ჩემი პირველი სამიანი

3
0
პირველ დღეს დავისვენეთ. მეორე დღეს თიკანაძე-თაყაიშვილის ტრავერსი გავაკეთეთ. მეგონა ეს ორიანი სირთულის მარშრუტი პირველი იყო სხვა ორიანებს შორის, რომლებიც წელს ბანაკის მსვლელობის დროს უნდა გვეკეთებინა ახალბედებს. თურმე ბოლო ყოფილა.
საღამოს ბანაკის ხელმძღვანელმა, ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა, რომ დილით ჯავახიშვილზე წავიდოდით. სამიანია. ჩაი დავლიეთ, აღჭურვილობა გადავალაგეთ, რაციები და ტელეფონები დავტენეთ და დავწექით. დაწოლისას ძალიან ცხელა, მაგრამ გახდა არ ღირს. დილისკენ ცივა ხოლმე. ძილსაც ძილს ვერ დაარქმევ. ოდნავ დაღმართს რომ თავი დავანებოთ, ზოგადად ფხიზელი ძილი იცის ჭაუხში. ჩაძინებისას, როდესაც ნელ-ნელა ყველა ხმა ყურადღების მიღმა აღმოჩნდება, რჩება მხოლოდ მდინარის ხმა, რომელიც ხანდახან ისე ძლიერდება, გეგონება ეს-ესაა ზემოთ მოწვიმა და წყალი მოვარდაო. მალე ეს ხმაც ქრება.
მორიგეები 5-ზე ადგნენ. ყიყლიყო გააკეთეს და ჩაისთვის წყალი მოადუღეს. ყველა დანარჩენი ნახევარი საათის შემდეგ დგება. სანამ გავალთ ბიძინა აღჭურვილობას ამოწმებს. წრეში ვდგავართ და თითო ნივთის სახელის ხსენებაზე ვცდილობთ გავიხსენოთ, ჩავიდეთ თუ არა ის ჩანთაში. სადღაც 6-ზე დავიძარით.
ჭაუხის ცენტრალურ კლდეებამდე მისასვლელად, თუ ფრონტალურ მარშრუტებზე არ მიდიხარ, ორსაათიანი გზა გაქვს გასავლელი (პროფესიონალები უფრო ჩქარა დადიან). ჯერ ბალახზე გავუყევით ბილიკს, მორენის მარჯვნივ. ალაგ-ალაგ თოვლია. შემდეგ იწყება ქვიანი აღმართი, შიგა და შიგ ნაშალი ეპიზოდებით. მზე კი ამოსულია უკვე, მაგრამ ჯერ ჩვენ არ გვანათებს. კი ცხელა, მაგრამ გახდას მაინც ვერიდებით. სანამ მზე ამოვა ქარი უბერავს და არ არის სასიამოვნო. გასვლიდან ერთ საათში სუნთქვა ძალიან გახშირებული მაქვს და საკუთარი გულის ცემა მესმის. ფეხის კუნთებიც მეწვის. ადრე გიტარაზე დავდიოდით, მე და ჩემი დეიდაშვილი, და პრინციპში არცერთ გაკვეთილზე მომზადებული არ მივსულვართ. ყოველ ჯერზე როდესაც დაკვრა შეგვეშლებოდა, მასწავლებელი ბრაზობდა და გვეუბნებოდა, რომ ეს ეპიზოდი სახლში 3-ჯერ ან 4-ჯერ უნდა დაგვეკრა. სადღაც ერთი თვის შემდეგ, როგორც კი შეგვეშლებოდა ჩვენ ვასწრებდით მას და ვეუბნებოდით, რომ ეს ეპიზოდი სახლში 3-ჯერ ან 4-ჯერ უნდა გვემეცადინა. თავს გვიქნევდა დასტურის ნიშნად, მასეაო და კარგია რომ თავად ხვდებითო. მასწავლებლის მოსატყუებლად კარგი ხერხი იყო, მაგრამ გიტარაზე დაკვრა მე პირადად ვერ ვისწავლე. ახლა თავში მიტრიალებდა იდეა, რომ სანამ აქ წამოვიდოდი კარგად უნდა მევარჯიშა. ვინმესთვის ეს რომ მეთქვა კი დამეთანხმებოდა, მაგრამ ხეირი დიდი არ იქნებოდა. ეს დაღლაც და ეს ტკივილიც ჩემი ასატანია, ამდენად არც არავის არ ვეუბნები და მივიწევთ წინ.
