კახა ფაჩუაშვილი. ჩემი პირველი ოლიმპიადა – ათენი 2004

2
0

ათენის ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, სადაც ჟურნალისტის რანგში გავემგზავრე. მეტისმეტად ვღელავდი. ოლიმპიური თამაშები ჩემთვის ახალი სამყარო იყო, მანამდე შეუცნობელი. ჩემი ქვეყანაც ახალი ეპოქის მიჯნაზე იდგა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, იმედით აღსავსე რუბიკონთან.  მინდოდა, შთაბეჭდილება მომეხდინა მკითხველზეც, რედაქციაზეც, საკუთარ თავზეც, ამიტომ ყველაფერს მივედ-მოვედებოდი. მსურდა, რაც შეიძლება მეტი მომესწრო.

შევაკოწიწე ჩემი პირველი სტატია და აღმოჩნდა, რომ ძალიან დამაგვიანდა. ჩემ კოლეგებს უკვე გაგზავნილი ჰქონდათ ნამუშევრები საქართველოში და ათენის ოლიმპიურ სტადიონს მიაშურეს. რამდენიმე საათში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი იწყებოდა. მე კი ათენის უზარმაზარ პრეს-ცენტრში ვიჯექი დაბნეული. ლეპტოპი დამიზიანდა, ჩემები წასულები იყვნენ, ინგლისურსაც არ ვაბულბულებდი, მოკლედ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი.

პრეს-ცენტრის ოთახში ინტერნეტი თავისუფალი იყო, მაგრამ ჟურნალისტები პერსონალური კომპიუტერებით მუშაობდნენ. ამ გაგანია სიცხეში ვინ დაგითმობდა ლეპტოპს, თუნდაც ხუთი წუთით მაინც, რომ ჩიპის მეშვეობით სტატია საქართველოში გადაგეგზავნა? ასეთი არავინ ჩანდა. თანაც პრეს-ცენტრში კანტიკუნტად იყვნენ ჩემი კოლეგები დარჩენილნი და ისინიც ოლიმპიური სტადიონისკენ მიიჩქაროდნენ. ცაიტნოტში აღმოვჩნდი.

ბოლოს ორი სართულით ქვემოთ, ფოტორეპორტიორების საბრძანებელში ჩავირბინე. იქნებ იქ მაინც მეპოვნა ვინმე, ვისაც ჩემ მდგომარეობას ავუხსნიდი. რუსულენოვან კოლეგებს გადავეყარე, რაც უფრო აიოლებდა ჩემ მდგომარეობას – გაზეთ „სპორტ ექსპრესის“ ფოტორეპორტიორები კომპიუტერებს რთავდნენ და ბარგს ალაგებდნენ („სპორტ ექსპრესს“ საკუთარი ოფისი ჰქონდა დაქირავებული და თამაშებს მთელი სპორტული რედაქცია აშუქებდა). ავუხსენი მათ მდგომარეობა და ვთხოვე, 5 წუთით მაინც დაეთმოთ ჩემთვის კომპიუტერი, ვიდრე იმეილით სტატიას თბილისში გადავგზავნიდი. გაუკვირდათ, ალბათ, იმდენად უჩვეულო რამ ვთქვი, რაც ოლიმპიადაზე არ ხდება. ბოლოს გონს მოეგნენ და დიდი ბოდიშის მოხდით ამიხსნეს, რომ თამაშების გახსნის ცერემონიალზე აგვიანდებოდათ და ჩემდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, პროფესიულ საქმიანობას ვერ უღალატებდნენ. მეც პატივისცემის ნიშნად თავი დავუქნიე და ის-ის იყო წასვლას ვაპირებდი, რომ ერთმა მაღალი ტანის თეთრწვერა კაცმა დამტვრეული რუსულით თავისთან მიხმო.

ეს კაცი, მინდაუგასი, ლიტვის უდიდესი გაზეთის „ლიეტუვას რიტასის“ (ჩვენებურად – „ლიტვის დილა“) ფოტორეპორტიორი აღმოჩნდა. „ლიეტუვას რიტასი“ 300 000 ტირაჟით იბეჭდება და მთელი ევროპის მასშტაბით, ლიტველი ემიგრანტებისთვის ვრცელდება. გაზეთი იმდენად შემოსავლიანია, რომ საკუთარი სატელევიზიო არხიც აქვს და კალათბურთის გუნდიც ჰყავს, რომელიც რეგულარულად თამაშობს ევროტურნირებზე.

გისმენდითო, – მითხრა მინდაუგასმა, – თუ გინდა, ჩემი ლეპტოპით გადაგზავნე სტატიაო. არ ვიცოდი, ამ უცხო კაცისთვის მადლობა როგორ გადამეხადა. სასწრაფოდ ჩავრთეთ ლეპტოპი, მაგრამ ამდენი ფოტოს გადაგზავნის ფონზე მინდაუგასის ლეპტოპმა „გაჭედა“. არაფრით არ მოგვემსახურა. ესეც ჩემი ბედი-მეთქი, – გავიფიქრე.

ლიტველმა კოლეგამ მკითხა – ამ სტატიის ხელნაწერი თუ გაქვსო? მეც გავუწოდე ხელნაწერი. წამომყევიო, მითხრა და რამდენიმე წუთში მთავარ პრეს-ცენტრში ამოვყავით თავი. მინდაუგასი შევიდა ფაქსის ოთახში, რაღაც ჩაულაპარაკა მოხალისეს და ჩემი სტატია ფაქსით გადავაგზავნეთ. შემდეგ სწრაფი ნაბიჯით ტელეფონის ჯიხურებისკენ გავემართეთ, დავრწმუნდით, რომ სტატიამ ადრესატამდე მიაღწია და სირბილით გავიქეცით ოლიმპიური სტადიონისკენ.

თამაშების გახსნამდე 40 წუთი იყო დარჩენილი. მე და მინდაუგასი კი სტადიონის შესასვლელთან ლუდს ვწრუპავდით.

ჟურნალისტის დღეს ვულოცავ ჩემს კოლეგებს, ვისაც ადამიანური და პროფესიული უნარ-ჩვევების შერწყმა არ ეშლება.

 

Share this Post!
0 Comment