კახა ფაჩუაშვილი. ჩემი რაგბი

5
0

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) რაგბის გუნდი ჰყავდა, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობდა. სამოქალაქო ომი ის იყო დამთავრდა და აბა რაგბისთვის ვის ეცალა, ამიტომ უნივერსიტეტის გუნდში ბევრი ვაკანსია იყო. ასაკი – შეუზღუდავი. სტუდენტი თუ იყავი, შეგეძლო 25 წლის ასაკშიც დაგეწყო ბურთაობა. მსგავსი რამ სპორტის სხვა სახეობაში არასოდეს მომხდარა.

მე და ჩემს 21 წლის მეგობრებს ფიზკულტურა ჩათვლას არ გვაძლევდა. მაგარი კაცი კი იყო ფიზაღზრდის კათედრის გამგე, მაგრამ რა ექნა, წესი წესია – სპორტულ ცხოვრებას,თუ არა ეწევი, ჩათვლასაც ვერ მიიღებ. ჩვენც ავდექით და რაგბის სექციას მივაშურეთ.

თსუ ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში ტესტ-მატჩზე გაგვიყვანეს. ტესტი უმაღლესი ლიგის ბინადარ გეპეის (სპი) გუნდთან გვქონდა. ჩვენი მწვრთნელისთვის მთავარი იყო, სულისკვეთება დაენახა, ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია და მეორე ტაიმში მინდორზე შემიყვანა.

სიმართლე გითხრათ, რაგბის წესებიდან ზუსტად მხოლოდ ის ვიცოდი, რომ წინ პასი არ უნდა გამეკეთებინა. მეც ვიდექი და ბურთს ველოდებოდი, როგორც რეკრუტი ელოდება ხოლმე პირველ ბრძოლას. ოვალურმა ბურთმაც არ დაახანა და პირდაპირ ხელებში შემომეფეთა. ცოტა არ იყოს დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მექნა და თავქუდმოგლეჯილი წინ გავიქეცი. 10-ოდე ნაბიჯიც არ მექნებოდა გადადგმული, რომ ფერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. თითქოს ზეცა ჩამოიქცა, მინდორზე გავიშხლართე და ნახევარი გუნდი თავზე დამახტა. ბოლოს, როგორც იქნა, განათდა, მზის სხივსაც მოვკარი თვალი და ფეხზეც წამოვდექი, მაგრამ ყურში კარგა ხანს აღარ მესმოდა. სამაგიეროდ, ფიზკულტურაში ჩათვლა მივიღე.

ამის შემდეგ რაგბის სექციაში დიდხანს აღარ დავრჩენილვარ. ჩემი ასტეგმატიზმისთვის სარაგბო დატვირთვები მეტისმეტი იყო, მაგრამ რაგბისთვის თავი არ დამინებებია. ვაშუქებდი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს.

რაგბი თავიდან ყალიბდებოდა ზუსტად ისე, როგორც ჩემი სტუდენტობის დროს თსუ-ს გუნდი. ასაკი – შეუზღუდავი და რაც მთავარია, აუცილებელი არ იყო რაგბის წიაღში აღზრდილიყავი. შეგეძლო ყოფილიყავი კალათბურთელი, მოჭიდავე, ფრენბურთელი ან მძლეოსანი. იღებდნენ ყველას, ოღონდ რაგბი გყვარებოდა და მისთვის აუცილებელი საბრძოლო ჟინი გქონოდა.

ასე ყალიბდებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც – „ბორჯღალოსნები“, რომლებმაც კვირას, რუსი „დათვები“ 21-ედ გააკრეს ბეჭებზე. ეს გამარჯვება 1996 წლის გამოძახილი იყო. მაშინ „ბორჯღალოსნებმა“ მხოლოდ ჟინის და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად 3 ლელო აგემეს „დათვებს“ (29:20).

გარდამტეხი მომენტი იყო. პირველი დიდი წარმატება „ბორჯღალოსნებისთვის“. მანამდე საქართველოს ნაკრები აგებდა ზიმბაბვესთან, პოლონეთთან, ჰოლანდიასთან, ამის შემდეგ კი მსგავსი არაფერი მომხდარა. ასეთი გარდამტეხი მომენტი ქართველ მორაგბეებს კიდევ ორჯერ ჰქონდათ. 2001 წელს, როცა რუმინეთში გამარჯვებით პირველად მოიპოვეს ევროპის ერთა თასი (31:20) და 2013 წელს, გიორგობას, ვაკეში მაშინდელი მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი სამოა დავამარცხეთ – 16:15.

