ზურა ოდილავაძე. ციალას ბრძოლა ,,პიდარასტებთან“ (,,ქართველების ექვსი ვნება“)

8
1

სექსში უკიდურესი ლიბერალიზმის ათვისების შემდეგ ციალა მეორე უკიდურესობაში გადავარდნილა და ლგბტ საზოგადოებასთან ბრძოლითაც გაუთქვამს სახელი. როგორც თავად უწოდებდა – ,,პიდარასტებს“ გააფთრებით ეკვეთა! დიადი მიზანიც ცხადი იყო – მომავალი თაობის ამ დასავლური გარყვნილების სენისგან გადარჩენა… და, რაღა თქმა უნდა, ჩვენი, მოწიფულების ხსნაც.

 17 მაისის აღლუმი მზადდებოდა…

ჭეშმარიტ პატრიოტთა მთელი ძალები მობილიზებული იყო ერთი დიადი მიზნისთვის – უკანალის უბიწოების დაცვა! საიდუმლო ბაზაზე გაცხოველებული სამხედრო-საველე სწავლებები მიმდინარეობდა. პოლიგონზე, განცალკევებით, მეტად გაძლიერებული პროგრამით, გადამწყვეტი ბრძოლებისთვის სპეციალური მოიერიშე ჯგუფი –  ,,ტრაკფრთხილნი-777” წვრთნას გადიოდა…

17 მაისის აპოკალიფსი მოახლოებულიყო!..

ფეხზე იდგა სრულიად საქართველოს მართლმორწმუნე ეკლესიაც! მამაოების ტრიადები ,,ტაბურეტებით“ ,,სამბოს“ ილეთებს ხვეწდნენ, ფოლადის ჯავშანჟილეტებს ირგებდნენ, ზემოდან კამუფლაჟისთვის, რათა დროზე ადრე არ გამჟღავნებულიყვნენ, ძაძებში იმოსებოდნენ და ,,დედის ტრ…ს“ ორატორიას გალობდნენ. სტიქაროსნები, სტუდენტები და სხვა ნორჩი ჰომოფობნიც ფხიზლად იყვნენ და იქვე ჟრიამულით შეტაკებისთვის ემზადებოდნენ…

ამხანაგებო, 17 მაისის პუტჩი იწყებოდა!..

ქვეყანაში დიდი ფუსფუსი იყო ატეხილი: პოლიციის გაძლიერებული პატრულირება, ქუჩების გადაკეტვით, რათა გაძვალტყავებულ ,,ლგბტ“-ელთა 10- კაციან არმიას როგორმე პარლამენტის წინამდებარე პლაცდარმისკენ არ გაეღწია; სამხედრო-საჰაერო ძალები საყაზარმო მდგომარეობაზე გადაჰყავდათ, ჯავშანტექნიკა დაქოქილი იდგა…

დიდი აჟიოტაჟი იყო პრესასა და ტელევიზიაშიც! ,,ჯაბრაილის“ თოქ-შოუში ერთდროულად მოძღვრებსა და ქალაქის სახელოვან ,,პუტანებს“ პატიჟებდნენ.

მოკლედ, 17 მაისის წარღვნა კარს იყო მომდგარიი-ი-ი!

ტრაკდაუცველი მოსახლეობა ლოცვად იდგა – მასები სისხლისმღვრელი ომისთვის სულიერად ემზადებოდნენ. ხაზინის ოქრომჭედლები ,,მეობისთვის ტრაკდამაშვრალთა“ საპატიო ორდენების მოვარაყებით იყვნენ დაკავებულნი.

