მე მაქვს ოცნება…

10
0

მიმდინარეობს გადაცემა. ეძღვნება რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევას. წამყვანს სპეციალურად ისე ჰყავს სტუმრები შერჩეული, რომ დღის ბოლოს მოჭრილ ვიდეოს შესავლის სახით დაეწეროს: “სკანდალი სტუდიაში”. რესპოდენტებიც თავის როლს მშვენივრად ასრულებენ. “რა ბიჭო?!, მე მეუბნები მაგას?!”, “ჭიქებს ნუ აბრახუნებ თუ ძმა ხარ!”, “”ეს დედააფეთქებული, აბა რა უნდა გავაკეთოთ?!”, “ვინმეში ხო არ გეშლები?! “, “შენ მაგარ შარში ხარ რო იცოდე, ისეთ ხალხს ელაპრაკები!”…

ბავშვი ან ვერგაზრდილი ზრდასრული თუ ხარ, ფიქრობ: “აი ძმაო ნაღდი ქართველი, დამრტყმელი, მსმელი, მთქმელი. მივა და დაღეჭავს ეხლა თანამოსაუბრეს. კაცი – ვაჟკაცი!” მაგრამ საკმარისია ცარიელ ფორმას გასცდე და შინაარსზე დაფიქრდე, რომ აბსოლუტურად ამოტრიალებულ სურათს დაინახავ.

ეს აგრესიული, მოძველბიჭო პოზის მქონე ადამიანები, როგორც წესი, თავისივე ენაზე, “ბულკები” ხდებიან, როდესაც საქმე რუსეთს ეხება. არგუმენტებიც უკვე ყველასთვის ნაცობია: “ვის ეჭიმები, ამხელა ქვეყანაა. რუკას შეხედე!”, “ბირთვული იარაღი აქვს”, “თავს შეაკლავ?!”, “გადაგივლის როცა უნდა” და ა.შ. საკმარისია ასეთ ადამიანებს შეახსენო, რომ ბრძოლები ადრეც გადაგვიტანია, რომ უმალ ყველაზე ძლიერ არგუმენტს აგაფარებენ სახეზე: “მაშინ სხვა დრო იყო ძმაო.”

პირველ რიგში, საინტერესოა როდის აქეთ ვითვალისწინებთ ზომას, როდესაც საკითხი ღირსებას ეხება? ანუ დიდი თუ არის ვინმე უნდა დაგვჩაგროს? და ამის აღიარება ვაჟკაცობასთან რამე კავშირშია? თავის დროზე სპარსეთის იმპერია პატარა იყო? და მონღოლეთის? რატომ ვაქებთ და ვადიდებთ ადამიანებს, რომლებმაც გაილაშქრეს ზომით და რაოდენობით დიდი დამპყრობლების წინააღმდეგ, თუკი დღეს ეს საქციელი სიგიჟედ და სისულელედ გვაქვს მონათლული?

ა, სხვა დრო იყო. ანუ რა? მაშინ სიკვდილი ადვილი იყო? თუ ხმლით სიკვდილი უფრო საამურია, ვიდრე ტყვიით სიკვდილი? თუ მაშინდელ ხალხს ოჯახები არ ჰყავდათ და საკუთარი ბავშვების ბედზე არ ფიქრობდნენ? ეხალისებოდათ ომში სიარული და დადიოდნენ? სიკვდილის შიში სიკვდილის შიშია. მაშინაც და ახლაც. არა თუ ხმლით სიკვდილსა და ტყვიით სიკვდილს, ვერცერთ სიკვდილს შორის ვერ გავაკეთებ არჩევანს. არავის არასდროს უნდა თავად სიკვდილი. უბრალოდ ხანდახან ისევ სიცოცხლისთვის ვარჩევთ ხოლმე მას.

მე მგონია, რომ ამ ეტაპზე სწორედ შიშს ჰყავს შეპყრობილი ქართული საზოგადოება და ის არის ჩვენი პირველი მტერი. აგვისტოს ომის დროსა და შემდეგ ეს ძლაიან კარგად გამოჩნდა. შიშმა გამოიგონა ზემოთმოყვანილი არგუმენტები. მეტიც, შიშმა სცადა იმის გაუფასურებაც, რაც ნამდვილად საამაყო იყო: “ვისთვის გაწირეს თავი უაზროდ?!” ამბობდა შიში სამხედროებზე, რომლებსაც არ შეეშინდათ. და ეს ლოგიკურიც არის. თუ მე რამეს ვერ ვაკეთებ, სხვაც ვერ უნდა აკეთებდეს, თორემ გამოვა რომ ჩემშია პრობლემა.

მაგრამ, თუ ასე გამჯდარია ჩვენში შიში, რატომ არიან ჩვენი საზოგადოების წევრები მზად, რომ არასწორი გამოხედვის, ფეხზე დაბიჯების, დედის გინებისა და ერთი ნაჭერი პიცის გამოც კი წავიდნენ სიკვდილზე ან სხვა მოკლან? იმიტომ, რომ უღირთ. ვაჟკაცობის ჩვენეული გაგება მოიცავს პირად შეურაცხყოფაზე რეაგირებას, მაგრამ ზოგადზე ფიქრი მის გარეთ არის. თუ შეგაგინებენ უნდა ცემო, მაგრამ სხვას თუ აგინებენ ეს შენი საქმე არ არის. თუკი სხვას გამოესარჩლები არავინ ვაჟკაცობაში არ ჩაგითვლის. სისულელს დაგიძახებენ – “ვიღაცის გამო რატომ იშარავ თავს”. ის ვიღაცაც რომ ჩემიანია ეს ჯერ კარგად არ გვაქვს გააზრებული.

საქართველოში ძალიან უყვართ ფილმი “მამაცი გული”. გაუგებარია რატომ. იქ პრაქტიკულად ყველაფერია ნაქები, რასაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასე გამალებით აკრიტიკებს. ამ ფილმის ფინალისკენ, როდესაც უოლესი თავის მეგობრებს ეთხოვება, ასეთი დიალოგი იმართება:

-არ მინდა წამებული ვიყო

-არც მე მინდა. მინდა ვიცხოვრო. მინდა სახლი, ბავშვები, და მშვიდობა.

-მართლა?

-კი, მართლა. მე ღმერთს ვთხოვე ეს ველაფერი. მაგრამ ეს არაფერია, თუ არ გაქვს თავისუფლება.

-ეს უბრალოდ ოცნებაა უილიამ.

-ოცნება? უბრალო… და მაშინ ამდენი ხანი რას ვაკეთებდით? ჩვენ ამ ოცნებით ვცხოვრობდით.”

ვფიქრობ ოცნებაა, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია. ან გვაქვს, მაგრამ ყველას სხვადასხვა, საკუთარი, ინდივიდუალური. კარგი მანქანა, გარემონტებული ბინა და ზაფხულში კოქტეილები არ იგულისხმება. ოცნება, რომელიც ყველას გაგვაერთიანებს, როგორც ერს. ამ ოცნების ნაწილი უნდა გახდეს, თავისუფალი, დეოკუპირებული საქართველო და როდესაც ეს ასე მოხდება, როდესაც ჩვენ გვეცოდინება, რომ ამ ოცნების განხორცილებისათვის ჩვენ ერთმანეთს გვერდს ვუმაგრებთ – მერე შიშიც აღარ იქნება.

 

 

 

 

 

 

 

 

Share this Post!
0 Comment

Leave a Comment

Your email address will not be published.