ჩევედით ე.წ. ცირკში, საიდანაც ჭაუხი ისეთი არ არის, როგორიც ჯუთიდან ჩანს. კლდეთა ეს მასივი ნახევარწრეს ქმნის და ამის გამო ეძახიან კლდეებთან მისადგომს ცირკს. ამ ადგილას შევისვენეთ, ფეხზე გამაშები გავიკეთეთ და უშუალოდ ჯავახიშვილის მწვერვალის კულუარისკენ გავეშურეთ. მართალი გითხრათ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იქ ასვლა რეალურია. უიმედობა თუ შიში დიდია, მაგრამ არ ვიმჩნევ. გავიარეთ ძალიან ცუდი ნაშალი მონაკვეთი, დამღლელი. ჯოხები ზურგჩანთაში ჩავიდეთ, წერაყინები ამოვიღეთ, თოკში ჩავებით და ახლა უკვე თოვლით წავედით უნაგირამდე. კულუარი რთული ასასვლელი არ ყოფილა. ზიგზაგით ვიარეთ და ბოლო უნაგირზე ავედით. აქ კი უკვე სერიოზული შეკითხვები გამიჩნდა.
გარშემო ყველა მშვიდად არის. განიხილავენ პირველი თოკის გავლის სხვადასხვა გზას. არა და ციცაბო კედელს ვუყურებთ, მარჯვნივ და მარცხნივ კი კარგი დაქანებული თოვლიანი ფერდობი მიდის, მწვანემდე. მე რამდენიმეს ვკითხე, შევძლებ თუ არა ამ მონაკვეთის გავლას, რაზეც ყველა დადებითად მპასუხობს. მაინც არ ვარ კმაყოფილი. ბოლოს ბიძინასთან მივედი. ვუთხარი, რომ წარსულში პარანოიისა და შფოთვის ცუდი გამოცდილება მქონდა და ახლაც ტალღებად ვგრძნობდი იგივეს და რომ ცოტა დახმარება მჭირდებოდა. ვკითხე, ჩემზე გამოუცდელი ხალხი თუ ჰყოლია როდესმე ასეთ მარშრუტზე წაყვანილი. გაიცინა და მითხრა, რომ ჰყოლია, და რომ სანერვიულო არაფერი იყო. მითხრა, რომ ჯავახიშვილზე მამაჩემთან, რამაზთან, ერთად არის ნამყოფი და რომ ახლაც, ვინაიდან მე მას ძალიან ვგავარ, რაღაცნაირი განცდა აქვს, თითქოს ჯერ კიდევ ოცი წლისაა.
ამასობაში მოვიდა თემო ქურდიანი, მთამსვლელი, რომელიც ჩვენს თოკში იყო ჩაბმული. ის პირველი უნდა წასულიყო. მითხრა, რომ ზემოთ ისეთ დაცვას დაკიდებდა, რომელიც ძალიან სანდო იქნებოდა და სანერვიულო არაფერი იყო. ამ ყველაფერმა ოდნავ დამამშვიდა.
