ზურა ოდილავაძე. ქართული სიცრუის მსოფლიო პრემიერა!

11
0

მეგობრებო, გილოცავთ!

ეროვნული კონსენსუსი, რომელზეც ქართველები საუკუნეებია ვოცნებობთ, დამოუკიდებლობის  მოპოვების ოცდამეექვსე წელს შედგა! ერმა და ბერმა, ბოლოს და ბოლოს მიაღწია  შეთანხმებას ერთ დიდ ტყუილზე – ყველაფერი კარგადაა!

თუ უფრო ჩავუღრმავდებით ამ საყოველთაო თანხმობის შინაარს, ის ასე გამოიყურება: ,,ჩვენ გვშია, გვწყურია, გვცივა და ჩამოვრჩით, მაგრამ ამას არ ვიმჩნევთ, ტყუილის ჭაობში ერთხელ და სამუდამოდ ვიძირებით და ვამბობთ – ყველაფერი ძალზე კარგადაა!.. ხელისუფლება, რაცაა ესაა – სხვა არ გვყავს… და რუსეთიც ოკუპანტია, მაგრამ, ხომ იცით – ,,ბაბაია და იმის ჯანი“… მოკლედ, გუგუნის ერა დაიწყო! ვაშა!“

,,ელიტური“ ფეოდალიზმის აქამდე არაოფიციალური დევიზი: ,,ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად, ხალხი კი დაბოლებას ექვემდებარება“ – აი, ამაზე შევთანხმდით და ამჟამად ეს დებულება უკვე უზენაესი კანონის სტატუსს იძენს. გიხაროდენ!

ივერიელთა ერთსულოვნება ეფუძნება ერთ მთავარ კანონს და მას ,,სუუუ-ჩუუს  პრინციპი“ ჰქვია… უფრო გასაგები ენით რომ ვთქვათ, განსხვავებული აზრი გამოცხადდა ყველაზე საშიშ დანაშაულად და უკიდურესად სახიფათო ერესად.

ეროვნული დაბრმავების აღნიშნული გაოფიციალურება ერში – ახალი კონსტიტუციის წინამორბედის მიღებით დაიწყო,  ხოლო სასულიერო სფეროში – პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეთი.

პირველმა საბოლოოდ დააკანონა შემდეგი:

1. ხელისუფლებისა და პოლიციის სრული გაბატონება – ,,განსაკუთრებულ შემთხვევებში“ უკანონო მოსმენები და ჩადებები (რისიც გინდა – წამალ-იარაღიდან – ციანიდამდე) მოსულა – ე.ი. რასაც მინდა გიზამ და ხმასაც არავინ ამოიღებს;

2. ხელისუფლებაში მუდამ მე უნდა ვიყო – საარჩევნო ბლოკებს – არა და დარჩენილი ხმებიც გამარჯვებულს მიაქვს… და ბარემ, ,,ვიღაც“ პრეზიდენტიც რომ არ წიკვინებდეს, მასაც მე დავნიშნავ.

სულიერი განახლებაც იმავე მიმართულებით ვითარდება – აქაც ყველაზე დიდ დანაშაულად ეკლესიაში განხეთქილების შეტანაა მიჩნეული და ამიტომ გასხვავებული აზრი გამოცხადდა ყველაზე სახიფათო ერესად, რომელსაც მოწამეობრივი სიკვდილიც კი ვერ გამოისყიდის.

ვითომ, რაზე გაკეთდა სწორედ დღეს ესოდენ მკაცრი აქცენტი განხეთქილებაზე – ეს საშიშროება ქართულს ეკლესიას კარგა ხანია თითქოს არ ემუქრება?.. თუ იერარქების კრებული ტყუის (ამის საილუსტრაციოდ, სულ უკანასკნელი – ,,ციანიდის საქმეც“ კმარა), შენ სიცრუე კი არ უნდა ამხილო და სიმართლე თქვა, არამედ, პირიქით, მოვალეც კი ხარ ტყუილის მხარეს დადგე, რათა ერთიანობა და საყოველთაო თვალის დაბრმავება შეინარჩუნო… როგორც ყველა დანარჩენ სფეროში (პოლიტიკა, ხელოვნება, ყოველდღიური ცხოვრება) – მთავარია ოდნავ ზიანი არ მიადგეს კუტოკის ინტერესებს, ეჭვი არავინ შეიტანოს კოლექტიურ ჭეშმარიტებებში და არ შეირყეს ფეოდალური ავტორიტეტები! აქედან გამომდინარე, კოლექტიურ ტყუილზე შეთანხმება აუცილებელი და დროულიც კი არის!

ქართველებმა გასაოცარი, კაცობრიობის უახლესს ისტორიაში არნახული ,,ყირამალა მიდგომა“ დავაკანონეთ: ჯორდანო ბრუნო და ჟანა დ’არკი გამოცხადებულნი არიან ყველაზე საშიშ სახელმწიფო დამნაშავეებად და ქართველთა მტრებად!

დიახ, კაცობრიობის თვითგაბრუებისა და სიცრუეზე საყოველთაო დადუმების ისტორიაში, ეს მართლაც მსოფლიო მასშტაბის ინტელექტუალური გარღვევა – ჩვენი ქართული ექსკლუზვია!

