ლექტორობის ტრადიციული ხიბლი

5
0

რამდენიმე წლის წინათ, ზაზა კიკვიძემ, რომელსაც საზღვარგარეთ ცხოვრების დიდი ხნის გამოცდილება აქვს, მითხრა, რომ უცნაური რამე შენიშნა ქართველებში: რომ ლექტორობას (ანუ, ლექციების კითხვას) ძალიან მაღალი სოციალური ღირებულება აქვს: ქართველები არა მარტო ცდილობენ, რომ ლექციები იკითხონ, არამედ, ყველა შესაბამის თუ შეუსაბამო შემთხვევაში აღნიშნავენ ამ ფაქტს, როგორც მნიშვნელოვან მიღწევას, CV-ებშიც კი მიუთითებენ ხოლმე. მოკლედ, ჩვენში „ლექტორობა“ სოციალური სიამაყის უტყუარი საფუძველია.

როგორც ამ სოციალურ გარემოში დიდი ხნის განმავლობაში მცხოვრებს, გამომრჩა ეს ამბავი, არც დავფიქრებულვარ, როგორ ჩამოყალიბდა და რა მიზეზებით ეს მართლაც უცნაური სოციალური სტატუსი. ზაზა კიკვიძისათვის, რომელმაც ბოლო ოცი თუ მეტი წელი, საქართველოში ჩამოუსვლელად, ევროპის და აზიის ქვეყნებში გაატარა, ადვილად შესამჩნევი იყო ეს უცნაურობა, შეიძლება ითქვას, სოციალური ანომალია.

სანამ ამ ფენომენის ახსნა-აღწერაზე გადავიდოდი, მცირე განმარტება, რას ნიშნავს ლეციების კითხვა „იქ, სადაც ჩვენ არ ვცხოვრობთ“: ლექტორობას, ანუ, ლექციების კითხვას, თანამედროვე განვითარებულ სამყაროში რამდენიმე მნიშნველობა აქვს და ის ყოველთვის განიხილება, როგორც კონკრეტული დამსახურების ან დაუმსახურებლობის გამოვლინება: მაგ. აკადემიურ სფეროში, ლექტორობა სასჯელივითაა: იმდენად არ უნდათ პროფესორებს აშშ და ევროპის უნივერსიტეტებში ლექციების კითხვა და იმდენად უნდათ კვლევით პროცესში ხელი რომ არ შეეშალოთ. თუმცა, უნივერსიტეტების ადმინისტრაციის არგუმენტები აქ მრავალგვარია: რომ სტუდენტები ფულია, რომ ლექციებს თუ არ წაიკითხავ და მხოლოდ კვლევით დაკავდები, მაშინ შენი შემოსავალი ბევრად ცოტა იქნება და ა.შ. ამიტომ, უნივერსიტეტების მკლევარების მიზანია ისეთი კვლევები აწარმოონ, რომელიც მისცემს მათ საშუალებას მინიმალური სალექციო საათები ჰქონდეთ – ანუ, როდესაც მათი კვლევა უნივერსიტეტეტის ბრენდი ხდება, უნი-ს ადმინისტრაცია ცდილობს ასეთ პროფესორს მაქსიმალურად კარგი, ანუ, მაქსიმალურად ულექციო გარემო შეუქმნას. მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის. მოკლედ, აკადემიაში ბევრი ლექციის კითხვა – წარუმატებლობას, ან – ჯერ წარუმატებლობას ნიშნავს. ამიტომაცაა, რომ აკადემიურ სფეროში მკვლევრი პროფესორები მაქსიმალურად ცდილობენ ლექციების კითხვა თავის დოქტორანტებს ან ახალგაზრდა  პროფესორებს გადააბარონ, რომლებსაც ჯერ სათანადოთ არ გამოუჩენიათ თავი. ეს დოქტორანტები და ახალგაზრდა პროფესორები კი, მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი კვლევებით დაამტკიცონ, რომ მათ მეტი შეუძლიათ, ვიდრე აუდიტორიაში სტუდენტების წინ დგომა და მათი ნაწერების სწორება, იმისათვის, რომ გადავიდნენ „ცოტა ლექცია/ ბევრი კვლევა“-ს აღთქმულ სამყაროში.