გადაწყდა ვინ რომელი მარშრუტით წავიდოდა. უნაგირიდან სამი გზა მიდის: მარცხნიდან, წინიდან და მარჯვნიდან. ბიძინამ ორი თოკი მარცხენა და ფრონტალური მარშრუტით გაუშვა, ჩვენ კი მარჯვენა მარშრუტით გადავწყვიტეთ წასვლა. ამისათვის თემო და ბიძინა კლდის პირს გაუყვნენ, თოვლიანი კულუარის თავზე და გაუჩინარდნენ. მე უნდა დავლოდებოდი, სანამ დაცვებს გააკეთებდნენ. მარცხენა და ფრონტალურმა ჯგუფებმაც დაიწყეს მოძრაობა და ცოტა ხანში უნაგირზე მარტო დავრჩი. ბიძინამ დამიძახა და მეც სადგურამდე მივედი. ჩავები თვითდაცვაზე და სიტუაციის შეფასება დავიწყე.
ვიდექით ე.წ. ბუხრის ძირში. სადგური ძალიან მყარად იყო აწყობილი. ჩვენს ზურგს უკან ძალიან დიდი თოვლიანი ფერდი იყო. ბიძინა და მე დამაგრებულები ვიყავით, თემომ კი ასვლა დაიწყო. ფრთხილად, ფიქრით. ძალიან ბევრი ქვა არ არის სანდო. სანამ დაეყრდნობი ხელით უნდა მოსინჯო, რამდენად მოძრაობს. გაიარა პატარა მონაკვეთი და პირველი “საკვეხი” დაამაგრა, კიდევ უფრო ზემოთ კი ე.წ. “ფრენდით” მოაწყო პატარა სადგური და გაჩერდა (ეს ძალიან სანდო ხელსაწყოებია. ნაპრალსა თუ ბზარში მაგრდება და დაცვისთვის გამოიყენება.) იმ ადგილას გაჩერდა და ბიძინას დაუძახა ამოდიო. აქ მივხვდი, რომ ბოლო მე უნდა წავსულიყავი. შენა და… რა გინდა რო ქნა? ბიძინამ ჩაიხსნა თვითდაცვა, დამიბარა, აქაურობა დახსენი, რომ დაგიძახებთ და წამოდიო და წავიდა. ცოტა ხანში აღარც თემო ჩანდა და აღარც ბიძინა. რამდენჯერმე გაისმა “ქვა” და ჩემგან მარჯვნივ პატარა ქვები ჩამოცვივდა. ერთ-ერთი მათგანი კლდეს დაეჯახა და ისე დაიზუილა, ვესტერნებში რომ იცის ხოლმე. შეიძლება ჩემი ასოციაციების ბრალია, მაგრამ ერთმანეთზე მიჯახებული ქვები შოთის პურის სუნს აყენებენ. სრულ სიჩუმეში ვდგევარ. აქ აღარავინაა. ზემოდან ჩამი-ჩუმი ისმის მხოლოდ. შიშის დრო აღარ არის. აღარც სივრცე. “რამაზ წამოდი” დაიძახა ბიძინამ. დავშალე სადგური, რაც დატოვებული იყო ავიკიდე დაცვის ქამარზე და დავიწყე ცოცვა. პირველი რამდენიმე ნაბიჯი იყო მოულოდნელი. შემდეგ ნელ-ნელა კლდის აღქმას იწყებ. სხეული პოულობს გამოზნექილებსა თუ ნაპრალებს გადაადგილებისათვის. თითქოს ყოველთვის ასე იყო. თითქოს სულ ასე დადიხარ ხოლმე.
ბუხარში შევძვერი. იქ ვიყავი, სადაც ბოლოს ვნახე ბიძინა და თემო. მარცხენა მხარეს წყალი ჩამოდის, ამიტომ ხელთათმანი არ მოვიძრე, მარჯვენა კი შიშველი მაქვს. ასე უფრო გრძობ რელიეფს. ბუხარში ზურქჩანთიანად გავეჭედე, მაგრამ ფეხებს დავაწექი, გავიმართე და უფრო ფართო ადგილას აღმოვჩნდი. მოვკიდე ერთ-ერთ ქვას ხელი, ავიწიე, დაიძრა ქვა, მეორე ხელიც მივაშველე და მიჭირავს ის ახლა ორივე ხელით. ფეხეზე კარგად ვდგავარ. მარცხენა მხრით ბუხრის კედელს ვეყრდნობი, ორივე ხელში კი მოზრდილი ქვა მიჭირავს. როგორც მერე ბიძინამ მითხრა, ასეთ ქვას “ჩემოდანს” ეძახიან. დავაგორე ქვა ისე, რომ ფეხებში არ გამერტყა და გავაგრძელე ცოცვა. ცოტა ხანში პირველი თოკი გავიარე და დარჩენილი გზაც გამოჩნდა.
