ლევან ღამბაშიძე. სალაყბო შოუ – როგორც ასეთი.

4
0

ერთ-ერთი ტელევიზიის პროდუსერის, წამყვანი ჟურნალისტისა და ახალგაზრდა სტაჟიორისა(ა.ს.) საუბრის სტენოგრამა:

 

-თემა როგორია? მწვავეა?

-კი, კი. ბევრს აინტერესებს, ბევრს აწუხებს.

– კარგი. ვინ იქნება ცენტრალური სტუმარი?

– გიორგი, უეჭველი. მაგით დავიწყოთ.

ა.ს.: – გიორგი ვინ არის?

-ექსპერტია.

-რისი?

-რას ქვია რისი?

-რისი ექსპერტია კონკრეტულად?

– 🙂 …

ა.ს.: – თემა მაინც არ ეხება და რო არ მოვიდეს?

– ექსპერტია – ექსპერტი! ტელევიზორზე უარს როგორ იტყვის?!

– კაი, შემდეგი…

– ნანა დეიდა.

– ბაზარი არაა.

ა.ს.: – მიზეზი?

– რისი?

– რომ ნანა დეიდა მოვიდეს?

– უტიფარია.

-კაი. გივი დავსვათ დარბაზში.

ა.ს.: – გივი რატომ?

– იმიტომ.

ა.ს.: – არა მართლა. რის გამო ვიწვევთ? რა დამსახურება აქვს?

– შენ აუხსენი.

– შვილო, შენ დაბადებული არ იყავი, გივი რომ ცნობილი საყვარელი იყო.

ა.ს.: – ვისი?

– რა ვისი?

ა.ს.: – ვისი საყვარელი იყო?

– ზოგადად რა.

ა.ს.: – მერე გადაცემასთან რა შუაშია?

– ხალხი პატივს სცემს, უსმენს.

ა.ს.: – რატომ?

– ხო გითხარი რატომაც!

– კარგი, კარგი, დროს ვკარგავთ. უშუალოდ თემაზე ვინ ისაუბრებს?

– ლაშა და ტიმოთე.

– კარგია. ეგენი ქართულს მიაწვებიან.

ა.ს.: – ?

– ნახე შვილო როგორ არის: სტუმრების შერჩევისას ვიზუალზეც უნდა იფიქრო, მანერაზე. რა ქვია იმას, ჰაბიტუსზე. ესენი ნახე: წვერები აქვთ, სულ შეურაცხყოფილად გამოიყურებიან, კაცობაზე, მეობაზე და ქართველობაზე ლაპარაკობენ და თან ძველ ქართულ სიტყვებს ხმარობენ. კონტრასტისთვის კარგია. თან უზრდელები არიან. ერთი წამოკიდება უნდათ…

– და პოლიტიკოსები?

– სანდრო და ლადო. ველაპარაკე უკვე და მოვალთო.

ა.ს.: – მაგათ გამო ხო გვიჩივლეს ერთხელ უკვე?

– კი.

ა.ს.: – რაღატო ვიწვევთ?

– ჯერ ერთი გვიჩივლეს, მაგრამ დახურვით მაინც ვერ დაგვხურავენ. ჰა ჰა, ბოდიში მოვიხადოთ. მერე მეორე, ამათზე კარგი ვინ იცი? მოვლენ, აგინებენ გეებს, ქალებს და ენჯეოებს და ეგაა…

ა.ს.: – გეები, ქალები და ენჯეობი რა შუაშია?

– არაფერში.

ა.ს.: – აბა რატო აგინებენ?

– სხვა არაფერი იციან და. ამათი ნიშა ეგაა.

ა.ს.: – ეგ რანაირი ნიშაა?

– უფ, ძაან საკაიფო. ხალხი უნდა ნახო როგორ ხურდება ხოლმე ამათ იდიოტურ გამონათქვამებზე.

– ეხლა ველაპარაკე მიხეილს და მოვალო, ოღონთ მანქანა გამომიგზავეთო.

– იცი ვინ არის მიხეილი?

ა.ს.: – მომღერალია?

– არა, მსახიობი?

– მარა ეს დაბადებულიც არ იქნებოდა. აღარაფერი იციან ამ ბავშვებმა რა…

– მიხეილი არის ცნობილი მსხიობი. ცნობილი რა, ადრე აქვს 67 წელს ერთ ფილმში ნათამაშები. მგონი მეფის როლი… მეც აღარ მახსოვს კარგად.

ა.ს.: – დღევანდელი თემა იცის?

– ზოგადად ილაპარაკებს.

– გახსოვს წინაზე რა დაცეცლხა ყველა?

– აბა. მგონი ძალიან გამწარებულია რაღაცაზე და შანსი რო ეძლევა ეგრევე ილანძღება მარჯვნოვ-მარცხნივ.

ა.ს.: – ბოლოს რა ფილმში აქვს ნათამაშები?

– არაფერში. 67-ის მერე არაფერში. მარა გიჟდება ხალხი, ისე უყვარს.

– მგონი მოვრჩით არა?

– კი, ჩამოვურეკავ ეხლა ყველას.

ა.ს.: – და საკითხზე რომ არფერი არ გაირკვევა?

– რას ქვია არ გაირკვევა?

ა.ს.: – ნუ, ვერც პრობლემას გავარკვევთ, ვერც გამოსავალს ვნახავთ, ვერც…

– მომისმინე, პატარა ხარ ჯერ, მედია ის არ არის, წიგნში რომ გაქვს წაკითხული. აქ ჩვენ პური უნდა ვჭამოთ. რეიტინგი ხო გინდა? გინდა. ხოდა ჰა.

ა.ს.: – მედიის ფუნქცია რეიტინგია?

– არა, რეიტინგის ფუნქცია შემოსავალია.

ა.ს.: – ანუ მედიის ფუნქცია შემოსავალია?

– არა, შემოსავლის ფუნქცია ბედნიერებაა.

ა.ს.: – კი, მაგრამ ეს ხალხი ხო უფრო გააფუჭებს საქმეს. ხო უფრო მეტი გაფუჭდება ამ გადაცემით, ვიდრე გაკეთდება?

– მერე ხო იცი ეს რას ნიშნავს? რაც უფრო გაფუჭდება, მით უფრო გამწვავდება. რაც უფრო გამწვავდება მით უფრო მეტი დედის გინება იქნება საჭირო. მეტი გინება – მეტი რეიტინგი. მეტი რეიტინგი – მეტი ფული. რას იზამ, ცხოვრებაა.

ა.ს.: – ანუ ჩვენი ამოცანა გაფუჭებაა?

– ეგრე გამოდის. მაგრამ გააჩნია რა კუთხით შეხედავ. მაგალითად გუშინ მე ძალიან კარგი მანქანა ვიყიდე. ანუ მეორეს მხრივ რაღაც კარგსაც ვაკეთებთ ხომ? მიდი ეხლა ჩამოურეკე სტუმრებს.

Share this Post!
0 Comment