თამაზ გაბისონია. კოდექსის შეცვლის ერთი მეთოდის შესახებ

0
0

ერთი სოციალური ტელერეკლამა ხალხს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ისე დაგიჭირონ, ადვოკატიც ვერ აიყვანო, მხოლოდ პოლიციას დაუჯერონ და მოსამართლემ კი ტენდენციურად გაგასამართლოს.
და მოწოდებაა: „შევცვალოთ კოდექსი, რომელიც ჩვენს უფლებებს არღვევს!“
კლიპის ავტორია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მაგრამ ამას თითქოს მალავს, რადგან ეს ინფორმაცია უწვრილესი შრიფტითაა დაწერილი ქვემოთ (აი ამერიკული ფილმების ბოლოში რომ წარწერები ჩამორბის). იქნებ, საერთოდაც არ დაეწერათ, ფორმატი რომ ამას არ ითხოვდეს.
უფრო პიკანტური დეტალი კი აქ ისაა, რომ ამ მოწოდების ფონზე ჩანს დამფინანსებლების ლოგოები, რომელთა შორის ერთ-ერთი „იუესეიაიდია“ (USAID) – ამერიკის მთავრობასთან ასოცირებული ორგანიზაცია.
ე.ი. ამერიკა, ჩვენი მთავრობის გვერდის ავლით, ქართველ ხალხს კოდექსის შეცვლისკენ რეკლამით მოგვიწოდებს? მთავრობასთან დაპირისპირებისკენ? – გამიკვირდა, ცოტა არ იყოს! მაგრამ დავაკვირდი და იმ წვრილშრიფტიან აბზაცში ისიც წერია, რომ ამერიკის მთავრობა, შესაძლოა, არ იზიარებდეს იმ აზრს, რომლის ტირაჟირებასაც აფინანსებს.
ამერიკის მთავრობამ ამასწინათ გაეროში კენჭისყრა სავაჭრო დახლად გადააქცია (სახელმწიფოთა თავისუფალ აზრზე პირდაპირი ზეწოლა მოახდინა – ფულს იმაში გიხდით, რომ ჩემს წინააღმდეგ წახვიდეთო?!) და ახლა ჩაერევა თუ არა შენი კოდექსის შეცვლაში, რა შენი საქმეა? თან – რამდენი ასეთი წვრილმანი ჩარევა აკონტროლოს?
და მაინც, თუ ვინმეს არ დავეკარგე, მიმაჩნია, რომ თბილისის იმ უდიდეს საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ამერიკის საელჩოა (ბევრს ვიხალისებ, ვინმემ რომ მითხრას, უდიდესი არ არისო), ცოტა მეტი მორიდება უნდა ჰქონდეთ ამგვარი ლაფსუსების მიმართ.
ასეა თუ ისე, კაი, ბატონო, გავეცანი, თუ არ გავეცანი კოდექსს, არ მომეწონა ამ რეკლამის შემდეგ ეს კანონი და როგორ მოვიქცე?
მარტივად: უნდა შევცვალო. 🙂
ჰოდა აი, რა შეიცნობა ასეთ რეკლამებში: „პწიჩკა“. ან – „გალოჩკა“. ქართულად – „ჩაგეთვალა“. ასეთი სამსახურია, მოკლედ.
როდესაც პროექტს წარადგენ ფონდში, როგორც წესი, უნდა შეავსო გრაფა „მოსალოდნელი შედეგები“. მაგრამ ეს გრაფა ძირითადად მოვალეობის მოსახდელადაა იქ. თუ პროექტი აშკარად არ ჩავარდა, არც ამ შედეგებს ამოწმებს ვინმე. ყოველ შემთხვევაში, შესრულებული პროექტების ქულებრივ შეფასებას არასამთავრობოები საიტებზე არ დებენ.
მახსოვს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდებოდა „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ საჯარო ლექციები, რომელსაც რომელიღაც ქვეყანა (მგონი – ნიდერლანდები) აფინანსებდა. ჰოდა, თითქმის ყოველ ლექციას დავესწარი ჩემი ინტერესების გამო. საინტერესო წიგნიც დაგვირიგეს – „ტოლერანტობის სკოლა“. მაგრამ უფრო საინტერესოდ ის მეჩვენა, რომ ამ ლექციებს ესწრებოდა საშუალოდ 5-10 კაცი (მათ შორის გვხვდებოდა სტუდენტებიც), თუ არ ჩავთვლით თავად ორგანიზატორებს და გამომსვლელებს „სხვა ლექციებიდან“ (მე, მე მგონი, დასწრების მხრივ, აბსოლუტური რეკორდსმენი ვიყავი). ცხადია, ამის გამო ეს პროექტი წარუმატებლად არ შეფასებულა.
და ჩემი შეფასებით როგორი პროექტი იყო? არა უშავდა, მცირეოდენ ტენდენციურობას თუ არ ჩავთვლით. მაგრამ ეს დეტალებია.
მთავარი ისაა, რომ მოქალაქეები გრძნობენ იმ არაადეკვატურ სიტუაციას, რომლის დროსაც სახელმწიფოში თავისუფალი აზრისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას მხოლოდ უცხოელები აფინანსებენ. მაგრამ რას იზამ, მიჩნეულია, რომ ეს განვითარება პროტესტს გულისხმობს და პროტესტი კი ვის წინააღმდეგ უნდა ჰქონდეს ხალხს? მთავრობის წინააღმდეგ! და მთავრობა ხომ თავის ოპოზიციას არ დააფინანსებს? აი ასეთ აბსურდში ვართ.
ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს მსჯელობა საღ აზრს შეიცავს (ბრჭყალების გარეშე). და ნუთუ ასეთ ვითარებაში არ მოიძებნება ჩვენში ინსტიტუცია, რომელიც მთავრობას არ ეკუთვნის, მაგრამ შეუძლია თავისუფალი აზროვნების განვითარებისათვის გრანტების გაცემა?
არის ასეთი ინსტიტუცია!
(გაანებეთ თავი ბიძინას, რამე რომ ნდომოდა ამ მხრივ, „მოქალაქეს“ შესახებ რაიმე ამბავს წელიწადში ერთხელ მაინც გავიგებდით.)
ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, მისი სარეზერვო ფონდი. და ეს, წარმოიდგინეთ და, არაა მთავრობა. რადგან დღეს მთავრობა პარტიებთან ასოცირდება და პრეზიდენტი კი პარტიული არაა (ოფიციალურად – მთავრობაა, მაგრამ ოფიციალურად საქართველოსაც ძველი საზღვრები აქვს). მაგრამ პრეზიდენტს თავად არ სჯერა, რომ თავისუფალი საპროტესტო აზრის დაფინანსება მისი გამოწვევაცაა. რა თქმა უნდა, ეს ფონდი უსაქმოდ არ არის, მაგრამ პროექტების ძირითადი აქცენტი აქ განათლებასა და ქველმოქმედებაზეა. ამასთან, როგორც ჩანს, თანხების სიმცირის გამო, ამ ფონდის საქმიანობა არსად ჩანს. სიმპტომატურია, რომ ამ ფონდს „სარეზერვო“ ჰქვია. უცხოელი დონორების რეზერვი…
როგორც ჩანს, არასამთავრობოების სხვის კისერზე ჯდომა პრეზიდენტსაც არ აწუხებს. სამოქალაქო პროტესტის უცხოურ უზრუნველყოფაში იგი უხერხულს ვერაფერს ხედავს. აგერ ზემოთნახსენები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არასამთავრობოს – სამთავრობო ტრამპლინის, „აიას“ სამი ურთიერთმომდევნო უფროსი თავის სამსახურშიც აიყვანა.
სახელმწიფოს შეუმდგარობის მრავალი ნიშანი ახასიათებს საქართველოს. და ესეც ერთი მათგანია – მთავრობა ვერ აფინანსებს მოსახლეობის იმ სამოქალაქო შეგნების აღზრდას, ურომლისოდაც ვერც ევროკავშირს ვეღირსებით და ვერც – სახელმწიფოს შენების დასრულებას.
პრეზიდენტის ფონდს მეტი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს და, ასევე – გააზრებული, თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამოქალაქო პროტესტის ხელშეწყობის ინიციატივა და პირობები. გარდა პრეზიდენტის ფონდისა, კარგი იქნება, დაფუძნდეს ერთგვარი ოფიციალური საქველმოქმედო ფონდი (საინვესტიციო ფონდის მსგავსი), რომელიც სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციების საგადასახადო დავალების ფარგლებში, გარკვეული ლიმიტის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სამოქალაქო აზრის განვითარების დაფინანსების კოორდინაციას.
მანამდე კი ის ხალხი, ვინც „ენჯეოშნიკების“ უცხოელების მიერ დაფინანსებას აპროტესტებს, სადღაც მართალია. ხალხი გრძნობს, რომ ეს ვითარება არაა ნორმალური. ხალხი ვერ იღებს არასამთავრობოებს, რადგან ისინი მუტანტები არიან – კარგად ისწავლეს ინგლისური და პროექტების წერა (რაც ტრადიციონალისტის, ცოტა არ იყოს, შურიანი აზრით, აქ, საქართველოში, ქართველს არ უნდა ჭირდებოდეს წარმატების მისაღწევად), რისთვისაც ზეცა-უცხოეთიდან იღებენ მანანას. ამიტომ ეს გაუცხოებული ღამურები იქამდე ვერ მოიპოვებენ ხალხის ნდობას, სანამ… ძირითადად ქართული ინსტიტუციები არ დააფინანსებენ სამოქალაქო ცნობიერების და აზროვნების განვითარებას.
დღეს კი – მადლობა უცხოურ დონორ ფონდებს. სოციალური რეკლამა კი ხან გამოვა, ხან არა, არა უშავს.

Share this Post!

Post by Tamaz Gabisonia

თამაზ გაბისონია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეთნომუსიკოლოგი, ა.ო. „ეთიკური ურთიერთობების“ თავჯდომარე
0 Comment