ამ ორივე მომენტმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები. 2001 წელს თამასა ავწიეთ, 2013-ში კი თანამედროვე რაგბის განუყოფელი ნაწილი გავხდით. ეს ორივე საფეხური გადასალახი გვქონდა და წარმატებითაც გადავლახეთ. თუმცა, კვლავ ცვლილებების დრო დაგვიდგა. „ბორჯღალოსნებს“ ახალი საფეხური სჭირდებათ. ამჯერად უკვე ელიტური სამყარო.

უმოკლესი გზა ელიტური სამყაროსკენ 6 ერის ტურნირი იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ ჩვენთვის ვაკანსია არ აქვთ. ათასი მიზეზი მოიგონეს: ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ საკმარისად კარგად არ ვთამაშობდით, შემდეგ, გვიმტკიცებდნენ, რომ ბრიტანელ გულშემატკივარს ურჩევნია, მაგალითად რომის თბილ ქუჩებში ლუდი წრუპოს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ამ უკიდურეს ნაწილში, თბილისში ჩამოვიდეს და მომქანცველი მგზავრობით გათანგული, უკმაყოფილო დარჩეს. ანუ გულისხმობდნენ, რომ კომერციული თვალსაზრისით საქართველოს 6 ერში ჩართვა წამგებიანი იქნებოდა. შემდეგ რეფორმების აუცლებლობაზე გადაიტანეს აქცენტი. ბოლოს კი ნამდვილი მიზეზი წამოსცდათ.

ექვსი ერის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფიჰანმა განაცხადა, რომ 6 ერი დახურული ტურნირია და სრულიად კმაყოფილნი არიან იმით, რაც აქვთ:

„6 ერი დახურული ჩემპიონატია და მასში მონაწილე ექვსი სარაგბო კავშირის საკუთრებაა. ისინი აკონტროლებენ ამ ტურნირს. თავისუფალი ვაკანსიები არ გვაქვს და აბსოლუტურად კმაყოფილნი ვართ იმით, რაც გვაქვს. 6 ერი ჩვენი კომერციული საკუთრებაა და „მსოფლიო რაგბი“ ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია მის ფუნქციონირებაში ვერ ჩაერევა. მათ ამის არავითარი უფლება არ გააჩნიათ“.

ჯონ ფიჰანის ეს განცხადება ნათლად გადმოგვცემს 6 ერის ორგანიზატორთა განწყობას. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი ისედაც ბევრს აკეთებენ აღმოსავლეთ ევროპაში რაგბის პოპულარიზაციისთვის, რაც 6 ერის წარმომადგენლებთან ტესტების გამართვაში გამოიხატება, მაგრამ ამაზე შორს წასვლას 6 ერის ორგანიზატორები, როგორც თვითონ აცხადებენ, ამ ეტაპზე არ გეგმავენ.

გამოდის, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა სხვა ალტერნატივას უნდა მიაგნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, დაირღვევა ის ჯაჭვი, რომელმაც „ბორჯღალოსნები“ ამ დონეზე აიყვანა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა, რომ საქართველოს უკვე ჰყავს ორი, მეტნაკლებად თანაბარძალოვანი გუნდი, რომლებიც ამ ტურნირზე რომ ეთამაშათ, მუდმივად ფავორიტები იქნებოდნენ.

რაკი იაპონია, აშშ, კანადა, სამოა, ტონგა და ფიჯი სანაკრებო დონეზე უკვე გაერთიანდნენ 6 ერის მსგავს ტურნირში, საქართველოს შეუძლია ამავე ქვეყნის ჩემპიონებთან, პლუს რუმინეთის, რუსეთისა და იტალიის გუნდებთან ერთად საკლუბო შეჯიბრებაში ჩაერთოს. ტურნირი პირობითად ორ წრედ, მიმოსვლის სისტემით გაიმართება და ვიდრე 6 ერის შეფები, საბოლოოდ დანებდებიან გლობალური რაგბის შემოტევას, საქართველოს საშუალება ექნება, შეუქცევადად გააგრძელოს ქვეყანაში რაგბის განვითარება.

ასეთი ტურნირის გეოგრაფია, რა თქმა უნდა, მასშტაბურია და დიდ ხარჯებს მოითხოვს. პირობითად 10-გუნდიან ჩემპიონატში ყოველწლიურად 9 გასვლითი თამაში იქნება, მაგრამ ეს ღონისძიება იმაზე ბევრად ნაკლები დაჯდება, ვიდრე ბრიტანელებს, ქართუ ბანკის დახმარებით, 6 ერში მიღების სანაცვლოდ ვთავაზობდით – 8.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

Share this Post!
0 Comment