სხვა ჯგუფები წინ მიდიან და ჩვენც ავმოძრავდით. აღარ მახსოვს ეს თოკი იყო თუ შემდეგი, თემომ წინ მე გამიშვა. პირველ კაცად ცოცვა ძალიან განსხვავებული შეგრძნებაა. აქ ბევრი საცოცი უკვე აღარ იყო, მარგამ მაინც. ავედი სადგურამდე, ჩავები, თემოს დაცვა გავუკეთე და დავუძახე რომ წამოსულიყო. ამოირბინა. ისე, რომ თოკის აკრეფასაც ვერ ვასწრებდი. მივხვდი, რომ მე და თემო სხვადასხვა კლდეს ვუყურებდით. ერთს ვუყურებდით, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვანაირად აღვიქვამდით. ეს რომ ვნახე, ჩემს თავსაც მივეცი ცოტა მეტი სითამამის საშუალება და ნაკლები ფაცი-ფუცით გავაგრძელე გზა. ბევრი აღარ იყო დარჩენილი. ისევ ბილიკს დავადექით, ოდნავ ნაშალი იყო. თავს ძალას ვატანდი, რომ დაღლილობა დამეძლია. უკნიდან თემო მაგულიანებდა. ერთი მოსახვევიც და ჩანს რომ წვერზე ვართ. გავიარეთ ეს მოსახევევი, მცირე ქედზე გავედით, გზა გასწორდა და ნამდვილი წვერიც გამოჩნდა.
ჩვენ რომ ავედით დანარჩენები უკვე წვერზე იყვნენ. ისხდნენ და ისვენებდნენ. არ ვიცი ისინი ადრეც ნამყოფები იყვნენ თუ რაში იყო საქმე, მაგრამ ეიფორიაში მგონი მარტო მე ვიყავი. მართალი გითხრათ შესაფასებლად ასეთი მდგომარეობა ძალიან რთულია. ნახევრად ხუმრობით, “იქ უნდა ყოფილიყავით”. ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ავედი. მთელი ჯუთის ხეობა ხელის გულზე ჩანს. გარშემო ჭაუხის კლდეები. დაუჯერებელი ამბავია. ძალიან მაგარი განცდაა. თავში აღარაფერი მაქვს, რაზეც შეიძლება იფიქროს კაცმა. სუფთა ემოციაა. ვინაიდან ფიქრი ენით ხდება, ახლა კი უფიქრალ მდგომარეობაში ვარ – ენამ დაკარგა ძალა და ტირილი ერთადერთი საშუალებაა გრძნობების გამოსახატად. როგორც ჩანს ცოტათი მეტირება. დაუჯერებელი ამბავია.
დაშვება დავიწყეთ. ბოლო ორ თოკზე დაკიდებულები დავეშვით. ისევ უნაგირზე ვართ. ყველანი შევიკრიბეთ, ჩავებით თოკებში და კულუარში დავეშვით. ისევ მოვუყვებით იგივე ბილიკს, რომლითაც ამოვდით. ოღონდ ოდნავ შეცვლილები ვართ. ვინ რანაირად არ ვიცი, მარგამ ყველანი რაღაცნაირად. შეუძლებელია ახვიდე მთაზე და არ შეიცვალო. ასე მგონია მე.