ამ დროს, ,,ლიბერასტები“ და სხვა ნაგვები მეტად ავისმომასწავებლად იყვნენ გაყურსული… ივერიის ცის კაბადონზე შავი ღრუბელი ჩამოწოლილიყო. დიდი განსაცდელის წინაშე იდგა სრულიად საქართველო… პრობლემა კი მხოლოდ ერთი უმნიშვნელო გარემოებით გამოიხატებოდა – ,,ლგბტ“-ეშნიკებს მშვიდად ეძინათ, ცისფერ სიზმრებს ხედავდნენ და გარყვნილების ზეობისა და არშემდგარი აღლუმის შესახებ არაფერს უწყოდნენ. თავდადებული პატრიოტები კი მაინც ცქვიტად იყვნენ – ფხიზლობდა ერი, არ ეძინა ბერს…

ისმის კითხვა: ამ გარდამტეხ ჟამს, სად იყო და რას აკეთებდა მართალი ციალა? ის მშრომელთა მასებს გადამწყვეტი ბრძოლისთვის ამზადებდა და ცეცხლოვანი გამოსვლებით საომარ ჟინს აღვივებდა.

მართალი ციალას მოწოდება თანამემამულეებს!

 ,,ამხანაგებო, დანო და ძმანო, ივერიელნო, თქვენ მოგმართავთ მე – ორპირელი ციალა! გახარებთ, რომ 17 მაისს ტელეკომპანია ,,გოლგოთა TV”-ს პირდაპირი ეთერით ერი და ბერი ვიხილავთ დიდ დაპირისპირებას საქართველოში:

ოჯახის სიწმინდისთვის მებრძოლები VS ლგბტ თემი, ლიბერასტები და სხვა ნაგვები!

ჩვენი დიადი მიზანი ნათელია და კეთილშობილური! ჩვენ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მოვალენი ვართ, დავიცვათ უმრავლესობის უფლებები, რათა მათ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, განახორციელონ თავიანთი ლეგიტიმური ნდომა და ცემით ამოხადონ სული სოდომისა და გომორის მოციქულებს! ამ გზით, ჩვენ არა მხოლოდ ოჯახს განვამტკიცებთ, არამედ მშობლებსაც სათანადო პატივს მივაგებთ!.. და ეს არ გახლავთ ამ ღონისძიებისგან მიღებული ყველა სარგებელი – ჩვენ ვაამებთ წინაპართა სულებს და მანანით ვაქეიფებთ მათ ზეციურ იერუსალიმში!

ამას გარდა, გრანდიოზული მსვლელობის დასრულების შემდეგ, ,,ქართული ოჯახის სიწმინდის დამცველთა ლიგის“ (,,ქოსდალი“) ორგანიზებით, ,,დინამოს“ სტადიონზე გაიმართება საზეიმო კონცერტი. გალა წარმოდგენის პროგრამა მოიცავს:

დასაწყისში დასავლეთ ტრიბუნასთან, სამთავრობო ლოჟის გასწვრივ საპატიო ნიშნით – ,,მეობითა და გაგებით ტრაკწაღებულნი“ დაჯილდოვდებიან ტრაკთდაცვეთას სასწაულებრივად გადარჩენილი მოქალაქეები.

მამათმავლობის პანდემიის თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკის მიზნით, დაჯილდოების რიტუალს მოჰყვება დამნაშავეთა მასობრივი დასჯა. წარმოდგენა გაიხსნება აღნიშნული არამზადების მამებისა და დედების სახალხო გაშოლტვით. თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, დატკბეთ 666 შარვალჩაწეული მამაკაცისა და კაბააწეული დედაკაცის ფუმფულა, ახლად გამომცხვარი ფუნთუშასავით მადისაღმძვრელი, გონების დაკარგვამდე ამგზნები, თეთრი, ქათქათა ტრაკებით, რომლებიც მათრახის გადაჭერასთან ერთად თქვენ თვალწინ, იდეალურად მრგვალ ფორმასა და თვალშისაცემ სიმკვრივეს შეიძენენ, ხოლო დასასრულს, ატამივით გავარდისფრდებიან… (შეამჩნევდით, ამ სახიფათო სენის შეფარული ფორმის არა მხოლოდ მამაკაცებში, არამედ დედაკაცებშიც კი გაჟონვას…).