პროფესიულ დარგებში, როგორიცაა ბიზნესი, სამართალი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, ლექციების კითხვა ლექტორის გამოცდილებაზეა დამყარებული და საკმაოდ ძვირად ნაზღაურდება: ანუ, თუ ცნობილი ექიმი, ან მოსამართლე ხარ, უნივერსიტეტები და პროფესიული სკოლები ცდილობენ შენს „ხელში ჩაგდებას“, მაღალი ანაზღაურების შეთავზებით, იმდენად, რამდენადაც, ამ სკოლების პრესტიჟის ნაწილი ხდებით. პროფესიულ სკოლებში მკლვევარებიც არიან, ცხადია, მაგრამ მათი რიცხვის შეფარდება პროფესიონალების რაოდენობის მიმართ  – საკმაოდ დაბალია. არსებობს კიდევ – საჯარო ლექციების ფენომენი, როდესაც ცნობილი მეცნიერი, მწერალი ან პოლიტიკოსი ხვდება აუდიტორიას. როგორც წესი, ეს შეხვედრა ლექციის მომწყობს საკმაოდ ძვირი უჯდება (ამასწინანდელი მინი-სკანდალი გაიხსენეთ – ობამამ ლექციის ჩატარებაში 400 000 მოითხოვა).

სულ ეს არის. ჩვენთან კი რა ხდება: ყველა მიისწრაფვის იმისაკენ, რომ ლექციები იკითხოს – თან ისე, რომ ერთადერთი საბუთი, რომ მას მას ნამდვილად აქვს შესაბამისი გამოცდილება და ამიტომ, ნამდვილად შეუძლია ადეკვატური ცოდნის კონტრუირებაში დაეხმაროს სტუდენტს, ან ლექციის თემის შესაბამისი განათლების მიღებაა (კვლევითი ან პროფესიული გამოცდილების გარეშე), ან, უბრალოდ, ადმინისტრაციის თანხმობა. და ამ სწრაფვას საფუძვლად ლექტორობის მაღალი სოციალური სტატუსი უდევს. ცხადია, ისეთი ლექტორებიც არიან საქართველოში, რომლებსაც ლექციის კითხვა სასჯელად მიაჩნიათ და ერთი სული აქვთ, როდის დაუბრუნდებიან კვლევას, ანდა, რომლებიც ნამდვილად საკუთარ გამოცდილებას აცნობენ სტუდენტებს, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან მცირეა. ალბათ ისე მცირე, რომ საქართველოს მაშტაბით ერთ, ჰა ჰა, ორ კვლევით უნივერისტეტს და პროფესიულ სკოლას თუ ეყოფა.

რატომ ხდება ასე? პირველი პასუხი, რაც თავში მოგივათ, ალბათ, საქართველოში უნივერსიტეტების სიმრავლე და უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხია. ესეც ხელს უწყობს, ცხადია, „ლექტორობის“ ფენომენს. მაგრამ, ვფიქრობ, ეს უფრო შედეგია, ვიდრე მიზეზი. „ლექტორობის“ შესახებ არსებული წარმოდგენა თუ არა, საეჭვოა, ამდენი უნივერსიტეტი გვქონოდა.

ვფიქრობ, „ლეტორობის“ მაღალი სოციალური სტატუსის რამდენიმე მიზეზი არსებობს და ისინი, ყველა, წინა საუკუნის საქართველოში წარმოიშვა და სრულიად შემთხვევითად, ყველა ისინი გადაიკვეთა ლექტორობის სოციალური ფაქტის შექმნისას. ესენია:

  1. მხოლოდ პოლიტიკური მიზნით, აკადემიური სფეროს პოლიტიკური გავლენის დასუსტებისათვის, აკადემიური დარგის გახლეჩა სუსურუკუ-ში კვლევის (მეცნიერებათა აკადემია) და სასწავლო (უნივერსიტეტები) ერთეულებად. იგულისხმებოდა, რომ კვლევა მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებშია, ხოლო უნივერსიტს მხოლოდ ცოდნის გადაცემა ევალება. საბოლოოდ ეს ასე არ გამოვიდა, და სუსურუკუს ბოლო წლებში კვლევის სისტემა დუბლირებული იყო – აკადემიიის ინსტიტუტებშიც და უნი-ებშიც იკვლევდნენ, მაგრამ ამ გახლეჩამ შექმნა პროფესორის, ლექციების მკითხველის ხატი, რომელიც კი არ იკვლევს, არამედ, უბრალოდ, სტუდენტებს უყვება ჰყვება იმას, რაც წიგნებში წაიკითხა. სუსურუკუ-ში კიდევ აზრი შეიძლება ჰქონოდა ასეთ როლს, იმდენად რამდენადაც, ქვეყანაში გამოცემულ წიგნებზეც კი არ მიუწვდებოდა ყველას ხელი, საზღვარგარეთ გამოცემულ წიგნებზე რომ არაფერი ვთქვათ;
  2. მღვდლის როლური მოდელი – ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდობა, შეიძლება ითქვას, ეკლესიაში გაიზადა: იდეოლოგიური თუ დიდი იდენტობის კრიზისის დროს, ჩვენს ქვეყანაში, ეკლესია იყო ის ადგილი, სადაც ახალგაზრდობა ინსტიტუციური ავტორიტეტის ქადაგებას ისმენდა. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ თანამედროვე საქართველოში ლექტორის სოციალურ როლს ბევრი აქვს საერთო მოქადაგე მღვდელთან სოციალურ ფიგურასთან;
  3. მესამე, და როგორც ამბობენ, არა უკანასკნელი: არსებობდა ერთი საინტერესო სამსახური სუსურუკუ-ში, რომლის შესახებ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. ამ სამსახურს, თავიდან, სუსურუკუს გარიჟრაჟზე, ლიკბეზის ლექტორი ერქვა. ლიკბეზი ორი რუსული სიტყვის – „ლიკვიდაციე ბეზგრამოტნოსტი“ (წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაცია) – აბრევიატურაა. ლიკბეზის ამოცანა იყო წერა-კითხვის უცოდინარობის დაძლევა სუსურუკუს მასშტაბით. სუსურუკუს პირველ წლებში იმდენი წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი დახოცეს, რომ, თუნდაც ელემენტარული წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობის არსებობა, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო წითელი ქვეყნისათვის. მოგვიანებით, ლიკბეზის სისტემა იდეოლოგიზირებული ცოდნის გავრცელების სისტემად გარდაიქმნა: იდეოლოგიზებული ცოდნით აღჭურვილი ლექტორები დადიოდნენ რეგიონებში და სოფლის მოსახლეობას უყვებოდნენ მსოფლიოში პოლიტიკის მდგომარეობის შესახებ, მეცნიერებების შესახებ და ა.შ. სოფლის მოსახლეობისთვისაც „ლიკბეზის“, ზოგიერთ შემთხვევაში, „საზოგადოება ცოდნის“ ლექტორი, განსაკუთრებული ადამიანი იყო, რომელმაც იცოდა ის, რაზეც სოფლის მაცხოვრებელს წარმოდგენაც არ ჰქონდა. ეს სამსახური სუსურუკუ-ს დაშლამდე შენარჩუნდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით არსებობდა, თუმცა ეს ფორმა  და ხატი – ლექტორი, რომელიც ჩამოსულია „ცენტრიდან“ და „საიდუმლო“ ცოდნას აცნობს უცოდინარებს – მუდმივი იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის უმეტესობას პირველი და უმეტესად მეორე თაობის, სოფლიდან გადმოსული მოსახელობა წარმოადგენს, ვფიქრობ, ცხადია, საიდან გაჩნდა ლექციის მკითხველის მაღალი სოციალური სტატუსი: საქმე ტრადიციულ, კულტურულ მახსოვრობაშია, რომელიც ლექტორს მიაწერს „ცენტრიდან საიდუმლო ინფორმაციის“ ფლობას. ამას ემატება მქადაგებლის სოციალური როლის და სუსურუკუს პროფესორ-ლექტორის ფაქტორები და საბოლოოდ ვიღებთ სოციალურ სტატუსს, რომელიც არამც თუ უხიფათოა, არამედ, პირდაპირ მოქმედებს ჩვენს აწმყოზე და მომავალზე და ანგრევს მას.

არის თუ არა გამოსავალი აქედან და როგორ უნდა დავიძვრინოთ თავი ლექტორის ამ ტრადიციულ-ამპარტავნული სოციალური ფაქტიდან? რომ გადახედოთ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას, ნახავთ რომ ეს სოციალური ფაქტი ყველგანაა, როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო უნი-ებში, კერძოებში კიდევ უფრო მეტად, ვიდრე სახელმწიფოებში – სახელმწიფო უნი-ებში ისტორიულად მეტი პროფესორ-მკვლევარია.

ერთი რამ ცხადია, რომ მანამ, სანამ თავად უნივერსიტეტები და მათი კლიენტები (სტუდენტები) არ დაიწყებენ საკუთარი ლექტორების მათი აკადემიური და პროფესიული გამოცდილებით (და არა ლექტორობის მინიჭებული სტატუსით, როგორც ეს დღესაა) შეფასებას, და სანამ ასეთი შეფასება მათთვის (სტუდენტებისათვის) სასიცოცხლოდ აუცილებელი არ გახდება, ამ სოციალური ფაქტის გადალახვა არ მოხდება.

Share this Post!
0 Comment