ბანაკში ჩამოვედით. ჩავაბარეთ პატაკი ბანაკში დამხდურებს და ყველამ ერთმანეთს მიულოცა ასვლა. მილოცვა მხოლოდ მწვანეზე ხდება, ვინაიდან მთაზე ასვლა მხოლოდ მისგან მშვიდობიანად ჩამოსვლით სრულდება. მანამდე არავინ ულოცავს ერთმანეთს.
გავიხადეთ ტანსაცმელი და ბალახზე დავეყარეთ. ვუყურებ ჯავახიშვილის მწვერვალს და ვხვდები, რომ ჭაუხის ეს მასივი ჩემთვის აღარ არის ისეთი, როგორიც იყო რამდენიმე საათის წინ. ვფიქრობ რამენაირად ჩემს მშობლებს დავუკავშირდე და ეს ამბავი ვუთხრა. მთის “წამრატებას” ყველაზე მეტად ის გაიზიარებს, ვინც თავად მთაშია ნამყოფი.
საღამოს დავსხედით, შევაფასეთ ასვლა, განვიხილეთ ასვლის ხარვეზები თუ ძლიერი მხარეები, დავლიეთ ჩაი, ძალიან ბევრი ვიხალისეთ ჩემს მწვერვალისეულ მდგომარეობაზე და დასვენების შემდეგ ახალი მარშრუტების შედგენა დავიწყეთ. მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ მეორე დღეს დავისვენებდი. თუმცა, ბიძინამ ჩვენს ჯგუფს, მეტ-ნაკლებად “დამწყებებს”, დამოუკიდებელი ასვლა დაგვავალა – კამერონზე. ესეც სამიანია. ცოტაოდენმა შფოთმა და აღელვებამ წამომიარა ისევ. ყველაფერი თავიდან იწყება. ვეკითხები ყველას, შევძლებ თუ არა ასვლას ჩემი მონაცემებიდან გამომდინარე. ბიძინა ამბობს, რომ კამერონზე ყველას ძალიან ეშინია, ვინაიდან ძალიან ვიწრო ქედია სავალი. ქედის მე არ მეშინია. მე გაურკვევლობის მეშინია, რომელსაც ხვალ კიდევ ერთხელ უნდა გავუსწორო თვალი. რას იზამ. მთაში სიარული აუცილებლად გულისხმობს კომფორტის ზონის დატოვებას. თუ ეს არ გსიამოვნებს, არც უნდა იარო.
ჩაი დავლიეთ, აღჭურვილობა გადავალაგეთ, რაციები და ტელეფონები დავტენეთ და დავწექით. დაწოლისას ძალიან ცხელა, მაგრამ გახდა არ ღირს. დილისკენ ცივა ხოლმე …
 
ასვლის მონაწილეები: ბიძინა გუჯაბიძე, ალექსანდრე გუჯაბიძე, შაკო მიქავა, ლუკა ლომაშვილი, ლექსო ტაბიძე, გიორგი გიორგაძე, თემო ქურდიანი, ლევან ბუიღლიშვილი, ლევან ღამბაშიძე. ბანაკში მყოფები: გოგი ჩართოლანი, რამაზ გამცემლიძე.
 ჯავახიშვილის მწვერვალი
 
 ჯავახიშვილის კულუარი
უნაგირზე. თემო ქურდიანი, ლევან ბუიღლიშვილი
.
ლევან ბუიღლიშვილი
თემო ქურდიანი
ლექსო ტაბიძე, შაკო მიქავა.
წვერზე. ალექსანდრე გუჯაბიძე, ბიძინა გუჯაბიძე, ლევან ბუიღლიშვილი
ლუკა ლომაშვილი, გიორგი გიორგაძე, ლექსო ტაბიძე, თემო ქურდიანი,
შაკო მიქავა.

ლევან ღამბაშიძე, თემო ქურდიანი

 
ლევან ღამბაშიძე, ბიძნა გუჯაბიძე.
შაკო მიქავა.
დაშვება.
 
 .

Share this Post!
2 Comments