ერის ბელადი და მისი სულიერი წინამძღოლი მოურიდებლად და ერთხმად გვასწავლიან: ,,ჭეშმარიტებას მხოლოდ ჩვენ ვფლობთ და ყველა, ვინც გაბედავს განსხვავებულად იაზროვნოს, ჯერ სრულ იზოლაციაში მოექცევა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთს, სამუდამო გეენაში წარიგზავნება… ისეე… რას ვერჩოდით ,,კანონიერ ქურდებს“, ისინიც ,,არიფებისგან“ გასხვავებით ყველაფერში მართლებად საკუთარ თავს აცხადებდნენ?

მეტად სასაცილო კი ამ ერთსულოვნებაში ისაა, რომ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ,,ძეხვი“ და კომფორტი სასტიკად მიმზიდველია – ყველა ჰეროინივით შეჯდა მასზე და ამიტომ მიდის თავდადებული ბრძოლა თბილი ადგილებისთვის – ვის, რა აქვს დასაკარგი, ვის, რა: მინისტრს – გავლენა, პრივილეგიები და სავარძელი; ჩინოვნიკს – ხელფასი და დანამატი; ,,კულტურის მუშაკს“ – გრანტი; ზოგსაც… თუნდაც უშფოთველი არსებობა და დაწინაურებული მეგობრების ხარჯზე ,,კაი სმა-ჭამა“ – გაქანებას, შესაძლებლობებსა და ფანტაზიას გააჩნია…

მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ,,ოღონდ არ იყოს ბუნტი და შევთანხმდით – ყველაფერი ცუდააა, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად თუ არა, ნიშტიაკ მაინცაა და მომავალში კიდევ უფრო კარგად იქნება… მოსახლეობის 90%-ის დედაც, ,,ელიტა“ უნდა იყოს მაგრად!… კუტოკური ფეოდალიზმის იერარქებმა პირში საყოველთაო წყლის დაგუბებაზე მოვილაპარაკეთ… ამიტომ მკაცრად – ,,სუუუ-ჩუუუ!“… დანარჩენი ბელადმა იცის…”.

აბა, ახლა თქვენზეა, ამხანაგო ქვემდგომო კრავებო – ერთიანობა და ერთსულოვნება ცხადდება უმაღლესს ფასეულობად! ამიტომ კოლექტიურად თვალები დავხუჭოთ, გუნებაში ღირსება აღვიდგინოთ და წარმოვიდგინოთ – ახალი, მომხიბვლელი ცხოვრება მოიდააა!

ერთი ჭეშმარიტება, ერთი მუდამ და ყველაფერში მართალი, ერთი შიში და ერთი კოლექტიური თანხმობა – წავიდააა!

 

ო, კოლექტივო, შენ ხარ სიცოცხლე ჩვენში,

როგორც თევზები წყალში, ისე ვართ შენში!

შენ გვჩუქნი მცონარობას და გვიცავ მტრებისგან,

ჯოგმა დაგვიფაროს საკუთარი ნებისგან!

თავი ბევრი გვაქვს, აზრი კი ერთი:

ჩვენთან არს და იქნება ღმერთი!

 

უსმინე დიქტატის დიქტანტს: ჭეშმარიტება ჩვენ ვიცით მხოლოდ – ასეთია კოლექტივის მრწამსი.

მთავარი მტერია სარკე – ის უნდა დაიმსხვრეს, ან დაიფხაჭნოს მაინც – არ აირეკლოს არსი!

არავინ გაბედოს, ასახოს ჩვენი ნამდვილი იერი – უნდა გამოჩნდეს მხოლოდ ლამაზი გარსი!

 

ბელადი მიგვიძღვის, მდუმარე ჯოგი ვართ,

მწკრივად მივაბიჯებთ, ერთად მოვდივართ.

კოლექტივი ურჩებს გაკიცხავს ყიყინით,

შიში და თანხმობა, გულში ღიღინით:

 

მისამღერი:

,,სუსურუკუ“ ჩვენი გულია,

მის გარეშე არსებობა ნულია!

 

,,თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღაა-ა-ა-ამ,

თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგი-ი-ი-რს,

ეს ფიალა უყვარს უფალ თამადა-ა-ა-ას,

მიართვით, მი-არ-თვიი-ი-ით“…

ჰოო… ახლაა… ეს თეთრი გედი, რამ გამახსენა?.. გედიი, რა შუაში იყო?.. ვითომ, თვითმკვლელობა მიუტევებელ ცოდვად, მაგრამ განსხვავებული აზრის ერესთან შედარებით, მაინც მეორე რანგის დანაშაულად, რომ გამოცხადდა?..

ააა, ჰო, გამახსენდა!

P.S.

ამხანაგებო, მე თქვენ კოლექტივში არ მიგულოთ…

გაგიმარჯოთ ჭეშმარიტო ქართველო ჯორდანო ბრუნოებო! მომავალი თქვენია ივერიელო ჟანა დ’არკებო! მე თქვენ მიყვარხართ და მხოლოდ თქვენ მოგაგებთ უდიდეს პატივს!

ორმაგი გაფრთხილება კოლექტიური ნების წინააღმდეგ წამსვლელთათვის (კოსნსტიტუცია და ეპისტოლე), ჩვენ მხოლოდ ახალი, რომანტიკული თავგადასავლებისკენ გვიბიძგებს…

თქვენ კი, არც იოცნებოთ, რომ დაგვადუმებთ! ბარო და ვაშა!

ზ.ო. 2017 წელი, აპრილი, ღამის 3 საათი და 22 წუთია

Share this Post!
0 Comment

Leave a Comment

Your email address will not be published.