იქვე ეყრებიან მათი გარყვნილი შვილები, მოფრიალე შავი ბაირაღებით, ზედ მეწამული ფერის წარწერით: ,,ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“. თქვენ იხილავთ დასაწვავად გამზადებულ 7 გაძვალტყავებულ მამათმავალს, სასოწარკვეთას მიცემულ 17 მეძავს, თითო-თითო ბისექსუალსა და ტრანსსექსუალს, სამ ლესბოსელსა და სხვა ერეტიკოსს… აგიზგიზდება ცეცხლი და მთელი ივერიის, მსოფლიოში ყველაზე მართალი მოსახლეობის თვალწინ, დაიწყება გარყვნილი სხეულების შებრაწვა, მათგან ტანჯული სულების გამოდევნა და, უკვე განსპეტაკებული სახით, ზეცად ამაღლება! ყოველივე წარიმართება ერთობლივი ლოცვის: ,,ანა-ბანა-ნიცა, რუსების ბალნი-ცა, ჰეი, გედევან-ჩო, ბა-ლან-ჩოს” – თანხლებით (უმორჩილესად გთხოვთ, ღვთის დახმარებით დაიზეპიროთ მოცემული ტექსტი!).

საზეიმო საღამო დაიხურება წარმოდგენით, რომელიც გაიმართება სუპერთანამედროვე საცურაო ცენტრში – ,,პოსეიდონის სამყარო”. თქვენ იხილავთ ინგლისის ,,უსასთან“ ერთად დაძირვისა და ივერიის გაბრწყინების წარმტაც სცენებს. კონცერტის დასასრულს, აბობოქრებული აუზის ზედაპირიდან თავს ამაყად ამოყოფს ქართული სინქრონული ცურვის დედოფალი ბერტა ბაგრატიონი-ვერზბლჟიჟევსკა, რომელიც მოშიშვლებული მკერდით განასახიერებს ორ გადარჩენილ ბორცვს – ერთმორწმუნე რუსეთსა და გაბრწყინებულ ივერიას – ამინ და ვაშა!“.

მქუხარე, ხანგრძლივი აპლოდისმენტების დასრულების შემდეგ ციალა მკაცრ გამომტყველებას იღებდა და მრისხანე ხმით წარმოთქვამდა: ,,ღონისძიებაზე დასწრება ყველასთვის სავალდებულოა! არ მობრძანდებით და თქვენი აჯობებს…“

მგზნებარე სიტყვის დასრულებისას ამჯერად, ალბათ, უფრო ციალა, ვიდრე ,,ციკო“ გულზე ხელს იდებდა და საყვარელ ,,ბანდერა როსას“ იწყებდა. მართალ მეომართა კოჰორტები ღამის წყვდიადში გალობდნენ და ფეხშეწყობით ფრონტის ხაზისკენ მიაბიჯებდნენ: ,,ავანტი პოპოლო, ალა რისკოსა, ბანდერა როსა, ბანდერა როსა…“.

როგორც ხედავ, ჩემო ჯორდი, ,,პიდარასტებთან ომში“ ციალა ძირითადად ,,მეტაბურეტკეების“ იდეოლოგიური მხარდაჭერითა და დასავლეთის გარყვნილების მხილებით შემოიფარგლებოდა. შეიძლება ითქვას, ის ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევდა პროპაგანდას. ქალიშვილი უშუალოდ არ მონაწილეობდა ხელჩართულ ბრძოლებში, რადგან მასში ინტელექტუალ-ლიბერალი ჯერ კიდევ ცოცხლობდა და ძალადობრივი ქმედებების გზაზე აბრკოლებდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა და რუსთაველის გამზირიდან გაშმაგებულ ბრბოს გამოქცეულ ერთ-ორ მამათმავალს პუშკინის სკვერთან მაინც წამოეწია და დააწიწკნა თმა.

ზურა ოდილავაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი – 2017 ,,ქართველების ექვსი ვნება“

Share this Post!
3 Comments