყოფაზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ შემდეგი წინასწარმეტყველების საფუძველი შემიქმნა: რომ არა ჩემი დედქალაქში დროული გადმოსვლა, დღესაც (თუ ცოცხალი ვიქნებოდი), რომელიმე ,,უზომოდ საყვარელი“, მაგრამ უცნობი ,,კაი ბიჭის“ საფლავზე ვიდგებოდი ჭიქით ხელში…

მოკლედ, სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ახლა გაუთლელ ხეპრედ თუ არა, მაგარ ,,ნამყენ გოიმად“ დავრჩებოდი, რომ არა თბილისი და ის ეზო, მეზობლები, საზოგადოება, რომლის გარემოცვაშიც ჩამოვყალიბდი.

ასეა, რამდენადაც ვიცი, სხვაგანაც. პარიზი, ვენა, ლონდონი თუ რომი ითვლებიან მსოფლიო კულტურის ცენტრებად, ხოლო როდის გაუთანაბრდება მათ სამტრედია, ჯერ უცნობია…

თუ გავითვალისწინებთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომ ჩვენ პოსტკომუნისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და, ამის გამო, თბილისი ,,თავკომბალა“ ქალაქია, აღნიშნული ჭეშმარიტება, დედაქალაქის საგანმანათლებლო სიკეთეების თაობაზე, კიდევ უფრო თვალნათელი გახდება.

ბოლოს კი ,,ქალაქელებსა“ და ,,გოიმებს“ შორის ერთ- ერთ მთავარ წყალგამყოფზე – რბილ ,,ლ“- ზე. მაშ, კლავს თუ არა რბილი ,,ლ“?

ამ ნიშნით ადამიანების დაყოფას აქ არც განვიხილავ – ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, რომელიც ზემოთაც ვახსენე, ცივილიზებულ სამყაროში მიუღებელია… მაგრამ, თავისთავად, თუნდაც მხოლოდ რბილი ,,ლ“-თი მეტყველება, ბევრ რამეზე მიანიშნებს. კერძოდ, ადამიანი, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ცხოვრობს და მოწიფულ ასაკშიც რბილ ,,ლ“-ს ხმარობს, წლებია არ შეცვლილა, ამისთვის არც შრომა გაუწევია და არც გაუმჯობესების მონდომება გამოუჩენია. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთმა პიროვნებამ საკმაო მექანიკური ცოდნა დააგროვა, ის მენტალურად არ გაზრდილა და ამიტომ, მისი ცოდნა ,,მკვდარია“ – ის საზოგადოებას შესამჩნევ სარგებელს ვერ მოუტანს.

სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა…

Share this Post!
0 Comment

Leave a Comment

Your email address will not be published.